განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
330210016001237096
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/740-18 12 თებერვალი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ლევან გვარამია

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი – გ----------–------;

წარმომადგენელი – შ--–-------------;

 

მოწინააღმდეგე მხარე – გ---–-----–----;

წარმომადგენელი – ლ-–-------;

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ---–-----–----ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე გ----------–------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1758,00 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე გ----------–------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის 70,32 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 25 დეკემბერს, ქ. თბილისში, არაყიშვილისა და რაზმაძის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და 123-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დამრღვევად მიჩნეული იქნა გ----------–------, რომელიც მართავდა ავტომანქანას „მიცუბისი პაჯერო“-ს, სახელმწიფო ნომრით - A------------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №აბ 0-------- (ს.ფ. 13).

 

სქემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმთან დანართი (ს,ფ, 14).

 

2.2. 2015 წლის 25 დეკემბერს, ქ. თბილისში, არაყიშვილისა და რაზმაძის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: O--------, რომელსაც მართავდა გ---–-----–----.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისადმი გ---–-----–----ს ახსნა-განმარტება (ს.ფ.16).

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისადმი გ----------–-----ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 17).

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №აბ 0-------- (ს.ფ. 13).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. გ----------–-----ის მიერ გ---–-----–----სათვის 2015 წლის 25 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 1758,00 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის

 

მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი კი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების პრინციპებს. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს 2016 წლის 06 იანვრის შპს „ა---“ №07 ინვოისი, რომლის მიხედვით, O-------- სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული Mercedes-Benz ML-350-ის ნაწილების - უკანა ბამპერის ქვედა პლასტმასის, უკანა მარცხენა მაშუქისა (სტოპი) და უკანა ბამპერის შუქამრეკლის ღირებულება შეადგენს შესაბამისად, 618,00; 823,00 და 67,00 ლარს, ხოლო სამღებრო და სათუნუქე სამუშაოების ღირებულებაა 500,00 ლარი - სულ ჯამში 2008 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს „ა---“ ინვოისში მოცემულია მანქანის შესაბამისი, ახალი ნაწილების ღირებულება. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა ახალი, არამედ მეორადი ნაწილების ღირებულების მიხედვით.

 

მოპასუხე მხარემ წარმოადგინა 2016 წლის 17 ნოემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნა, რომლის მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი O----------- სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული, 2012 წელს დამზადებული Mercedes-Benz ML-350-ის ავტომობილის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მისი ძარის გადაკრულობის უკანა მარცხენა ნაწილზე აღინიშნება მექანიკური/გასმითი სახის დაზიანების კვალი. კერძოდ, დაზიანებულია უკანა მარცხენა კუთხე, უკანა ბამპერის მარცხენა ამრეკლი, უკანა ბამპერის ქვედა პლასტმასის მოპირკეთება.

 

№0-------- ექსპერტიზის დასკვნაში წარმოდგენილია ზემოთ დასახელებული (უკანა ბამპერის ქვედა პლასტმასი, უკანა მარცხენა მაშუქი (სტოპი) და უკანა ბამპერის შუქამრეკლი) ახალი და მეორადი ნაწილების საბაზრო ღირებულებები, ამასთან აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ახალი ნაწილების ღირებულება და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ახალი ნაწილების ღირებულება ერთიდაიგივეა. ამავე დასკვნის მიხედვით, ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება ყველა ხარჯის ჩათვლით შეადგენს 250,00 ლარს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის დანაწესზე, რომელიც ითვალისწინებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა მისი მეორადი ნაწილების ღირებულებით არ შეესაბამება სსკ 408-ე მუხლის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, რომ 2015 წელს დაზიანებული, 2012 წელს დამზადებული ავტომანქანის შეკეთებისათვის ასანაზღაურებელი თანხა, ავტომობილის თუნდაც სრული სამწლიანი ცვეთის გათვალისწინებით, განისაზღვროს მეორადი ავტონაწილებით, მით უფრო, რომ უცნობია აღნიშნული ნაწილების გამოშვების თარიღი და მოხმარების ხანგრძლივობა, რაც რა თქმა უნდა აისახება აღნიშნული ნაწილების ხარისხზე. რაც შეეხება მომსახურების ღირებულებას, სასამართლო იზიარებს ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულ სამუშაოთა შესრულების ღირებულებას და მიაჩნია, რომ შესაბამისი ინფორმაცია მეტად სარწმუნოა საბაზრო მონაცემების ანალიზისთვის, შპს „ა---“ მიერ გაცემული ინვოისთან შედარებით, რამდენადაც, ეს უკანასკნელი ითვალისწინებს და ასახავს მხოლოდ ერთი კომპანიის მომსახურების ღირებულებას, შესაბამისად მომსახურების მიღება შესაძლებელია უფრო დაბალ ფასად.

 

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 03 ნოემბრის მდგომარეობით არსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სხვა ავტოსაგზაო შემთხვევა O-------- სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებულ Mercedes-Benz ML-350 ავტანამქანაზე დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

შესაბამისად, სარჩელისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ გ---–-----–----სათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს შესაცვლელი ახალი ავტონაწილების შესაბამისი საბაზრო ღირებულების, ჯამში 1508,00 ლარისა (618,00; 823,00 და 67,00 ლარი) და ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულ ჩასატარებელ სამუშაოთა საბაზრო ღირებულების - 250,00 ლარის მიხედვით, რაც მთლიანად შეადგენს 1758,00 ლარს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით მოწესრიგებას ექვემდებარება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინაააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი - დადგენილია, რომ გვანცა გვიშიანს მიადგა ზიანი, დაზიანებული ქონების აღდგენითი ღირებულება შეადგენს 1758,00 ლარს; 2. სახეზეა მართლწინააღმდეგობა - დადგენილია, რომ გიორგი ნ-–------მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რაც გამოიხატა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენაში; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა გ----------–-----ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა მოსარჩელის ქონება და შესაბამისად, გვანცა გვიშიანს არ მიადგებოდა ზიანი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის ყველა წინაპირობა. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გიორგი ნ-–------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1758,00 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ისე მიიჩნია ზიანი მიყენებულად, რომ არ აუხსნია რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას მიყენებულ ზიანთან. საყურადღებოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას არ შესწრებია სამართალდარღვევი ოქმის შემდეგენელი ორგანო, ხოლო თვით სამართალდარღვევის ოქმში კი არ არის მითითებული ზიანის შესახებ. მოსარჩელის ცალმხრივი ახსნა-განმარტება არ შეიძლება წარმოადგენდეს ზიანის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

 

3.2. აპელანტი სადავოდ ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილ, გარემოებას, რომლის შესაბამისადაც ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა განისაზღვრა 1758 ლარით. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ა---“ მიერ გაცემული ინვოისი არ შეიძლება წარმოადგენდეს ზიანის ოდენობის განმსაზღვრელ მტკიცებულებას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის ავტომობილს აღენიშნება მექანიკური/გასმითი სახის დაზიანების კვალი.

 

მოპასუხის შუამდგომლობა ექსპერტის დაკითხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ექსპერტის დაკითხვა პროცესზე ავსებს საექსპერტო დასკვნას. სწორედ ექსპერტის დასკვნაში მითთებული ზემოაღნიშნული გამოკვლებვის განმარტებას ითხოვდა მოპასუხე ექსპერტის დაკითხვის გზით. კერძოდ: მექანიკური და გასმითი სახის დაზიანება რას გულისხმობს და საჭიროებს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ნაწილების გამოცვლას. ექსპერტის დაკითხვაზე უარის თქმით, უკანონოდ და დაუსაბუთებლად უნდა ჩაითვალოს ზიანის ოდენობა დადგენილად. აპელანტის მოსაზრებით, რომ არა სასამართლოს სადავო განჩინებები მოწმეებთან და ექსპერტებთან დაკავშირებით გამოვიდოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოსრჩელის ავტომობილი არ წარმოადგენს ახალ ნივთს და შესაბამისად დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა ახალი ნაწილების ფასის მიხედვით ზიანის ანაზღაურების დაკისრება

 

3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ დაადგინა ზიანის ოდენობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისი არ შეიძლება წარმოადგენდეს ზიანის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. ის მხოლოდ განსაზღვრავს სხვადასხვა ნაწილების ღირებულებას, მაგრამ არა თვით ზიანის მიყენების ფაქტს და ზიანის მოცულობას. ასევე, სარჩელში არ არის მითითებული გარემოება და არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, რისი მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს ქ. თბილისში, არაყიშვილისა და რაზმაძის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალება „მიცუბისი პაჯერო“, სახელმწიფო ნომრით - A------------, რომელსაც მართავდა მოპასუხე გ----------–------. შეჯახების შედეგად დაზიანდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: O--------, რომელსაც მართავდა გ---–-----–----. გ----------–------ Nაბ0-------- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით, მიჩნეულ იქნა დამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (იხ. ტ.1, ს.ფ. 13-17)

 

4.2. 2016 წლის 06 იანვრის შპს „ა---“ №07 ინვოისის მიხედვით, O-------- სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული Mercedes-Benz ML-350-ის ნაწილების - უკანა ბამპერის ქვედა პლასტმასის, უკანა მარცხენა მაშუქისა (სტოპი) და უკანა ბამპერის შუქამრეკლის ღირებულება შეადგენს შესაბამისად, 618,00; 823,00 და 67,00 ლარს, ხოლო სამღებრო და სათუნუქე სამუშაოების ღირებულებაა 500,00 ლარი - სულ ჯამში 2008 ლარს (იხ. ტ.1, ს.ფ. 18)

 

4.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 ნოემბრის №0-------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მისი ძარის გადაკრულობის უკანა მარცხენა ნაწილზე აღინიშნება მექანიკური/გასმითი სახის დაზიანების კვალი. კერძოდ, დაზიანებულია: უკანა მარცხენა მაშუქი, უკანა ბამპერის მარცხენა კუთხე, უკანა ბამპერის მარცხენა ამრეკლი, უკანა ბამპერის ქვედა პლასტმასის მოპირკეთება.

 

4.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ისე მიიჩნია ზიანი მიყენებულად, რომ არ აუხსნია რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას მიყენებულ ზიანთან, ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმში არ არის მითითებული ზიანის შესახებ, შესაბამისად, მათ კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მითითებულ არგუმენტებს და თბილისის საპატრულო პოლიციის Nაბ0-------- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე (თანდართული სქემა და ახსნა-განმარტებები) დადგენილად მიიჩნევს, რომ მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის დროს, დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის უკანა მარცხენა ნაწილი. მართალია მითითებული სამართალდარღვევის ოქმი არ შეიცავს დაზიანებული ავტონაწილების კონკრეტულ ჩამონათვალს და ასეთი არც შეიძლებოდა ყოფილიყო მითითებული სამართალდარღვევის ოქმში, ამ დოკუმენტის დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, თუმცა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის უკანა მხრიდან დაზიანების ფაქტი ცალსახად დასტურდება.

 

4.5. აპელანტი ასევე პრეტენზიას აცხადებს ზიანის ოდენობაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა მექანიკური/გასმითი სახის დაზიანების კვალი, საჭირო იყო ექსპერტის დაკითხვა თუ რა სახის დაზიანებას გულისხმობს აღნიშნულიდა საჭიროებს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ნაწილები გამოცვლას.

 

აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან მოპასუხეს უარი ეთქვა ექსპერტის დაკითხვაზე, შესაბამისად, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული ზიანის ოდენობა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავად არის განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა.

 

პალატა განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი).

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტის მიზნით კვლევა ჩატარდა - პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით, 2012 წელს დამზადებული მაღალი გამავლობის ავტომობილი „Mercedes-Benz ML-350“-ს, მეორადი დეტალების შემოთავაზების წერტილებისა და ასევე შპს „ა---“ სერვისცენტრში, რა დროსაც დადგინდა დაზიანებული დეტალების, ახლისა და მეორადის (დაუზიანებელ მდგომარეობაში) საორიენტაციო საბაზრო ღირებულება.

 

დასკვნის თანახმად, ავტომანქანის დაზიანებული დეტალების - 1. უკანა ბამპერის ქვედა პლასტმასის ახალი მდგომარეობით ღირებულებაა - 618, ხოლო მეორადი ცალკე აღნიშნული დეტალის ფასი დასკვნის თანახმად, ვერ იქნა მოძიებული; 2. უკანა მარცხენა მაშუქის (სტოპი) ახალი მდგომარეობით ღირებულებაა - 823 ლარი, ხოლო მეორადის - 650 ლარი; 3. უკანა ბამპერის შუქამრეკლის (მარცხენა) ახალი მდგომარეობით ღირებულებაა - 67 ლარი, ხოლო მეორადის 100 ლარი. ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებაა (სამღებრო სამუშაოები, დაშლა-აწყობა) – 250 ლარი.

 

აღსანიშნავია, რომ მითითებულ დასკვნაში მოცემული დაზიანებული დეტალების ღირებულება ახალი მდგომარეობით თანხვედრაშია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „ა---“ ინვოისის ღირებულებებთან - უკანა ბამპერის ქვედა პლასტმასი 618 ლარი, უკანა მარცხენა მაშუქი (სტოპი) 823 ლარი და უკანა ბამპერის შუქამრეკლი (მარცხენა) 67,00 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 18)

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი 2016 წლის 06 იანვრის შპს „ა---“ №07 ინვოისისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 ნოემბრის დასკვნის შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა იზიარებს სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ იმ პირობებში როცა უცნობია მეორადი ნაწილების გამოშვების თარიღი და მათი ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანებული მაღალი გამავლობის ავტომობილი დამზადებულ იქნა 2012 წელს, რაც გულისხმობს, რომ ის ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომამდე ექსპლუატაციაში იმყოფებოდა მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისათვის ასანაზღაურებელი თანხა უნდა განსაზღვრულიყო ახალი ავტონაწილებით. რაც შეეხება ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებას სასამართლომ მხედველობაში მიიღო სწორედ შედარებით დაბალი ღირებულების მაჩვენებელი და მართებულად დაასკვნა, რომ შპს „ა---“ მიერ გაცემული ინვოისთან შედარებით, რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნა ითვალისწინებდა უფრო დაბალ ღირებულებას, შესაბამისად, სარწმუნო იყო ასეთი მომსახურების უფრო დაბალ ფასად მიღება. სადავო საკითხთან მიმართებით, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც ზიანის ოდენობის სხვაგვარად განსაზღვრის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობა სწორად განისაზღვრა - 1758,00 ლარით.

 

4.6. აპელანტი სააპელაციო საჩივრით ასევე სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებებს, რომლითაც მოპასუხის წარმომადგენელს უარი ეთქვა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ასევე სასამართლო სხდომაზე ექსპერტის დაკითხვის შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლო, გასაჩივრებული განჩინებების სსს კოდექსის 377–ე მუხლის ფარგლებში შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების წინმსწრები, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებული განჩინებები, ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დასაბუთებულია, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

4.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივ ურთიერთობას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე მითითებით, სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ სარჩელში, მოთხოვნა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან. შესაბამისად, მოცემული დავის მომწესრიგებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს. დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის დადგომის გარემოებები, აუცილებელია ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა და ზიანის დადგომასა და პირის ქმედებას შორის კაუზალური (მიზეზ-შედეგობრივი) კავშირი. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს ქ. თბილისში, არაყიშვილისა და რაზმაძის ქუჩების კვეთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით დამრღვევ პირად მიჩნეული იქნა მოპასუხე გ----------–------. ამასთან, აპელანტმა ვერ უზრუნველყო სასამართლოსათვის ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც ზიანის ოდენობას სხვაგვარად განსაზღვრავდა პალატა წინამდებარე განჩინების 4.5. პუნქტში მითითებული გარემოებების და მსჯელობის საფუძველზე იზიარებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 ნოემბრის №0-------- დასკვნის შედეგებს და მიიჩნევს, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოსარჩელის ავტომობილის დაზიანების შედეგად მოსარჩელეს მიადგა 1758,00 ლარის ოდენობით ზიანი.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---–-----–---- უფლებამოსილი იყო გ----------–-----ისაგან მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1758,00 ლარის ოდენობით, რამდენადაც არსებობს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობები და სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბოლოოდ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ, შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა, რის გამოც არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ----------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან გვარამია