განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002641155
საქმე #1/ბ-355-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ლევან თევზაძემ
გიორგი სვანიძის მდივნობით
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------ძე;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მა------------ნი;
მსჯავრდებული - ბე–-----–-------------------ძე, დაბადებული 1--- წლის 2------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განთლების მქონე, რეგისტრირებული: ზ----------------------------–-------–---–---------–----–---–----------–------------–----, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–---------------------, ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის განაჩენით ბე–----------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ბე–------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 აგვისტოდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ ბე–----------ძის ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული დაკავებისთანავე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ზარალი ფაქტობრივად არ დამდგარა, ფულის აღების მომენტში იქნა დაკავებული და თანხა სახელმწიფოს დაუბრუნდა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან დანიშნული სასჯელი არის კანონიერი, სამართლიანი და შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ისე განისაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
სასამართლომ დაადგინა:
ბე–----------ძემ სხვისი კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა თე-----------ძე და ან--------–---–ი, რომ აფხაზეთიდან დევნილ მათ ახლობელს 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დახმარებით, საკუთრებაში გადასცემდა ქ.თბილისის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ვარკეთილი 3------ მიკრორაიონის მიმდებარედ ,,ჰუ--–---------–---–--------------–--------------------------------“ პროექტ - ,,თ---–-----------------–-----–----“ ტერიტორიაზე მდებარე დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს.
2018 წლის 09 აგვისტოს, ქ.თბილისში, გ.ჩი----ას ჩიხის დასაწყისში, ½ შენობის მიმდებარედ, გ.ჩი----ას ქუჩის კვეთასთან, ბე–----------ძე შეეცადა ზემოაღნიშნული ხერხით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თე-----------ძის და ან--------–---–ისგან მოტყუებით დაუფლებოდა მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარს, თითქოსდა მათი ახლობლისთვის ქ.თბილისში მდებარე დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ, რა დროსაც დაკავებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ბე–----------ძის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბე–----------ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა------------ნის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განაჩენი ბე–----------ძის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ბე–----------ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია ბე–----------ძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით, ასევე ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბე–----------ძე დაკავებულ იქნა დანაშაულის ჩადენისთანავე, რაც გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ბე–----------ძისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნები და სწორედ სააპელაციო საჩივარში მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარების, გამოძიებასთან თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის) მხედველობაში მიღებით განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბე–----------ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა------------ნის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბე–----------ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა------------ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის განაჩენი ბე–----------ძის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ბე–----------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ბე–----------ძეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 აგვისტოდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: ლაზერული დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; ბ. ბე-----ის პირადი ნივთები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ფულადი თანხა 3 000 (სამიათასი) აშშ დოლარი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს საგამოძიებო სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე