განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2018
საქმის ნომერი
330310017002193470
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002193470

საქმე №3ბ/1594-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ი-------–---–--ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ნ---------ი“

დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებრვლის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ნ---------ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 673,61 ლარის (ექვსას სამოცდაცამეტი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) გადახდა, საიდანაც 541,80 (ხუთას ორმოცდაერთი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი არის დაცვის მომსახურების ღირებულება, ხოლო 131,81ლარი (ასოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) - პირგასამტეხლო. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. 2014 წლის 13 მაისს, შპს „ნ---------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იღებდა ვალდებულებას უზრუნველყო შპს „ნ---------ის“ ობიექტის დაცვა, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო მოეხდინა ანგარიშსწორება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში. დაცვის მომსახურების ღირებულება ყოველთვიურად განისაზღვრა 136,00 ლარით.

 

ამავე ხელშეკრულებით (6.7. პუნქტი) მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

2.2. 2014 წლის 13 მაისს, შპს „ნ---------ს“ (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად’’ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აიღო ვალდებულება განეხორციელებინა შპს „ნ---------ის“ ობიექტზე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის მონტაჟი (მდებარე:ქ.თბილისი, დ------------------------------------------------), რომლის ღირებულებაც შეადგენდა 425,18 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების თანახმად (ს.ფ. 13-14) სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „დამკვეთი“ ვალდებული იყო დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის მონტაჟის ღირებულება გადაეხდა მონტაჟისთანავე.

 

2.3. 2014 წლის 15 მაისს შპს „ნ---------ს“ (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად’’ წოდებული) შორის გაფორმდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 15 მაისის ბრძანებით, დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს ,,125-ის’’ განყოფილებას დაევალა ქ.თბილისი, დ------------------------------------------------ მდებარე შპს „ნ---------ის“ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 02 აგვისტოს ბრძანებით, შეწყვეტილი იქნა შპს „ნ---------ის“ ობიექტის (ქ.თბილისი, დ------------------------------------------------) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. ამავე ბრძანებით დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს დაევალა, რომ უზრუნველეყო ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან №0------- რადიოგადამცემზე ჩართული ობიექტის გათიშვა და აღნიშნული რადიოგადამცემის დემონტაჟი.

 

2.6. შპს „ნ---------ს“ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ 13.05.2017წ. 1----- ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება დებიტორული დავალიანება 673,61 ლარის ოდენობით, საიდანაც 541,80 (ხუთას ორმოცდაერთი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი არის დაცვის მომსახურების ღირებულება, ხოლო 131,81 ლარი (ასოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) - პირგასამტეხლო.

 

2.7. შპს „ნ---------ს“ 2017 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 425,18 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.8. სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

2.9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებით მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება- მოვალეობების შინაარსს (სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2012წ. №ბს-1394-1377(კ-11) განჩინება).

 

2.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არის მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო შპს „ნ---------ის” ობიექტის დაცვა, აღნიშნულის სანაცვლოდ კი დამკვეთი ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური. ამავე ხელშეკრულებით (6.7. პუნქტი) მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „დაცვა“ უფლებამოსილი იყო მოეთხოვა „დამკვეთისათვის“ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული ხალეშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა მოპასუხე მხარე თავს არიდებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, რის გამოც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნა დაცვის მომსახურების ღირებულების 541,80 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 131,81 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

სასამართლოს მსჯელობით, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის ღირებულების 425,18 ლარის ანაზღაურების თაობაზე, ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

როგორც ზემოთაც იქნა მითითებული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 13 მაისს შპს „ნ---------ს“ (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად’’ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აიღო ვალდებულება განეხორციელებინა შპს „ნ---------ის“ ობიექტზე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის მონტაჟი (მდებარე:ქ.თბილისი, დ----------------------------------------------------), რომლის ღირებულებაც შეადგენდა 425,18 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულებული იქნა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და 2014 წლის 15 მაისს შპს „ნ---------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად’’ წოდებული) შორის გაფორმდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

დადგენილი ასევე, რომ დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ- ინსტალაციის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო მონტაჟისთანავე, (იხ. 2018 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი 10:20:55 სთ ), რაც მოპასუხე მხარის მიერ გადახდილი არ არის, თუმცა მოთხოვნის წარმოშობისა და სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის დროის გათვალისწინებით (15.05.2014წ.-დან - 30.11.2017წ-მდე), სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ამ ნაწილში ხანდაზმულია, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

აპელანტი არგუმენტირებს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ, მხარეებს შორის N1---- და N1--- ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის 13 მაისს და შეწყდა 2017 წლის 04 აგვისტოს, ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შემდეგ, რა დროსაც წარმოიშვა როგორც დაცვის მომსახურების, ასევე ობიექტზე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის მონტაჟის დავალიანების მოთხოვნის და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. აღნიშნული ხელშეკრულებები მე-5 მუხლის თანახმად, მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით და ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ დაცვით-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო მონტაჟისთანავე და ხელშეკრულებიდან გამომიდნარე მოთხოვნის ხანდაზმულობა აითვალა 2017 წლის 15 მაისიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სააპელაციო საჩივრის ფარგლებით სააპელაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ანაზღაურების მართებულობა.

 

საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ 2014 წლის 13 მაისს, შპს „ნ---------ს“ (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულებები. კერძოდ, N1----- ხელშეკრულების თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო შპს „ნ---------ის“ ობიექტის დაცვა, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო მოეხდინა ანგარიშსწორება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში. დაცვის მომსახურების ღირებულება ყოველთვიურად განისაზღვრა 136,00 ლარით. ხოლო N1----- ხელშეკრულების თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აიღო ვალდებულება განეხორციელებინა შპს „ნ---------ის“ ობიექტზე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის მონტაჟი (მდებარე: ქ.თბილისი, დ----------------------------------------------------), რომლის ღირებულებაც შეადგენდა 425,18 ლარს დღგ-ს ჩათვლით. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულებაში ვალდებულების შესრულებისთვის ანგარიშსწორების ვადა არ იქნა მითითითებული.

 

საქმეში წარმოდგენილი დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის 2014 წლის 15 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მის მიერ N1----- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,ნ---------მა" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება არ აუნაზღაურა. პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაასკვნა, რომ შპს ,,ნ---------ი" ვალდებული იყო აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის N1----- ხელშეკრულების შესრულებისთვის შეთანხმებული საზღაური, თუმცა N1----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.

 

მოპასუხე მხარე შპს ,,ნ----------" სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო წესით არ გაასაჩივრა. ამიტომ გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.

 

მოცემულ ეტაპზე, კი მოსარჩელე მხარე არგუმენტირებს N1----- ხელშეკრულებიდან მოთხოვნის ხანდაზმულობის სასამართლოს მიერ არასწორ გამოთვლას.

 

4.2 როგორც ზემოთ აღინიშნა, 2014 წლის 13 მაისს, შპს „ნ---------ს“ (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად’’ წოდებული) შორის გაფორმებული N1----- ხელშეკრულებით დამკვეთის ანგარიშსწორების ვადა შეთანხმებული არ იქნა.

 

საყურადღებოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო მონტაჟისთანავე (იხ. სხდომის ოქმი 10:20:55 სთ). სასამართლომ აღნიშნული განმარტება მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების ერთ-ერთ ფორმად - აღიარებად და მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ხელშეკრულების შესრულების მომენტიდან აითვალა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

პალატა განმარტავს, რომ აღიარება, როგორც მტკიცებულება სამართალწარმოებაში ლეგიტიმაციას იღებს სასამართლოს მიხედულებით. ამიტომ მისი პროცესუალური მნიშვნელობა ემყარება სხვა მტკიცებულებთან ერთობლიობაში გონივრულ შეფასებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361.1-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

2014 წლის 13 მაისს, შპს „ნ---------ს“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციას შორის გაფორმებული N1----- ხელშეკრულებით დამკვეთის ანგარიშსწორების ზუსტი ვადა არ შეთანხმდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ N8-- ინვოისს, რის თანახმადაც ირკვევა, რომ იგი ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადებამდე 2014 წლის 08 მაისს გამოიწერა. ინვოისში ასახულია საქონლის ერთეულის ფასი, რაოდენობა და თანხა. მითითებულია შემსრულებლის საბანკო რეკვიზიტები, დასმულია ბეჭედი და ხელმოწერილია როგორც შემსრულებლის ისე დამკვეთის მიერ.

 

ინვოისი თავისი არსით წარმოადგენს შესრულების გადახდის მოთხოვნის დოკუმენტს, ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ინვოისით და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე მხარის განმარტებით (აღიარებით) დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო მონტაჟისთანავე, რაც არ განხორციელებულა, თუმცა მოთხოვნის წარმოშობის დროიდან სარჩელის აღძვრის პერიოდამდე (15.05.2014წ.-დან - 30.11.2017წ-მდე) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო უპერსპექტივო გახდა.

 

4.3 პალატა განმარტავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით და განმტკიცებულია საპროცესო კანონმდებლობით, დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია საპროცესო თუ მატერიალური კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ეს არის უფლების დაცვის წინასწარ დადგენილი დროის ლეგიტიმური მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დარღვეული უფლების სამართალწარმოებით აღდგენა ყველასთვის უზრუნველყოფილია, ხოლო ამ დროის იქეთ თუნდაც დასაბუთებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ინტერესი არარეალიზებადი ხდება. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ეს ის შემთხვევაა, როცა სახეზეა მართლმსაჯულების მხოლოდ ფორმალური ხელმისაწვდომობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხოლო ამავე კოდექსის 129.1 მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელე მხარეს ხელშეკრულების შესრულებისათვის ანგარიშსწორების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა შესრულებისთანავე, მას ასეთი უფლების რეალიზება უნდა მოეხდინა მოთხოვნის წარმოშობიდან 3 წლის განმავლობაში. შემსრულებელმა კი სარჩელი აღძრა მოთხოვნის 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სარჩელი აღნიშნულ ნაწილში ხანდაზმულია.

 

4.4 ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის არგუმენტები დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას და შესაბამისად არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 და 34.11-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით,სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გელა ბადრიაშვილი