განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
330210117001957922
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001957922

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5874-18 21 ნოემბერი, 2018 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი - შ-- „ს------------“

 

წარმომადგენელი - მ---------------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა-–----------------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შ-- „ს---------რმა“ თ---–--ის საქალაქო სასამართლოში ა-–----------------–---–-ს მიმართ სარჩელი აღძრა და შ-- „ს------------ს“ სასარგებლოდ 7 757.68 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შ-- „ს---------რმა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 17 მარტს შ-- „ს------------ს“ დირექტორსა და ქ. თ---–--ში, თ-----------------–-- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობის დისტრიბუტორს, ა-–---------- ჩ----–---–ს, შორის შედარების აქტი გაფორმდა, რომლის თანახმად, შეთანხმდნენ, რომ ა-–---------- ჩ----–---–ს, აღწერის შედეგად, ფინანსური ანგარიშვალდებულება 17.03.2017 წლის მდგომარეობით 11 899.28 ლარი უფიქსირდება (ს.ფ. 20).

 

6. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2017 წლის 17 მარტის შედარების აქტი სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიზნებისთვის ვალის აღიარებას არ წარმოადგენს, თუმცა, შესრულებულ და შეუსრულებელ ვალდებულებათა არსებობის თაობაზე მტკიცებულებას წარმოადგენს.

 

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას სამართლებრივი შეფასება მისცეს.

 

ე.წ. „შედარების აქტის“ სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნებისათვის, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალის აღიარება შეიძლება იყოს კონსტიტუციური (დამდგენი) და დეკლარაციული (კაუზალური). ორივე შემთხვევაში, სახეზეა ვალის აღიარება, თუმცა, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ კონსტიტუციური ვალის აღიარების შემთხვევაში, სახეზეა ახალი, ძველი სამართალურთიერთობისაგან დამოუკიდებელი გარიგება, რა დროსაც ძველი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე შესაგებელი მხედველობაში არ მიიღება, მათ შორის, შესაგებელი ძველი გარიგების ბათილობის საფუძვლით სამართალურთიერთობის არარსებობის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში აღიარება წერილობით ფორმას მოითხოვს, იგი უფლებამოსილი პირის წინაშე უნდა იყოს გაცხადებული, მასში მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა იკვეთებოდეს ნება ვალდებულების აღიარების თაობაზე და რაც მთავარია, მითითებული ვალის აღიარება ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალმხრივი ნების გამოვლენა არ არის. მას ხელშეკრულების ორივე მხარე უნდა აწერდეს ხელს. კონსტიტუციურ ვალის აღიარებათა თავისებურებას განეკუთვნება ასევე ხანდაზმულობის ვადის თავიდან ათვლა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი სწორედ კონსტიტუციური ხასიათის ვალდებულების აღიარებას აწესრიგებს.

 

საქმის მასალებში არსებული 2017 წლის 17 მარტის შედარების აქტი სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიზნებისთვის კონსტიტუციური ვალის აღიარება არ არის, ვინაიდან მასში ასახული არ არის ა-–----------------–---–-ს მკაფიო ნება ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

თუმცა, არსებობს ვალის აღიარების კიდევ ერთი ფორმა, ე.წ. ვალის დეკლარაციული აღიარება. იგი არ წარმოადგენს ახალ გარიგებას, თუმცა, ადასტურებს არსებულს, იმ სამართლებრივი შედეგებით, რაც მას თან სდევს. დეკლარაციული ვალის აღიარება არ არის ახალი გარიგება, მას არ სჭირდება სპეციალური ფორმის დაცვა, იგი გარიგების ზეპირსიტყვიერ აღიარებაშიც შეიძლება გამოიხატოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვალის კონსტიტუციური აღიარება არის მტკიცებულება არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში შეუსრულებელი ვალდებულების არსებობის თაობაზე. შედარების აქტი სწორედაც, რომ ვალის აღიარებაა, თუმცა, არა კონსტიტუციური, დამდგენი, არამედ დეკლარაციული, კაუზალური. შესაბამისად, იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში არ ექცევა, თუმცა, წარმოადგენს მტკიცებულებას შესრულებულ და შეუსრულებელ ვალდებულებათა არსებობის თაობაზე. ამ მოსაზრებას ამყარებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა ერთ-ერთ საქმეზე, რომლის თანახმადაც, შედარების აქტი ვალის აღიარებად არაა მიჩნეული, თუმცა, ამ დოკუმენტს, როგორც მტკიცებულებას, ღირებულებითი მნიშვნელობა გააჩნია და იგი, მისი გამაქარწყლებელი სხვა მტკიცებულების საქმეში არარსებობის პირობებში, იძლევა სამუშაოს შესრულების თაობაზე მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

 

შესაბამისად, 2017 წლის 17 მარტს შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც შედარების აქტად არის დასათაურებული წარმოადგენს მტკიცებულებას შესასრულებელ ვალდებულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ დოკუმენტის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე გრამატიკული და ლოგიკური განმარტების შედეგად დგინდება, რომ დოკუმენტში მითითებულ ვალდებულებაზე უფლებამოსილ პირს სწორედ ა-–----------------–---–- წარმოადგენს. აღნიშნული დოკუმენტის მარჯვენა კუთხეში მოპასუხის ხელმოწერაა ასახული, რითაც მოპასუხე, ფორმალური თვალსაზრისით, დოკუმენტის მისი თანდასწრებით შედგენას ადასტურებს და მის შინაარსს ეთანხმება. სააპელაციო სასამართლოში ა-–----------------–---–-ს მიერ განვითარებული მსჯელობა, მასზედ, რომ აღნიშნული ვალდებულება არა მის პირად, არამედ მაღაზიების ვალს წარმოადგენს, დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის რელევანტურ შედავებად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან, გარდა იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ამგვარი შედავება არ განხორციელებულა, ასევე სადავო დოკუმენტში ვალდებულ სუბიექტად სწორედ მოპასუხეა დაფიქსირებული და არა სხვა რომელიმე პირი.

 

7. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ა-–----------------–---–-ს მიერ სააპელაციო შესაგებელში განვითარებულ მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის სავარაუდო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საგულისხმოა, ისიც, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უფლებამოსილია მიუთითოს სასარჩელო ხანდაზმულობაზე, რაც, მისი დადასტურების შემთხვევაში, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების ხელშემშლელ შესაგებელს. ხანდაზმულობის საკითხის გამოკვლევას სასამართლო თავისი ინიციატივით არ შეუდგება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო დოკუმენტი ვალის აღიარებას არ წარმოადგენს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიზნებისთვის ხანდაზმულობის ვადის თავიდან ათვლას არ იწვევს. მიუხედავად ამისა, ყურადსაღებია, რომ სადავო დოკუმენტი 2017 წელსაა გაფორმებული, სააპელაციო შესაგებელში კი მხოლოდ ზეპირსიტყვიერად და ბუნდოვნადაა მითითებული, რომ შესაძლებელია, მოთხოვნა სადავო დოკუმენტის გაფორმებისას უკვე ხანდაზმული იყო. ამგვარ შედავებას სასამართლო კვალიფიციურ შედავებად ვერ მიიჩნევს და გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაუდებს, რადგან მტკიცებას ექვემდებარება, როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის საფუძვლებიც. სააპელაციო შესაგებლიდან კი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა, კონკრეტული თარიღების მითითების გზით ან/და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება. გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლიც, რომლის მიხედვითაც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, მითითებული შედარების აქტი ვალის აღიარებას და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის კონტექსტში, ახალ გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, ყურადსაღებია, რომ აღნიშნულ დოკუმენტში (შედარების აქტში), ვალდებული პირი მის მიმართ მოთხოვნის არსებობას ადასტურებს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული „მოთხოვნის სხვაგვარი აღიარებაა“, რაც მიმდინარე (და არა ამოწურულ) ხანდაზმულობის ვადას წყვეტს და მის ათვლას თავიდან იწყებს. შესაგებლით კი ფაქტი მასზედ, რომ შედარების აქტში დადასტურებული მოთხოვნა უკვე ხანდაზმული იყო, განხორციელებული არ არის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ვალდებულებით სამართალში მოქმედი უზოგადესი პრინციპის - ვალდებულება უნდა შესრულდეს, მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 7 757,68 ლარის ა-–----------------–---–-სთვის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები სახეზეა.

 

8. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს, მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის მიმართ 7 757,68 ლარის დაკისრებას მოითხოვდა, სარჩელის საფუძვლიანობის დასამტკიცებლად კი სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის შედარების აქტი წარუდგინა, სადაც ცალსახად ფიქსირდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულება გააჩნია, დოკუმენტი მოპასუხის მიერ ხელმოწერილია, ხელმოწერა კი შედავებული არ არის, შესაბამისად, არც გამოხატული ნებაა შეცილებული. სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის გასაქარწყლებლად, მოპასუხემ მხოლოდ აბსტრაქტული ვალის აღიარების არარსებობაზე მიუთითა. ამ საკითხთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე დოკუმენტში ვრცელი მსჯელობა განავითარა და დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის კონსტიტუციურ (დამდგენ) აღიარებას და შესაბამისად, ახალ გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, მითითებული შედარების აქტი არსებულ დავალიანებას მაინც ადასტურებს, შესაბამისად, იგი დეკლარაციულ (კაუზალურ) ვალის აღიარებას წარმოადგენს, რომელიც ამოწურულ ხანდაზმულობის ვადას თავიდან არ იწყებს, თუმცა, მიმდინარე ხანდაზმულობის ვადას წყვეტს. სასამართლო დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე შებოჭილია მხოლოდ იმ მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით, რასაც მხარეები მიუთითებენ, შესაბამისად, ა-–----------------–---–-ს მიერ ვალდებულების ანდა მისი აღსრულების გამომრიცხველი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სასამართლო ასკვნის, რომ სარჩელი დასაბუთებულია.

 

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ ვერ გასწია, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.

 

10. სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტმა მხარემ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 1500 ლარის ოდენობით, ანაზღაურების თაობაზე იშუამდგომლა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, სასამართლოს შეუძლია ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის სირთულისა და გაწეული სამართლებრივი დახმარების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ, 300 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად გაუქმდა და სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ა-–---------- ჩ----–---–ს შ-- „ს------------ს“ სასარგებლოდ შემდეგი საპროცესო ხარჯის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს: პირველ ინსტანციაში გადახდილი ბაჟის სახით 232,7 ლარი, სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 310 ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული 300 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ-- „ს------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. შ-- „ს------------ს“ სარჩელი ა-–----------------–---–-ს მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

4. ა-–---------- ჩ----–---–ს შ-- „ს------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 7 757,68 ლარი;

 

5. ა-–---------- ჩ----–---–ს შ-- „ს------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 232,7 ლარის ოდენობით, სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 310 ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

 

6. მოსარჩელე შ-- „ს---------რს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის სარჩელზე მ---- ქ---------–---- მიერ 2017 წლის 07 ივნისის N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 407 ლარიდან სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 124.27 ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი