განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2019
საქმის ნომერი
200210017001930475
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4377-18 11 იანვარი, 2019 წელი

თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნატალია ნაზღაიძემ

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი _ ლ---–- რ------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ მ---------–------–---–ი

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

 

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ---------–------–---–ის სარჩელი მოპასუხე ლ---–- რ------–---–ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა და გამოსახლების თაობაზე. ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ---–- რ------–---–მა და მათი გაუქმება მოითხოვა.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მოპასუხე სასამართლოში გამოცხადდა მხოლოდ 10 წუთის დაგვიანებით და სანამ მანდატურის საშუალებით გაარკვევდა, თუ სად და რომელ სხდომის დარბაზში უნდა შესულიყო, მოსამართლის თანაშემწემ აცნობა, რომ უკვე გამოტანილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

7. სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხე ლ---–- რ------–---–ი 2018 წლის 3 მაისს დანიშნული სხდომის შესახებ და გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხე დანიშნულ დროს არ გამოცხადდა სხდომის დარბაზში, ხოლო მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და დაკმაყოფილდა;

 

8. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

8.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

 

8.4. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ იგი მხოლოდ 10 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა სასამართლოს შენობაში, რის შემდგომაც მანდატურის საშუალებით დაიწყო გარკვევა იმისა, თუ რომელ სხდომის დარბაზში უნდა შესულიყო.

 

8.5. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მიერ ზემოთ მითითებულ გარემოებას, როგორც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის ზუსტი თარიღისა და დროის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხეს მართებდა სათანადო წინდახედულობის გამოჩენა და სასამართლო სხდომის დარბაზში დანიშნულ დროს გამოცხადება ან სასამართლოს ინფორმირება დაგვიანების საპატიო გარემოების შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმის მასალებით არ დასტურდება, 2018 წლის 03 მაისს მოპასუხის სასამართლოში გამოცხადების (თუნდაც დაგვიანებით) შესახებ ფაქტობრივი გარემოება. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რაც შეიძლებოდა წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა გამხდარიყო.

 

8.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 80 ლარს. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტს უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 20 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ---–- რ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

3. აპელანტს ლ---–- რ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თ----–- ყ-------–---–ის მიერ, სს ,,ლ-------------ის“ მეშვეობით, 2----–-–---------–--ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 20 ლარის ოდენობით.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე