განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.08.2018
საქმის ნომერი
330310018002347543
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1865-18, 330310018002347543

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

31 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

სხდომის მდივანი - ვიქტორ ჩანქსელიანი

აპელანტი (მოსარჩელე) – მ----–-----

წარმომადგენლები - ნ---------–-----------------------–---

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - თ------–-------

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 01 მარტის №0------------ გადაწყვეტილება.

 

1.2. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება მ----–-----ს მოთხოვნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით მ----–-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული 10 ნგრევადი ობიექტიდან დევნილი ოჯახების, მათ შორის, ტ-------------------ს ოჯახის, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი. კომისიამ გაითვალისწინა შევსებული განაცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების რაოდენობა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნები. საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ითვალისწინებდა მენაშენეებისგან და „ჰუალინგ ჯგუფისგან“ გამოსყიდულ ახლად აშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიან განსახლებას.

 

3.2 2016 წლის 17 დეკემბერს, ტ-------------------მ საცხოვრებელი ფართის მიღების მიზნით შეავსო დევნილის წერილობითი თანხმობა N1--, რომლითაც მან თანხმობა განაცხადა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის N1-- ოქმის საფუძველზე განაწილებული ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართის მიღებაზე, მდებარე ქ.თბილისი, ც------------------ში.

 

3.3 2016 წლის 17 დეკემბერს, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროს ლ-----------ს და ტ-------------------ს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ტ-------------------მ ჩაიბარა ქ.თბილისში, ც-----------------------ში, კორპ. N-------------------–-, N4--–- მდებარე ბინა.

 

3.4 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის N--- ბრძანებით, ქ.თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა ტ------------------- პ/ნ 6----------, სარეგ. N0--------, ქულა 7,5, ოთახების რაოდენობა - 1, მისამართი - ქ. თბილისი, ც----------------------, კორპ. N-------------------–-, ბინა N--.

 

3.5 2017 წლის 05 მაისს, ტ------------------- გარდაიცვალა.

 

3.6 2017 წლის 20 ნოემბერს, გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის შესაბამისად, მ----–-----მ სრულად მიიღო 2017 წლის 5 მაისს გარდაცვლილი ტ-------------------ს სამკვიდრო ქონება (მთელი უძრავ-მოძრავი), სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომლებიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ) - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში.

 

3.7 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 01 მარტის N0------------ წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის

5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ც-----------------------ში მდებარე ახლად აშენებულ კორპუსში ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა დევნილი ტ-------------------. 2017 წლის 5 მაისს, ტ-------------------ს გარდაცვალების გამო, სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფართი დარჩა სახელმწიფოს საკუთრებად, ვინაიდან დევნილმა სიცოცხლის პერიოდში ვერ მოასწრო მისი საკუთრებაში დარეგისტრირება. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეუძლებლად მიიჩნია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გადაცემა გარდაცვლილის ანდერძისმიერ მემკვიდრეზე, ვინაიდან ის არ წარმოადგენდა ტ-------------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.8 პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 01 მარტის №0------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. მოსარჩელის მეორე მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება მ----–-----ს მოთხოვნა.

 

3.9 სასამართლომ მიუთითა სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესსა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესზე.

 

3.10 აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა“ (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა).

 

3.11 მითითებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

3.12 დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია).

 

3.13 მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება მინისტრს.

 

3.14 საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, ც-----------------------ში, კორპ. N-------------------–-, ბინა N-- გადაეცა ტ-------------------ს. ასევე დადგენილია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ ტ-------------------ს მიმართ და მასში (გადაწყვეტილებაში) ოჯახის სხვა წევრი გათვალისწინებული არ არის (ს.ფ. 13). აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეს სადავოდ არ გაუხდია და 2016 წლის 17 დეკემბერს, გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი, რომლითაც ზემოაღნიშნული ბინა გადაეცა ტ-------------------ს.

 

3.15 სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმა არის პირდაპირი მიყიდვა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-63 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამავე კანონის მე-181 მუხლით დადგენილი წესით.

 

3.16 ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1537 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

 

3.17 ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხოლო საკითხს ამზადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“.

 

3.18 ამავე ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქონების სააგენტო სახელმწიფო ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში – ხელშეკრულება) დებს პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის) თაობაზე საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების შემძენს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის (რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში) მომენტიდან.

 

3.19 დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საკუთრების უფლების მოპოვებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოცემული მინისტრის ბრძანება, ანუ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპი არ სრულდება აღნიშნულით.

 

3.20 პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული პირისთვის - ტ-------------------სთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა 2017 წლის 15 თებერვალს გამოსცა ბრძანება №---.

 

3.21 ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრის მიერ გამოცემული 2017 წლის 15 თებერვლის N--- ბრძანება არ არის საკმარისი საფუძველი პირმა საკუთრებაში მიიღოს უძრავი ქონება. ყველა ზემოაღნიშნული პროცედურა არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოცემული მინისტრის შესაბამისი ბრძანება ვერ გახდება უპირობო საფუძველი, რომ აღნიშნულ ბრძანებაში მითითებული პირი უძრავ ქონებას მიიღებს საკუთრებაში. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ ტ-------------------სთვის მინისტრის მიერ გამოცემული 2017 წლის 15 თებერვლის N--- ბრძანებით, თავად მოსარჩელეს, როგორც მემკვიდრეს წარმოეშვა უფლება საკუთრებაში მიეღო სადავო ბინა.

 

3.22 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა გარდაცვალების მომენტისათვის.

 

3.23 სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ტ-------------------ს გარდაცვალების დროისათვის, ადმინისტრაციული წარმოება ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დასრულებული არ იყო. ანუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის N--- ბრძანებით ტ-------------------ზე მისაკუთვნებელი ბინა მდებარე ქ.თბილისში, ც-----------------------ში, კორპ. N-------------------–-, ბინა N-- არ იყო აღრიცხული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ მასზე, როგორც მემკვიდრეზე გადავიდა უფლება მოითხოვოს ტ-------------------სთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ გამოცემული 2017 წლის 15 თებერვლის N--- ბრძანებით გადაცემული ბინა (სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინება, საქმე Nბს-234-232 (კ-17).

 

3.24 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3.25 პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით. ამ ნორმის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

3.26 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა- განმარტების მოსმენისა და მათი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რის გამოც მ----–-----ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

4. მ----–-----ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1 აპელანტი განმარტავს, რომ მან ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე ტ-------------------ს სამკვიდრო ქონება მიიღო სრულად, აქტივებითა და პასივებით, რომელშიც მოიაზრება ის უფლებები, რომელიც გააჩნდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ. აპელანტის მითითებით, ტ-------------------ს ასეთი მოთხოვნის უფლება გააჩნდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის N--- ბრძანების შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მარეგისტირებელ ორგანოში რეგისტრაციის მოთხოვნის მიმართაც. ამისათვის საჭირო პროცედურები, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის წესით კი, უნდა განხორციელებულიყო საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილი პირობების შესაბამისად და საკითხი უნდა მოემზადებინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. სააგენტოს კი სახელმწიფო ქონების შემძენთან უნდა დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება პირდაპირი მიყიდვის თაობაზე, საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში, ხოლო სახელმწიფო ქონების შემძენს საკუთრების უფლება უნდა გადაცემოდა ხელშეკრულების ხელმოწერის და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. აპელანტის მითითებით, აღნიშნული პროცედურები უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფოს მიერ.

 

4.2 აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოცემული მინისტრის შესაბამისი ბრძანება უპირობო საფუძველია იმისა, რომ ტ------------------- გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამდენად, ანდერძისმიერი მემკვიდრეობით მ----–-----ზე გადმოვიდა ის უფლება, რაც ტ-------------------ს ჰქონდა წარმოშობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N--- ბრძანებითა და მიღება-ჩაბარების აქტით. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ აპელანტის აზრით, მას წაართვა მემკვიდრეობის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ძალაში დატოვა სადავო აქტი ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე.

 

აპელანტი მ----–----- ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ მ----–-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, ხოლო საჩივრის არგუმენტაციასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის არა კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. ამასთან, უფლება ნივთზე (საკუთრების, სარგებლობის) იმავე სახით გადადის მემკვიდრეებზე, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა. პალატა მიუთითებს, რომ მამკვიდრებლის მიერ ნივთზე უფლების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის განუხორციელებლობისას, ქონების რეგისტრაციის უფლება სამკვიდრო მასაში შედის ამ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის დოკუმენტის არსებობისას (სუსგ №ას-851-800-2010, 2011 წლის 16 თებერვალი, სუსგ №ას-646-613-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რადგან დევნილი პირისათვის ფართის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

 

5.2 პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოცემული მინისტრის ბრძანება არ წარმოშობს დევნილის საკუთრების უფლებას სარგებლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დადებითი დასკვნა მიუთითებს დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის მიზანშეწონილობაზე და წარმოადგენს მხოლოდ რეკომენდაციას, ხოლო მინისტრის ბრძანება არის მისი განსხეულება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. საცხოვრებლით გრძელვადიანი უზრუნველყოფა ვერ იქნება გაიგივებული საცხოვრებლის საკუთრებაში არსებობის იურიდიულ სტატუსთან. ის წარმოშობს მხოლოდდამხოლოდ საკუთრების უფლების რეალიზების წინაპირობას, ხოლო უძრავი ნივთის საკუთრებაში აღრიცხვისთვის აუცილებელია დამატებით იმ პროცედურების გავლაც, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში დეტალურად არის აღწერილი. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაცემული ქონების საკუთრებაში მისაღებად საჭირო იყო ტ-------------------ს სიცოცხლეშივე მიემართა სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირისათვის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) საკითხის გადასაწყვეტად, რათა ამ უკანასკნელს თავის მხრივ, საკითხი მოემზადებინა და შუამდგომლობა აღეძრა საქართველოს მთავრობის წინაშე შესაბამისი განკარგულების გამოცემის მოთხოვნით. მთავრობის განკარგულების გამოცემას კი უნდა მოჰყოლოდა უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული პროცედურები ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არ განხორციელებულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N--- ბრძანება და ბინის მიღება-ჩაბარების აქტი არ არის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები. განსახილველი შემთხვევის მიზნებისთვის, ასეთ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მთავრობის ზემოაღნიშნული განკარგულება, რაც ტ-------------------ს მიმართ არ გამოცემულა.

 

5.3 ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრების, იპოთეკის, გირავნობის, ყადაღის და სხვა სამართლებრივი უფლებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების დეკლარირებულად ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების წარმოშობის საფუძველიც. განსახილველი შემთხვევის მიზნებისთვის საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ტ-------------------ს საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლება წარმოეშობოდა მხოლოდ მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

 

5.4 პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. სსკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის N--- ბრძანებით ტ-------------------ზე მისაკუთვნებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ც-----------------------ში, კორპ. N-------------------–-, ბინა N--, არათუ არ იყო აღრიცხული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ტ-------------------ს საკუთრებად, არამედ არც იყო განხორციელებული პრივატიზების ზემოაღნიშნული საკვანძო პროცედურები, რასაც პერსპექტივაში საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა უნდა მოჰყოლოდა. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ვერ შევიდოდა სამკვიდრო მასაში და მ----–-----ს, როგორც გარდაცვლილის კანონისმიერ მემკვიდრეს, არ წარმოეშობოდა მასზე საკუთრების უფლება.

 

5.5. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

5.6 სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას როგორც სამართლებრივ, ისე ფაქტობრივ გარემოებზე და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

6.1 ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არდაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1 აპელანტი საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----–-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გელა ბადრიაშვილი