განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.08.2018
საქმის ნომერი
190310017001916681
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
23.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/1622-18, 190310017001916681 23 აგვისტო, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - ვიქტორ ჩანქსელიანი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი-–-------–---–-

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი-–-------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის #8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 მარტის #1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებით მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ 1970 წელს რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ საბრძმედე საამქროს ცვლის უფროსს - ი-–-------–---–ს გამოუყო 600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი N36, გარდაბნის რაიონის სოფ. ფ---–-------------ს ტერიტორიაზე.

 

2016 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის თაობაზე. 2016 წლის 6 დეკემბრის N8------------ გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. გარდა ამისა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მას უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ცარიელია, მასზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა. ამავე დროს, დაინტერესებულ პირს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არ აქვს მომიჯნავე მიწის ნაკვეთი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 09 იანვრის N7--- გადაწყვეტილებით, ი-–-------–---–ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 30 ნოემბრის N0------ წერილით არ დაკმაყოფილდა ფ---–-------------ს დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე ი-–-------–---–ზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა.

 

2017 წლის 07 თებერვალს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. 2017 წლის 13 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8-------------- გადაწყვეტილებით ი-–-------–---–ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით აღძრული განცხადების განხილვაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

2017 წლის 29 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო N1----- გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მე-601 მუხლიდან გამომდინარე კი, გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ბათილად ცნობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის

,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტი გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განხორციელებული საჯარო მმართველობით სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად.

 

,,სახელმწიფო პროექტების ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”მ,, ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია- ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ნ” ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების შესაბამისად სოფლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ”ლ”, ”კ” პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციაა რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთვოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ხოლო მე-4 პრიმა მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

”სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგიტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე მოუსმინოს შუამდგომლობის ავტორს.

 

ზემოაღნიშნული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადების/შუამდგომლობის მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ამავე წესის მე-17 მუხლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებას დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამავე კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს 2017 წლის 29 მარტის N1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ N8-------------- განცხადებასთან ერთად წარდგენილი საარქივო ცნობის იდენტური ცნობა ასევე წარდგენილი იყო N8----------- განცხადებასთან ერთად. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებდა მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 07 თებერვალს გაცემული N1---- საარქივო ცნობა, რომლის თანახმად დგინდება, რომ რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდება, რომ მოქალაქე ს----–---–- ფ---–-------------ს ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი N36 (ძველი ნომერი). დანართი მითითებულია ერთ ფურცლად. საფუძველი: ფონდი 17, აღწერა 2, საქმე 9, ფურცლები 23-24. ცნობას თან ერთვის სია, სადაც მითითებულია 28 ნომრად ს----–---–-, მიწის ნაკვეთის ძველი ნომერი - 36, რაც არ ახლდა ა.ი.პ. 03.02.2017 წლის N1---- საარქივო ცნობას. გარდა ამისა, დამატებით წარდგენილი იქნა 2017 წლის 02 მარტის მეზობლების ახსნა-განმარტებები, რითაც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე 1970 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს.

 

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ, ადგილზე არ გავიდა, არ გამოიკითხა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მეზობლები, არასწორადაა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოება, ვინაიდან ა.ი.პ. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის არქივის დირექტორის 2017 წლის 07 თებერვლის N1---- საარქივო ცნობას თან ერთვის ფ---–-------------ს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის მოქალაქეებზე განაწილების სია, მიწის ნაკვეთის ნომრების მითითებით. ასევე იზიარებს და ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გადააგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა, ვინაიდან 2017 წლის 07 თებერვალს N1---- საარქივო ცნობა თანდართულ სიასთან ერთად უნდა განეხილა როგორც მართლზომიერი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მიეცა სამართლებრივი შეფასება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო

ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

 

როგორც სასამართლომ განმარტა, სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორციელებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ცნობილიყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 მარტის N1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებით მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად იქნა გამოყენებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც განაპირობა სადავო გადაწყვეტილების მიღება. 2016 წლის 29 აგვისტოს, ი-–-------–---–-ს წარმომადგენელმა მ-----------–---–-ა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებულ რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გარდაბნის რაიონში, სოფელ ფ---–------------–ი მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის მიერ გაცემული 2015 წლის 21 აპრილის საარქივო ცნობა, რომლის თანახმადაც „რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდება, რომ მოქალაქე ს----–---–- (დოკუმენტში სახელი და მამის სახელი მითითებული არ არის) ფ---–-------------ს ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი.

 

2016 წლის 6 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №2----- წერილის პასუხად სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ეცნობა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ფ---–-------------ს მიწის გადასახადის გადამხდელთა სია 1996 წ. საარქივო სამმართველოში ინახება, მაგრამ ი-–--------------- ს----–---–- სიაში არ ფიქსირდება (წერილის ნომერი: 21-02-1/100527).

 

2016 წლის 16 სექტემბერს, №2----- წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან ეცნობა, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ფ---–-------------ს 1992-2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები) რუსთავის არქივში დაცვაზე არ შესულა, რის გამოც ვერ გასცემს ინფორმაციას ი-–--------------- ს----–---–-ს კომლის შემადგენლობისა და კომლზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ.

 

2016 წლის 29 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილება და შესაბამისი დოკუმენტაცია კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (წერილის ნომერი: 2-----).

 

2016 წლის 30 ნოემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №0------ წერილით ეცნობა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე, ფ---–-------------ს დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე მოქალაქე ი-–-------–---–-ს საკუთრების აღიარების თაობაზე.

 

№8----------- განცხადებაზე თანდართული ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის მიერ გაცემული 2017 წლის 7 თებერვლის საარქივო ცნობის თანახმად, „რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდება, რომ მოქალაქე ს----–---–- (დოკუმენტში სახელი და მამის სახელი მითითებული არ არის) „ფ---–----------ს“ ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი №36“.

 

2017 წლის 17 თებერვალს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში ი-–-------–---–-ს წარმომადგენელმა ი----------–---–-ა წარადგინა №8----------- განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულ განცხადებასთან ერთად დაინტერესებულმა პირმა წარადგინა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის მიერ გაცემული 2017 წლის 7 თებერვლის საარქივო ცნობა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (შესაბამისი ელექტრონული ვერსიით).

 

მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №8-------------- (13.02.2017) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ იდენტურ მოთხოვნასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილება, ასევე არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოსარჩელის მიერ №8----------- და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებებზე დართული იყო იდენტური შინაარსის მქონე საარქივო ცნობები. №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე, ასევე, დართული იყო გაურკვეველი სია, რომელზეც სხვა გვარებთან ერთად მითითებული იყო ორი გვარი, ს----–---–- ა.ა და ს----–---–-. აღნიშნულ სიაზე არ იყო დატანილი არანაირი ხელმოწერა და ბეჭედი, ამასთან, არ ერთვოდა პირველი და ბოლო გვერდები. შესაბამისად, სია ჩაითვალა გაურკვევლად, სადაც მითითებული არ იყო არც სიის წარმომავლობა თუ რას წარმოადგენს, არც მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია.

 

აპელანტის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ნ" ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

 

აპელანტი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მართლმსაჯულების შემადგენელი ნაწილია, გადაწყვეტილების შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. სასამართლოს უფლება არის არა თეორიული, არამედ შედეგზე ორიენტირებული უფლება, ის ქმნის გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურ მოლოდინს. სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ,,სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა აუცილებელს ხდის მისი აღსრულების უზრუნველყოფას, რის გამოც სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი საეჭვოობის გარეშე, ზუსტად უნდა განსაზღვროს მოდავე პირთა უფლება-მოვალეობები (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ,,ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ“ §34, ,,ჰორნბსი საბერძნეთის წინააღმდეგ“ §40, ,,იზა და მ-ძე საქართველოს წინააღმდეგ“ §42 ). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.07.05წ. #1/14/184,228 გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მიუღებელია ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც უფლება ფორმალურად აღიარებულია, მაგრამ გაუმართლებლადაა გართულებული მისი რეალიზაცია, მით უმეტეს, როდესაც საქმე შეეხება სასამართლოს მიერ აღიარებულ უფლებას, დაუშვებელია, როდესაც უფლება აღიარებულია და ამავე დროს უარყოფილიც. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა გარანტირებულია კანონმდებლობით, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს გამოიტანოს აღსრულებადი გადაწყვეტილება. რაც განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სადავო გადაწყვეტილების 7.14 პუნქტის მეორე აბზაცში სასამართლო მიუთითებს მეზობლების ახსნა-განმარტებაზე. ამასთან დაკავშირებით სააგენტო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე რეგისტრაცია ხორციელდება კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მიწის ნაკვეთის კუთვნადობას ვერ გასნაზღვრავს მეზობლების ახსნა-განმარტებების საფუძველზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ მიიჩნია მეზობლების ახსნა-განმარტება სხვა დოკუმენტაციასთან ერთად რეგისტრაციისთვის საკმარის საფუძვლად, მითუმეტეს უნდა მიეღო არსებითი გადაწყვეტილება და არ დაებრუნებინა საქმე ხელახალი განხილვისათვის.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ასევე, მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-409-406(2კ-17)). ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა შეფასდეს, შეიძლება თუ არა დოკუმენტი მიჩნეულ იქნეს როგორც მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დამადასტურებელი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-22-22(კ-12).

 

აპელანტის მითითებით, სადავო გადაწყვეტილების მესამე აბზაცში სასამართლო მსჯელობას ავითარებს იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტომ არასწორად გადააგზავნა სარეგისტრაციო განცხადება აღიარების კომისიაში, ვინაიდან მოსარჩელეს ჰქონდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს მოვახსენებთ, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა კონკრეტული ადმინისტრაციული აქტები, კერძოდ, №8-------------- და N1----- გადაწყვეტილებები, რომლებითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე და მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძვლებზე. შესაბამისად, სარეგისტრაციო განცხადება №8----------- მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული, ამრიგად სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ემსჯელა აღნიშნული წარმოების დროს მიღებული ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე. სასამართლოს უნდა ემსჯელა სარეგისტრაციო განცხადებაზე (გასაჩივრებული №8-------------- გადაწყვეტილება) წარმოდგენილი დოკუმენტაცია, წარმოადგენდა თუ არა ახლად გამოვლენილ ან აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას მისცემდა ადმინისტრაციულ ორგანოს. თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით მოტივირებული მსჯელობა არ განუვითარებია.

 

უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოთხოვნილი იყო რეგისტრაცია არ იყო ხანდაზმული ანუ გამოდგებოდა, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტი, თუმცა სარეგისტრაციო განცხადებაზე არსებითი გადაწყვეტილების მიღება „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონისა და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება (საქმე Nბს-135-133(კ-17).

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, სზაკ-ის 102-ე მუხლის პირველი პუნქტი კუმულაციურ დათქმას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ახლად გამოვლენილი ან აღმოჩენილი გარემოება აუცილებლად უნდა არსებობდეს და ამასთან, განმცხადებლისათვის უნდა განაპირობებდეს ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული საარქივო ცნობა იდენტურია №8----------- განცხადებაზე დართული სიისა, ხოლო, რაც შეეხება №8----------- განცხადებაზე დართულ გაურკვეველ სიას, რომელიც სასამართლომ განმარტა, როგორც მიწების განაწილების სია, თუმცა არ განუმარტავს თუ რატომ მიიჩნია მან ასეთად, მასზე არ არის დატანილი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი, არ არის წარმოდგენილი სიის პირველი და ბოლო გვერდები, რაც საშუალებას მოგვცემდა მოცემული სიის იდენტიფიცირებისა თუ რა სიას წარმოადგენს იგი, ამასთან სიაში აღნიშნულია მოსარჩელის მსგავსი ორი გვარი - “ს----–---–- ა.ა“ და “ს----–---–-“, შესაბამისად, ვერ ხდება იდენტიფიცირება თუ კონკრეტულად ვისზეა საუბარი. ამასთან, მოცემულ სიაში არ არის დატანილი მიწის ნაკვეთის შესახებ არანაირი ინფორმაცია. შესაბამისად, აღნიშნული სია, მართალია, არ იყო დატანილი მოსარჩელის მიერ სააგენტოში წარმოდგენილ პირველ სარეგისტრაციო განცხადებაზე, თუმცა აღნიშნული სია არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც განაპირობებდა მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო ლეგიტიმური და კანონიერი გადაწყვეტილება, თუმცა თუ სასამართლო არ ეთანხმებოდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას და მიაჩნდა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენდა ისეთ დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო დადებითი გადაწყვეტილება, მას აუცილებლად უნდა მიეღო არსებითი გადაწყვეტილება.

 

აპელანტის განმარტებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევა და შეფასება სასამართლო წარმოებისას შეუძლებელი იყო, ამასთან ამგვარი გარემოების დადგენა და შეფასება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ სადავო საქმის განხილვისას დადგენილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები საშუალებას აძლევდა სასამართლოს სადავო საკითხი არსებითად გადაეწყვიტა და უარი ეთქვა მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის №ბს-358-348 (კ-13) გადაწყვეტილებით განმტკიცებული და კანონით დადგენილი გარემოებების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში ეწინააღმდეგება კანონს.

 

აპელანტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ასევე მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-351-336-(კ-09), რომლის თანახმად: ,,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების შეფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დავის არსებით გადაწყვეტაზე ანუ მართლმსაჯულების ფუნქციაზე უარის ტოლფასია. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა-შეფასება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კი შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა".

 

აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეემოწმებინა, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ამასთან სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა განსახილველ შემთხვევაში სრულად შესაძლებელი იყო სასამართლო წესით. სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ადგენს გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აქტის გამოცემის პროცედურების დარღვევას, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

2016 წლის 29 აგვისტოს, ი-–-------–---–-ს წარმომადგენელმა მ-----------–---–-ა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფ---–------------–ი 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მინდობილობა (რეესტრის #1--------, თარიღი:19.10.2015, ნოტარიუსი ლ---------–---–ი) და არასამეწარმეო იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის მიერ გაცემული 2015 წლის 21 აპრილის საარქივო ცნობა N1-----, რომლის მიხედვითაც, რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოქალაქე ს----–---–-

ფ---–-------------ს ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი N36 (ძველი ნომრით).

 

2016 წლის 16 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან შესული N1------- წერილის მიხედვით, გარდაბნის რაიონის სოფელ ფ---–-------------ს 1992-2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები რუსთავის არქივში დაცვაზე არ შესულა, რის გამოც იგი ვერ გასცემდა მოთხოვნილ ინფორმაციას ი-–--------------- ს----–---–-ს კომლის შემადგენლობისა და კომლზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ.

 

2016 წლის 6 ოქტომბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-02-1/100527 წერილის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ---–-------------ს მიწის გადასახადის გადამხდელთა სია 1996 წ. საარქივო სამმართველოში ინახება, მაგრამ ი-–--------------- ს----–---–- სიაში არ ფიქსირდება.

 

2016 წლის 29 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება და 2016 წლის 29 ოქტომბრის N2----- წერილით შესაბამისი დოკუმენტაცია კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

2016 წლის 30 ნოემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N0------ წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე, ფ---–-------------ს დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე მოქალაქე ი-–-------–---–-ს საკუთრების აღიარების თაობაზე.

 

2016 წლის 06 დეკემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება.

 

2016 წლის 08 დეკემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N360309/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ი-–-------–---–-ს წარმომადგენელმა მ-----------–---–-ა და მოითხოვა 2016 წლის 06 დეკემბრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ #8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

2017 წლის 09 იანვარს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო #7--- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2017 წლის 07 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს #8----------- სარეგისტრაციო განცხადებით განმეორებით მიმართა ი-–-------–---–-ს წარმომადგენელმა მ-----------–---–-ა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია) და არასამეწარმეო იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის მიერ გაცემული 2017 წლის 07 თებერვლის საარქივო ცნობა #1----, თანდართული სიით, რომლის მიხედვით, რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოქალაქე ს----–---–- ფ---–-------------ს ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი #36 , თუმცა ფართობი მითითებული არ არის.

 

2017 წლის 13 თებერვალს, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო #8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე.

 

2017 წლის 28 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #90730/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ი-–-------–---–-ს წარმომადგენელმა ი----------–---–-ა და მოითხოვა 2017 წლის 13 თებერვლის რეგისტაციაზე უარის თქმის შესახებ #8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

2017 წლის 29 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო #1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ი-–-------–---–ს უარი უთხრა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონში, სოფელ ფ---–-------------ს ტერიტორიაზე და მისი რიგითი ნომერია 36.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების დამატებითი გადამოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე ადასტურებს მითითებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებების გაზიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ” პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას მიეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტებით.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ადგენს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

 

მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს განსაზღვრავს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ნ" ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს - 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ი-–-------–---–-ს შრომის წიგნაკი და ქების სიგელი, რომლითაც დასტურდება, რომ ი-–-------–---–- წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, ქარხნის საბრძმედე საამქროს ცვლის უფროსის პოზიციაზე. მოსარჩელის ახსნა - განმარტების თანახმად, საწარმომ მას გამოუყო მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის სოფ. ფ---–-------------ს ტერიტორიაზე 600 კვ.მ N36. საქმეში წარმოდგენილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის მიერ გაცემული 2015 წლის 21 აპრილის საარქივო ცნობა, რომლის თანახმადაც, რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდება მოქალაქე ს----–---–-სთვის ფ---–-------------ს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის N36 (ძველი ნომრით) გამოყოფის ფაქტი (ფართობის მითითების გარეშე). ამავე არქივის 2017 წლის 07 თებერვალს გაცემული N1---- საარქივო ცნობის თანახმად, რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდება, რომ მოქალაქე ს----–---–- ფ---–-------------ს ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი N36 (ძველი ნომერი). დანართი მითითებულია ერთ ფურცლად. საფუძველი: ფონდი 17, აღწერა 2, საქმე 9, ფურცლები 23-24. ცნობას თან ერთვის სია, სადაც 28-ე ნომრად მითითებულია ს----–---–-, მიწის ნაკვეთის ძველი ნომერი - 36. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 02 მარტით დათარიღებული ი-–-------–---–-ს მეზობლების ახსნა-განმარტებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე 1970 წლიდან ფლობს 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთს სოფ. ფ---–-------------ს ტერიტორიაზე.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2017 წლის 07 თებერვლის N1---- საარქივო ცნობაზე თანდართული სია არ იყო დატანილი მოსარჩელის მიერ სააგენტოში წარდგენილ პირველ სარეგისტრაციო განცხადებაზე. ამდენად, იგი შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს სზაკ-ის 102-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ახალ გარემოებად, ვინაიდან ნუსხა, მართალია, არ არის სათანადო წესით დამოწმებული, მაგრამ დიდი ალბათობით წარმოადგენს მიწების განაწილების სიას. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე, როგორც მართლზომიერი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტზე და მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

 

გარდა აღნიშნულისა, მითითებული დოკუმენტაციის მტკიცებულებით დანიშნულებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციის ჭრილში, რიგ შემთხვევებში, დასაშვებადაა მიჩნეული მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დადასტურება ,,სხვა დოკუმენტით“. ამდენად, კანონმდებელმა გამოხატა აშკარა ნება, რომ კანონში ჩამოთვლილი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი შეიძლება დადასტურებულიყო ,,სხვა დოკუმენტითაც“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას). ამდენად, პალატა განმარტავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2017 წლის 07 თებერვლის N1---- საარქივო ცნობაზე თანდართული სია ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ უნდა შეფასებულიყო იმ დოკუმენტად, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული პირის მიერ შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონი არ შეიცავს დოკუმენტაციის ამომწურავ ჩამონათვალს, ადმინისტრაციული წარმოების შედეგი, მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა ემყარებოდეს ყველა იმ დოკუმენტის ანალიზს, რომელიც გაცემულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და მტკიცებულებათა ერთობლიობაში ადასტურებს მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რაც არ შელახავს პირის კანონით გარანტირებულ უფლებებს. იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ან ამ აქტით ვისიმე უფლებების შელახვა.

 

ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს მოსარჩელე წლებია ფლობს და სარგებლობს, არ იკვეთება აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმართ არც საჯარო (სადავო მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე) და არც სხვა კერძო პირთა ინტერესების არსებობა. დასახელებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის პრეზუმფცია მის საკუთრებასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის საფუძველი შეიძლება გახდეს, თუმცა ეს ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულზე მითითებით, სააპელაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებით გადაწყვეტას და თვლის, რომ არსებობს ი-–-------–---–-ს განცხადების შესწავლის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით,სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გელა ბადრიაშვილი