განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
330210017001903512
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001903512

საქმე №2ბ/5148-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - რ----- გ-----ე

წარმომადგენელი - თ-------------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ვ-–- გ--------–---–ი

წარმომადგენელი - მ--------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2013 წლის 05 ოქტომბრის ხელწერილით რ----- გ-----ემ დაადასტურა, რომ 2013 წლის 5 ოქტომბერს ვ-–- გ--------–---–ისაგან ისესხა 14 000,00 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება, რომ თანხას დააბრუნდებდა „პირველივე შესაძლებლობისთანავე, (2014 წლის მაისამდე)“. ხელწერილი დადასტურებულია რ----- გ-----ისა და ვ-–- გ--------–---–ის ხელმოწერებით.

 

2. 2012 წლის 8 მარტის ხელწერილის თანახმად, რ----- გ-----ემ დაადასტურა, რომ მან 2012 წლის 8 მარტს ვ-–- გ--------–---–ისაგან ისესხა 8 000,00 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება, რომ თანხას დააბრუნებდა „პირველივე შესაძლებლობისთანავე“.

 

3. 2012 წლის 10 მაისის ხელწერილის თანახმად, რ----- გ-----ემ დაადასტურა, რომ მან 2012 წლის 10 მაისს ვ-–- გ--------–---–ისაგან ისესხა 7 700,00 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება, რომ თანხას დააბრუნებდა „პირველივე შესაძლებლობისთანავე“.

 

4. 2012 წლის 24 თებერვლის ხელწერილის თანახმად, რ----- გ-----ემ დაადასტურა, რომ მან 2012 წლის 24 თებერვალს ვ-–- გ--------–---–ისაგან ისესხა 11 000,00 აშშ დოლარი და და იკისრა ვალდებულება, რომ თანხას დააბრუნებდა „პირველივე შესაძლებლობისთანავე“.

 

5. 2012 წლის 05 თებერვლის ხელწერილის თანახმად, რ----- გ-----ემ დაადასტურა, რომ მან 2011 წლის აგვისტოდან 2012 წლის თებერვალში ვ-–- გ--------–---–ისაგან ვალად აიღო 14 000,00 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება, რომ თანხას დააბრუნებდა „პირველივე შესაძლებლობისთანავე“.

 

6. 2011 წლის 28 ივლისის ხელწერილის თანახმად, რ----- გ-----ემ დაადასტურა, რომ მან 2011 წლის 28 ივლისს ვ-–- გ--------–---–ისაგან ისესხა 10 000,00 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება, რომ თანხას დააბრუნებდა „პირველივე შესაძლებლობისთანავე.

 

7. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ აღნიშნულ ხელწერილებზე ვ-–- გ--------–---–ის და/ან რ----- გ-----ის ხელმოწერ(ებ)ის ნამდვილობა და ასევე თარიღები, რომლებიც დატანილია წერილობით დოკუმენტებზე.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ვ-–- გ--------–---–მა და მოპასუხე რ----- გ-----ის მიმართ მოითხოვა სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის 64 700,00 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

8.1. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, წლების განმავლობაში მოპასუხეს სესხად აძლევდა გარკვეულ თანხებს იმ პირობით, რომ რ----- გ-----ე პირველივე შესაძლებლობისთანავე დააბრუნებდა ნასესხებ თანხას. მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 2011 წლის 28 ივლისს 10 000,00 აშშ დოლარი, 2012 წლის 5 თებერვალს - 14 000,00 აშშ დოლარი, 2012 წლის 24 თებერვალს - 11 000,00 აშშ დოლარი, 2012 წლის 10 მაისს - 7 700,00 აშშ დოლარი, 2012 წლის 8 მარტს - 8 000,00 აშშ დოლარი და 2013 წლის 5 ოქტომბერს - 14 000,00 აშშ დოლარი. სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენს 64 700,00 აშშ დოლარს. აღნიშნული დავის დაწყების დროისათვის არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც რ----- გ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ი-----–--- გ-----ეს რ----- გ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა 490 000,00 აშშ დოლარის გადახდა. 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წელს. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით, რაზედაც რ----- გ-----ემ უარი განაცხადა.

 

9. მოპასუხის შესაგებელი:

 

მოპასუხე რ----- გ-----ის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, შესაბამისად, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა. შესაგებელში მითითებულია, რომ რ----- გ-----ემ ვ-–- გ--------–---–ისაგან სესხის თანხა მიიღო ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე და თანხა მოპასუხემ დააბრუნა განსაზღვრულ ვადებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ი-----–--- გ-----ეს დაეკისრა რ----- გ-----ის სასარგებლოდ 490 000,00 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული დავა არ არის დაკავშირებული ვ-–- გ--------–---–ის მოთხოვნასთან.

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ვ-–- გ--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე რ----- გ-----ეს მოსარჩელე ვ-–- გ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 64 700,00 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე რ----- გ-----ეს დაეკისრა მოსარჩელე ვ-–- გ--------–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 3000,00 ლარის გადახდა. მოპასუხე რ----- გ-----ეს დაეკისრა მოსარჩელე ვ-–- გ--------–---–ისათვის იურიდიული მომსახურების ღირებულების 1 500,00 ლარის ანაზღაურება.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა რ----- გ-----ემ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

11.1. აპელანტის განმარტებით, რ----- გ-----ეს გადახდის ვალდებულება უნდა შეესრულებინა არა ერთდროულად, არამედ განსაზღვრული პერიოდის მიხედვით ანუ 2011 წლის თანხა უნდა დაბრუნებულიყო ახალი თანხის მიღებამდე და ა.შ. თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. სასამართლო გადაწყვეტილებას თვლის მოსარჩელის წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობას ანუ „პირველივე შესაძლებლობისთანავე“, რომელსაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა რ----- გ-----ის მიერ თანხების დაბრუნების ვალდებულების წარმოშობა ანუ 2015 წელი და არა 2016 წელი.

11. 2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის მოთხოვნები ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით, რადგან ხანდაზმულობის ვადები უკვე გასულია. სასამართლომ არ გაითვალისწინა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულება/წერილი ვ-–- გ--------–---–ის მიერ შესრულებული, სადაც აღნიშნულია, რომ „ხელშეკრულების უმეტესობას ხანდაზმულობის ვადა ისე შეეხო შენზე ამის მოთხოვნა აზრადაც არ მომსვლია... ამ სარჩელში შენი აღიარებული ვალდებულებაა და გთავაზობ გამოცვალო ი-----–--- გ-----ის ვირტუალურ ვალში“... რაც ადასტურებს, რომ სარჩელში წარმოდგენილ ხელშეკრულებებს ხანდაზმულობის ვადა გასული აქვთ და უკვე თავიდანვე იყო ცნობილი ვ-–- გ--------–---–ისათვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის თაობაზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძლებით დაცვის შესაძლებლობას. ამიტომაა, რომ კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

სამოტივაციო ნაწილი

 

12. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

13. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ამდენად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, შემდეგს:

 

მხარეთა შორის სადავოა სესხის დაბრუნების ფაქტი და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა.

 

14. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

14.1. საქმის მასალებით დადსტურებულია, რომ რ----- გ-----ემ ვ-–- გ--------–---–ისგან 2011 წლის 28 ივლისს ისესხა 10 000,00 აშშ დოლარი, 2012 წლის 5 თებერვალს - 14 000,00 აშშ დოლარი, 2012 წლის 24 თებერვალს - 11 000,00 აშშ დოლარი, 2012 წლის 10 მაისს - 7 700,00 აშშ დოლარი, 2012 წლის 8 მარტს - 8 000,00 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხების დაბრუნების ვადად განსაზღვრული იქნა „პირველი შესაძლებლობა“.

 

14.2. 2013 წლის 5 ოქტომბერს რ----- გ-----ემ ვ-–- გ--------–---–ისგან ისესხა 14 000,00 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2014 წლის მაისამდე.

 

15. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ აპელანტს გადახდის ვალდებულება უნდა შეესრულებინა არა ერთდროულად, არამედ განსაზღვრული პერიოდის მიხედვით ანუ 2011 წლის თანხა უნდა დაბრუნებულიყო ახალი თანხის მიღებამდე და ყოველი ვალის აღებისას აბრუნებდა მანამდე მიღებულ თანხას. ამასთან, ვინაიდან თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას, ვ-–- გ--------–---–ის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხავი (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოების) - ხანდაზმულობის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები: საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმაა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება. ამგვარი მითითების მიმართ კი, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან: თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, ილახება მხარის უფლება, გარდა ამისა, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება“ (იხ. სუსგ # ას-1350-1275-2012). რაც შეეხება ხანდაზმულობის, როგორც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენას, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსარკვევად, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო“ (იხ. სუსგ # ას- 344-329-2016).

 

პალატა სასარჩელო უფლების წარმოშობის როგორც ობიეტური, ისე სუბიექტური გარემოებების დადგენისა და კვლევის მიზნით მიუთითებს საქმეში დადგენილად ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ რ----- გ-----ემ ვ-–- გ--------–---–ისგან 2011 წლიდან 2012 წლამდე მიღებული თანხების დაბრუნების ვადად განსაზღვრული იქნა „პირველი შესაძლებლობა“, ხოლო 2013 წლის 5 ოქტომბერს მიღებული თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2014 წლის მაისამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნებაზე დამოკიდებულად ითვლება პირობა, რომლის დადგომა ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია. განსხვავებით ასეთი სახის გარიგებისაგან, ნამდვილი პირობითი გარიგება დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენებზე (სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლი). მისი შესრულება და შეწყვეტა უშუალო კავშირშია ამ მოვლენის დადგომაზე. ასეთ დროს გარიგების მხარეებს პირობის მართვა არ შეუძლიათ, რაც დამახასიათებელია ნებაზე დამოკიდებული გარიგებებისათვის. ამასთან, აუცილებელია სამომავლო და უცნობი მოვლენის ერთდროულად, კუმულატიურად არსებობა, რასაც ადგილი არ აქვს მოცემულ შემთხვევაში. შეუძლებელია, სამომავლო და უცნობ პირობად მივიჩნიოთ მხარეთა შეთანხმება „პირველი შესაძლებლობა“, შესაბამისად, ხელშეკრულების ეს ნაწილი არ შეიძლება მივიჩნიოთ პირობით გარიგებად. (სუსგ ას-1081-1110-2011)

 

აღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ რ----- გ-----ესა და ვ-–- გ--------–---–ს შორის 2011 წლის 28 ივლისის, 2012 წლის 5 თებერვლის, 2012 წლის 24 თებერვლის, 2012 წლის 10 მაისის და 2012 წლის 8 მარტის სესხის ხელშეკრულებები მხარეთა შორის დადებულია განუსაზღვრელი ვადით, ხოლო რაც შეეხება 2013 წლის 5 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებას, რომლითაც სესხის დაბრუნების დრო განისაზღვრა 2014 წლის მაისამდე, პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის მაისიდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 28 აპრილს ე.ი. კანონით დადგენილ 3 წლიან ვადაში. ამასთან, რომ 2014 წლის მაისიდან 2017 წლის მაისამდე, ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს.

 

16. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას, რომ მოსარჩელემ აღიარა მის მიერ წარმოდგენილი ხელწერილით ვალების ხანდაზმულობა,რადგან მითითებული ხელწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ „ხელშეკრულების უმეტესობას ხანდაზმულობის ვადა ისე შეეხო შენზე ამის მოთხოვნა აზრადაც არ მომსვლია“, აღნიშნულით არ დგინდება თუ რომელ ხელშეკრულებას განიხილავენ მხარეები ხანდაზმულად, რაც წარმოდგენილი სარჩელის ხანდაზმულად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევა.

 

შესაბამისად, ვ-–- გ--------–---–ის მოთხოვნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და არ არის ხანდაზმული.

 

17. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ ყოველი ვალის აღებისას აბრუნებდა მანამდე მიღებულ თანხას, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს. შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). (სუსგ ას-1298-2018)

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების ( მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება - სესხის ხელწერილები. მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში პალატა მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას: მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას, რაც მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

18. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. რ----- გ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

ბესარიონ ტაბაღუა