განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210117001917841
საქმე №2ბ/7463-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - „რო-----–------------------------–--დ“
წარმომადგენლები: ლა–-------------ი, თა----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები: გი-------–----ე, შპს „გი-------–----ე“, ომ---------–-–---–ი
წარმომადგენლები: ოთ-----------–---–ი, ან---------------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პარტნიორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით „რო-----–------------------------–--დ“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2007 წლის 29 აპრილს გი-------–----ეს და შპს „რო-----–------------------------–--დ“-ს შორის გაფორმდა საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გი-------–----ეს გარიგების მეორე მხარისთვის უნდა გაეწია საკონსულტაციო მომსახურება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის დამუშავება და სხვა მსგავსი საქმიანობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი კლიენტისგან მიიღებდა ეკონომიკური მოგების 33.3%-ს, რომელსაც კლიენტი მიღებული კონსულტაციის რეალიზაციის შედეგად მიიღებდა ისრაელში (ტ. І, ს.ფ 128-131)
2.2. 2008 წლის 20 აპრილის საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებაში ფიზიკურ პირ გი-------–----ეს ჩაენაცვლა შპს „გი-------–----ე“, ხოლო გარიგების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი (ტ. І, ს.ფ 138-141).
2.3. 2015 წლის 24 ნოემბერს ერთის მხრივ „რო-----–------------------------–--დ“-ს, „შა---–--------------–----–--–--დ“-ს, რო------–ოს, რა-----–---–---–---–ს და მეორე მხრივ გი-------–----ეს და შპს „ინ--------–----–------------------პს“ შორის გაფორმდა საწარმოდან პარტნიორის გასვლის და მხარეთა შორის არსებული ყოველგვარი ზეპირი თუ წერილობითი პარტნიორობის, თანამშრომლობის, ნებისმიერი სახელშეკრულებო თუ ბიზნეს ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ექვსმხრივი შეთანხმება.
2.4. ხელშეკრულების 3.5. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე შეთანხმების თითოეული მხარე აცნობიერებს, რომ თითოეული კონტრაჰენტი წინამდებარე შეთანხმებას დებს ამავე შეთანხმების პუნქტებში (3.1.-3.2.-.3.3-.3.4) მითითებულ განცხადებებზე და გარანტიებზე დაყრდნობით და აღნიშნულ განცხადებებზე და გარანტიებზე დაყრდნობით მათი სიზუსტე წარმოდგენს შეთანხმების არსებით პირობას.
იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე განცხადება ან გარანტია მცდარი, არასრული ან შეცდომაში შემყვანია ან იმ შემთხვევაში თუ გასული პარტნიორი, გი-------–----ე ან მასთან დაკავშირებული რომელიმე პირი რაიმე პრეტენზიას წაუყენებს „კომპანიას“, „შვილობილ კომპანიას“, რომელიმე არსებულ პარტნიორს ან რომელიმე არსებული პარტნიორის დამფუძნებელს წინამდებარე შეთანხმების შინაარსის, მისი ნამდვილობის ან მისით დარეგულირებული რომელიმე საკითხის თაობაზე. ან თუ გი-------–----ე და/ან გასული პარტნიორი არ შეასრულებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ რომელიმე ვალდებულებას გი-------–----ე და გასული პარტნიორი პასუხისმგებლობას კისრულობენ, რომ სოლიდარულად აუნაზღაურებენ არსებულ პარტნიორებს ჯარიმას 200 000 აშშ დოლარის ოდენობით (ტ. І, ს.ფ 28-49).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. 2015 წლის 21 სექტემბერს სანოტარო წესით შედგენილი საზოგადოების პარტნიორის გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „გი-------–----ის“ 100%-იანი წილი გასხვისდა ომ---------–-–---–ზე მასთან წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. შპს-ში დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა გი-------–----ე და მის ნაცვლად დაინიშნა ომ---------–-–---–ი (ტ. І, ს.ფ 54).
2.6. 2015 წლის 21 სექტემბერს გი-------–----ეს (გამყიდველი) და ომ---------–-–---–ს (მყიდველი) შორის გაფორმდა შპს-ს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც წილის გამყიდველმა შპს „გი-------–----ე“-ში 100%-იანი წილი მთლიანად მიჰყიდა წილის მყიდველს, რის შედეგადაც წილის მყიდველი გახდა შპს-ს 100%-იანი წილის მესაკუთრე, პარტნიორი. 100%-იანი წილის საფასური მხარეთა მიერ განისაზღვრა 200 ლარით (ტ. І, ს.ფ 58-62)
2.7. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ შპს „გი-------–----ის“ 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.
გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა რამოდენიმე გარემოება. უპირველეს ყოვლისა, სადავო გარიგების შედგენა ემსახურებოდა გი-------–----ის მხრიდან გარკვეული ვალდებულების თავიდან არიდებას. ამასთან, ომ---------–-–---–ის სახელზე საზოგადოების წილის დაჩქარებული წესით დარეგისტრირება და ღირებულების სიმბოლური ოდენობა ასევე ადასტურებს გარიგების მოჩვენებით ხასიათს. მოსარჩელე გადმოცემით, სადავო გარიგება არ გამოხატავს მხარეთა ნამდვილ ნებას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის იქნა გამოყენებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეები გარიგების დადების დროს მოქმედებდნენ „ურთიერთშეთანხმებით“ და გარიგების დადების მიზანს წარმოადგენდა გი-------–----ის მხრიდან გარკვეული პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, ეკისრება მოსარჩელეს მხარეს.
თავდაპირველად სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სადავო გარიგების და საწარმოდან პარტნიორის გასვლის და ყოველგვარი ბიზნეს ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შედგენის თარიღებზე.
მოცემულ შემთხვევაში „პარტნიორის გადაწყვეტილება“ და მის საფუძველზე შედგენილი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება თარიღდება 2015 წლის 21 სექტემბრით, ხოლო შეთანხმება საწარმოდან პარტნიორის გასვლის და ყოველგვარი ბიზნეს ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შედგენილია 2015 წლის 24 ნოემბერს.
დასახელებულ გარიგებათა თარიღები მეტყველებს მასზედ, რომ შპს „გი-------–----ის“ წილის გასხვისების მომენტისთვის გი-------–----ისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი რამდენიმე თვის შემდეგ გაფორმებული გარიგების შინაარსი და 2015 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები.
ამავე მოსაზრების გათვალისწინებით საფუძველს მოკლებულია დასკვნა მასზედ, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს საზოგადოების წილის გასხვისების ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა 2015 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული გარიგებით დაწესებული შეზღუდვის თავიდან აცილება. ეს დასკვნა სასამართლოსთვის აშკარაა ვინაიდან 2015 წლის 21 სექტემბერს მხარეებს ვერ ექნებოდათ ინფორმაცია თუ რა შინაარსის ხელშეკრულება შედგებოდა მათ შორის 2015 წლის 24 ნოემბერს.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია საგამოძიებო ორგანოს მიმართ ჩამოყალიბებულ ომ---------–-–---–ის ჩვენებას, რომელიც მნიშვნელოვანია მხარეთა რეალური ნების ზუსტად დადგენის მიზნით, მხარის ჩვენებით: „კონკრეტული მოლაპარაკება გი-------–----ესთან წილის გადაფორმებისას არ ჰქონია თუ როგორ განაწილდებოდა დავის წამოწყებით მიღებული თანხა. ჩვენ ვართ დიდი ხნის მეგობრები და პარტნიორები და რა თქმა უნდა თუკი მისი საწარმოთი რაიმე თანხას მივიღებდი ებრაული მხარისგან გ----- კარგად იცოდა, რომ ჩემგან პატივისცემა ექნებოდა და გარკვეულ თანხებს მივცემდი როგორც უახლოეს მეგობარს“. 2015 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება 2015 წლის 24 ნოემბრამდე არ დამირეგისტრირებია საჯარო რეესტრში, რადგან არ მეჩქარებოდა და ამავდროულად ვარკვევდი ისრაელში აღნიშნული საქმის პერსპექტივას. ებრაულ იურიდიულ კომპანიასთან გავაფორმე იურიდიული ხელშეკრულება და მათ შპს „გი-------–----ის“ სახელით მოსთხოვეს „რო-----–------------------------–--დ“-ს ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოდგენა, რათა დადგინდეს რა ოდენობის თანხის მოთხოვნის უფლება გააჩნია შპს „გი-------–----ეს“. სასამართლოს დასკვნით, ომ---------–-–---–ის ჩვენება დამატებით მეტყველებს მოპასუხის სურვილზე რეალურად შეეძინა შპს „გი-------–----ის“ წილი.
საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გარიგების მხარეებს რეალურად სურდათ საზოგადოების წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა, სადავო გარიგებას მოჰყვა შესაბამისი იურიდიული შედეგი. შპს „გი-------–----ის“ რეგისტრირებულ მესაკუთრეს წარმოადგენს ომ---------–-–---–ი, რომელიც ახორციელებს საზოგადოების მართვას, მათ შორის კომპანიის უცხოური აქტივების მიღების მიზნით გადადგმული ნაბიჯების საშუალებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. І, ს.ფ 58-62)
- დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ტ. І, ს.ფ 397-399)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ნასყიდობის საგნის ფასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მხარეებს აძლევს უფლებას შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით. ხელშეკრულებაში მითითებული ფასი შესაძლებელია განსხვავდებოდეს ქონების რეალური საბაზრო ღირებულებისაგან, მაგრამ აღნიშნული წარმოადგენს შეთანხმებას მხარეთა ნებიდან გამომდინარე. მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასზედაც და სასამართლოს მოსაზრებით შპს „გი-------–----ის“ წილის გასხვისების ღირებულება გარიგების მოჩვენებით ხასიათზე არ მეტყველებს.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოპასუხეების ქმედების მართლზომიერების გარკვევა უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში, რომლის თანახმად: ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
სასამართლომ განმარტა, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასითებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.
სასამართლომ განმარტა, რომ მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
სასამართლომ მიუთითა, რომ ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე მიუთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს.
მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სამოქალაქო გარიგებათა მიმართ მოქმედებს ნამდვილობის პრეზუმფცია, შესაბამისად, პირი, რომელიც უფლების ნაკლსა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობაზე აპელირებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია, მიუთითოს ისეთ ფაქტებზე და წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომელთა ინდივიდუალური და/ან ერთობლივი შესწავლა მინიმუმ შეარყევს სადავო სამართალურთიერთობის მართლზიმიერების პრეზუმფციას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად 2015 წლის 21 სექტემბერს შედგენილი სადავო გარიგებების მოჩვენებითი ხასიათი. სასამართლოს დასკვნით გი-------–----ეს რელურად სურდა საზოგადოების წილის გასხვისება ხოლო ომ---------–-–---–მა ასევე, რეალურად შეიძინა შპს „გი-------–----ის“ მთლიანი წილი.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ „რო-----–----------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ ომ---------–-–---–მა 2015 წლის 21 სექტემბერს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მოახდინა ამ წილის შეძენის მიზნით. სინამდვილეში არავითარი წილის შეძენის სურვილი ომ---------–-–---–ს არ გააჩნდა. სასამართლომ არ დაადგინა ის, თუ როდის განხორციელდა შპს „გი-------–----ის“ 100%-იანი წილის ოფიციალური რეგისტრაცია ომ---------–-–---–ზე. აღნიშნულ საკითხზე საქმეში არსებობს საჯარო რეესტრის სააგენტოში წარდგენილი განაცხადი, დათარიღებული 2015 წლის 24 ნოემბრით, საათი 16:08. ომ---------–-–---–ი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ 2015 წლის 24 ნოემბერს მას დაურეკა გი-------–----ემ და თხოვა მისულიყო საჯარო რეესტრში რათა 100%-იანი წილი გადაფორმებულიყო ომ---------–-–---–ზე. ომ---------–-–---–მა საჯარო რეესტრში გადაიხადა დაჩქარებული რეგისტრაციის საფასური 200 ლარი. სარჩელზე თანდართული ამონაწერის თანახმად, შპს „გი-------–----ის“ წილი ოფიციალურად დარეგისტრირდა ომ---------–-–---–ზე 2015 წლის 24 ნოემბერს 17:34 საათზე. ამის შემდეგ, გი-------–----ეს გზა გაეხსნა დაედო ხელშეკრულება მოსარჩელესთან. ხელშეკრულებას ვალდებულებების შეწყვეტის შესახებ ხელი მოეწერა ამავე დღეს 18:46 საათზე, ნოტარიუს ელ-----–----–--ლთან, რაც დადასტურებულია 2017 წელს საარბიტრაჟო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მე-19 გვერდზე.
აპელანტი მიუთითებს, რომ ომ---------–-–---–ი სისხლის სამართლის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულების რეგისტრაცია არ ეჩქარებოდა, თუმცა, შემდეგ მოულოდნელად 24 ნოემბერს 200 ლარიანი დაჩქარებული წარმოების საფასური გადაიხადა საჯარო რეესტრში, რათა იმავე დღეს მომხდარიყო საკუთრების უფლების ასახვა მასზე. აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით შეუძლებელია რაციონალურ ადამიანს არ გაუჩნეს ვარაუდი, რომ ყველაფარი წინასწარ შემუშავებული სქემის ნაწილი იყო. გი-------–----ესთან რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომ მასსა და „რო-----–----------------------ს“ შორის დაიდებოდა გარიგება ერთმანეთის მიმართ არსებული ვალდებულებების შეწყვეტის შესახებ. გი-------–----ემ საკუთარ ძმაკაცთან ერთად (თავად ომ---------–-–---–ი წერს ჩვენებაში რომ ის და გი-------–----ე „დიდი ხნის ძმაკაცები არიან“) წინასწარ გაამზადა ხელშეკრულება 2015 წლის 21 სექტემბერს, შეათანხმა „რო-----–----------------------თან“ ხელშეკრულების დადების თარიღი და ზუსტად 1 საათით ადრე დაარეგისტრირა წილი ომ---------–-–---–ზე, რათა მხარეს ვერც კი ეფიქრა ამ საკითხის შემოწმება საჯარო რეესტრში.
სასამართლოს განმარტება, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს დადებული გარიგება არ წარმოადგენს მოჩვენებით დადებულს, სრულიად ეწინააღმდება საქმეში არსებულ მასალებს, მიღებულია სასამართლოს მხრიდან დავის მნიშვნელოვანი გარემოებების იგნორირებით, ასევე, შეჯიბრებითი პროცესის დარღვევით. მოსამართლემ არამარტო სრულიად უგულებელყო მხარის შესაძლებლობა, სასამართლოს მეშვეობით მომხდარიყო უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების შეგროვება და მოწმეთა დაკითხვა, არამედ გააკეთა არაადეკვატური მითითება, რომ გი-------–----ისათვის, შპს „გი-------–----ის“ წილის გასხვისების მომენტისთვის (2015 წლის 21 სექტემბერი) ვერ იქნებოდა ცნობილი 2015 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმის სპეფიციკასა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებას. მართალია ვალდებულებების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის 24 ნოემბერს მოეწერა, თუმცა, თავად ხელშეკრულებით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებია დარეგულირებული, რომ შეუძლებელია მსგავს საკითხზე მხარეები შეთანხმებულიყვნენ განგრძობადი მოლაპარაკების გარეშე და ასეთი ხელშეკრულების პროექტი შედგენილიყო თუნდაც 1 კვირით ადრე. რეალურად, გი-------–----ისათვის იმ ვალდებულებების თაობაზე, რომელიც უნდა გათვალისწინებულიყო ვალდებულებების ორმხრივი შეწყვეტის ხელშეკრულებაში ცნობილი იყო სექტემბერშიც.
მოცემულ შემთხვევაში მოლაპარაკებები დაიწყო ზაფხულის პერიოდში და ხელშეკრულების პროექტი მომზადება 2015 წლის ივლისში.
აპელანტი აღნიშნავს, რომ მოცემული გარემოება არ უნდა იქნეს გაგებულ ისე, რომ თითქოს 2015 წლის 24 ნოემბერს გი-------–----ეს წინ დაუდეს გამზადებული ხელშეკრულება, რომელზედაც უნდა მოეწერა ხელი და თითქოს მისი შინაარსი მანამდე მისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი. ამ ნაწილში მოსარჩელეს არ მიეცა საშუალება დაეკითხა მოწმე რა-----–---–---–---–ი, რომელიც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული, ასევე, არ მიეცა საშუალება გამოეთხოვა გი-------–----ის ჩვენება სისხლის სამართლის საქმიდან. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არაერთხელ გადაიდო სხვადასხვა ტექნიკური თუ სამართლებრივი მიზეზის გამო და საბოლოოდ, მხოლოდ 2015 წლის ნოემბერში მოხერხდა ნოტარიუსის თანდასწრებით ხელმოწერა. შესაბამისად, არასწორია მოსამართლის მითითება, რომ გი-------–----ეს 2015 წლის სექტემბერში ვერ ეცოდინებოდა თუ რა ტიპის ხელშეკრულება დაიდებოდა 2015 წლის ნოემბერში.
აპელანტის მტკიცებით, ომ---------–-–---–ის ჩვენების სრულად წაკითხვისა და ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურად გააზრების შემდეგ, შეუძლებელია ვინმემ მიიჩნიოს, რომ ომ---------–-–---–ს რეალურად სურდა შპს „გი-------–----ის“ წილის შეძენა. მოცემული ჩვენება სინამდვილეში ომ---------–-–---–ის აღიარებაა საქმისათვის რელავანტური გარემობების არაერთ ნაწილში.
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ თითქოსდა ომ---------–-–---–ის ჩვენება კარგად „აჩვენებს“ მის სურვილს შეეძინა 100%-იანი წილი, მხოლოდ ის ფაქტიც ნათლად ადასტურებს, რომ ხელშეკრულებაში 200 ლარის ოდენობის ნასყიდობის საფასური მოჩვენებითად არის ასახული. ომ---------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმის ჩვენებაში მითითებულია, რომ 200 ლარზე შეთანხმება მხოლოდ ფორმალური ნაწილი იყო და მას რეალურად არაფერი არ გადაუხდია საკუთარი ძმაკაცისათვის, გი-------–----ისათვის.
3.2. აპელანტი მოსაზრებით, რადგან ომ---------–-–---–ი თავადე ამბობს, რომ შპს „გი-------–----ის“ 100%-იანი წილზე 200 ლარის ფასის შეთანხმება იყო მხოლოდ ფორმალური ჩანაწერი, აშკარაა, რომ საერთოდ მთელი გარიგებაა მოჩვენებითი ბუნების.
3.3. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი და სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
აპელანტის შეფასებით, მთავარი პრობლემა არა საგნის შეუსაბამო ფასია, არამედ განსაზღვრული ფასის გადაუხდელობა და ზოგადად გადახდის საკითხის არარელევანტურობა (ფორმალურობა), რაც ხაზს უსვამს გარიგების რეალურ მოტივებს. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ფასის გადახდა წარმოადგენს ძირითად ვალდებულებას, რომელიც ქონების მიღების საპასუხოდ გააჩნია მყიდველს. იურიდიულ დოქტრინაში საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის თანახმად, ნასყიდობის ფასი ნასყიდობის საგანთან ერთად წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, რომლის გარეშეც ხელშეკრულება საერთოდ არ ითვლება დადებულად. ომ---------–-–---–ის ჩვენება აშკარად ადასტურებს, რომ ნასყიდობის ფასის საკითხი მასსა და გი-------–----ეს შორის რეალურად არც კი განხილულა, ეს იყო უბრალო „ფორმალობა“, რომელიც ხელშეკრულებაში ჩაწერეს და არც ამ თანხის გადახდის საკითხი დამდგარა როდესმე მხარეებს შორის.
3.4. აპელანტის განმარტებით, გი-------–----ის და მისი უახლოესი ძმაკაცის ერთადერთი მიზანი ამ სიტუაციაში გახლდათ „რო-----–----------------------ის“ მოტყუება. გი-------–----ე ვალდებულებების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით იღებდა კომპენსაციას და სანაცვლოდ უარს აცხადებდა ყველა სახის მოთხოვნაზე „რო-----–----------------------ის“ მიმართ, რომელიც ჰქონდა პირადად მას, ანდა მის აფილირებულ საწარმოებს (გი-------–----ე შპს „გი-------–----ის“ 100%-იანი მეწილე და ერთადერთი დირექტორი იყო). ამ პირებმა სცადეს მოსარჩელის მოტყუება, 2015 წელს გი-------–----ემ ის კომპენსაცია რაც ვალდებულების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული მიიღო და პარალელურად შპს „გი-------–----ე“ გადააფორმა თავის ძმაკაცზე, რათა კომპანიას „რო-----–--------------ის" მიმართ არ დაეკარგა მოთხოვნა და ხელშეკრულების გვერდის ავლით ამოეღო თანხები.
აპელანტი მიუთითებს, რომ დავის განხილვის ეტაპზე მათ მიერ წარმოდგენილი იქნა ყველა მტკიცებულება, რომელიც მაქსიმალურად დაადასტურებდა გარიგების მოჩვენებითობას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გი-------–----ე და ომ---------–-–---–ი არიან დიდი ხნის მეგობრები, ხოლო თავად ომ---------–-–---–ი შანიძეს ძმაკაცად მოიხსენიებს სისხლის სამართლის საქმეში მიცემულ ჩვენებაში. იმის გამო, მხარეები თავად ადასტურებენ რომ ერთამენთთან აქვთ ახლობლური ურთიერთობა, გარკვეული ფაქტობრივი გარემოების ნაწილში მტკიცების ტვირთი შებრუნებულ უნდა იქნეს.
4. სარჩელის განუხილველად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და „რო-----–------------------------–--დ“-ს სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
პალატა განმარტავს, რომ სასამართლო აღიარებით სარჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს წარმოებაში, თუ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი სწორედ აღიარებითი სარჩელის მიმართ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი დასაბუთებულია მხოლოდ მაშინ, თუ მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნით იქნება მოსარჩელის სასურველი სამართლებრივი ინტერესი მიღწეული. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება. თუმცა, მიკუთვნებითი მოთხოვნის არსებობის პირობებში აღიარებითი სარჩელის დაუშვებლობის განმაპირობებელი ძირითადი არგუმენტი სწორედ ის არის, რომ სასარჩელო მოთხოვნა საბოლოო შედეგისაკენ უნდა იყოს მიმართული და არა სამომავლო სასარჩელო წარმოებისათვის საფუძვლის შექმნისაკენ, რაც, სამომავლოდ შეიძლება გაიმართოს ან არა, ანუ მხარემ სამომავლოდ მიკუთვნების მოთხოვნა შეიძლება შეინარჩუნოს ან არა, რამაც შედეგობრივად შეიძლება იმ ფაქტის წინაშე დაგვაყენოს, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს ისეთი აღიარებითი მოთხოვნა, რომლის განხორციელების (მიკუთვნების) ინტერესი მხარეს აღარ ჰქონდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. როგორც დიდმა პალატამ ამ ნორმის განმარტებისას, დაასკვნა: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება, საქმეზე Nას-121-117-2016). ერთ-ერთ საქმეზე კი, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინება, საქმეზე Nას-937-887-2015; იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისი განჩინება, საქმეზე №ას-1221-1146-2015.).
პალატა განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებობა მკაცრ საპროცესო წინაპირობებს ექვემდებარება. რაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველთვის შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით. ანუ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი ომ---------–-–---–ს და გი-------–----ეს შორის 2015 წლის 21 სექტემბერს შპს „გი-------–----ეს“ 100%-იან წილებზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი გი-------–----ის, როგორც შპს „გი-------–----ის“ 100% პარტნიორის გადაწყვეტილება შპს „გი-------–----ეში“ 100% წილების ომ---------–-–---–ისთვის გადაცემისა და კომპანიის დირექტორობიდან მისი გადადგომის და ახალ დირექტორად ომ---------–-–---–ის დანიშვნის თაობაზე.
მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით, აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ისრაელში მიმდინარე სასამართლო დავაში, სადაც შპს „გი-------–----ე“ „რო------–--------------------------–--დ“-სგან ითხოვს მხარეებს შორის წარსულში საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული ფინანსური მოთხოვნების კალკულაციის მიზნით მისთვის „რო------–--------------------------–--დ“-ის საბუღალტრო-ფინანსური დოკუმენტაციის გამჟღავნებას, სარჩელზე შესაგებელი პოზიციის გამყარება.
ამდენად, „რო------–--------------------------–--დ“-ს იურიდიულ ინტერესს განსახილველი დავის მიმართ, წარმოადგენს ისრაელში მიმდინარე სასამართლო დავაში შპს „გი-------–----ის“ სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გაბათილება, რაც პალატის მოსაზრებით ვერ შეფასდება სადავო გარიგებათა გასაბათილებლად ნამდვილ იურიდიულ ინტერესად, ვინაიდან საქართველოში აღძრული სარჩელის საფუძვლები წარმოადგენს ისრაელში მიმდინარე დავის შესაგებელ პოზიციას, შესაგებელი პოზიციის გამყარებისთვის კი სასარჩელო წარმოების წამოწყება დაუშვებელია.
გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეს აღიარებით სარჩელთან ერთად არ აღუძრავს მიკუთვნებითი მოთხოვნა წილების მიკუთვნების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო გარიგებათა ბათილობის მიმართ მისი იურიდიული ინტერესი დაუსაბუთებელია. ამასთან, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ამგვარი მოთხოვნის არსებობის პირობებშიც, მოსარჩელეს სადავო გარიგებათა ბათილობის მიმართ მაინც არ ექნებოდა ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან ამჟამად შპს „გი-------–----ის“ 100% წილის მფლობელ პარტნიორს წარმოადგენს მესამე პირი - და----------–-–---–ი, რომლის მიმართაც მოსარჩელეს სარჩელი არ აღუძრავს და მისთვის წილის დათმობის გარიგება სადავოდ არ გაუხდია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი სადავო გარიგებათა ბათილობის მიმართ, რაც სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე პუნქტის თანამხად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და, მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვლინდება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება №ას-551-522-2015). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ „რო-----–------------------------–--დ“-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და „რო-----–------------------------–--დ“-ს სარჩელი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „რო-----–------------------------–--დ“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. „რო-----–------------------------–--დ“-ს სარჩელი დარჩეს განუხილველი;
4. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის წარდგენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) მეშვეობით გამოცხადებიდან 12 დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა