განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2019
საქმის ნომერი
080210019002725338
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019002725338

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-167-2019 14 მაისი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - ი--- ც-----–---–ი

წარმომადგენელი - რ---------------–--–---

მოწინააღმდეგე მხარე - შ----- ზ--------ე

წარმომადგენელი - დ-------------ე

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ----- ზ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა შ----- ზ--------ეს (პ/ნ 6----------) და ი--- ც-----–---–ს (პ/ნ 6----------) შორის 2012 წლის 21 ივნისს, №6---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე შ----- ზ--------ე და მოპასუხე ი--- ც-----–---–ი 2012 წლის 21 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და უკვე ერთად აღარ ცხოვრობენ. 2.2. ი--- ც-----–---–ი არ ეთანხმება ქორწინების შეწყვეტას და მიაჩნია, რომ ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია. აღნიშნულის გამო სასამართლომ 2017 წლის 28 ნოემბერს მხარეებს დაუნიშნა 2 თვიანი შესარიგებელი ვადა. 2.3. სასამართლომ მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ შ----- ზ--------ესა და ი--- ც-----–---–ს შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა, ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელი იყო, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. 2.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლისადმი დამოკიდებულება, მისი მხრიდან გამოვლენილი უნდობლობა წარმოადგენდა მხარეთა უთანხმოების საფუძველს. ამასთან, მათ შორის კონფლიქტი და უთანხმოება არ იყო ერთჯერადი და დროებითი ხასიათის, მოსარჩელეს ფაქტობრივად შეწყვეტილი ჰქონდა ოჯახური ურთიერთობა მეუღლესთან. მხარეებს შორის ოჯახის აღდგენის ერთობლივი მცდელობა არ ყოფილა, ოჯახის შენარჩუნება არ სურდა მოსარჩელეს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად, ხოლო განქორწინება მოხდება თუ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. 2.6. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქორწინება ემყარება ქორწინების მსურველთა ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას. ისევე როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მეუღლეთა ნება, მათი სურვილი იცხოვრონ ერთ ოჯახად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, საერთო ძალებით განახორციელონ ერთობლივი მიზნები და ინტერესები. 2.7. ოჯახური ურთიერთობა ემყარება ურთიერთპატივისცემასა და ნდობას, შესაბამისად ოჯახის არსებობის საფუძველია მხარეთა ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესების და მიზნების განსახორციელებლად ერთობლივი ძალისხმევა. მეუღლეებს შორის ნდობის არარსებობა შეიძლება გახდეს ქორწინების შეწყვეტის საფუძველი. ოჯახი არის მეუღლეთა ნებაყოფლობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, ხოლო მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აღარ არსებობდა. გადამწყვეტი არ იყო ამგვარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება განპირობებული იყო თუ არა ობიექტური გარემოებებით, დადასტურებული ფაქტებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი--- ც-----–---–მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. არასწორად დაადგინა სასამართლომ, რომ მხარეთა შერიგება არის შეუძლებელი. პირიქით, მხარეები არიან შერიგებული და მათი ოჯახის აღდგენა შესაძლებელია. 3.2. სასამართლომ დააკმაყოფილება აპელანტის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ, თუმცა არ მისცა მათი წარდგენის და დაკითხვის შესაძლებლობა, რადგან სასამართლო სხდომა, მისი თანხმობის გარეშე, სამუშაო საათების შემდეგ ჩაატარა. 3.3. სასამართლომ სამუშაო საათების შემდეგ ჩატარებულ პროცესზე ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ აპელანტი არ იყო პროცესზე და არ მიეცა პოზიციის ჩამოყალიბების და მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ შ----- ზ--------ე (მოსარჩელე) და ი--- ც-----–---–ი (აპელანტი) დაქორწინდნენ 2012 წლის 21 ივნისს. 4.2. 2017 წლის 19 ივლისს მოსარჩელემ აღძრა სარჩელი და აპელანტთან განქორწინება მოითხოვა. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.3.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.4. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შერიგება შესაძლებელია და მათ შორის ოჯახური ურთიერთობა აღდგენილია. 4.4.1. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.4.2. მეტიც, მოსარჩელის განმარტებით, მას ხუთი წელია შექმნილი აქვს სხვა ოჯახი. ეს კი მხარეთა ერთად ცხოვრებას, ცხადია, გამორიცხავს. 4.5. სასამართლო სხდომის ოქმით დგინდება, რომ საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის სხდომა დაიწყო 14:09:09 საათზე. 4.5.1. მხარეებმა დააყენეს შუამდგომლობები, ჩამოაყალიბეს ახსნა-განმარტებები და მათი თანხმობით (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის სხდომის ოქმი - 15:22:38-15:23:25) საქმის განხილვა გადაიდო იმავე დღეს, 18 საათისათვის, თუმცა ამ დროს აპელანტი და მისი წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადებულან. 4.5.2. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო 2019 წლის 10 იანვრის, 17 საათისათვის, რის თაობაზეც მხარეები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილა. 4.5.3. საბოლოოდ, კი გადაწყვეტილება 2019 წლის 10 იანვარს, 17:01 საათზე გამოცხადდა. 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში მოსამართლეს შეუძლია განიხილოს საქმე ან/და მიიღოს გადაწყვეტილება არასამუშაო დროს, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში. 4.7. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ სასამართლოს კანონის ნორმა არ დაურღვევია. 4.8. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. ი--- ც-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე