განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/2915-18, 330310017002119621
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მ--------------–--
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ--------------
წარმომადგენელი - ე-–-----–-----–--
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NC-------.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2015 წლის 25 თებერვალს, მოსარჩელე ლ--------------სა (პ/ნ 0----------) და შპს ,,ე---------------- საქართველოს" შორის დაიდო ,,პროდუქციის ნასყიდობის" ხელშეკრულება, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეივონი იღებს ვალდებულებას მიჰყიდოს და მყიდველი იღებს ვალდებულებას იყიდოს და გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. 2015 წლის 25 ოქტომბრის მყიდველის რეგისტრაციის ბარათის მიხედვით, მოსარჩელე ლ-------------- (პ/ნ 0----------, მისამართი: თბილისი, ს---------------------------------------------) სარგებლობს შეკვეთის ადგილზე მიტანის ფასიანი სერვისით (ტ.1. ს.ფ. 10-11).
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა 14.08.2017 წლის 09:43 საათზე შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N C-------. საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი: გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ ლ-------------- (პ/ნ 0----------) სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით (პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა) რაც სსკ-ის 273-ე მუხლის შესაბამისად იწვევს დაჯარიმებას. (სამართალდამრღვევი: ლ--------------ს (პ/ნ 0----------) შეფარდებული სანქცია სსკ-ის 273 მუხლი, ფულადი ჯარიმა 500 ლარი. შენიშვნები და განმარტებები: 08:46 გადამოწმდა ავტომობილი სახ. N.... ოქმი შედგა შპს ,,ე----------------სი საქართველოს" მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადების N0--------- საფუძველზე, საქონელი -კოსმეტიკური საშუალებები) (ტ.1. ს.ფ. 31).
ფ/პ ლ-------------ის (პ/ნ 0----------) 2017 წლის 21 აგვისტოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 სექტემბრის N2---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (დავის საგანი: სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.08. 2017 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NC-------). ბრძანებაში აღინიშნა, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ ლ-------------- (პ/ნ 0----------) ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაზედაც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NC------- და გადამხდელს სსკ-ის 273 მუხლის თანახმად, სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარი. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემების მიხედვით, დადგენილ იქნა, რომ 01.01.2017 წლიდან, შპს ,,ე----------------სი საქართველოდან" მიღებული აქვს დაახლოებით 3100 ლარის ოდენობის ზედნადები კოსმეტიკურ საშუალებები (სამართლებრივი საფუძველი: საგადასახადო კოდექსის 51-ე; 66-ე; 273-ე მუხლები). ვინაიდან, საქმეზე არსებული მასალებით დასტურდებოდა გადამხდელის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ოქმი გამოცემულია საკანონმდებლო მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი (ტ.1. ს.ფ. 13-14).
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი იქნა: 1) 13.01.2017 წლის N ელ 0--------- სასაქონლო ზედნადებები და დანართი> გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“ , მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 271 ლარის ღირებულების პროდუქცია; 2) 02.02.2017 წლის სასაქონლო ზედნადები Nელ-0--------- და დანართი. გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“ , მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 310.44 ლარის ღირებულების პროდუქცია; 3) 23.02.2017 წლის სასაქონლო ზედნადები Nელ-0--------- და დანართი. გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“ , მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 324.62 ლარის ღირებულების პროდუქცია; 4) 16.03.2017 წლის სასაქონლო ზედნადები Nელ-0--------- და დანართი. გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“, მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 305.18 ლარის ღირებულების პროდუქცია; 5) 07 04.2017 წლის სასაქონლო ზედნადები Nე-–----------- და დანართი. გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“ მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 288.78 ლარის ღირებულების პროდუქცია; 6) 28.04.2017 წლის სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------და დანართი. გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“, მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 284.91 ლარის ღირებულების პროდუქცია; 7) 17.05 2017 წლის სასაქონლო ზედნადები Nე-–----------- და დანართი. გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“ მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 190.98. ლარის ღირებულების პროდუქცია; 8) 09.06.2017 წლის სასაქონლო ზედნადები Nელ-0--------- და დანართი. გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“, მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 228.21. ლარის ღირებულების პროდუქცია; 9) 30.06.2017 წლის სასაქონლო ზედნადები Nელ-0--------- და დანართი. გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“, მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 229.16 ლარის ღირებულების პროდუქცია; 10) 20.07.2017 წლის სასაქონლო ზედნადები Nელ-0--------- და დანართი. გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“, მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 279.97 ლარის ღირებულების პროდუქცია; 11) 11.08.2017 წლის სასაქონლო ზედნადები Nელ-0--------- და დანართი. გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“, მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 270.52. ლარის ღირებულების პროდუქცია; 12) 01.09.2017 წლის სასაქონლო ზედნადები Nელ-0--------- და დანართი. გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“, მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 208.77 ლარის ღირებულების პროდუქცია; 13) 22.09.2017 წლის სასაქონლო ზედნადები Nელ-0--------- და დანართი. გამყიდველი - შპს ,,ე---------------- საქართველო“, მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 207.61 ლარის ღირებულების პროდუქცია (ტ.1. ს.ფ. 34-69).
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 იანვრის N0------- წერილის თანახმად, დ-------------------- საკუთრებაში არსებულ საცხოვრისში მდებარე მისამართზე: თბილისი, ბ----------------------------------------------, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, იმ დღის მდგომარეობით რეგისტრირებულია ხუთი პიროვნება: მ------------ე, ლ--------------, დ------------------ე, ს-------------ე, ა-----------------ე (ტ.1. ს.ფ. 96).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ვალდებულება წარმოიშვება პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად. ამრიგად, პირისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში უნდა დადგინდეს, ეწევა თუ არა ეს პირი ეკონომიკურ საქმიანობას და მის მიერ განხორციელებული კონკრეტული საქმიანობის შედეგად წარმოიშვება თუ არა კანონისმიერი ვალდებულება საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ეკონომიური საქმიანობის განმარტება მოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა ეკონომიკური ოპერაციებისა და სხვა მოქმედებების განხორციელება, რომლებსაც პირი ახორციელებს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236.1. მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამ ავე ნორმის მე-2 ნაწილით, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით. ამ კოდექსის 237-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, თუ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი, სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ 13.01.2017 წლის N ელ 0--------- სასაქონლო ზედნადებებისა და დანართს მიხედვით, გამყიდველია შპს ,,ე---------------- საქართველო“, ხოლო მყიდველი: ლ--------------. შეძენილია 271 ლარის ღირებულების პროდუქცია. სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან არ იკვეთება, რომელი კონკრეტული ქმედების საფუძველზე იქნა მიჩნეული ლ-------------- სამართალდამრღვევად. ამასთან, შენიშვნებისა და განმარტებების გრაფაში აღნიშნულია, რომ: 08.:46 გადამოწმდა ავტომობილი სახ. N.... ოქმი შედგა შპს ,,ე----------------ს საქართველო-ს "მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადების N0--------- საფუძველზე. საქონელი - კოსმეტიკური საშუალებები. მოსარჩელის განმარტებით, ჰიგიენური საშუალებები შეძენილი იქნა მისი მრავალსულიანი ოჯახის პირადი მოხმარების მიზნით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ აღნიშნული გარემოება არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მომენტში, არამედ დადგენილ იქნა, მხოლოდ ერთი კონკრეტული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, სადაც მყიდველ პირად დაფიქსირებულია მოსარჩელე. საგადასახადო ორგანო ასევე მიუთითებს მოსარჩელის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 22.09.2017 წლამდე სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე შპს ,,ე----------------სი საქართველოსგან" შეძენილ სხვადასხვა ოდენობის საქონელზე, თუმცა ფაქტობრივად არ იქნა დადგენილი და გამოკვლეული აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ოპერაცია განხორციელებული იყო თუ არა ეკონომიკური საქმიანობის მიზნით. კერძოდ, შეძენილი საქონელი რეალურად მიიღო თუ არა შემძენმა ლ--------------მ და მიწოდების შემდგომ მოსარჩელემ განახორციელა თუ არა, როგორც შემსყიდველმა პირმა ეკონომიკური საქმიანობა, მოგების მიღების მიზნით.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის არსებობა დაადგინა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-დადგენის გარეშე და მიიჩნია, რომ მოსარჩელე ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების მოთხოვნებს. სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებისა და დანართების მიხედვით, 01.01.2017 წლიდან 17.01.2017 წლის 22.09.2017 წლამდე (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თარიღია 14.08.2017 წელი) პერიოდში სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მოსარჩელემ შპს ,,ე----------------სი საქართველო-სგან" შეძინა საქონელი, უტყუარად არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს, ვინაიდან აღნიშნული გარემოება უნდა დადასტურდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცება, რომლითაც დადსტურდებოდა, რომ მოსარჩელეს მხრიდან ადგილი ჰქონდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევას.
სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები
აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითება თითქოს შემოსავლების სამსახურმა სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის და შეფასების გარეშე, მცდარია, რამდენადაც ოფიცრების მიერ შეფასებული იქნა ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი და მხოლოდ ამის შემდეგ შედგა სამართალდარღვევის ოქმი. ბაზების გადამოწმების შედეგად შესწავლილი ზედნადებები მიუთითებს ეკონომიკურ საქმიანობაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დასადასტურებლად აუცილებელია უშუალოდ ამ საქმიანობის განხორციელების ფაქტის გამოვლენა. სასამართლო გამოვლენად არ მიიჩნევს ზედნადებების შესწავლის შედეგად ქმედების სათანადო შეფასებას, რაც არამართებული მიდგომაა. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებს, რომ საქონლის იმ ოდენობის, სიხშირისა და სახეობის შეძენა გულისხმობს პირის მიერ ეკონომიკური ინტერესის ქონას, შესაბამისად, საქონელიც მოგების მიღების მიზნით არის შეძენილი და საქონლის შეძენა სწორედ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაა და წარმოადგენს საქმიანობის ერთ-ერთ ეტაპს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრება, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მომენტში, არარელევანტურია.
აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარის საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სააპელაციო საჩივარი და მოსარჩელეს უარი უთხრას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო საჩივრის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტები ყოველდღიურად უამრავ გარიგებას დებენ, რომელთა მიზანი პირის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაა. ამდენად, ამა თუ იმ საქონლის შეძენა თანამედროვე ადმიანის ყოფის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, რომლის ოდენობა, ხარისხი და ინტენსივობა სხვადასხვა ფაქტორზე არის დამოკიდებული. მათ შორის შემოსავლის ოდენობაზე, ოჯახის სულადობაზე, საქონლის სახეზე და ა.შ. შესაბამისად, აუცილებელია, რომ გაიმიჯნოს პირის მიერ საქონლის შეძენის მიზანი არის პირადი საჭიროება თუ შემდგომი მოგების მიღება. აპელანტს მიაჩნია, რომ ამ რაოდენობის საქონლის შეძენა და ტრანსპორტირება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით განხორციელებულ ქმედებად, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობის მიზანი არ ახლავს თან.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „პ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). ამ პირებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესითა და ფორმით. კერძოდ, პირმა უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მოთხოვნით. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება კი წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებისა და დანართების მიხედვით, 01.01.2017 წლიდან 22.09.2017 წლამდე (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თარიღია 14.08.2017 წელი) პერიოდში სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მოსარჩელე ლ--------------მ შპს ,,ე----------------სი საქართველოსგან" შეიძინა საქონელი, უტყუარად არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფაქტობრივად ვერ იქნა დადგენილი და გამოკვლეული აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ოპერაცია განხორციელებული იყო თუ არა ეკონომიკური საქმიანობის მიზნით. კერძოდ, შეძენილი საქონელი რეალურად მიიღო თუ არა შემძენმა ლ--------------მ და მიწოდების შემდგომ მოსარჩელემ განახორციელა თუ არა, როგორც შემსყიდველმა პირმა, ეკონომიკური საქმიანობა, მოგების მიღების მიზნით.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ყურადღებას მიაქცევს ლ-------------ის განმარტებას, რომლის მიხედვითაც, ჰიგიენური საშუალებები შეძენილი იქნა მისი მრავალსულიანი ოჯახის პირადი მოხმარების მიზნით. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება კი აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი 13.01.2017 წლის N ელ 0--------- სასაქონლო ზედნადებებისა და დანართს მიხედვით, გამყიდველია შპს ,,ე---------------- საქართველო“, ხოლო მყიდველი - ლ--------------. შეძენილია 271 ლარის ღირებულების პროდუქცია, თუმცა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან არ იკვეთება, რომელი კონკრეტული ქმედების საფუძველზე იქნა მიჩნეული ლ-------------- სამართალდამრღვევად. ამასთან, შენიშვნებისა და განმარტებების გრაფაში აღინიშნულია, რომ: 08:46 საათზე გადამოწმდა ავტომობილი სახ. N.... ოქმი შედგა შპს ,,ე----------------ს საქართველო -ს“ მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადების N0--------- საფუძველზე. საქონელი - კოსმეტიკური საშუალებები. საგულისხმოა ისიც, რომ აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მომენტში, არამედ დადგენილ იქნა მხოლოდ ერთი კონკრეტული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, სადაც მყიდველ პირად დაფიქსირებულია მოსარჩელე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, დაადასტუროს მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს მოსარჩელემ პროდუქცია პირადი მოხმარების მიზნით შეიძინა თუ როგორც შემსყიდველმა პირმა განახორციელა ეკონომიკური საქმიანობა, მოგების მიღების მიზნით და ვერ წარმოადგენს აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულებას, მოსარჩელე არ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ მართლაც არ ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ასევე, გასათვალისწინებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აპელანტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე