განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
330210017002173920
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ქირავნობა
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002173920

საქმე №2ბ/3154-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

პირველი აპელანტები/მოსარჩელეები - შპს „ვ-----------ი -3“, შპს „გ----ი“

წარმომადგენელი - ზ------------, მ-----–-–-------–---–ი

 

მეორე აპელანტი/მოპასუხე _ სს „გ----“

წარმომადგენელი - შ-----------ე, ზ----------–---–--

 

დავის საგანი -- ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტების შპს „ვ-----------ი -3“-ის და შპს „გ----ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტ სს „გ----ს“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. შპს „ჯ--------------ს“ (დამქირავებელი) და შპს „ვ-----------ს“ (გამქირავებელი) შორის 2----–-–---------------ს დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის შესაბამისად, გამქირავებელი გადასცემს, ხოლო დამქირავებელი იღებს სარგებლობის უფლებით, გამქირავებლის საკუთრებაში არსებულ ფართს მდებარე: ქ. თბილისი, კ-------------, I სართული, ს/კ 0----------------------. ფართით სარგებლობისთვის დამქირავებელი გამქირავებელს უხდის ყოველთვიურად ქირას 3000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.

 

2. შპს „ჯ--------------ს“ (დამქირავებელი) და შპს „გ----ს“ (გამქირავებელი) შორის 2----–-–---------------ს დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის შესაბამისად, გამქირავებელი გადასცემს, ხოლო დამქირავებელი იღებს სარგებლობის უფლებით, გამქირავებლის საკუთრებაში არსებულ ფართს მდებარე: ქ. თბილისი, კ-------------, I სართული, ს/კ 0----------------------. ფართით სარგებლობისთვის დამქირავებელი გამქირავებელს უხდის ყოველთვიურად ქირას 3000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.

 

3. დადგენილია, რომ ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთიდაიგივე შინაარსს და პირობებს. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების მოქმედების ვადები, კერძოდ 5.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება მოქმედებს მხარეთა ხელმოწერიდან 5 წლის ვადით; 5.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე; 5.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტა დამქირავებლის მხრიდან დასაშვებია, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართი გამოუსადეგარი გახდება იმ გარემოებათა გამო, რომლითაც დამქირავებელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. 5.4. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მხარეები ერთმანეთს უგზავნიან წერილობით შეტყობინებას შეწყვეტის დადგომის მომენტამდე 2 თვით ადრე. 5.6. პუნქტის თანახმად, დამქირავებლის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ან მის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, რითაც გამქირავებელს მოესპო ან შეეზღუდა დაქირავებული ფართით სარგებლობის უფლება, დამქირავებული ვალდებულია გამქირავებელს საურავის სახით გადაუხადოს თანხა, რომელიც სამი თვის საიჯარო თანხის ექვივალენტია. 2016 წლის 6 იანვარს, წინამდებარე ხელშეკრულებებში განხორციელდა ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 დეკემბრამდე.

 

4. 2----–-–-----------------ს მხარეებს შორის დამატებით შედგა შეთანხმება ქირავნობის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ. კერძოდ მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფართით სარგებლობისთვის დამქირავებელი გამქირავებელს უხდის ყოველთვიურად ქირას 2850 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 დეკემბრამდე.

 

5. დადგენილია, რომ შპს „ჯ--------------ი“ 2011 წლის 28 დეკემბერს შერწყმის შედეგად გარდაიქმნა ახალ სუბიექტად და გახდა სს „ჯ------ი“, ხოლო 2017 წლის 5 მაისს სს „ე---------------–იას“ შეერწყმის შედეგად გარდაიქმნა და გახდა სს „გ----“.

 

6. მოსარჩელეებს 2----–-–--------------–ის შეტყობინების საფუძველზე ეცნობათ, რომ სს „ჯ------ი“ 2----–-–-----------–იდან წყვეტს 2----–-–---------------ს დადებულ ხელშეკრულებას 5.4 პუნქტის შესაბამისად. ირკვევა, რომ სს „გ----მ“ ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა განსაზღვრა სხვადასხვა პერიოდი და საბოლოოდ ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის ვადად მიუთითა 2017 წლის 30 ივნისი.

 

7. შპს „ვ-----------ი-3“-მა და სს „გ----მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „გ----ის მიმართ და მოითხოვეს სს „გ----ს“ შპს „ვ-----------ი-3“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–--------------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - 14 250 აშშ დოლარის ოდენობით. სს „გ----ს“ შპს „ვ-----------ი-3“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–--------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 8 550 დოლარის ოდენობით. სს „გ----ს“ შპს „გ----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–--------------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - 14 250 აშშ დოლარის ოდენობით. სს „გ----ს“ შპს „გ----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–--------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 8 550 დოლარის ოდენობით.

 

8. სარჩელის საფუძვლები

 

8.1. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ვ-----------ი-3“-ს და სს „ჯ--------------ს“ შორის 2----–-–---------------ს დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება. ანალოგიური ხელშეკრულება დაიდო შპს „გ----ის“ და სს „ჯ--------------ს“ შორის. მხარეები წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და მოქმედების ვადაც შესაბამისად გრძელდებოდა. ასეთი გარიგება დაიდო 2----–-–-----------------ს და ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 დეკემბერი. გაურკვეველი მიზეზის გამო, მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა ხელშეკრულების და სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად.

 

9. მოპასუხის პოზიცია

 

9.1. მოპასუხე სს „გ----“ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ ქირავნობის ხელშეკრულების 5.4 პუნქტის შესაბამისად, მხარეებს აძლევდა უფლებას ვადის გასვლამდე ცალმხრივად მოეშალა იგი, რაც დამქირავებლის მხრიდან განხორციელდა კიდეც. დასახელებული პუნქტი არ აწესებს რაიმე პირობას გამქირავებლისათვის რა შემთხვევაში აქვს მას ამ პუნქტის გამოყენების უფლება, რაც ცხადყოფს იმას, რომ ნებისმიერ მხარეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჰქონდა უფლება მეორე მხარისთვის შეტყობინების 2 თვიანი ვადის დაცვით შეეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო დამქირავებელს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით წაერთმეოდა ნაქირავები ნივთით სარგებლობის, ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების 5.4 და 5.6 პუნქტები არ უნდა იქნეს აღქმული ერთობლიობაში.

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ვ-----------ი 3“-ის და შპს „გ----ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „გ----ს“ შპს „ვ-----------ი-3“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–--------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 2850 დოლარის გადახდა. სს „გ----ს“ შპს „გ----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–--------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 2850 დოლარის გადახდა. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სს „გ----სთვის“ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თითოეულზე ცალცალკე 14 250 აშშ დოლარის დაკისრებაზე. სს „გ----ს“ შპს „ვ-----------ი-3“-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 206.91 ლარის გადახდა; სს „გ----ს“ შპს „გ----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 206.91 ლარის გადახდა;

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა, ასევე მოპასუხემ.

 

11.1. შპს „ვ-----------ი -3“-ის და შპს „გ----ის“ სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანხმად, დამქირავებლის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ან მის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, რითაც გამქირავებელს მოესპო ან შეეზღუდა დაქირავებული ფართით სარგებლობის უფლება, დამქირავებული ვალდებულია გამქირავებელს საურავის სახით გადაუხადოს თანხა, რომელიც სამი თვის საიჯარო თანხის ექვივალენტია. ვინაიდან მოწინაღმდეგე მხარემ ხელშეკრულება ცალმხრივად კანონიერად შეწყვიტა, შესაბამისად არ არსებობს ვალდებულების დარღვევა. ასევე ცალსახაა, რომ ხელშეკრულების 5.6. მუხლი ხელშეკრულებით ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებდა „ხელშეკრულების შეწყვეტის პირგასამტეხლო“-ს, რაც განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დადგენილი პირგასამტეხლოსგან. იმ შემთხვევაშიც კი თუ პალატა ჩათვლის, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო არ განსხვავდება სსკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოსგან, სასამართლოს მაინც არ შეეძლო შეემცირებინა პირგასამტეხლო თავის ინიციატივით, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნულზე შედავება არ წარმოუდგენია. აღნიშნულის საფუძველზე აპელანტები ითოვენ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და შემცირდა პირგასამტეხლო არის უკანონო, გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს სრულად.

 

11.2. სს „გ----ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სადაო გადაწყვეტილებით, როგორც ზემოთ აღინიშნა განიხილა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა ალტერნატიული მოთხოვნა თუმცა არ არსებობდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ: ხელშეკრულების 5.6 პუნქტით გათვალისწინებული იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც მხარეები ხელშეკრულებას შეწყვეტდნენ 5.4 პუნქტის დარღვევით, ანუ იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების შეწყვეტის მსურველი მხარე ხელშეკრულების შეწყვეტამდე ორი თვით ადრე არ შეატყობინებდა მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად პირგასამტეხლო მხარეებს უნდა დაკისრებოდათ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დაიცავდნენ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ორი თვით ადრე მეორე მხარის გაფრთხილების ვალდებულებას. სასამართლოს მიერ სწორედ ამდაგვარად უნდა განმარტებულიყო ხელშეკრულების დასახელებული პუნქტი, თუმცა სადაო გადაწყვეტილებაში სასამართლომ არ იმსჯელა და არ გააქარწყლა მოპასუხის აღნიშნული პოზიცია, რომელიც უფრო ვრცლად შესაგებელშია ჩამოყალიბებული.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

12. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „გ----ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „ვ-----------ი -3“-ის და შპს „გ----ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

13. პალატა იზიარებს და ეთანხმება წინამდებარე გადაწყვეტილების 1-6 პუნქტებს და დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის (მოშლის) პირგასამტეხლოს განსაზღვრა და მისი ოდენობა.

 

14. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

14.1. 2----–-–-----------------ს მხარეებს შორის დამატებითი შეთახმების საფუძველზე ქირავნობის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფართით სარგებლობისთვის დამქირავებელი გამქირავებელს უხდის ყოველთვიურად ქირას 2850 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 დეკემბრამდე.

 

14.2. მხარეთა შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მხარეები ერთმანეთს უგზავნიან წერილობით შეტყობინებას შეწყვეტის დადგომის მომენტამდე 2 თვით ადრე. ამავე ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, დამქირავებლის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ან მის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, რითაც გამქირავებელს მოესპო ან შეეზღუდა დაქირავებული ფართით სარგებლობის უფლება, დამქირავებული ვალდებულია გამქირავებელს საურავის სახით გადაუხადოს თანხა, რომელიც სამი თვის საიჯარო თანხის ექვივალენტია.

 

14.3. მოსარჩელეებს 2----–-–--------------–ის შეტყობინების საფუძველზე ეცნობათ, რომ სს „ჯ------ი“ 2----–-–-----------–იდან წყვეტდა 2----–-–---------------ს დადებულ ხელშეკრულებას 5.4 პუნქტის შესაბამისად. ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად მოპასუხე აგრძელებდა ქირავნობის საგნის ფაქტობრივ მფლობელობას 2----–-–------------დე.

 

14.4. დამქირავებელმა სრულად დაიცვა ხელშეკრულების 5.4. პუნქტით დადგენილი პირობა და წერილობითი შეტყობინებით აცნობა გამქირავებლებს შეწყვეტის დადგომის მომენტამდე 2 თვით ადრე, თუმცა დამქირავებლის ინიციატივით მოხდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა.

 

14.5. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა დარღვეული, შპს „ვ-----------ი -3“ და შპს „გ----ი“ 8 550 აშშ დოლარის გადახდას ითხოვენ, როგორც ხელშკრულების ვადამდე შეწყვეტის საურავს, რომელიც სამი თვის საიჯარო თანხის ექვივალენტია.

 

15. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების მოშლისათვის და გასვლისათვისაც ჯარიმას ითვალისწინებს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 353-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე საჯარიმო თანხის სანაცვლოდ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ხელშეკრულების მოშლისა და გასვლისათვის საჯარიმო თანხის დაწესების ინსტიტუტს არ იცნობს. იგი ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას მხოლოდ ხელშეკრულების დარღვევის წინა პირობების არსებობისას უშვებს. შესაბამისად, მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, ხელშეკრულების დარღვევის გარეშე ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმებული საჯარიმო თანხა პირგასამტეხლოს ფუნქციას შეიძენს, თუ არა. თუ მხარეები გაითვალისწინებენ ხელშეკრულებიდან ვალდებულების დარღვევის გარეშე მოშლის უფლებას, მათ შუძლიათ ურთიერთშეთანხმებით დაადგინონ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის ე.წ. საჯარიმო თანხა --- პირგასამტეხლო. ამდენად, ამგვარ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის მე-8; 319-ე და 417-418-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას და პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე No ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე Noას-1158-1104- 2014; 10.02.2016წ. საქმე No ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ Noას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა გაითვალისწინეს ვალდებულების დარღვევის გარეშე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის პირგასამტეხლო. სადავო არ არის ის გარემოება რომ მოპასუხემ დაიცვა გარიგებით გათვალიწინებული შეთანხმება მოშლის თაობაშე (შეტყობინება და ა.შ.) თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს მას შეწყვეტის/მოშლის შესახებ ამავე ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად გათვალიწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე კრედიტორის ეკონომური ინტერესი. პალატა განმარტავს რომ, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისა და ხელშეკრულებაში დარჩენის კრედიტორის ეკონომიური ინტერესის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს 2 თვის ქირის თანხის ოდენობით.

 

16. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი, რის გამოც მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

 

17. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩლი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად აპელანტ სს „გ----ს“ მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება, ხოლო სს „გ----ს“ შპს „ვ-----------ი-3“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 458.28 ლარის გადახდა,ხოლო შპს „გ----ის“ სასარგებლოდ 458.28 ლარის გადახდა. ამასთან, სს „გ----ს“ შპს „ვ-----------ი-3“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 279.50 ლარის გადახდა, ხოლო შპს „გ----ის“ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 279.50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „გ----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ვ-----------ი -3“-ის და შპს „გ----ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

 

4. სს „გ----ს“ შპს „ვ-----------ი-3“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–--------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 5700 აშშ დოლარის გადახდა;

 

5. სს „გ----ს“ შპს „გ----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–--------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 5700 აშშ დოლარის გადახდა.

 

6. სს „გ----ს“ შპს „ვ-----------ი-3“-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შეტანილი სახელმწიფო ბაჟის 458.28 ლარის გადახდა.

 

7. სს „გ----ს“ შპს „გ----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შეტანილი სახელმწიფო ბაჟის 458.28 ლარის გადახდა.

 

8. სს „გ----ს“ შპს „ვ-----------ი-3“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 279.50 ლარის გადახდა.

 

9. სს „გ----ს“ შპს „გ----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 279.50 ლარის გადახდა.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

ბესარიონ ტაბაღუა