განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.04.2019
საქმის ნომერი
330310018002576605
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/687-19

330310018002576605

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მირანდა ერემაძე

მოსამართლეები - მერაბ ლომიძე

თამარ ონიანი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

 

მოწინააღმდეგე მხარე – ლ---- ფ-----ე

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ---- ფ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 09 ივლისის MES 0------------ გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ---- ფ-----ის სახელზე, 2009 წელს შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ-------ს“ მიერ გაცემული ბაკალავრის D---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ შპს - დამოუკიდებელ უნივერსიტეტ მ------ზე, 2003 წლის 28 იანვარს, გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N--------- ლიცენზია. ს/ფ 69-70.

 

2.2. კერძო სამართლის იურიდიული პირის - დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ-------ს“ იურიდული ფაკულტეტის 2008 წლის 20 აგვისტოს N--- გადაწყვეტილებით, ლ---- ფ-----ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ს/ფ 59-61

 

2.3. 2018 წლის 07 ივნისს, ლ---- ფ-----ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების შესახებ.(ს.ფ 50-25);

 

2.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2018 წლის 08 ივნისს, M---------------- წერილით მიმართა საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტ მ------ს და ლ---- ფ-----ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე განცხადების განხილვის მიზნით, სთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია დიპლომის მფლობელის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ გაუვლია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეთითებინა როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი. (სფ 58);

 

2.5. საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტი „მ-------ს“ რექტორის ზ. ბ-----ის 2018 წლის 13 ივნისის წერილით, სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ლ---- ფ-----ის მიერ განვილილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 (ოთხი) წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- ფ-----ე ჩაირიცხა შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი მ-------ს იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე ბრძანება N------------- წელს. აღიშნული სასწავლებელი დაამთავრა ბრძანება N-------------- წელს. მასზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი D---------- (სარეგისტრაციო N------) ( ს/ფ 63);

 

2.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსმა, 2018 წლის 08 ივნისს, M---------------- წერილით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს სთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენილ საგანმანათლებლო დოკუმენტთან დაკავშირებით. კერძოდ, ინფორმაცია დიპლომის მფლობელის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის სახელმწიფო აღიარების თაობაზე. აგრეთვე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებადი სხვა ინფორმაცია თანდართულ დიპლომში ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. (ს/ფ 64-65);

 

2.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 05 ივლისის MES 7 18 00870536 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ცენტრს ეცნობა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ლ---- ფ-----ის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი მ-------ს მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს, 2005 წლის 31 იანვრის N-------- გადაწყვეტილებით, შპს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ მ------ს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. აღნიშნულ პირს 2010 წლის 03 სექტემბრიდან ეწოდება შპს საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტი მ-------. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23 და 231 პუნქტების შესაბამისად, შპს „საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტ „მ------მა“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია. ამასთან, შპს საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტ „მ------მა“ 2014 წლის 21 ნოემბრის N------ კორესპონდენციით აცნობა, ლიცენზირებულ რეჟიმში საგანმანათლებლო საქმიანობის დასრულების შესახებ. (ს/ფ 69-70);

 

2.8. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 09 ივლისის MES 0-------------- გადაწყვეტილებით, ლ---- ფ-----ეს უარი ეთქვა D---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, ვინაიდან შპს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ მ-------ს მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის ლ----ი ფ-----ის სასწავლო პერიოდში (მათ შორის - 2008 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის DUM N------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ (ს.ფ 71-74)

 

3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე,რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - ლ---- ფ-----ის უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ვინაიდან, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 09 ივლისის MES 0------------ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს მისი კანონშესაბამისობა ფორმალური და მატერიალური კანონიერების გათვალისწინებით.

 

3.2. სასამართლომ მიუთითა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომში - ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის - განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირის - დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ-------ს“ იურიდული ფაკულტეტის 2008 წლის 20 აგვისტოს N--- გადაწყვეტილებით, ლ---- ფ-----ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 07 ივნისს, ლ---- ფ-----ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

3.3. სასამართლომ მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს, ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავოდ ქცეული აქტისა და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, მოსარჩელის მიერ მიღებულ, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ შპს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ მ-------ს მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის ლ----ი ფ-----ის სასწავლო პერიოდში (მათ შორის - 2008 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის D---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი, ლ---- ფ-----ის სახელზე გაცემული DUM N------ დიპლომის (სარეგისტრაციო №------, თარიღი: 14.09.2009წ.) ასლით, ასევე, საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტი „მ-------ს“ რექტორის ზ. ბ-----ის 2018 წლის 13 ივნისის წერილით დასტურდებოდა, ლ---- ფ-----ის მიერ განვილილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 (ოთხი) წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- ფ-----ე ჩაირიცხა შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი მ-------ს იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე ბრძანება N------------- წელს. აღიშნული სასწავლებელი დაამთავრა ბრძანება N-------------- წელს. მასზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი D---------- (სარეგისტრაციო N------).

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ლ---- ფ-----ის სწავლის პერიოდში შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ-------“ ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, სადაც ლ---- ფ-----ე გადიოდა შესაბამის სასწავლო დისციპლინებს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა გავლილი კანონით დადგენილი სასწავლო კურსი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ-------ს“ მიერ ლ---- ფ-----ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის - D---------- ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაიარა სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსი; მიღებული დიპლომის საფუძველზე, მოსარჩელე ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტა, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით. არ შეიძლება პირის ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ მოქცევა, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის ინსტიტუტი სახელმწიფოსა და მისი სახით უფლებამოსილების განმახორციელებილი ადმინისტრაციული ორგანოების მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია და იგი წამოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან დადგენილ, ურთიერთობის განმსაზღვრელ ფუნდამენტური ღირებულებების წესებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის არსებობა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ღერძია, რომელზედაც დგას სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფოს ავტორიტეტი და რომელიც განსაზღვრავს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პირის მიმართ განხორციელებული ქმედება იწვევს იურიდიული შედეგს, ანუ ამ პირის გარშემო წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ განსაზღვრულობას, რომლის სფეროშიც მოქცეული ადამიანი იწყებს მთელი რიგი ქმედებების განხორციელებას, რომლის უფლებამოსილებითაც იგი სახელმწიფომ აღჭურვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გაცემული სასწავლო-საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში და რომლის საფუძველზე მოსარჩელე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივი წესრიგის დაცვას. შესაბამისად, სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმის გაუმართაობის გამო, მოსარჩელის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლის მიზეზსაც თავად მოსარჩელე არ წარმოადგენს. ასეთი სახის შედეგის დადგომა სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებდა არა მხოლოდ სუბიექტს, არამედ სახელმწიფოს სახელს მიაყენებდა ჩრდილს და ასევე, ეჭვქვეშ დააყენებდა თავად მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს განხორციელებულ მთელ რიგ ქმედებებს. ვინაიდან კანონიერი ნდობა ნიშნავს - პირის რწმენას, რომ ასეთ შემთხვევაში იგი არ დარჩება დაუცველი სახელმწიფოს მხრიდან და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიება არ დაკარგავს თავის სამართლებრივ ქმედით ძალას. მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მოსარჩელე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა ინსტიტუტის დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. ამასთან, პირის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების შედეგის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპის დაცვის გარდა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ინტერესების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დავის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერ უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, არამედ ამავდროულად სახელმწიფოსა და მესამე პირების ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში არ იკვეთება და არ დასტურდება სახელმწიფოსა თუ მესამე პირების კანონიერ უფლებების ან ინტერესების დარღვევას და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების ფაქტი.

 

3.4. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებით განმარტოს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით/ დიპლომებით ან სერტიფიკატით;

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ, მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

 

3.5. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ---- ფ-----ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 09 ივლისის MES 0------------ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 09 ივლისის MES 0------------ გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ---- ფ-----ის სახელზე, 2009 წელს შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ-------ს“ მიერ გაცემული ბაკალავრის D---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ლ---- ფ-----ის მიერ განვლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 (ოთხი) წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- ფ-----ე ჩაირიცხა შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი მ-------ს იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე ბრძანება N------------- წელს. აღნიშნული სასწავლებელი დაამთავრა ბრძანება N-------------- წელს. მასზე გაცემულია ბაკალავრის დიპლომი D----------. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიუხედავად, სასამართლო უგულებელყოფს შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას:

 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1(1) პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 66(1) მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს, 2005 წლის 31 იანვრის N-------- გადაწყვეტილებით, შპს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ მ------ს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, არ არსებობს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.

 

აღნიშნულის შესაბამისად, შპს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ "მ------ში" 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის, 2008 წლის ჩათვლით ლ---- ფ-----ის სწავლის პერიოდი (მათ შორის, მინიჭებული კვალიფიკაცია) და, აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის D---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული კი გამორიცხავს მოსარჩელის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (შემდგომში - წესი) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შინაარსი.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას ლ---- ფ-----ის კუთვნილი დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, რითიც უხეშად დაირღვა წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის დადგენის მიზნებისთვისაც ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის N3/4942-18 გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო ბათილად სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) 2018 წლის 09 ივლისის N------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ცენტრს დაავალა მოსარჩელის სახელზე გაცემული D---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე პრიმა (1) მუხლი, რომელიც განსაზღვრავს აქტის ბათილად ცნობის პირობებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ისე იყენებს აღნიშნულ ნორმას, რომ არ ასაბუთებს ცენტრმა მატერიალური სამართლის რომელი ნორმა, ან/და აქტის გამოცემის ფორმალური კანონიერების რომელი მოთხოვნა დაარღვია. გადაწყვეტილებაში აღნიშნული ნორმის მხოლოდ ფორმალური გამოყენება ვერ მიიჩნევა დასაბუთებად იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის შემთხვევაში სასამართლო შეფასების საგანს სწორედაც, რომ აქტის გამოცემის მატერიალური და ფორმალური კანონიერების შეფასება უნდა წარმოადგენდეს.

 

ცენტრმა სრულად დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. განათლების სისტემა სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც, რომლის მიხედვით, ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე მაია ნათენაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ").

 

საგულისხმოა, რომ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ", საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის № 89/ნ ბრძანების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად, მინიჭებული აქვს ცენტრს.

 

ცენტრის არსებობის მიზანზე მიუთითებს, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, რომელზეც თავად სასამართლო ამახვილებს ყურადღებას თავის გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ცენტრი, რომლის შესასრულებლადაც ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, იგი ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირთა მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

 

სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა ცენტრის არსებობის რეალურ მიზნებსა და ამოცანებზე, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებზე, თუმცა შემდგომ თავისი გადაწყვეტილებით უგულებელყო ზემოთხსენებული აქტებით განსაზღვრული ცენტრის არსებობის მიზნები და ამოცანები. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება არ ეფუძნება არც ხსენებულ ნორმებსა და არც მათი სწორი ინტერპრეტაციის შედეგს, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის უგულებელყოფის ტოლფასია.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს და ეჭვქვეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს.

 

სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე" (შემდგომში - წესი), როგორც მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედ ერთ-ერთ სახელმძღვანელო დოკუმენტზე. სწორედ წესის შესაბამისი რეგულაციებით იხელმძღვანელა ცენტრმა მოსარჩელის სახელზე გაცემული DUM №000034 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

 

ამასთან, სასამართლო ვერც მოცემულ შემთხვევაში ვერ უთითებს, თუ რომელი კანონის მოთხოვნა აქვს დარღვეული ცენტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება, არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ და ცენტრს იგი სადავოდ არ გაუხდია.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიღო საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას ლ---- ფ-----ის კუთვნილი დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე. გაუგებარია, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს მიერ არ მომხდარა შეფასება, რამდენად კანონიერად გასცა საგანმანათლებლო დოკუმენტი შპს დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა "მ------მა". ვინაიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს, 2005 წლის 31 იანვრის №-------- გადაწყვეტილებით, შპს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ მ------ს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, არ არსებობს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით ,,სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

 

სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ შეამოწმა გასაჩივრებული აქტი სარჩელის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე, არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები. სასამართლოს არ აქვს განმარტებული, თუ რა სამართლებრივი საფუძველი გახდა ცენტრის აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლოს მსჯელობა და მიღებული გადაწყეტილება ემყარება მხოლოდ კანონიერი ნდობის პრინციპს. მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, რითაც უხეშად დაირღვა აღნიშნული საერთაშორისო აქტები და კონსტიტუციის მითითებული ნორმის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს ყველა იმ ნორმაზე, რომელთა შესაბამისადაც ცენტრმა იმოქმედა მოსარჩელის სახელზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. კერძოდ, ცენტრმა აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. ცენტრმა აქტის გამოცემისას ასევე იხელმძღვანელა წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი -დიპლომი. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, sაქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. თუმცაღა სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი მსჯელობა ეფუძნება ზემოხსენებულ ნორმათა არასწორი გამოყენებისა და ინტერპრეტაციის შედეგს, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის არგამოყენების ტოლფასია.

 

აპელანტი უთითებს, რომ სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ლ---- ფ-----ის მიერ განვლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 (ოთხი) წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- ფ-----ე ჩაირიცხა შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი მ-------ს იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე ბრძანება N------------- წელს. აღნიშნული სასწავლებელი დაამთავრა ბრძანება N-------------- წელს. მასზე გაცემულია ბაკალავრის დიპლომი D----------.

 

საქმის მასალებით დადგენილია და სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ განათლების სამინისტრომ შპს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ მ------ზე 2003 წლის 28 იანვარს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №--------- ლიცენზია. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1¹ პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი მ-------ს მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს, 2005 წლის 31 იანვრის №-------- გადაწყვეტილებით, შპს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ მ------ს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. აღნიშნულ იურიდიულ პირს 2010 წლის 03 სექტემბრიდან ეწოდება შპს საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტი მ-------. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23 და 23(1) პუნქტების შესაბამისად, შპს საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტმა "მ------მა" ცენტრში წარმოადგინა ჩარიცხულ პირთა სია. ამასთან, შპს საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტმა "მ------მა" 2014 წლის 21 ნოემბრის №------ კორესპონდენციით ცენტრს აცნობა, ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ რეჟიმში საგანმანათლებლო საქმიანობის დასრულების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპრლანტს მიაჩნია, რომ შპს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ "მ------ში" 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის, 2008 წლის ჩათვლით ლ---- ფ-----ის სწავლის პერიოდი (მათ შორის, მინიჭებული კვალიფიკაცია) და, აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის D---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული კი გამორიცხავს მოსარჩელის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შინაარსი.

 

აპელანტს მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - აკრედიტაციის ინსტიტუტი, რომელიც ქმედითი იყო მოსარჩელისათვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მის სახელზე დიპლომის გაცემის დროს სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა ,, უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველო კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 66(1) მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტის "მ-------ს" მიერ ლ---- ფ-----ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის D---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ნდობა მის მიმართ გაცემული დიპლომის მიმართ და აღნიშნული დიპლომის საფუძველზე მან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები.

 

იმდენად, რამდენადაც ,,წესით" იმპერატიულად დადგენილია ის კუმულაციური წინაპირობები, რომელთა არსებობაც აუცილებელია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისას, სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე „წესის" არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომი იმიტომაც ექვემდებარება დადასტურებას, რომ მოსარჩელე ლ---- ფ-----ე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას, მოცემულ შემთხვევაში შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტის "მ-------ს" მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე. ამგვარი განმარტების შედეგად, სასამართლო მსჯელობა უგულებელყოფს იმ საკანონმდებლო რეალობას და კანონმდებლის მიზანს, რომლის შესაბამისადაც შემოღებულ იქნა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა. სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ პირის სამუშაო გამოცდილებას და პროფესიული ცოდნის მიღების ფაქტს და არა მის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2008 წლის ჩათვლით პროგრამის გავლის და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოადგენს როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე „წესის" არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და იგი არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაზე დაყრდნობითაც ცენტრი შეძლებდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ცენტრი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, სრულყოფილად აცნობიერებს საკუთარ საჯაროსამართლებრივ ვალდებულებას, რომ მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპი, რაც გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია სადავო საკითხი, კომპლექსურად შეაფასა და შეაჯერა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მივიდა სამართლებრივ შედეგამდე.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-ე პრიმი მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებულ კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა. საგულისხმოა, რომ ცენტრმა იმსჯელა ბაკალავრის D---------- დიპლომის მიმართ ლ---- ფ-----ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60(1) მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც ლ---- ფ-----ემ მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა ლ---- ფ-----ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან.

 

აპელანტს, უსაფუძვლოდ მიაჩნია აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება კი ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს აზრით, აუცილებელია, რომ მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.

 

აგრეთვე, კანონიერ ნდობაზე მსჯელობისას სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება საქმეზე "მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ". ცენტრი აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილება ევრო სასამართლოს პრაქტიკიდან ლ---- ფ-----ის საქმესთან დაკავშირებით არარელ----ტურია, ვინაიდან ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ მითითებული დასაბუთების შინაარსი არსებითად განსხვავდება ლ---- ფ-----ის საქმეში სადავო საკითხის ფაქტობრივი გარემოებებისაგან. შესაბამისად, მსგავსი დასაბუთების მქონე გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ აყენებს რეალური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს.

 

ცენტრის განმარტებით, საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება კი არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივ ფუნქციობირებას.

 

სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისე იმსჯელა კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებაზე, რომ არ მოუხდენია მისი შეპირისპირება კანონიერების პრინციპთან. შესაბამისად გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის" ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები ლ---- ფ-----ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად. თბილისის საქალაქო სასამართლო უპირობოდ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, ემხრობა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენებას, რაც ყველა შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს სამართალწარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრინციპს. ამ საკითხთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის ბს-1153-1142(კ-11) გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი აქტის ბათილად ცნობისა და აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. შესაბამისად, ეს სასამართლო გადაწყვეტილება შეუსაბამოა და არარელ----ტურია მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მასზე მითითება არ ეხმიანება კონკრეტულ მიზანს. სასამართლომ ამგვარი მსჯელობით მოახდინა თავად კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არასწორი ინტერპრეტაციის დემონსტრირება.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. შეუიარაღებელი თვალით იდენტიფიცირებადი, საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების სურვილის შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა კი, შინაგანი რწმენის ამოსავალსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი უშუალოდ დაკავშირებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებასთან. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ბათილად ცნობს მის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ამ ნორმის გამოყენებისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო ცენტრის მიერ ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს მიანიჭა რაიმე უფლება ან სარგებელი.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის ბს-1153-1142(კ-11) გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი აქტის ბათილად ცნობისა და აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. შესაბამისად, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება შეუსაბამოა და არარელ----ტურია მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მასზე მითითება არ ემსახურება რაიმე კონკრეტულ მიზანს.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცუიული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინიტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში, სასამართლო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო აქტის ბათილად ცნობის დროს აფასებს მის მატერიალურ და ფორმალურ კანონირებას და თუ მიიჩნევს, რომ მის მიერ გამოცემული აქტი არის უკანონო ან დარღვეულია მისი გამოცემის პროცედურები, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მისი ბათილად ცნობის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, შესაძლებელია განისაზღვროს აქტის მოქმედების შეწყვეტა: ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით. დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე ცენტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი თავისი სამართლებრივი შედეგებით შეუძლებელია გაუთანაბრდეს მოსარჩელის სახელზე აქტის გაუქმებას, ვინაიდან ცენტრის გადაწყვეტილებით არ მომხდარა მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების გაუქმება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელატს მიაჩნია, რომ არსებობს ლეგიტიმური საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ცენტრი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვერ შეძლებს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან მისი საქმიანობა ეფუძნება მხოლოდ კანონს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც გახდებოდა მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი. სასამართლოს უნდა მიეთითებინა ის დამატებითი გარემოებები, რაზე დაყრდნობითაც ცენტრი შეძლებდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, რადგანაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრმა უკვე გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ---- ფ-----ის მიერ მიღებული განათლების შედეგად დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოკლებულია შესაძლებლობას განსხვავებულად განმარტოს საქმის იგივე გარემოებები და შეაფასოს ისინი. ისევე როგორც სასამართლო, ცენტრიც შებოჭილია კანონმდებლობით, მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპის დაცვა, რაც გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ დაუსაბუთებული და არარელ----ტურია სასამართლოს მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებულ განათლების უფლებაში არამართლზომიერ ჩარევასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ცენტრის მიერ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელებისას, მით უფრო, განათლების აღიარების პროცედურის განხორციელებისას, ვერ იქნება სახეზე კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ცხადია, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით და ეს მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. ამასთან, სასამართლო ამ ნორმის განმარტებისას უგულებელყოფს მის მე-2 და მე-4 პუნქტებს, რომლის თანახმადაც, გადამწყვეტია სახელმწიფოს როლი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. განათლების სისტემა სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც, რომლის მიხედვით, ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათენაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ).

 

საგულისხმოა, რომ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის № 89/ნ ბრძანების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს ცენტრს.

 

აპელანტს, მიაჩბნია, რომ კონკრეტული პირის განათლების უფლებაზე აპელირება დაუშვებელია თავად საგანმანათლებლო სისტემის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების უგულებელყოფის საპირწონედ. მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცენტრს არ განუხორციელებია არამართლოზმიერი ჩარევა მოსარჩელის განათლების უფლებით დაცულ სფეროში.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ ასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-13 მუხლი, რომლის თანახმადაც, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემა.

 

სასამართლო არ ასაბუთებს თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ ან მისი ზოგადი კომენტარში განსაზღვრული დებულებების დარღვევა, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის დარღვევა. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ საერთაშორისო აქტების ციტირებით, მისი ფორმალური მითითებით და ამ ნორმათა ცოდნის დემონსტრირებით.

 

ცენტრის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ ნორმებთან. შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს“ და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის უფლებას მიიღოს განათლება. მათთვის არავის აუკრძალავს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უგულებელყვია და არ გაუბათილებია მათ მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე. გაუგებარია ცენტრი, როგორ უნდა პროვოცირებდეს მესამე პირთა ჩარევას მოსარჩელის განათლების უფლების რეალიზაციაში. თუ განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში სასამართლო საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" არსებობასა და მის პრაქტიკაში რეალიზებას მოიაზრებს, ამგვარი განმარტება ზიანს მიაყენებს განათლების სისტემას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს და ეჭვქეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დადგენილი შინაარსი.

 

აპელანტი მიუთთებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

6. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

7. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

7.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხოლო, ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 09 ივლისის MES 0------------ გადაწყვეტილება სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

7.2. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართული იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 09 ივლისის MES 0------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა 2009 წელს შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ-------ს“ მიერ გაცემული ბაკალავრის D---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

7.3. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის შესახებ” N98/ნ ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ფაქტს, პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაცია ან გავლილი სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, ცენტრი ვალდებულია ნამდვილობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს აღნიშნულის თაობაზე. ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების შესახებ განცხადებაში მიეთითება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, რომელშიც ისწავლა ამ დაწესებულებაში ჩარიცხულმა პირმა და საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზნებისთვის დაინტერესებული პირი ითხოვს უმაღლესი განათლების აღიარებას. ხოლო მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა დოკუმენტებთან ერთად, განცხადებას უნდა დაერთოს: შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტი ან მისი ასლი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტის ასლი ან ცნობა ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების თაობაზე და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით. ზემოაღნიშნული ბრძანების მე-6 მუხლის მიხედვით, უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

7.4. სააპელაციო პალატა, ზემოთ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრმა უნდა დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტი, ასევე უნდა შეამოწმოს კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რის საფუძველზეც, ცენტრი: ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას/აღიარებს განათლებას ან უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე/უარს ამბობს განათლების აღიარებაზე.

 

დადგენილია, რომ საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტი „მ-------ს“ რექტორის ზ. ბ-----ის 2018 წლის 13 ივნისის წერილით, სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ლ---- ფ-----ის მიერ განვილილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 (ოთხი) წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- ფ-----ე ჩაირიცხა შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი მ-------ს იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე ბრძანება N------------- წელს. აღიშნული სასწავლებელი დაამთავრა ბრძანება N-------------- წელს. მასზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი D---------- (სარეგისტრაციო N------)

 

დადგენილია ასევე, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 09 ივლისის MES 0-------------- გადაწყვეტილებით, ლ---- ფ-----ეს უარი ეთქვა D---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, ვინაიდან შპს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ მ-------ს მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის ლ----ი ფ-----ის სასწავლო პერიოდში (მათ შორის - 2008 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის DUM N------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს, წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის კანონიერება, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ასევე კანონიერი ნდობის პრინციპი, რომელიც გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, რომელიც კრძალავს ისეთ მმართველობით საქმიანობას, რომელიც თავის მხრივ კანონიერია, მაგრამ იწვევს მისი ადრესატის კანონიერი ნდობის გაცრუებას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანია მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების აღიარების საკითხი და დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ სრული მოცულობით უნდა გავრცელდეს კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

 

7.6. სააპელაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. ამასთან, ისეთ შემთხვევებში, როცა სახეზეა ადმინისტრაციული სამართლის ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის (მმართველობის კანონიერების პრინციპი და კანონიერი ნდობის პრინციპი) შეპირისპირების აუცილებლობა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ-ერთს, ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს პირის ნდობის დაცვას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, თუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. ამასთან, საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მხრიდან კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების: ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენის, ზეწოლის, მოტყუების, ქრთამის მიცემის ან სხვა უკანონო ქმედების ჩადენა. სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელე ენდობოდა მასზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც მოცემულ შემთხვევაში ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოს - არ აღიაროს პირის მიერ მიღებული უმაღლესი განათლება.

 

სააპელაციო სასამართლოს პოზიცია განათლების საკითხებთან მიმართებაში არის ცალსახა, პალატა მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, პალატა თვლის, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომისა თუ განხორციელებული ცალკეული მოქმედების მიმართ წარმოეშვათ კანონიერი ნდობა.

 

სააპელაციო სასამართლო კანონიერი ნდობის პრინციპს არ უკავშირებს მხოლოდ აქტის არსებობის ფაქტს და თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ტიპის აღმჭურველი ღონისძიება უნდა იყოს განჭვრეტადი და შეძლებისდაგვარად პროგნოზირებადი. ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების მიმართ ჩნდება ნდობის პრინციპი, რაც თავის მხრივ განპირობებულია კანონიერების პრინციპით და გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, იმოქმედოს კონკრეტულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის საფუძველზე.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის დადასტურება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვს იმ ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ღონისძიებების შეფასების საჭიროებას, რაც იძლევა საკმარის საფუძველს დადგინდეს, რომ პირს გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა არსებული განვითარება შესაძლებელს გახდიდა სასურველი მიზნის მიღწევას.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა კანონიერი ნდობა მასზე გაცემული დიპლომის მიმართ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერი ნდობის კონსტიტუციურ მახასიათებელს წარმოადგენს დამდგარი სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის გარანტირება.

 

7.7. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა მმართველობის კანონიერების პრინციპს, როცა სახეზეა პირის კანონით დაცული ინტერესების - მიღებული განათლების უფლების რეალიზაციის შეზღუდვის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამოდმინარე პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ლ---- ფ-----ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 09 ივლისის MES 0------------ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.8. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- ფ-----ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 09 ივლისის MES 0------------ გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ---- ფ-----ის სახელზე, 2009 წელს შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „მ-------ს“ მიერ გაცემული ბაკალავრის D---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

8.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

9. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტ - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. აპელანტის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე მირანდა ერემაძე

 

მოსამართლეები მერაბ ლომიძე

 

თამარ ონიანი