განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310116001580355
საქმე №3ბ/1526-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სხდომის თავმჯდომარე - გელა ბადრიაშვილი
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი ( მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ლ-–--------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს ,,ჯ---------ი’’ (ს/ნ 2--------)
წარმომადგენელი - ლ-–------–-----
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - კ-------------------ე (პ/ნ 4----------)
წარმომადგენელი - ლ-–------–-----
დავის საგანი – ცრუმაგიერ პირად აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს „ჯ---------ის" (ს/ნ 2--------) და კ---------------------ს ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი 19/04/2011), შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 0-------; იურ. მისამართი, გ-–-----------–------ /თ-------------------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 07.10.2009 წელი, დირექტორი და 100% წილის მფლობელია კ-------------------ე (პ/ნ 4----------); ყადაღა/აკრძალვა - რეგისტრირებული არ არის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია 16/07/2010 წელს 12:43:30 სთ, საგანი - მთელი ქონება. საფუძველი- შეტყობინება Nა-----. 14.07.2010წ; თბილისის რეგიონალური ცენტრი; მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგი რეგისტრირებული არ არის. მოვალეთა რეესტრი რეგისტრირებული არ არის.
2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 28.05.2015 წლის 18450 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 2--------) გასვლითი სრული გეგმიური შემოწმება. შემოწმების დაწყების თარიღი -28.05.2015 წელი - 16.09.2015 წელი. შესამოწმებელი პერიოდი 01.01.2010 წელი - 01.04.2015 წელი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენმა 16.09.2015 წელს შეადგინა შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 2--------) საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი.
2.3 საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2015 წლის N2---------- შეტყობინება საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე.
2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისს N0------- ბრძანების - შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 2--------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ - თანახმად, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების შესაბამისად, ყადაღა დაედო შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 2--------; იურ. მისმართი: გ-–------------–------------------------------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
2.5. შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 2--------) შედარების აქტის (01.01.2016 -30.10.2016) თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2016 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით გააჩნდა საგადასახადო დავალიანება: ძირითადი - 36280.12 ლარი, ჯარიმა - 19833.99 ლარი, საურავი - 40610.98 ლარი.
2.6. შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 2--------) შედარების აქტის (02.01.2016 -14.09.2016) თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2016 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით გააჩნია საგადასახადო დავალიანება: ძირითადი - 36280.12 ლარი; ჯარიმა - 19833.99 ლარი, საურავი - 39776.54 ლარი.
2.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 ოქტომბრის N2----- წერილით შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს, მათივე 2016 წლის 05 ოქტომბერს წარმოდგენილი 2---------- მომართვის პასუხად ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით, შპს ,,ჯ---------ის“ (ს/კ 2--------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის. ამავე ელექტრონული წიგნის მონაცემებით კ-------------------ის (პ/ნ 4----------) თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო 1) უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ქ---------–-------; საკადასტრო კოდი: 0---------------------- ; სართული 7----------- 26.00 კვ.მ. რეგისტრირებული კონსტანტინე ბუაძის (პ/ნ 4----------) და ნ----–----------–---–-- (პ/ნ 0----------) თანასაკუთრების უფლება, 14 კვ.მ-ის მესაკუთრეა ნ----–--------–---–-, 12 კვ.მ.-ის მესაკუთრეა კ-------------------ე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობა N1--------, დამოწმების თარიღი: 31/08/2015. 2) უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ყ---–--------; საკადასტრო კოდი: 0----------------------; სხვენი ფართით 49.02 კვ.მ. რეგისტრირებულია კ---------------------ს (პ/ნ 4----------) და ნ----–--------–---–-ს (პ/ნ 0----------) თანასაკუთრების უფლება. 24 კვ.მ-ის მესაკუთრე ნ----–--------–---–- და კ--------------------------; 25.02.კვ.მ -ის მესაკუთრე ნ----–--------------–---–ი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, N1--------, დამოწმების თარიღი 31/08/2015.
2.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 ოქტომბრის N2----- წერილით შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს, მათივე 2016 წლის 05 ოქტომბრის N2---------- მომართვის პასუხად ეცნობათ, რომ შპს ,,ჯ---------ი“ (ს/კ 2--------), არ იყო რეგისტრირებული (არც ყოფილა) შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების ნაწილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.
2.9. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 07 ოქტომბრის N M------------------- წერილით, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს, მათივე 2016 წლის 5 ოქტომბრის N2---------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, 2016 წლის 7 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 2--------) და კონსტანტინე ბუაძის (პ/ნ 4----------) სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
2.10. მოპასუხე შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 2--------) მიერ დავის სასამართლო განხილვისას წარმოდგენილი იქნა გადასახადის გადამხდელის შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 2--------) ამონაწერები (ს.ს. ,,თ------ ბ----" და სს ,,კ-----------------------------------------–--") ანგარიშიდან (ს.ფ. 208-275), რომლითაც დასტურდება, რომ 27.05.2010 წლიდან 01.09.2015 წლამდე სს ,,თ----- ბანკში" არსებულ ანგარიშზე გადასახადის გადამხდელის ჯამური ბრუნვა შეადგენს - (ბრუნვა დებ) 3 816 983.56 ლარს და (ბრუნვა კრედ.) 3 816 983.56 ლარს, საბოლოო ნაშთი- 0. 00 ლარი, ხოლო 1.12.2009 წლიდან 05.04.2011 წლამდე სს ,,კ------------------------ ბ---- საქართველოში არსებულ ანგარიშზე გადასახადის გადამხდელის ჯამური ბრუნვა შეადგენს (ბრუნვა დებ) 1 283 980.25 ლარს და (ბრუნვა კრედ.) 1 283 980.25 ლარს, საბოლოო ნაშთი: 0. 00 ლარი.
2.11. მოპასუხე შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 2--------) მიერ დავის სასამართლო განხილვისას წარმოდგენილი იქნა გადასახადის გადამხდელის შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 2--------) გადასახადების გადახდის ელექტრონული ამონაწერი 2010-2012 წლების, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადახდილი აქვს (296 575.00+904 986+215 740+13 175+65 397.71) გადასახადის თანხა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.12. სასამართლოს მითითებით საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
საქართველოს კონსტიტუციის 94.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
2.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
ამავე კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა -არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
2.14. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
ამ კოდექსის 6.1. მუხლით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
ამ კოდექსის 20.1. მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც, ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 8.24. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა საგადასახადო დავალიანება თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
2.15. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 3.6. მუხლით დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
2.16. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 19/04/2011) თანახმად, შპს ,,ჯ---------ის“ (2--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 07.10.2009 წელი, 100% წილის მფლობელია ფიზიკური პირი კ-------------------ე (პ/ნ 4----------).
2.17. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ, პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ, 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად, განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. ამრიგად, მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო -სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.
2.18. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს ,,ჯ---------ი“ (2--------) და შპს ,,ჯ---------ის“ (2--------) 100% წილის მფლობელი და დამფუძნებელი პარტნიორი - ფიზიკური პირი კ-------------------ე (პ/ნ 4----------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებს.
სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა -არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს.
სასამართლოს მსჯელობით, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა - არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების - შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 2--------) და ფიზიკური პირის კ-------------------ის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, ერთმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია მთელ რიგ გარემოებათა გამო, კერძოდ, სასამართლომ არ იმსჯელა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გამო ქონების გარიდების შესახებ.
აპელანტის აზრით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2012 წელს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მიხედვით 2011 წელს საწარმომ ერთადერთ პარტნიორზე, კ-------------------ეზე გასცა 612 000 ლარის დივიდენდი. ამ პერიოდში წარმოშობილი დავალიანება მოპასუხე მხარეს სრულად ჰქონდა დაფარული. თუმცა შემდგომში 2015 წელს ჩატარებული შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ საწარმოს გარდა 612 000 ლარის დივიდენდისა სალაროდან გაცემული ჰქონდა სხვა თანხებიც (უმიზნოდ), რომელიც დაკვალიფიცირდა გაცემულ დივიდენდად. აღნიშნულმა თანხებმა შეადგინა 369 474 ლარი. შესაბამისად, ეს თანხები ისე გავიდა საწარმოდან, რომ საერთოდ არ აისახა დეკლარაციებში, ხოლო თანხის გაცემით წარმოშობილი დავალიანება დარჩა გადაუხდელი.
შემოწმების ნაწილში ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოწმებამ მოიცვა 2010-2015 წლები (აქტის თანახმად, საწარმო 2011 წლიდან აღარ ფუნქციონირებს) რა პერიოდზეც გადამხდელს დაეკისრა 37 409.47 ლარი და რაც ძირითად თანხასთან ერთად ჯამში შეადეგნს 91 932.74 ლარს. შესაბამისად, პერიოდში როდესაც მოხდა საწარმოდან აქტივების სრული გატანა, საწარმოს უნდა დაერიცხა და გადაეხადა, მაგრამ არ დაირიცხა და არ გადაიხადა კუთვნილი გადასახდები. შემოწმების საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხვის ბრძანება აქტთან ერთად ელექტრონულად ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს, რომელსაც თავის მხრივ არ გაუსაჩივრებია დარიცხვა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯ---------ს“ აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება 96 725 ლარის ოდენობით. 2015 წლის 27 ოქტომბერს რეგისტრირებულია საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახდის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 07 ნოემბერს. 2016 წლის 29 ივნისს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N0------- ბრძანება შპს ,,ჯ---------ის“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. გადასახდის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ასევე მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს ,,ჯ---------ის“ საკუთრებაში არანაირი ქონება არ ირიცხება. გადასახადის გადამხდელის საგადასახდო შემოწმება ჩატარდა 2015 წელს, რის გამოც ძირითადი დავალიანება წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადში 87 737,13 ლარის ოდენობით (საერთო ჯამში) 91 938,47), ვინაიდან 2011 წელს დივიდენდის სახით გატანილ თანხაზე არ ჰქონდა წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახდის დეკლარაცია.
აპელანტის მსჯელობით უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ როდესაც კონკრეტულმა პირმა საზოგადოებიდან გაიტანა თანხა (დივიდენდის სახით) მან იცოდა და უნდა სცოდნოდა, რომ კონკრეტული ქმედება წარმოშობდა საგადასახადო ვალდებულებას. ხოლო როდესაც პირმა იცის, რომ კონკრეტული ქმედება წარმოშობს საგადასახადო ვალდებულებას და მიუხედავად ამისა, საზოგადეობაში არ ტოვებს აქტივებს, რომელიც საკმარისია განხორციელებული ქმედების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად, ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ პირს ჰქონდა გარიდების მიზანი.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 საყურადღებოა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ სააპელაციო საჩივრის არგუმენტები ემყარება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მომჩივნის აზრით, იმ საკითხების შეუფასებლობას, რომელიც სარჩელის საგნის გამართლების დასაბუთებულ პირობებს წარმოადგენს, კერძოდ, აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ყურადღების მიღმა ტოვებს მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერად აღიარების დადასტურებულ საფუძველებს, რაც გამოიხატება საგადასახადო ვალდებულებასთან მიმართებაში გადამხდელის არაკეთილსინდისიერ ქმედებაში და შეთანხმებული ერთი მიზნისთვის ქონების გარიდებაში.
4.2 პალატა აღნიშნავს, რომ აღიარებითი ადმინისტრაციული სარჩელის მატერიალური საფუძველი საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლში ძევს, რომელიც განსაზღვრავს აღიარებითი სარჩელის ტიპს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.1-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მიზანი არის კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დადგენა - მოპასუხეთა ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობა, რის შედეგადაც სასამართლო გადაწყვეტილების დეკლარაციული ხასიათი (ასეთი გადაწყვეტილებით არავის ეკისრება პასუხისმგებლობა) და ძალა საფუძვლად ედება გადასახადის გადამხდელისგან საგადასახადო ვალდებულების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფას და იგი გაწერილია საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილში. კერძოდ, ნორმაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაც სწორედ სარჩელის დასაშვებობის ზოგადი დებულების შემადგენელი ელემენტი, იგივე ნორმატიული დათქმით მოსარჩელის კანონიერი ინტერესია.
ამდენად, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 246-ე მუხლის ეფექტი რეალურია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისათვის იმ დაშვებით, რომელსაც ლეგიტიმაცია აღიარებითი ადმინისტრაციული სარჩელის გამართლებით ექმნება.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახური, როგორც გადასახადების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე აღიარებითი ადმინისტრაციული სარჩელის კანონიერ ინტერსს აყრდნობს მოპასუხე შპს ,,ჯ---------ის" მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების ამოღებას.
ნორმატიული დებულებით, გადასახადის გადამხდელის იგივეობა ისეთ ,,სხვა პირთან", რომელიც გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, არის ფუნდამენტი პირებს შორის ცრუმაგიერობის სამართლებრივი ურთიერთობის დაშვებისა. თუმცა, მისი დასაბუთებული რეალობა ყოველ კონკერტულ შემთხვევაში სამეწარმეო და საგადასახადო ურთიერთობების სხვადასხვა კომბინაციებით ვლინდება. კანონი არ გვთავაზობს ასეთი კომბინაციების ნორმატიულ ვერსიებს, ამიტომ საკითხის გადაწყვეტისთვის სასამართლოს სამართალშემოქმედება გადამწყვეტია, ხოლო სარჩელის პერსპექტივა მოსარჩელე მხარის გაცხადებული სამეწარმეო და საგადასახადო ურთიერთობების ისეთი კავშირების გამოვლენაზე არის დამოკიდებული, რომელიც როგორც სამეწარმეო, ისე საგადასახადო სამართლის მიზნებისთვის კეთისინდისიერების ზღვარს სცილდება.
4.3 წინამდებარე შემთხვევაში, კეთილსინდისიერების ზღვარს გადაშორებული სამეწარმეო და საგადასახადო მოქმედებების თანმიმდევრობას სსიპ შემოსავლების სამსახური აღწერს შემდეგნაირად: შპს ,,ჯეოთრემი" არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის ერთპიროვნულ ხელმძღვანელს წარმოადგენს საწარმოს 100 %-იანი წილის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორი კ-------------------ე. საგადასახადო შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ საწარმომ თავისივე დამფუძნებელსა და ხელმძღვანელზე დივიდენდის სახით გასცა დიდი რაოდენობის თანხა, რომლის დასაბეგრი ღირებულება, მართალია, გადახდილია, თუმცა, აღნიშნული ოპერაცია ცხადყოფს კ-------------------ის მიერ საწარმოს ფორმალურ მმართველობას. ამავე აქტით, გამოვლენილი დაუბეგრავი ოპერაციის შედეგად დღეის მდგომარეობით არსებობს აღიარებული საგადასახადო ვალდებულება. საწარმოს დირექტორი და იგივე ერთადერთი დამფუძნებელი 100 %-იანი წილის პარტნიორი არის საწარმოს ცრუმაგიერი პირი, რომელზეც უმიზნოდ გაიცა დიდი რაოდენობის თანხა და საწარმო დარჩა აქტივების გარეშე. აღნიშნული ვითარება მეტყველებს კ-------------------ის მიერ შპს ,,ჯ-----------“ ფორმალურ მმართველობაზე და ამ უკანასკნელის არაკეთილსინდისიერ სამეწარმეო და საგადასახადო ქმედებებზე.
4.4 საკითხის სრულყოფილად გარკვევისათვის საპელაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და ადგენს შემდეგ გარემოებებს:
საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 19 აპრილის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით შპს ,,ჯ---------ის" (ს/ნ 0-------; იურ. მისამართი, გ-–-----------–------ /თ-------------------) დირექტორი და 100% წილის მფლობელია კ-------------------ე. საწარმომ სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა 2009 წლის 07 ოქტომბერს ( იხ. ს.ფ.92. ტ.I).
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის შპს „ჯ-----------“ საგადასახადო შემოწმების აქტი მოწმობს, რომ 2015 წელს განხორციელდა საწარმოს გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდს წარმოადგენდა 2010-2015 წლებში საწარმოს საგადასახადო ვალდებულება. საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულია, რომ საშემოსავლო გადასახადის ანალიზის შედეგად, რომელიც გაკეთდა საზოგადოების მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე დაყრდნობით, საზოგადოებას სალაროდან გაცემული აქვს თანხა იანვრის თვეში 351 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა დივიდენდის სახით განაცემად და დაიბეგრა კანონმდებლობის შესაბამისად. თანხობრივ შედეგში მითითებულია 369 474 ლარი ( იხ. ს.ფ. 73 ტ. II ).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 ოქტომბრის N0------ საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს ,,ჯ---------ს“ გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2015 წლის 23 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე დაერიცხა 91 938.47 ლარი ( ს.ფ. 17-18 ტ. II).
სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის N0------ ბრძანების თანახმად ყადაღა უნდა დადებოდა შპს ,,ჯ---------ის“ (ს/ნ 0-------; იურ. მისამართი, გ-–-----------–------ /თ-------------------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. აღნიშნული ბრძანება ჩაიბარა შპს ,,ჯ---------ის“ 100% წილით დამფუძნებელმა და ამავე დროს საწარმოს ერთპიროვნულმა ხელმძღვანელმა კ-------------------ემ ( იხ ს.ფ.90 ტ.I).
სადავო არ არის ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 ოქტომბრის N0------ საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული დავალიანება გადასახადის გადამახდელის მიერ აღიარებულია.
პალატის ყურადღებას იქცევს საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ჯ---------ის" საბანკო ამონაწერები, რომელიც გაცემულია სს ,,თ----- ბ----ს“ და სს ,,კ----------------------ს ბ----ს-საქართველოს" მიერ. აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შპს ,,ჯ---------ს“ 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით გააჩნია ბრუნვა ( ს.ფ. 208-275 ტ. I).
საქმეში წარმოდგენილი საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხების და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის საანგარიშო პერიოდში კ-------------------ეზე გაცემულია დივიდენდის სახით 612 000 ლარი, ხოლო დაკავებული გადასახადი შეადგენს 30 600 ლარს ( ს.ფ. 14-15 ტ.II).
4.5 საქმეში არსებული მასალების შეფასების თანახმად, პალატა ვერ გაიზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მტკიცებას გადასახადის გადამხდელის არაკეთილსინდისიერი სამეწარმეო და საგადასახადო ქმედებების შედეგად მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად წარმოჩენის რეალური საფუძვლების არსებობაზე. ცრუმაგიერობისათვის უპირველესად სსიპ შემოსავლების სამსახურის სუსტი არგუმენტია იმ ფაქტზე აპელირება, რომ საწარმომ 2011 წლისათვის საკუთარ ხელმძღვანელზე და ამავე დროს, ერთადერთ დამფუძნებელ 100 % წილის პარტნიორზე დივიდენდის სახით 612 000 ლარი გასცა მაშინ, როცა არ დასტუდრება არც ნორმატიული და არც სადამფუძნებლო აკრძალვა საწარმოს პარტნიორის და ამავე დროს ხელმძღვანელი პირისადმი დივიდენდის გაცემის შეუთავსებლობლობის შესახებ. 612 000 ლარის დივიდენდის გაცემაც, ცალკე აღებული, ვერ იქნება მიჩნეული იმად, რომ გადამხდელმა საკუთარი ინტერესებისათვის ,,ვითომ სხვა პირზე“ საგადასახადო ვალდებულებების ადმინისტრირების წინააღმდეგ ქონება განარიდა. საყურადღებოა, რომ გადასახადის გადამხდელმა ასეთი ოპერაცია დაბეგვრის მიზნებისთვის ასახა დეკლარაციაში, დივიდენდის გაცემის შემდეგ კი საწარმოს ბრუნვა 2015 წლის ჩათვლით უფიქსირდება.
შპს „ჯ---------ის“ მიერ 2015 წლის ჩათვლით ბრუნვის არსებობა ასევე აქარწყლებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მსჯელობას საწარმოს მიერ დივიდენდების სახით გაცემული თანხების გამო აქტივების ამოწურვის და საწარმოს საქმიანობის შეჩერების შესახებ.
თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით, საწარმოს შეიძლება არ ჰქონდეს ქონება, ვერ გაამართლებს მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლებით ცრუმაგიერად აღიარების გონივრულობას, ვინაიდან იგი არ ეფუძნება ასეთი გამოვლენის თანმიმდევრულ შემთხვევებს და არ ქმნის სამეწარმეო და საგადასახადო ურთიერთობებში არაკეთილსინდისიერი ქმედებების რეალურად არსებობის წარმოდგენას. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო ვალდებულებაც, ცალკე აღებული, ცრუმაგიერობის დასტური არ არის. იგი გადასახადების ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისთვის მხოლოდ ერთ-ერთი პირობაა.
4.6 ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასებებიდან გამომიდნარე, პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამახურის მიერ აღწერილი შპს ,,ჯ---------ისა“ და კ-------------------ის სამეწარმეო და საგადასახადო ქმედებებით არ დასტურდება არაკეთილსინდისიერი ზრახვები, იგივე შპს „ჯ---------ის“ (გადასახადის გადამხდელის) „ვითომ სხვა პირთან“ - კ-------------------ესთან, როგორც საწარმოს ფორმალურ მმართველთან, იგივეობა, რათა ეს უკანასკნელი გამოყენებულიყო გადასახადებისგან თავის ასარიდებლად და ასეთი ვითარება საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ცრუმაგიერ პირებად აღიარების უტყუარ მტკიცებულებად წარმოჩნდებოდა.
პალატა განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელებს გააჩნიათ ვალდებულება გადაიხადონ კანონით დაწესებული გადასახადები (საგადასახადო კანონმდებლობის საყოველთაობის პრინციპი), მაგრამ იმავე დროს, დაკისრებული გადასახადების ამოღების პროცესების ზედამხედველობა და შესაძლო თვითნებობის მართვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის მიზანი - სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების სრულყოფილი აკუმულირება, საგადასახადო ადმინისტრირების მართლზომიერი თანმიმდვრობის უწყვეტი კავშირია. საწინააღმდეგო მდგომარეობა ხელყოფს ქვეყნის ძირითადი კანონით აღიარებულ საკუთრების და მხოლოდ კანონით დაწესებული გადასახადის გადახდის აუცილებლობის ფუნდამენტურ უფლებებს.
პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მტკიცება, თითქოს გადასახადის გადამხდელის მიერ არაკეთილსინდისიერი სამეწარმეო და საგადასახადო ქმედებებით სახეზეა მოპასუხეთა ერთმანეთის მიმართ ცრუმაგიერად ცნობის პირობა, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს აღიარებითი სარჩელის გამართლებით საგადასახადო ვალდებულების შესრულების ადმინისტრირების უზრუნველყოფის გამოყენებისთვის, დაუსაბუთებელია.
4.7 ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის არგუმენტები დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას და შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1 ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ პუნქტის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 და 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით,სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე