განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.03.2019
საქმის ნომერი
330310118002421251
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №3ბ/3366-18 26 მარტი, 2019 წელი

190310118002499116 ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

მერაბ ლომიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ე----- კ--–------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე----- კ--–------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე ე-----ი კ--–------ამ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 21 დეკემბერს N2-----

 

განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა. ( ს.ფ 21-22)

 

2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 08 იანვრის N0------ წერილით ე-----ი კ--–------ას, 2017 წლის 21 დეკემბრის N2----- განცხადების პასუხად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტზე დაყრდნობით განემარტა, რომ სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ ამავე მუხლით დადგენილ შემთხვევებში. ( ს.ფ 21-22)

 

2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 08 იანვრის N0------ წერილი ე-----ი კ--–------ას მიერ გასაჩივრდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 მარტის N0------- წერილით ე-----ი კ--–------ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. (ს.ფ 25-26)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირეით:

 

2.4. სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ჰქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ

 

ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა საქართველოში შემოვიდა 2011 წლის ივლისიდან და მისი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (მოსარჩელის მითითებით წესის 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნევს, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

2.5. სასამართლომ მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე

 

პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ.

 

სასამართლომ მოიხმო ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლი, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორის სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც ,,სახალხო სუვერენიტეტის“ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო, ამ ორი სუბიექტის - მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

სასამართლომ მიუთითა რომ ამავე კანონის III თავით განსაზღვრული იყო საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (მე-12.1 მუხლი).

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის

 

(ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლომ მიუთითა რომ დადგენილი იყო, რომ ე----- კ--–------ამ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 21 დეკემბერს N2----- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის N0------ წერილით გადაწყვეტილებით ე----- კ--–------ას, N2----- განცხადების პასუხად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტზე დაყრდნობით განემარტა, რომ სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ ამავე მუხლით დადგენილ შემთხვევებში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 08 იანვრის N0------ გადაწყვეტილება ე----- კ--–------ას მიერ გასაჩივრდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 მარტის N0------- გადაწყვეტილებით ე----- კ--–------ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარე არ იზიარებს აღნიშნულ განმარტებას და

მიუთითებს, რომ კანონი აძლევს საშუალებას მიიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი ამის ვალდებულებას შეიცავს, რის გამოც მიიჩნევს, რომ კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამეთუ მოსარჩელე მხარე მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს ნების გამოვლენას, ხოლო ,,ნებას“ უკავშირებს არა ქმედების განხორციელების სურვილს გამოცხადდეს შესაბამის ორგანოში პირადობის მოწმობის ასაღებად, არამედ ნების გამოვლენას სახელმწიფოს მიერ ალტერნატიული შემოთავაზებიდან პირადობის მოწმობისა და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

წესის III თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: პირადობის მოწმობა.

 

ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ)

 

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

სასამართლომ მოიხმო "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.

 

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარმოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე ე----- კ--–------ა ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო

 

წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

2.6 სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეს შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვლის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს, ერთის მხრივ უკავშირებს მისი, როგორც მოქალაქის არჩევანის უფლების მქონე სუბიექტის უფლებას და მეორეს მხრივს, ელექტრონული პირადობის მოწმობის საფრთხის შემცველობას. მეორე არგუმენტთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხოლოდ საფრთხის არსებობაზე მსჯელობს, თუმცა არც სარჩელის წარდგენისას და არც საქმის განხილვის დროს, არ წარმოუდგენია დასაბუთებული არგუმენტაცია საფრთხის არსებობის თაობაზე. ხოლო იმ პირობებში, როდესაც, წარმოდგენილი არ ყოფილა მეტნაკლებად დასაბუთებული არგუმენტაცია, ან რეალური საფრთხის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამ ნაწილში იმსჯელოს მოთხოვნის დასაბუთებულობის თაობაზე. რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტაციას მის სურვილთან დაკავშირებით, იგი არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს სუბიექტური ნების, სურვლის არსებობას და ითხოვს კანონის ნორმების მისი ნების შესაბამისად განმარტებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებისას, მართლმსაჯულება ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვლს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც

 

ადმინისტრაციული ორგანოს არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

2.7. სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს, ამავე კოდექსის 331-ე მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი განმარტავს რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით, მაშინ როცა კანონით მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა (შემდგომშიც ყველგან პირადობის მოწმობაში იგულისხმება პირადობის არაელექტრონული მოწმობა), ხოლო პირადობის ელექტრონული მოწმობა კანონმდებლის მიერ "შეიძლებას" სახით და არა იმპერატიული მოთხოვნის სახით არის დაშვებული.

 

აპელანტი მიუთითებს "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” მე-11- მუხლზე.

 

აპელანტი განმარტავს რომ სასამართლოს მიერ სავალდებულოდ დადგენილად მიჩნეული ე.წ. პირადობის ელექტრონული მოწმობას კანონის მუხ.14-ის პ.4-ის საფუძველზე დაშვებულია შეიძლება"-ს სახით, რაც მის სავალდებულოობას არც ერთ შემთხვევაში არ ადგენს. კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნაა მოქალაქემ აიღოს პირადობის მოწმობა, მაგრამ რომელი სახით ეს მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე იქნება განსაზღვრული და არა იძულებით, მოტყუებით, შეფარვით შედგენილი კანონქვემდებარე აქტების ძალმომრეობით გამოყენების გზით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადაო ურთიერთობანიც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით, აპელანტს სასამართლოს აღნიშნული მითითებს უსაფუძვლოდ მიაჩნია და

 

კანონისა და მის შესასრულებლად იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული როგორც #118-ე, ასევე Nო98 ბრძანებების ურთიერთშეჯერების გარეშე, რამეთუ მოსარჩელე სადაოდ არ ხდის #98-ე ბრძანების მუხ.25-ს, არამედ მთელი სარჩელი აგებულია იმ უდაო ფაქტზე, რომ კანონი ცალსახად ადგენს ძირითადად პირადობის მოწმობას არაელექტრონულს, რომელსაც გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო "შეიძლება"-ს სახით როგორც გამონაკლისი დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება მიანიჭა იმ სამსახურებს, რომელთაც ეს უფლება განესაზღვრებათ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ეს ბრძანება კი არის 13.07.2012წლის 118 - ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სააგენტოს დებულება, რომლის თანახმად სწორედაც, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ყველა ტერიტორიული სამსახურებისათვის ელექტრონული პირადობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით გაურკვეველი გახდა როგორც კანონით სააგენტოსათვის მინიჭებული უფლების - გასცეს პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, ასევე #98-ე ბრძანების მუხ.25-ის პ.2-ის მეორე წინადადების ასევე მუხ.58-ის პ.1 ით ტერიტორიული სამსახურების მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის აღსრულება.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მის მიერ გამოყენებულია საქართველოს კონსტიტუცია, ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ვრცლად არის საუბარი კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის

 

(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტზე #98 ბრძანების 25-ე მუხლზე, მაგრამ სარჩელის სამართლებრივი საფუძვლის კანონის მუხ.11.-ის პ.1-ის, მუხ.13-ის პ.1-ის; მუხ.14-ის პ.3-ის; მუხ.14-ის 3.2-ის მეორე წინადადების არასწორი განმარტების შედეგად მიღებულია არაობიექტური გადაწყვეტილება, კერძოდ: სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება - თითქოსდა 1996 წლიდან მოქმედ კანონში 2011 წლის ივლისიდან შეტანილი ცვლილების საფუძველზე "შეიძლება"-ს სახით გამონაკლისით შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა და აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ No98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის შესასრულებლად რაც დადასტურებულია კანონის (სავარაუდოდ უნდა იყოს ბრძანების) პრეამბულაში — მაშინ, როცა კანონის მუხ.14-ის პირველი პუნქტის თანახმად პიროვნების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა, რომელიც არის ორგვერდიანი ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში აფხაზურ ენაზე და რომელიც "შეიძლება" შეიცავდეს ელექტრონულ ინფორმაციის მატარებელს და იგი იწოდება პირადობის ელექტრონული მოწმობად, რომელიც მსგავსად არაელექტრონულისა არის ორგვერდიანი, ოღონდ განსხვავებით არაელექტრონულისაგან ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ელექტრონული მოწობა უნდა შეიცავდეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელს, რომელიც თავისი ტევადობით შემდგომში შესაძლებელს ხდის მისი მფლობელის სხვადასხვა პირადი ინფორმაციით შევსებას მოწმობის გამოცვლის გარეშე.

 

აპელანტი მოიხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (15.02.2017წლის გადაწყვეტილება საქმე No3/1/659 • მოქ. ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) კანონმდებლის მიერ "შეიძლება"-ს სახით დაშვება წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს, სწორედაც რომ კანონით საერთო წესით ძირითადად გასაცემი არაელექტრონული პირადობის მოწმობიდან დაშვებულია გამონაკლისი შეიძლება"-ს სახით შემოტანილი ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თვალსაზრისით. სწორედ ამ გამონაკლისის შესასრულებლად დაუშვა კანონმდებელმა კანონის მუხ.13-ის პ.1-ით განსაზღვრული პირადობის მოწმობის გამცემი ტერიტორიული სამსახურებიდან იმ ნაწილის გამოყოფა, რომლებიც უფლებამოსილი იქნებოდნენ გაეცათ ელექტრონული პირადობის მოწმობა, თუმცა ეს სამსახურები მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილებით არ შეზღუდა კანონმდებელმა, არამედ ამ სამსახურებისათვისაც დაუშვა გამონაკლისი 6 თვის ვადით არაელექტრონულის ობიექტური გარემოებების არსებობისას გაცემაზე. თუმცა სასამართლოს მიერ სავალდებულოდ დადგენილად მიჩნეულია მხოლოდ მეორე ნაწილი, რაც შეეხება პირველ ნაწილს - ძირითადად, საერთო წესით დადგენილი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით - საერთოდ უარყოფილია, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა არა იმ გარემოებით, რომ სარჩელის მოთხოვნა მიმართულია არაუფლებამოსილი მოპასუხის მიმართ, არამედ იმ საფუძვლით, რომ კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს არაელექტრონული პირადობის მოწმობის 4-10 წლის ვადით გაცემას.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ კანონქვემდებარე #98-ე ბრძანება სწორედაც, რომ გამოცემულია კანონის მუხ.20.2-ის შესასრულებლად (რაც მითითებულია ბრძანების პრეამბულაში და არა კანონის პრეამბულაში როგორც ამას სასამართლო მიუთითებს), და შესაბამისად ის უნდა ითვალისწინებდეს არა მარტო უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის ელექტრონული მოწმობის, ხოლო ობიექტური პირობების არსებობისას არაელექტრონული პირადობის მოწმობის 6 თვის ვადით გაცემის უზრუნველყოფას, არამედ კანონის მუხ.13-ის პ.1-ით განსაზღვრული ე.წ.არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი პირადობის (არაელექტრონული )მოწმობის 4-10 წლის ვადით გაცემის პირობებსაც, რასაც 98-ე ბრძანება კანონის საწინააღმდეგოდ საერთოდ არ ითვალისწინებს (თუ არ ჩავთვლით მითითებული ბრძანების მუხ.25-ის კ.2-ის მე-2 წინადადებასა და გარდამავალი დებულების მუხ.58-ის პ.1-ის დანაწესს, არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მიერ პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა საერთოდ განხილვის გარეშეა, მაშინ როცა კანონის მუხ.13-ს პ.1 და მუხ.14-ის კ.2-ის პირველი წინადადების დანაწესით "პირადობის მოწმობის გაცემა და შეცვლა უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით 4-10 წლის მოქმედების ვადით". თუმცა 98-ე ბრძანების მუხ.27-ში ცალსახად მითითებულია: პირადობის მოწმობა გაიცემა უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება კანონის მუხ.13-ის პ.1-ის დანაწესს და ფაქტიურად ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მუხ.7–ის პ.7-ის საწინააღმდეგოდ გამოცემული ბრძანება 118-ით, დამტკიცებული სააგენტოს დებულების საფუძველზე ყველა ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით, 98-ე ბრძანების მუხ.27-ის დანაწესით, ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მუხ.7-ის .7–ის თანახმად უკანონოდ გაუქმებულია კანონის მუხ.13-ის პ.1-ით სააგეტოსათვის მინიჭებული უფლებამოსილება - გასცეს და შეცვალოს არაელექტრონული პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით. რაც სასამართლოს არც გამოუკვლევია და არც არანაირი შეფასება არ გაუკეთებია. შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება აგებულია არა იმ საკითხზე თუ რამდენად სწორად არის მოპასუხე მხარე განსაზღვრული, არამედ ძალიან ადვილი გამოსავალისა და კანონის სწორი განმარტებისათვის თავის არიდების შედეგად დასაბუთება გადატანილია კანონის მიხ.14-ის პ.10-ის საფუძველზე ელექტრონული პირადობის მოწმობის გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის სასარჩელო მოთხოვნის კანონთან შეუსაბამობაზე, რასაც მოსარჩელე მხარე ყოველთვის აღნიშნავს და აღნიშნულს სადაოდ არც ხდის. არამედ სადაოა ის ფაქტი, რომ კანონის მუხ.11.-ის 1, მუხ.13-ის პ.1-ის; მუხ.14-ის 2-ის პირველი წინადადების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს თუ არა ტერიტორიული სამსახური, რომელსაც არ ექნება მინიჭებული ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება და გასცემს არაელექტრონულ პირადობის მოწმობას მოქმედების 4- 10 წლის ვადით.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლო მიუხედავად იმისა, რომ მიუთითებს კანონის დანაწესზე მუხ.-13-ის პირველი პუნქტი - პირადობის მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცლის მოთხოვნით მიმართოს საკონსულოს, ასევე მიუთითებს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე და ა.შ., აკეთებს არასწორ განმარტებას და შესაბამისად დასკვნებს: “კანონმდებელი ადგენს, რომ პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ ობიექტურ მიზეზთა გამო, “შესაბამისად კანონმდებელმა პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა დაუშვა საგამონაკლისო წესით, რომელიც სუბიექტურ განწყობას და სურვილს არ ითვალისწინებს. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (წესის მუხ.25) არ მოდის წინააღმდეგობაში საკანონმდებლო აქტის ნორმებთან, კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები

 

ითვალისწინებს მხოლოდ (?) ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამ ნორმებშია მითითებული, რასაც ასაბუთებს შემდეგი განმარტებით: სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციებით სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა (თუმცა კანონის რომელი მუხლის საფუძველზე აკეთებს სასამართლო ამ დასკვნას გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის) კანონმა არ გაითვალიწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ მოქალაქეთა ინტერესების დაცული იქნეს მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით. | აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა და არავითარი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესწავლილია იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცენული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე პირადობის მოწმობის გაცემის საკითხი და იმის გამო, რომ მოპასუხის მოქმედებით ადგილი აქვს მოქალაქის უფლებების დარღვევას ჯერ კიდევ 2014წელს შემუშავებული იქნა რეკომენდაცია, სადაც მითითებულია, რომ 2004 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო დადგენილება 2252 2004 ბიომეტრიული მონაცემების პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში და არა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, რომელიც გაიცემა წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებზე, შეტანის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ დოკუმენტებზე, რომელიც გამოიყენება ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის შემთხვევაში, რაც თავისთავად ადგენს, რომ აღნიშნული არ ვრცელდება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს თავის მოქალაქეზე მისი მოქალაქეობის, ვინაობისა და საცხოვრებელი მისამართის დადასტურების მიზნით. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბიომეტრიული მონაცემების გაცემა პირის ავტონომიური ნებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა იძულებიდან. ამ შემთხვევაში პირის არჩევანი შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა ასპექტით, როგორიცაა: პიროვნული თავისუფლება, ინფორმაციული თვითგამორკვევა და ა,შ, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა - მიიღოს არაელექტრონული მოწმობა სავსებით ლეგიტიმურია, რათა არ დარჩეს სამართლებრივ სივრცის მიღმა და კონსტიტუციური უფლებების გარეშე. | თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის საერთო წესიდან გამონაკლისის სახით "შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: მიიღოს ხელფასი, ისარგებლოს ჯანდაცვით და ა.შ. მხოლოდ იმის გამო, რომ შესრულდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობების ელექტრონული სახით სავალდებულოობას. | იუსტიციის მინისტრმა კანონქვემდებარე აქტით 2012წლის 13 ივლისის No118-ე ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურს მიანიჭა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება რითაც გააუქმა როგორც კანონით, ასევე 98-ე ბრძანების მუხ.58-ის პ.1-ით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისათვის მინიჭებული უფლება გასცენ არაელექტრონული პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით, იმის გამო, რომ მისი გამცემი ტერიტორიული სამსახური აღარ არსებობს, სააგენტო კი თვითონ არ ახდენს პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას. რაზეც სასამართლო არც რაიმე განმარტებას აკეთებს და შესაბამისად არც აღნიშნული გარემოება გამხდარა მისი მსჯელობის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს კანონს და არა მის შესასრულებლად კანონის შეუსაბამოდ გამოცემულ კანონქვემდებარე აქტებს ან/და •98-ე ბრძანების მუხ.25-ს.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან. თუმცა არანაირ შეფასებას არ აძლევს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს და როგორც მოპასუხე, სასამართლოც ცდილობს საკითხი მოაქციოს კანონმდებლის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის საერთო წესიდან გამონაკლისის სახით დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის ამოქმედებასთან დაკავშირებით კანონის მუხ.14-ის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული #98-ე ბრძანების მუხ.25-ის პირობებში. რაც ყოვლად დაუშვებელია და საკითხის არასრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სასამართლო ვალდებულია სრულად გამოიკვლიოს და სწორი განმარტება მისცეს როგორც ძირითად კანონს, ასევე საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ადგენს მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს და ა.შ. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (10.12.1948წ.), რომელიც მუხ.4 –ის თანახმად ცალსახად ადგენს "არავინ არ უნდა იმყოფებოდეს ძალმომრეობით მორჩილებაში";

 

აპელანტი განმარტავს, რომ კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" მუხ.13-ის პ.1 ცალსახად ადგენს, რომ პირადობის მოწმობა (და არა მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობა, როგორც ამას სასამართლო ადგენს თავისი დასკვნებით) გაიცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით 18 წლამდე პირებზე 4 წლის მოქმედების ვადით, 18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის მოქმედების ვადით, თუმცა აქვე აკეთებს დიფერენცირებას (მუხ.14 ის პ.10), "ხოლო ის ტერიტორიული სამსახური, რომელიც უფლებამოსილია გასცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც ამავე დროს უფლებამოსილია გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა მხოლოდ ობიექტური პირობების არსებობის დროს 6 თვის ვადით". მოცემულ ტექსტში სიტყვა "ხოლო"-ს კანონმდებლის მიერ გამოყენება ნათლად ადგენს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან, რომლებიც კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილებას გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა, გამოყოფილია ის სამსახურები, რომელთაც ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-3.10 საფუძველზე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება ძირითადად მხოლოდ გასცენ პირადობის ელექტრონული მოწმობა, და რაც კანონის მუხ.14-ის პ.4-ის გათვალისწინებით არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის სავალდებულოდ და ერთადერთ დოკუმენტად დადგენად, როგორც ამას აცხადებს და დადგენილად მიიჩნევს სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის 98-ე ბრძანებით მოპასუხეს მინიჭებული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება. სასამართლომ არ გამოარკვია და საერთოდ არ იმსჯელა სააგენტოს, რომლსაც ევალება გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, აქვს თუ არა ან/და უნდა ჰქონდეს კი ისეთი ტერიტორიული სამსახური, რომელიც კანონის მუხ.13-ის პ.1-ის თანახმად ვალდებულია გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით? სწორედაც რომ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მუხ.-7-ის პ.7-ის გათვალისწინებით იუსტიციის მინისტრის 118-ე ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურებისათვის პირადობის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება არ შეიძლება ჩაითვალოს სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების გაუქმების საფუძვლად, თუმცა სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია რამეთუ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად ადგენს რომ კანონმდებლობით სავალდებულოა მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა. თუმცა კანონის რომელი მუხლის ან ნორმის საფუძველზე კონკრეტულად მითითებული არ არის. მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა სასამართლო მაშინ როცა სარჩელის მოთხოვნა ეფუძნება კონკრეტულ კანონსა და კანონის შესაბამის მუხლებსა და პუნქტებს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა სიტყვა „შეიძლება“-სთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რამეთუ მათი განმარტებით "შეიძლება" თავისთავად, არ უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსათვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლება, მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვალს გადაწყვეტილება No3/1/659 საქმე, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება. რაც მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში ფორმალურად მითითებულია რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად დემოკრატიული საზოგადოების არსებობისასთვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, მოპასუხის განმარტება - ელექტრონული პირადობის მოწმობის იძულებით გავრცელება

 

ემსახურება მოქალაქეთა ინტერესს, მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცულობას, სასამართლოსათვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოდ დადგენისათვის.

 

მოსარჩელის აზრით კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით აღნიშნული უნდა განხორციელდეს მოქალაქის ნებით შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, რასაც ითვალიწინებს კანონი, როცა მუხ.16-ის თანახმად აწესებს პირადობის მოწმობის მისაღებად შესაბამისი მოთხოვის წარდგენის აუცილებლობას, და არა იძულებითი მორჩილების საფუძველზე, ასევე #98-ე ბრძანების მუხ.58-ის მე-2 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში", ან/და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეზე მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში გაიცემა ელქტრონული პირადობის მოწმობა, ბრძანება No8-ის მუხ.25-ის დანაწესიდან არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ერთ-ერთ ობიექტურ გარემოებას წარმოადგენს "პირის მიერ ნების გამოხატვის შეუძლებლობა, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი ცნობით" და ა.შ. ზოგიერთისათვის საჭიროა ნება სურვილი, ზოგიერთისათვის არა? ხომ არ ირღვევა მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი? რა თქმა უნდა არც ეს საკითხი ყოფილა სასამართლოს მსჯელობის და ასევე შეფასების საგანი. | 3.4. სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა, იმ უდაო ფაქტს, რომ კანონით აკრძალული არ არის მუდმივად მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობები (განსხვავებით პასპორტისაგან), რომლითაც სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებიც ნამდვილად არ განეკუთვნებიან ბრძანების 25-ე მუხლში მითითებულ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის პირადობის მოწმობის გაცემაზე სასამართლო გადაწყვეტილებით უარის თქმა და იმაზე მითითება, რომ თითქოსდა კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს სხვა პირადობის მოწმობას, კონსტიტუციით აღიარებული მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევაა მოსარჩელის როგორც მუდმივად მოქმედი პირადობის მოწმობის მქონე პირებთან, ასევე 25-ე მუხლით მოსარგებლე პირებთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული , ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმი. ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის No1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 1).

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო განმარტავს, რომ თითქოსდა მოპასუხე იცავს მოქალაქის ინტერესებს როცა აიძულებს მისი ნების საწინააღმდეგოდ აიღოს ტექნიკურად პროგრესული პირადობის ელექტრონული მოწმობა, მაშინ როცა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948წ.) მე-4 მუხლით იკრძალება ყოველგვარი ძალმომრეობა და იძულებით მორჩილებაში ყოფნა. კანონმდებელი ადგენს, რომ მოქალაქის ვინაობა, მოქალაქეობა, საცხოვრებელი მისამართის დადასტურება ხდება პირადობის მოწმობით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. მოპასუხე მხარეს არანაირი მტკიცებულება ელექტრონული პირადობის მოწმობის მაღალტექნოლოგიურად დაცვის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია. სრულყოფილი ბუნებაში არაფერი არ არსებობს, ელექტრონული პირადობის მოწმობის საინფორმაციო ბაზის გატეხვის არაერთი შემთხვევაა ცნობილი დღეს რიცა კიბერდანაშაული იმ სიმაღლეებზეა, რომ დაინტერესებულ პირებს არ უჭირთ პენტაგონის, ნატოს ინტერნეტსივრცეში შესვლა, სახელმწიფო უზრუნველყოფს და იძლევა გარანტიას ელექტრონული პირადობის მოწმობის სრულ დაცულობაზე? ეს არ არის საფუძველი იმისა რომ იუსტიციის მინისტრმა (და არა კანონმა) კანონის შეუსაბამოდ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით აიძულოს მოქალაქე მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიღოს ის პირადობის მოწმბა რომელსაც თვითონ ირჩევს. რითი იზღუდება სახელმწიფო, ან/და რაში ეშლება ხელი სახელმწიფო ორგანოებს მოსარჩელისათვის პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემით, რა აღმატებული ინტერესია სახელმწიფოსი, რომლისათვისაც მოქალაქემ უარი უნდა განაცხადოს ამავე სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით, არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით (მათ შორის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით) დადგენილი პიროვნების თავისუფლებაზე, კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობაზე და ა.შ. არც სასამართლოზე ყოფილა მოპასუხეთა მხრიდან დასაბუთებული და არც სასამართლოს შეუფასებია ეს გარემოება თავის გადაწყვეტილებაში.

 

აპელანტი განმარტავს, რომ თანაზომიერების პრინციპის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის No3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის No2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელე მხარის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს შემდეგს:

 

3.1. აპელანტი სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 08 იანვრის N0------ რომლითაც მას უარი ეთქვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე. აპელანტი მიიჩნევს, რომ მოპასუხე

 

არასწორად განმარტავს კანონს, ვინაიდან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და

 

საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს მოქალაქის ნებას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირადობის მოწმობასა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას შორის გააკეთოს არჩევანი, მაშინ, როდესც კანონქვემდებარე აქტი აწესებს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულებას. შესაბამისად, კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება,სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი გახდა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი, მე-10 პუნქტები, რომლის თანახმად, მოქალაქეზე პირადობის მოწმობა გაიცემა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა), გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა.

 

აღნიშნული კანონის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამავე კანონის 11.1 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბინადრობის მოწმობა, ხოლო 12.1 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. კანონის 13.1 მუხლის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

 

მითითებული კანონის 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრთვე აფხაზურ ენაზე. 4.2 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე - 10 წლის ვადით. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით. კანონის 14.4 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულიმოწმობის გაცემა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დმტკიცდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული „წესის“ 25-ე მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ამავე წესის 33.2 მუხლის თანახმად, ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვემდე ვადით.

 

3.2. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეს, რომლის პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა, შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა ორი სახის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა: ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა) ან მის გარეშე, ამასთანავე, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ ობიექტურ მიზეზთა გამო (კანონის მე-14.10 მუხლი). პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ კანონმდებელმა პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა დაუშვა საგამონაკლისო წესით, მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას, ობიექტური გარმოება კი არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, პირიქით, ობიექტური გარემოება არის გარემოება, რომელიც პირის ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა) აღებას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული „წესი“ -კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რაც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა („წესის“ 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ, ვინაიდან ადგილი არ აქვს კანონის და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანების ურთიერთწინააღმდეგობას, ბრძანება ავსებს და აკონკრეტებს კანონის ცალკეულ დებულებებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, კანონით დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების ვალდებულება. ამდენად, მოსარჩელისთვისაც, რომლის პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა, წარმოეშვა ვალდებულება, აიღოს ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობა, კანონით არ არის გათვალისწინებული პირის მიერ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ სახელმწიფოს მიერ

 

მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით. ამასთანავე, სასამართლო კანონის განმარტებისას ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს, მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რის გამოც, ვერ იქნება გაზიარებული მისი არგუმენტაცია სამოქალაქო უფლებების დარღვევის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს მსგავს საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე (სუს Nბს-389-389(კ-18) 05.07.2018წ. განჩინება). საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტება კანონისა და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ: „მოცემულ შემთხვევაში ბრძანების დებულებები ახდენენ კანონში მითითებული დანაწესების კონკრეტიზაციას, რაც ცხადია გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობის არსებობას. ამასთან, საკასაციო საჩივრის მოტივებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ კასატორი, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის დროს წარმოდგენილ დოკუმენტებში, ასევე საკასაციო საჩივარში ვერ მიუთითებს იმ ღირებული კანონიერი უფლებისა თუ ინტერესისასთვის ზიანის მიყენებას ან ასეთი ზიანის მიდგომის მომეტებულ რისკს, რომელიც მას ელექტრონული მატარებლით პირადობის მოწმობის აღების შემთხვევაში მოელის“. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა“.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ’’ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე----- კ--–------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემრბის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე

 

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

 

მერაბ ლომიძე