განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002538986
საქმე №1/ბ-77-2019 წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი,2019წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ მარინა მაკარიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ შოთა ჩხაიძის
მსჯავრდებულის _ ა--------ლ ბ-----ის
ადვოკატის _ გ---- შ-----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ა--------ლ ბ-----ის მიმართ, დაბადებულის 1--1 წლის 15 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ---ის რაიონის სოფელ ზ-----ში, მცხოვრების ქ.ბათუმში, გ------ს დასახლებაში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:
ა--------ლ ბ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით (ორი) ეპიზოდი და მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით ჩაეთვალა პირობითად.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 მაისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 7 (შვიდი) თვის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 5 (ხუთი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობითად.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 მაისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 7 (შვიდი) თვის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 5 (ხუთი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობითად.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 5 (ხუთი) თვის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 7 (შვიდი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა--------ლ ბ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 5 (ხუთი) თვის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 7 (შვიდი) თვე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ა--------ლ ბ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან- 2018 წლის 30 მაისიდან.
მსჯავრდებულ ა--------ლ ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
მსჯავრდებულ ა--------ლ ბ-----ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მსჯავრდებულ ა--------ლ ბ-----ისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს: 1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; 2.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; 3.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; 4.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; 5. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას; 6.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· ე-–-----ა ჩ-----–--ისაგან 2018 წლის 7 მაისს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს განადგურების მიზნით.
· ე-–-----ა ჩ-----–--ისაგან 2018 წლის 16 მაისს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს განადგურების მიზნით.
· ე-–-----ა ჩ-----–--ისაგან 2018 წლის 21 მაისს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს განადგურების მიზნით.
· ა--------ლ ბ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ა--------ლ ბ-----ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
· ა--------ლ ბ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ხურდა ფული, საკრედიტო ბარათები და ტყავის საფულე, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ა--------ლ ბ-----ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
· ფარული საგამოძიებო მოქმედებების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ამსახველი ექვსი ცალი DVD დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--------ლ ბ-----ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი) და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა--------ლ ბ-----ემ 2018 წლის მაისის თვეში, გასაღების მიზნით, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის, წონით 0.03603 გრამის, შემცველი აბები, რომელსაც ასევე ინახავდა პირადად.
2018 წლის 7 მაისს, დაახლოებით 15:50 საათზე, ა--------ლ ბ-----ემ ქ.ბათუმში, გ------ს დასახლებაში არსებულ აბსაროსის გზატკეცილზე, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინიდან, 400 ლარის სანაცვლოდ, ე-–-----ა ჩ-----–--ეზე უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, წონით 0.016 გრამი.
2018 წლის 16 მაისს, დაახლოებით 14:20 საათზე, ა--------ლ ბ-----ემ ქ.ბათუმში, გ------ს დასახლებაში არსებული სასაფლაოს ტერიტორიაზე, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინიდან, 300 ლარის სანაცვლოდ, ე-–-----ა ჩ-----–--ეზე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, წონით 0.0097 გრამი.
2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 14:25 საათზე, ა--------ლ ბ-----ემ ქ.ბათუმში, გ------ს დასახლებაში არსებული სასაფლაოს ტერიტორიაზე, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინიდან 300 ლარის სანაცვლოდ, ე-–-----ა ჩ-----–--ეზე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, წონით 0.01033 გრამი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ ა--------ლ ბ-----ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ ის, რომ ა--------ლ ბ-----ის მიერ დროის მცირე მონაკვეთში, 2018 წლის 07 მაისიდან 21 მაისამდე დროის შუალედში, სამჯერ განხორციელდა ე-–-----ა ჩ-----–--ეზე ნარკოტიკული საშუალების გასაღება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მისთვის კანონით დაწესებული სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა და, მით უმეტეს, სასჯელის ნაწილობრივ პირობით ჩათვლა, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, არის დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება, რაც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწინებულ სასჯელის მიზნებს, თვით მსჯავრდებულის პიროვნების, ასევე, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორმა შოთა ჩხაიძემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მსჯავრდებულ ა--------ლ ბ-----ისთვის სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისი ნაწილის სანქციის ფარგლებში უფრო მკაცრი საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე. მსჯავრდებულმა ა--------ლ ბ-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---- შ-----ემ ითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის: თავად ბრალდებულ ა--------ლ ბ-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ ე-–-----ა ჩ-----–--ის, გ--–ა ხ-----------ის, ბ---კ შ-----ის და თ----ზ ა------ს გამოკითხვის ოქმებით, ე-–-----ა ჩ-----–--ისაგან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების აუდიო-ვიდეო ჩანაწერებითა და მათი კრებსებით, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა--------ლ ბ-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა ა--------ლ ბ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებსა და იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელ ზოგადსავალდებულო გარემოებებს, მიაჩნია, რომ ა--------ლ ბ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის გათვალისწინებით, მისთვის დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დიდი ოდენობით, ფართოდ გავრცელებული საშიში ნარკოტიკული საშუალება, ა--------ლ ბ-----ე მსჯავრდებულია აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების როგორც შეძენა-შენახვის, ასევე მისი გასაღების სამი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენისათვის, რის გამოც მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, პალატის შეფასებით, არ არის მიზანშეწონილი, რადგან ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისა და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა გამოძიებასთან თანამშრომლობა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის შემთხვევაში გამოძიებასთან თანამშრომლობად მოიაზრება იმ პირის მითითება, რომლისგანაც ბრალდებულმა შეიძინა ნარკოტიკი, ხოლო ა--------ლ ბ-----ეს ამ კუთხით არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, მხოლოდ დანაშაულის აღიარება კი არ შეიძლება განხილული იქნეს თანამშრომლობად.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის მოთხოვნა ა--------ლ ბ-----ისთვის სასჯელის მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება სასჯელის ზომას, პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მიიჩნევს, რომ ა--------ლ ბ-----ეს სასჯელი დანიშნული აქვს იმ ზომით, რაც შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, რის გამოც არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ა--------ლ ბ-----ისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთმევა 15 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთმევა 20 წლით. მიუხედავად იმისა, რომ ა--------ლ ბ-----ე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებული იქნა ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის, მას ზემოაღნიშნული უფლებები ჩამოერთვა როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, შესაბამისად _ 5 წლის და 10 წლის ვადით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, განაჩენში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება და მსჯავრდებულს დაუმძიმოს მდგომარეობა, რადგან ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოსთვის ასეთი მოთხოვნით არ მოუმართავს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში.
3.ა--------ლ ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით (ორი) ეპიზოდი და მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 მაისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 მაისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა--------ლ ბ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
5.მსჯავრდებულ ა--------ლ ბ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 30 მაისიდან.
6.„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ა--------ლ ბ-----ეს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რომელთა ვადის ათვლა დაეწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან. აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადა აითვალოს ა--------ლ ბ-----ის მიერ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
7.ა--------ლ ბ-----ისთვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ე-–-----ა ჩ-----–--ისაგან 2018 წლის 7 მაისს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს განადგურების მიზნით.
· ე-–-----ა ჩ-----–--ისაგან 2018 წლის 16 მაისს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს განადგურების მიზნით.
· ე-–-----ა ჩ-----–--ისაგან 2018 წლის 21 მაისს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს განადგურების მიზნით.
· ა--------ლ ბ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ა--------ლ ბ-----ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
· ა--------ლ ბ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ხურდა ფული, საკრედიტო ბარათები და ტყავის საფულე, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ა--------ლ ბ-----ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
· ფარული საგამოძიებო მოქმედებების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ამსახველი ექვსი ცალი DVD დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას მისი შენახვის ვადით.
8.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა--------ლ ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/