განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
010100118002748756
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002748756

საქმე №1/ბ-119-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) თ----- მ----–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 2--------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლეობის არმქონის, მცხოვრების ქ.ქ------–---ში, მ---------–------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

 

თ----- მ----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თ----- მ----–--ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

თ----- მ----–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს სახით გადახდილი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, ნ----ა მ----–--ეს (პ/ნ0----------).

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- მ----–--ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 09 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ.ქ------–---ში, მ---------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ----- მ----–--ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელის სახის არეში და ხელზე დარტყმებით, ასევე ხელის კისერში მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, ხ------ა მ----–--ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელმაც ითხოვა თ----- მ----–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად მსუბუქია და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ხ------ა მ----–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ ვ-----–ი მ--------ის, ლ---- ს--------–-–---–-ს და თ------ ა-----ის გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ----- მ----–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს თ----- მ----–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ თ----- მ----–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა დანაშაული და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მსჯავრდებული დაზარალებულთან შერიგებულია, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და არც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი სხვა გარემოება გააჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით თ----- მ----–--ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი თ----- მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი თ----- მ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.თ----- მ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ თ----- მ----–--ეს პატიმრობაში ყოფნის დრო (2018 წლის 09 ნოემბრიდან 2018 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით) ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით თ----- მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს _ ნ----ა მ----–--ეს (პ/ნ0----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/