განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210014624391
საქმე №2ბ/1905-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
I აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე)- ლ---–--------–----
წარმომადგენელი - ლ-–--------–---
II აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს ,,ყ--------------------–---“
წარმომადგენელი - გ---------------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ბ--------–-------“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.02.2017წ. გადაწყვეტილება.
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.02.2017წ. გადაწყვეტილებით:
1. ლ---–--------–----ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–-სს“ მოსარჩელე ლ---–---------–---ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 5026 ლარი მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
ბ. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–-სს“ მოსარჩელე ლ---–--------–----ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 4000 ლარი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
გ. მოთხოვნის დანარჩენ ნაწილებში მოსარჩელეს ერთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ქალაქ თბილისში, ნ----–---–------ 54-ში შპს ,,ყ---------------------–--ი“ და შპს ,,ბ--------–-------“ ახორციელებდნენ გაზის მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოებს, 2014 წლის 6 მაისს აღნიშნულმა სამუშაოებმა ხორციელდებოდა მოსარჩელე ლ---–--------–----ს ბინაში, რა დროსაც მოხდა გამოჟონილი და დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- შპს ,,ყ---------------------–--ის“ წერილი (ტომი 1, ს.ფ. 18);
- შპს ,,ყ---------------------–--სა“ და შპს ,,ბ-------------–------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი (ტომი 1, ს.ფ. 19-22;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 166-172);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოდან 2015 წლის 001 ივნისს შემოსული სისხლის სამართლის N006060514005 მასალების ასლები (ტომი მე-2 სრულად).
ბუნებრივი აირის შედეგად დაზიანდა მოსარჩელე ლ---–--------–----ს საცხოვრებელი სახლი, ხოლო ზიანის ღირებულებამ შეადგინა 5026 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- შპს ,,შ--------------–--“ მიერ მომზადებული დასკვნა N30/11-15/4 (ტომი 3, ს.ფ. 19-45).
მოსარჩელე არის პიანისტი, მუშაობს ხელოვნების სკოლაში, არის პედაგოგი, აგრეთვე ამზადებდა კერძო მოსწავლეებს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- მოწმეების - ნ-------------სა და და--------------–--ის ჩვენებები (იხ. 17/01/2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
აფეთქების შედეგად მოსარჩელემ მიიღო დამწვრობები, დაუქვეითდა სმენა, რის გამოც იგი იყენებს სმენის აპარატს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა -განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 13);
- აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის 16.09.2014 წლის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 80);
- ფოტოილუსტრაცია (ტომი 3, ს.ფ. 49-50);
- ჯ-----------------–---–ის კლინიკის 2015 წლის 26 იანვრის პასუხის ასლი (ტომი 3, ს.ფ.
62-64).
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სმენის დაქვეითების გამო იგი ვეღარ ახერხებს დაკვრას და მოსწავლეების მომზადებას, დაკარგა პროფესია და შრომისუნარიანობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- მოწმეების - ნ-------------სა და და--------------–--ის ჩვენებები (იხ. 17/01/2017 წლის
სასამართლო სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, იმის თაობაზე, რომ აფეთქების შედეგად მას ისე დაუზიანდა სმენადობა, რომ ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. მეტიც - მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მოცემული მდგომარეობით კვლავ მოღვაწეობს ხელოვნების სკოლაში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებისათვის ამზადებს მოსწავლეებს, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულ საქმიანობას იგი ახორციელებს სმენის სპეციალური აპარატის მეშვეობით. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იგი მომხდარი შემთხვევის შემდგომ შრომისუუნარო გახდა, გარდა მისი ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, რასაც ეწინააღმდეგება მის მიერ მოწვეული მოწმის ჩვენება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესით, მხარემ უნდა წარმოადგინოს მითითებული გარემოების მადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება მის მიერ მითითებული გარემოების სამტკიცებლად. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოება სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის ის პოზიცია, რომ დამწვრობის შედეგად ლ---–--------–----ს ჯანმრთელობისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2000 ლარი, ხოლო ყურის სპეციალური სასმენი აპარატის შეძენისთვის გაღებულ იქნა ხარჯი 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა მოსარჩელის პოზიცია ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ოდენობასა და სასმენი აპარატის ღირებულებასთან დაკავშირებით, რამდენადაც წერილობითი ან რაიმე სხვა სახის მტკიცებულება, ქვითრების თუ სხვაგვარი სახით, გარდა მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტებისა და საქმეზე დართული ინტერნეტ-გვერდის ინფორმაციის ამონაწერისა (ს.ფ. 47), საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---–----------–---ასთვის მიყენებული ზიანის გამო ბრალეულ მხარეს წარმოადგენს შპს ,,ყ----------------------–-სი“.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებებს სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლომ განმარტა, რომ დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპებზე დაყრდნობით, სარჩელს სასამართლოში აღძრავს მოსარჩელე, რომელიც თავად განსაზღვრავს მოპასუხეთა წრეს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს არასათანადო მოპასუხის შეცვლის შეთავაზებას სათანადო მოპასუხით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ განსაზღვრა მოპასუხეთა წრე, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის მიყენების გამო ბრალეულ პირად და სათანადო მოპასუხედ შპს ,,ყ--------------------–---“ უნდა იქნეს მიჩნეული, რამდენადაც, დადასტურებულია, რომ ლ---–---------–---ა წარმოადგენს შპს ,,ყ---------------------–--ის“ აბონენტს, მიეწოდება ბუნებრივი აირი და ახორციელებს მოხმარებული ბუნებრივი აირის შესაბამისად დარიცხული დავალიანების გადახდას, შესაბამისად, მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაშიც, ამავდროულად - დადგენილია, რომ შპს ,,ბ--------–-------“ შპს ,,ყ--------------------–---ს“ დავალების და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა ნ----–---–-------ში მრიცხველების გარეთ გამოტანასთან დაკავშირებულ ტექნიკურ სამუშაოებს. რაც შეეხება მოწმის (ს. სოლოიანი) განმარტებას, რომ ის მოსარჩელემ აიძულა სამუშაო შეესრულებინა, სასამართლოს მიერ გაზიარებეული ვერ იქნება. სამუშაოთა სპეცი- ფიურობისა და მისი სახიფათო ხასიათის გათვალისწინებით, თუნდაც არსებულიყო მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნა მისთვის ხელსაყრელ დროს სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ, შპს ,,ბ--------–------ს“ უნდა უზრუნველეყო აღნიშნულის კონტროლი. სათანადო, პროფესიული კუთხით მაღალი დონის კონტრაჰენტის შერჩევაზე პასუხისმგებელი აბონენტთან კი იყო სწორედ შპს ,,ყ--------------------–---“. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ, როგორც ლ---–--------–----სთან ხელშემ- კვრელი მხარე, შპს ,,ყ--------------------–---“ პასუხიმგებელია აბონენტის წინაშე ყოველგვარ ზიანთან დაკავშირებულ საკითხებში და მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი წარმოადგენს სწორედ შპს ,,ყ--------------------–---ს“ გაუფრთხილებელი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ლ---–---------–---ამ შპს ,,ყ---------------------–--ის“ მხრიდან გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად დამდგარი შემთხვევის გამო განიცადა მორალური ზიანი.
სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანი შეიძლება მდგომარეობდეს ფიზიკურ ტკივილში, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის ან სხვაგვარი ვნების მიყენებასთან. ამასთან, მორალური ზიანი პირდაპირ ებმის სხეულის დაზიანებას, როგორც ფსიქიკური და ზნეობრივ-ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე განიცდის. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ---–----------–---ამ ჯანმრთელობის დაზიანებასთან ერთად განიცადა მორალური ზიანი სულიერი ტანჯვისა და ტკივილის კუთხით, რამდენადაც დაუქვეითდა სმენა, ამის გამო ხელი ეშლება პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებაში და იძულებულია მუდმივად ატაროს სასმენი აპარატი, რათა სრულად არ დაკარგოს პროფესია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა _ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მართალია, ქმედებაში განზრახი ბრალის არარსებობა არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლო- ბისაგან გათავისუფლების საფუძველს და იგი პირს შეიძლება დაეკისროს გაუფრთხილებელობით ჩადენილი ქმედებისთვისაც, მაგრამ ზიანის ანაზღაურები- სათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს ასევე ქმედების მართლსაწინააღმდე- გოობა.
დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც ადგენს იმ ოთხ იმ ძირითად პირობას, რომელთა არსებობაც სავალდებულოა ზოგადად დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის. ეს პირობებია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი.
მართლსაწინააღმდგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერების ხასიათზე - აცნობიერებდა თუ არა ზიანის მიმყენებელი თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს.
ზიანი სამოქალაქო სამართალში არის პირის უფლებების ან კეთილდღეობის დამცირება, განადგურება. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით დოქტრინა და სასამართლო პრაქტიკა განასხვავებს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. სახელშეკრულებო ზიანი შედეგად მოჰყვება სახელშეკრულებო ვალდებულე- ბის დარღვევას, მაშინ როდესაც არასახელშეკრულებო ზიანი ძირითადად წარმოიშობა უშუალოდ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებიდან, როდესაც მხარეები არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობებში, ამიტომ, მას დელიქტურ ზიანსაც უწოდებენ. თუ არ არსებობს ზიანი, მაშინ საერთოდ არ არსებობს დელიქტური ვალდებულება. როცა სიკეთე ერთდროულად რელატიურ და აბსოლიტურ უფლებათა ობიექტია, მაშინ ეს უკანასკნელი ფარავს პირველს. არასახელშეკრულებო ზიანი წინასწარ შეუფასებელი ზიანია და მისი ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება იმის მიხედვით, თუ რა ფასეულობის სიკეთე იქნება ხელყოფილი. ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებ- რივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარე- ბულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მხარეს არ შეიძლება დაეკისროს პასუხის- მგებლობა, რომელიც „მიუღებელია“ ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხრის უსაფუძვლო გამდიდრება. ზიანის ანაზღაურების უმნიშვნელოვანეს დათქმას უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა წარმოადგენს.
ზიანის მიმყენებლის ბრალი პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ–ერთ პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის ბრალი. მოქმედებდა თუ არა ზიანის მიმყე- ნებელი ბრალეულად, განხილული უნდა იქნეს ცალკეული შემთხვევიდან გამომ- დინარე. ბრალეულობა სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. ბრალეულობის ცნებაში ამოსავალია სამოქალაქო ბრუნვი- სათვის ჩვეული ყურადღებიანობის მოთხოვნების დაცვა. ბრალეულობა შეიძლება გამოხატული იქნეს განზრახ ან გაუფრთხილებელი სახით. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სურვილით. გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას.
მიზეზშედეგობრივი კავშირი დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ასევე საჭიროა, რომ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობდეს მიზეზ–შედეგობრივი კავშირი. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის აუცილებელი ერთ–ერთი ელემენტია.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ის გარემოება, რომ აფეთქების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და თავად მოსარჩელემაც მიიღო ფიზიკური დაზიანებები - მიიღო დამწვრობა და დაკარგა სმენა, ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ზიანი მოსარჩელეს მიადგა შპს ,,ყ--------------------–---ს“ დაუდევ- რობის შედეგად, ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლის აღდგე- ნისთვის აუცილებელი ხარჯების ოდენობა შეფასებულია საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და შეადგენს 5026 ლარს, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს შპს ,,ყ--------------------–-სს“. რაც შეეხება ჯანმრთელობისთვის მიყენებუ- ლი ზიანის 2000 ლარისა და სასმენი აპარატის ღირებულების - 500 ლარის ანაზღაურების საკითხს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე არ არის წარმოდგენილი წერილობითი ან რაიმე სხვა სახის მტკიცებულება, ქვითრების თუ სხვაგვარი სახით, რაც დაადასტურებდა ლ---–--------–----ს მიერ მკურნალობისთვის და სასმენი აპარატის შეძენის გამო გაღებული ხარჯების ზუსტ ოდენობას, რაც თავის მხრივ იქნებოდა მოთხოვნის ადეკვატური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების თანახმად კი, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილო- ბითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების არსი სწორედ დაზარალებუ- ლისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედვე- ლობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, მას არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ აფეთქების შედეგად მას ისე დაუზიანდა სმენადობა, რომ ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. მეტიც - მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულ იქნა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე ლ---–--------–---- მოცემული მდგომარეობით კვლავ მოღვაწეობს ხელოვნების სკოლაში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებზე გაყავს მოსწავლეები, თუმცა აღნიშნულ საქმიანობას იგი ახორციელებს სმენის სპეციალური აპარატის მეშვეობით. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იგი მომხდარი შემთხვევის შემდგომ შრომისუუნარო გახდა, ასევე - არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასტურად, თუ რა შემოსავალი გააჩნდა ლ---–--------–----ს მოსწავლეთა მომზადებით, რამდენი მოსწავლე ჰყავდა და რა კონკრეტული ოდენობის თანხას იღებდა მათგან სწავლების სანაცვლოდ ჯამურად თვის განმავლობაში.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რაზეც ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას შრომისუუნარობით გამოწვეული ზიანის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, ყოველთვიური სარჩოს დაწესების გზით - 500 ლარის ოდენობით, რამდენადაც დადგენილია, რომ იგი სმენის აპარატის მეშვეობით, მაგრამ მაინც ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მოცემულ ნაწილში ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. მოცემული მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ტერმინი „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა – ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელემ მიიღო სხეულის დამწვრობა, დაუქვეითდა სმენა, ჯეროვნად ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას სმენის აპარატის გარეშე და უდავოა, რომ განიცდის მის მსგავს მდგომარეობას. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ მიიღო დიდი სულიერი ტრავმა, ასევე მორალური ზიანს ადასტურებს ისიც, რომ მოსარჩელე ხანშიშესული ქალბატონია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს სისტემატიურ კონტროლს და შემთხვევის შედეგად მიღებული დამატებითი დაზიანებები მის ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუარესებს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
სასამართლომ არაქონებრივი ზიანის მოცულობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო თავად მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მორალური ზიანის გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ზიანი მხოლოდ ხელყოფილი სიკეთის ხასიათის შესაბამისად არ უნდა განისაზღვროს, არამედ გათვალისწინებულ უნდა იქნას რამდენად მოეპოვება მიყენებულ ზიანს ბუნებრივი, ფულადი ეკვივალენტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის სახით 4000 ლარის განსაზღვრა გონივრული და სამართლიანია.
I. ლ---–--------–----ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
აპელანტის განმარტებით, 3.2.5 პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ იგი ვერ გაიზიარებს იმ ფაქტს, რომ სმენის დაქვეითების გამო მოსარჩელე ვეღარ ახერხებს დაკვრას, მოსწავლეების მიღებას, დაკარგა პროფესია და შრომისუნარიანობა. აპელანტი აღნიშნავს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოსარჩელეს მუსიკალური სკოლიდან არ ათავისუფლებენ ის არის, რომ იგი არის საქართველოში ღვაწლმოსილი პედაგოგი კლასიკურ ფორტეპიანოში. რეალურად მოსარჩელე ვეღარ ახერხებს დაკვრას ისე, როგორც აფეთქებამდე. მოსწავლეების მიღებას რაც შეეხება, შემოსავლის ძირითადი წყარო იყო კერძო მოსწავლეები, რა საქმიანობის განხორციელებაც, აფეთქების შემდეგ პრაქტიკულად სრულიად შეუძლებელი გახდა.
აპელანტი მიუთითებს, რომ სმენის აპარატის ღირებულების ამსახველი მტკიცებულებები წარმოდგენილია პირველ ინსტანციაში, რისი საპირისპირო დოკუმენტიც მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად გაუგებარია რატომ არ დააკმაყოფილა მოსამართლემ სარჩელი ამ ნაწილში.
გაუგებარი მიზეზების გამო მხოლოდ ერთი მოპასუხის მიმართ იქნა სარჩელი დაკმაყოფილებული, რაც აპელანტის განმარტებით არასწორია.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამ მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისთვის კუმულატიურად უნდა არსებობდეს რამდენიმე პირობა:
ყაზტარნსგაზ - თბილისის თანამშრომლებს ეკისრებოდათ ვალდებულება გაეტარებინათ ტექნიკური სამუშაოები ბუნებრივი აირის მრიცხველის გარეთ გატანასთან დაკავშირებით, თუმცა მათ მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, გაჟონა ბუნებრივმა აირმა, დაგროვდა და გამოიწვია აფეთქება, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ მათ არ დაიცვეს უსაფრთხოების ნორმები, რასაც მოჰყვა აფეთქება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლისა და 998-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოპასუხეები ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ზიანი სოლიდარულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს. მოცემულ შემთხვევაში, ყაზტრანსგაზ თბილისი იყო უშუალო სუბიექტი, რომელსაც ევალებოდა მილების ტექნიკური გამართულობა და ვის დაიქირავებდა იგი თავისი მოვალეობების შესასრულებლად, ეს მისი გადასაწყვეტი იყო და არანაირად არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტის განმარტებით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ორივე მოპასუხის ნაწილში უნდა დამდგარიყო.
3.2.8 პუნქტის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხის გაუფრთხილებელი ქმედებით მოსარჩელემ განიცადა მორალური ზიანი. მე-11 გვერდის მესამე აბზაცში სასამართლო ადგენს შემდეგს: სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას ისე დაუზიანდა სმენადობა, რომ ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. მეტიც - მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულ იქნა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე ლ---–--------–---- მოცემული მდგომარეობით კვლავ მოღვაწეობს ხელოვების სკოლაში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებზე გაყავს მოსწავლეები, თუმცა ამას აკეთებს სმენის სპეციალური ხელსაწყოთი. სასამართლოს შეფასებით არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელე შრომისუუნარო გახდა.
ამის შემდგომ, მე-12 გვერდის 1 აბზაცში აგრეთვე წერია: უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელემ მიიღო სხეულის დამწვრობა, დაუქვეითდა სმენა, ჯეროვნად ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას სმენის აპარატის გარეშე. და უდავოა, რომ განიცდის მის ამ მდგომარეობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მიიღო დიდი სულიერი ტრამვა, ასევე მორალურ ზიანს ისიც ადასტურებს, რომ მოსარჩელე ხანშიშესული ქალბატონია და მისი ჯამრთელობის მდგომარეობა საჭიროებს სისტემატურ კონტროლს და შემთხვევის შედეგად მიღებული დამატებითი დაზიანებები მის მდგომარეობას აუარესებს.
აპელანტს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები, სასამართლო გადაწყვეტილებაში სრულიად წინააღმდეგობრივია რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი არდაკმაყოფილების ნაწილში.
აპელანტი აღნიშნავს, რომ მას პრაქტიკულად მთელი თავისი ცხოვრება მიძღვნილი ჰქონდა პროფესიისათვის და ის ფაქტი, რომ მას აღარ აქვს აფეთქების შემდეგ ის სმენადობა, რაც მას მანამდე ჰქონდა, მისთვის უაღრესად დიდი ტკივილის შემცველია, რის გამოც არაერთთვიანი დეპრესიის გავლა მოუწია. ის ფაქტი, რომ მუსიკალური სკოლიდან არ გაუთავისუფლებიათ აფეთქების შემდეგ, მხოლოდ ადამიანურობის გამოხატულება იყო და არა იმ მოცემულობის აღიარება, რომ ლ---–--------–----ს არაფერი მოსვლია. მოწმემაც დაადასტურა, რომ ლ---–--------–---- ვეღარ ახორციელებს საქმიანობას ისე, როგორც ადრე და მისი როლი კონკურსებზე წარგზავნილი სტუდენტების დაკვალიანებაში ძირითადად გამოიხატება მუსიკალური პროგრამის შერჩევაში კონკრეტული კონკურსისთვის, რაც რა თქმა უნდა მხოლოდ გამოცდილების ხარჯზე ხდება. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ 4 000 ლარად მორალური ზიანის შეფასება სასამართლოს მიერ არასწორია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. კანონის თანახმად, მორალური ზიანი პირდაპირ ებმის სხეულის დაზიანებას, რაც ჩვენს შემთხვევაში სახეზეა, გარდა ამისა, მორალური ზიანი, როგორც ფსიქიკური და ზნეობრივ-ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე განიცდის, ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალური სიკეთის ხელყოფით, მოსარჩელეს მიადგა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება,(სხეულის დამწვრობა და სმენის დაქვეითება) რამაც გავლენა იქონია, არა მარტო მის ფიზიკურ სიჯანსაღეზე, არამედ სულიერ მდგომარეობაზეც, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ჯამრთელობის დაზიანების შედეგად, იგი ვეღარ შეძლებს პროფესიით მუშაობას. მოპასუხეების ბრალეული ქმედების შედეგად, მოსარჩელემ მიიღო უმძიმესი სმენის დაზიანება, რის გამოც იძულებულია მუდამ ატაროს ყურსასმენი აპარატი. თავისი არსით ამ ტიპის მორალური ზიანი შეუფასებელია, რადგანაც ეს პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ყველაზე უფრო დიდ სულიერ ტკივილს, რა დროსაც აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში განვიხილავთ დამსახურებული ხელოვანის საკითხს, რომელიც ბევრად უფრო მწვავედ აღიქვამს პროფესიის დაკარგვის საკითხს, ვიდრე უბრალო მოყვარული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გ პუნქტის საფუძველზე, ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან, მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე. აღნიშნული მუხლი არსად ახსენებს, რომ საქმეში უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს რატომღაც მოხსენიებული აქვს და დადგენილი აქვს, რომ მისი არსებობის გარეშე დაუშვებელია, რომ სუბიექტი გათავისუფლდეს ბაჟის გადახდისგან.
აპელანტის განმარტებით წინამდებარე ლოგიკა არის არასწორი, რადგანაც სისხლის სამართლის საქმეები იწელება წლობით და იმ განმარტების ძალაში დატოვებით, რომ განაჩენის გარეშე დაუშვებელია სუბიექტის ბაჟისგან გათავისუფლება არის უსაფუძვლო.
II. შპს ,,ყ--------------------–---ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/18291-14 მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში: "სსსკ") 102-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მოსარჩელე პროცესის მსვლელობისას აქტიურად აპელირებდა, რომ აფეთქების შემდგომ, სმენის დაქვეითების გამო, ვეღარ ასრულებდა პროფესიულ საქმიანობას, ვეღარ ახერხებდა დაკვრას და მოსწავლეების მომზადებას, რის გამოც დაკარგა პროფესია და შრომისუნარიანობა.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.5. პუნქტის თანახმად არ გაიზიარა მოსარჩელის ზემოაღნიშნული პოზიცია, "მეტიც - მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მოცემული მდგომარეობით, ჩვეულებისამებრ, კვლავ მოღვაწეობს ხელოვნების სკოლაში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებისათვის ამზადებს მოსწავლეებს და ა.შ. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იგი მომხდარი შემთხვევის შემდგომ შრომისუუნარო გახდა, გარდა მისი ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, რაც ეწინააღმდეგებოდა მის მიერ მოწვეულ მოწმეთა ჩვენებას.
საყურადღებოა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობის პარალელურად სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.8. პუნქტის თანახმად დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ---–--------–----მ სწორედ შპს "ყ--------------------–---ს" მხრიდან გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად დამდგარი შემთხვევის გამო, ჯანმრთელობის დაზიანებასთან ერთად, განიცადა მორალური ზიანი სულიერი ტანჯვისა და ტკივილის კუთხით, რამდენადაც დაუქვეითდა სმენა და ხელი ეშლება პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებაში. სასამართლომ გადაწყვეტილების 6.1. პუნქტის ბოლო აბზაცში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სწორედ აფეთქების შედეგად "დაკარგა სმენა." აქვე, მოსამართლე გადაწყვეტილების 6.2. პუნქტის მე-5 აბზაცში აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომ სწორედ აფეთქების შემდგომ დაუქვეითდა სმენა და გახდა შრომისუუნარო, ვინაიდან იგი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა პროფესიულ საქმიანობას - ამზადებდა მოსწავლეებს. ხოლო გადაწყვეტილების 6.3. პუნქტის პირველი აბზაცის თანახმად, სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს აფეთქების შემდგომ დაუქვეითდა სმენა, და ჯეროვნად ვეღარ ასრულებს პროფესიულ საქმიანობას.
პროცესის პირველივე დღეს შპს "ყ--------------------–-სმა" იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე და სსსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა არასათანადო მოპასუხედ ცნობა, თუნცა სასამართლომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე, "საქმის განხილვის" არცერთ ეტაპზე არავითარი ქმედება არ განახორციელა, კერძოდ არ მიიღო განჩინება, რომელშიც აღიწერებოდა შუამდგომლობაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული ქმედებით კი დაირღვა სსსკ-ით განმტკიცებული მხარეთა დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობისა და სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპები.
სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიჩნია, რომ ლ---–--------–----სათვის მიყენებული ზიანის გამო ბრალეულ მხარეს წარმოადგენდა შპს "ყ--------------------–---". მან არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ დისპოზიციურობის პრინციპის პარალელურად, როდესაც შპს "ბ-------" ცენტრს არც კი აღუნიშნავს თავის არასათანადო მოპასუხეობასთან დაკავშირებული საკითხი, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, სათანადო მოპასუხედ მხოლოდ შპს "ყ--------------------–---" უნდა დასახელებულიყო, რამდენადაც დადასტურებული იყო, რომ კომპანიასა და ლ---–--------–----ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც გამოიხატებოდა განაწილების ლიცენზიანტის მხრიდან ბ/აირის მიწოდებასა და აბონენტის მხრიდან ღირებულების გადახდაში.
აპელანტის განმარტებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ შპს "ყ--------------------–---ს" მიერ წარდგენილი 2014 წლის 26 მარტის მომსახურების ტიპის ხელშეკრულების თანახმად, შპს "ბ-------" ცენტრი წარმოადგენდა ქვეკონტრაქტორ კომპანიას, რომელიც საკუთარი მუშახელით უზრუნველყოფდა ნარდობის ტიპის მომსახურებას - საყოფაცხოვრებო (არასაყოფაცხოვრებო) ფართებიდან მრიცხველების გარეთ გამოტანას. ამავე ხელშეკრულების 5.1.1. პუნქტის თანახმად, კი: "ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებს განხორციელებისას შემსრულებელი პასუხს აგებდა მესამე პირებისა და მათი ქონებისათვის მიყენებული ზიანისათვის. სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას თავისი პოზიცია დაასაბუთა შემდეგნაირად, კერძოდ: "მართალია შპს "ბ--------–-------" ვალდებული იყო უზრუნველეყო სამუშაოების ჯეროვნად შესრულება, თუმცა შპს "ყ--------------------–---"ვალდებული იყო უფრო მაღალი დონის კონტრაჰენტი შეერჩია შპს " ბ--------–-------ს" თანამშრომლის სეირან პალიკიანისა და სერგო სოლოიანის სახით (მოწმედ დაკითხული ზეინკალ/შემდგუღებლები), რომელთაც სასამართლო პროცესზე წარმოადგინეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დიპლომები.
აპელანტის განმარტებით სასამართლომ ზემოაღნიშნული მსჯელობისასა უგულებელყო მოწმედ დაკითხული სეირან პალიკიანისა და სერგო სოლოიანის, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე აღძრული გამოძიებისას ჩამორთმეული, ასევე სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებები, რომელთა თანახმადაც ხელოსნები სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, რაზეც ინფორმირებულები იყვნენ როგორც უშუალო დამსაქმებლის - შპს "ბ--------–-------ს" მხრიდან, აგრეთვე თავად ხსენებული კომპანიის ხელმძღვანელობა ინფორმირებული იყო დამკვეთის - შპს "ყ--------------------–---ს" მხრიდან.
მოწმეთა ჩვენებების თანახმად, სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, ხელოსნებმა საკუთარი ინიციატივითა და ლ---–--------–----ს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად "ავტომობილში ჩალაგებული შესადუღებელი აპარატი უკან ამოიღეს" და დაიწყეს მრიცხველის გარეთ გამოტანის სამუშაოები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდისათვის არც მენარდის და არც შემკვეთის არცერთი თანამშრომელი ნ----–---–-------ში აღარ იმყოფებოდა, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბ/აირი უკვე გაშვებული იყო სისტებაში და შესაბამისად, იმ დღის სამუშაოები დასრულებული იყო.
აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება სამოქალაქო კოდექსით (შემდგომში: "სსკ") მოწესრუგებულ შემდეგ საკითხებზე, კერძოდ: სსკ-ის 629-ე მუხლის თანახმად "ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური." სსკ-ის 639-641-ე მუხლის მიხედვით: "თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამასთან, ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ. ასევე, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება,თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას." სსკ-ის 650-651-ე მუხლების თანახმად: "მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის ქონების დაღუპვის ან დაზიანებისათვის გაუფრთხილებლობის დროსაც. ამასთან, მენარდეს ეკისრება შესრულებული სამუშაოს შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი შემკვეთისათვის შესრულების გადაცემამდე. გადაცემასთან ერთად შემკვეთზე გადადის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი. გადაცემას უთანაბრდება ისიც, როცა შემკვეთი აყოვნებს მიღებას."
აქვე სასურველია აღვნიშნოთ, სსკ-ის 415- მუხლი, რომელიც შეეხება ე.წ. "შერეულ ბრალს" კერძოდ, "თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული." ასევე, სსკ-ის 463-464-ე მუხლები, რომელთა თანახმადაც, "თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამასთან, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით." სასამართლომ კი არ დაასაბუთა თუ რატომ მიიჩნია შპს "ბ--------–------- " სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად არასათანადო მოპასუხედ, და მინიმუმ რატომ არ იყო სახეზე სოლიდარული პასუხისმგებლობა ან თავად ლ---–--------–----ს ქმედებებში რატომ არ გამოიხატებოდა ე.წ. "შერეული ბრალი".
აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება, რომ ნარდობის ხელშეკრულების თანახმად მხოლოდ მენარდე შპს "ბ--------–-------" წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, უფრო მეტიც მენარდის სათანადო აპელირებისა და ზეინკალ/შემდუღებლების ე.წ. აღიარებითი ჩვენებების ფონზე სასამართლომ სათანადო მოპასუხედ მაინც შპს "ყ--------------------–---" განსაზღვრა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პალიკიანისა და სოლოიანის ჩვენებების თანახმად, შემდუღებელი და ზეინკალი უშუალოდ აფეთქების კერასთან იმყოფებოდნენ, ვინაიდან სწორედ შესადუღებელ აპარატზე ცეცხლის მოკიდებისას მოხდა აფეთქება, ხოლო ლ---–--------–---- კი ზღურბლს მიღმა იდგა, პროცესის მსვლელობისას ნათელი გახდა რომ არც პალიკიანს და არც სოლოიანს სხეულის დამწვრობისა გარდა, ჯანმრთელობის სხვა სახის დაზიანება, მაგალითად სმენის დაქვეითების სახით არ აღენიშნებოდათ. საქმეში არსებული 2014 წლის 16 სექტემბრის №752/1 დასკვნის თანახმად, 72 წლის ლ---–--------–----ს აღენიშნებოდა სმენის დაქვეითება რომლის სარეაბილიტაციოდაც საჭირო იყო სმენის აპარატი. ხსენებული დოკუმენტის გარდა მხარეს არავითარი სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომ სმენის დაქვეითება დაკავშირებული არ იყო ასაკთან ან სხვა სახის ფაქტორთან და გამოწვეული იყო უშუალოდ აფეთქების შედეგად.
სასამართლომ ერთი მხრივ აღნიშნა, რომ სსკ-ის 317-ე მუხლის თანახმად "ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო აპელირებს დელიქტურ ვალდებულებაზე ე.წ. "გენერალურ დელიქტზე" რომლის თანახმადაც : "პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. (სსკ-ის 992-ე მუხლი). სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დელიქტური ვალდებულების არსებობისათვის სახეზე უნდა იყოს ოთხი კუმულატიური ელემენტი, კერძოდ - მართლწინააღმდეგობა; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი, თუმცა აღნიშნული ნორმის ფარგლებში, ვერ ასაბუთებს მოპასუხის - მითუფრო, მოსარჩელესა და შპს "ყ--------------------–-სს" შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის როლს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,ქალაქ თბილისში, ნ----–---–------ 54-ში შპს ,,ყ---------------------–--ი“ და შპს ,,ბ--------–-------“ ახორციელებდნენ გაზის მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოებს, 2014 წლის 6 მაისს აღნიშნული სამუშაოები ხორციელდებოდა მოსარჩელე ლ---–--------–----ს ბინაში, რა დროსაც მოხდა გამოჟონილი და დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქება.
ბუნებრივი აირის შედეგად დაზიანდა მოსარჩელე ლ---–--------–----ს საცხოვრებელი სახლი, ხოლო ზიანის ღირებულებამ შეადგინა 5026 ლარი.
მოსარჩელე არის პიანისტი, მუშაობს ხელოვნების სკოლაში, არის პედაგოგი, აგრეთვე ამზადებდა კერძო მოსწავლეებს.
აფეთქების შედეგად მოსარჩელემ მიიღო დამწვრობები, დაუქვეითდა სმენა, რის გამოც იგი იყენებს სმენის აპარატს.
შპს ,,ყ--------------------–---ს“ სააპელაციო საჩივართანდაკავშირებით პალატა მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას პასუხს აგებს დაზარალებული პირის წინაშე.
სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს შორის უმნიშვნელოვანესია ერთ-ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ხელშეკრულების დებულების დარღვევის გზით; ამასთან სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზანსა და დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, როგორც წესი ვალდებულების დარღვევა უნდა იყოს ბრალეული.
აღნიშნული წინაპირობების არსებობა განაპირობებს დამრღვევი მხარის მიმართ პირველადი და მეორადი მოთხოვნების წარმოშობას, კერძოდ, ვალდებულების შესრულების, როგორც პირველადი მოთხოვნის, ასევე იმ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაც წარმოიშვა დამრღვევი მხარის ქმედების შედეგად (მეორადი მოთხოვნა).
ვალდებულების დარღვევის ერთიან ცნებას კანონმდებელი არ იძლევა. ერთ-ერთი მხარის ხელშეკრულების ჯეროვნად არშესრულების ან ხელშეკრულების პირობების სხვაგვარად დარღვევის შემთხვევაში იქმნება ურთიერთვალდებულებათა ნორმალური რეალიზაციის შეუძლებლობა, რაც იწვევს დამრღვევის პასუხისმგებლობას.
ზიანის ანაზღაურება ყოველთვის გულისხმობს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ერთი მონაწილის პასუხისმგებლობას მეორე მონაწილის წინაშე. ზიანის ანაზღაურებაში განმსაზღვრელია აღიარებული პრინციპი, რომლის შესაბამისადაც აღნიშნული მოთხოვნა (ზიანის ანაზღაურება) (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულების დარღვევის ყველა შემთხვევისათვის (სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საერთო ფორმა)
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში იურიდიული თანასწორობის აღიარების მიუხედავად მეწარმეთა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებობა სამოქალაქო ბრუნვის სხვა მონაწილეთა პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო აღმატებულია. აღნიშნული განსაკუთრებით შეეხება მომხმარებელთან დადებულ სტანდარტული დებულებების შემცველ ხელშეკრულებებს.
სამოქალაქო კოდექსი მხარეებისაგან მოითხოვს ურთიერთპატივისცემასა და გულისხმიერებას კონტრაჰენტთან მიმართებით, ამ თვალსაზრისით ორივე მხარეს შეთანხმებულზე მეტ ვალდებულებას აკისრებს (316-ე მუხლის მე-2 ნაწ.) (იხ. საქმე ას-992-1245-05. 2006 წლის 14 თებერვალი). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები შპს “ყ-------------------–-სი“ და ლ---–--------–---- იმყოფებიან ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში, კერძოდ, ლ---–--------–---- წარმოადგენს შპს “ყ-------------------–-სის“ აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდებისა და შესაბამისი საფასურის გადახდის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე. დადგენილია, რომ შპს ,,ბ--------–-------“ ახორციელებდა მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოებს შპს “ყ-------------------–-სის“დავალებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. პალატას მიაჩნია, რომ მრიცხველების გარეთ გატანის სამუშაოების სათანადოდ, უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულება, (რაც ასევე გულისხმობს ტექნიკური სამუშაოების უშუალო შემსრულებლის სათანადოდ შერჩევას) აბონენტის, ლ---–--------–----ს წინაშე ეკისრებოდა სწორედ, შპს “ყ-------------------–-სს“, როგორც აბონენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ მეწარმე სუბიექტს.
ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს შპს “ყ-------------------–-სის“ პოზიციას ქვეკონტრაქტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მესამე პირების მიმართ მათი ქონების დაზიანების შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის პასუხისმგებლობის თაობაზე და მიაჩნია, რომ აბონენტის (კონტრაჰენტის) მიმართ გულისხმიერების ვალდებულება, რაც შეთანხმებულზე მეტ ვალდებულებებს აკისრებს მხარეს, არ შეიძლება გამოირიცხოს, ამ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გადაკისრების შეთანხმებით.
პალატა ვერ გაიზიარებს შპს “ყ-------------------–-სის“ პოზიციას ვერც შერეული ბრალის არსებობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რმ საქმის მასალებით ლ---–--------–----ს ბრალეულობა ზიანის დადგომაში არ არის დადგენილი. ლ---–--------–----ს “დაჟინებული თხოვნა“ არასამუშაო საათებში სამუშაოების ჩატარების თაობაზე, ასეთის დადგენის შემთხვევაშიც ზიანის წარმოშობაში მოსარჩელის ბრალეულ ქმედებად ვერ შეფასდება.
ლ---–--------–----ს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატას მიაჩნია, რომ
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ის გარემოება, რომ აფეთქების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და თავად მოსარჩელემაც მიიღო ფიზიკური დაზიანებები - მიიღო დამწვრობა და დაკარგა სმენა, შესაბამისად ზიანი, რომელიც დადასტურებულია საქმის მასალებით უნდა დაეკისროს შპს ,,ყ--------------------–-სს“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ყურის სპეციალური სასმენი აპარატის შეძენისთვის გაღებულ იქნა ხარჯი 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. ამასთან ყურსასმენი აპარატის გამოყენების აუცილებლობა საქმის მასალებით დადგენილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ყურსასმენი აპარატის შეძენის ხარჯის 500 ლარის ნაწილში სარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ყოველთვიური სარჩოს დაკისრებას 500 ლარის ოდენობით, პალატა მიუთითებს შემდეგს:
მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მოცემული მდგომარეობით კვლავ მოღვაწეობს ხელოვნების სკოლაში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებისათვის ამზადებს მოსწავლეებს, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულ საქმიანობას იგი ახორციელებს სმენის სპეციალური აპარატის მეშვეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების თანახმად თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილო- ბითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების არსი სწორედ დაზარალებუ- ლისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედვე- ლობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, მას არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი).
პალატა აღნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ აფეთქების შედეგად მას ისე დაუზიანდა სმენადობა, რომ ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, პალატა მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულ ფაქტზე, რომ მოსარჩელე ლ---–--------–---- მოცემული მდგომარეობით კვლავ მოღვაწეობს ხელოვნების სკოლაში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ღონისძიებებზე გაყავს მოსწავლეები, თუმცა აღნიშნულ საქმიანობას იგი ახორციელებს სმენის სპეციალური აპარატის მეშვეობით, აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელის შრომის უნარის შემცირების გარემოებებს, რაც საფუძველია ყოველთვიური სარჩოს თაობაზე მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სარჩოს ოდენობად უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 250 ლარი, რაც შეადგენს მოსარჩელის მიერ მითითებულ ყოველთვიური შემოსავლის 500 ლარის 50%-ს.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და შეფასებას, კერძოდ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. მოცემული მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ტერმინი „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა – ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელემ მიიღო სხეულის დამწვრობა, დაუქვეითდა სმენა, ჯეროვნად ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას სმენის აპარატის გარეშე და უდავოა, რომ განიცდის არსებულ მდგომარეობას. უდავოა, რომ მოსარჩელემ მიიღო დიდი სულიერი ტრავმა, ასევე მორალური ზიანს ადასტურებს ისიც, რომ მოსარჩელე ხანშიშესული ქალბატონია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს სისტემატიურ კონტროლს და შემთხვევის შედეგად მიღებული დამატებითი დაზიანებები მის ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუარესებს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
მორალური ზიანი შეიძლება მდგომარეობდეს ფიზიკურ ტკივილში, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის ან სხვაგვარი ვნების მიყენებასთან. ამასთან, მორალური ზიანი პირდაპირ ებმის სხეულის დაზიანებას, როგორც ფსიქიკური და ზნეობრივ-ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე განიცდის. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ---–----------–---ამ ჯანმრთელობის დაზიანებასთან ერთად განიცადა მორალური ზიანი სულიერი ტანჯვისა და ტკივილის კუთხით, რამდენადაც დაუქვეითდა სმენა, ამის გამო ხელი ეშლება პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებაში და იძულებულია მუდმივად ატაროს სასმენი აპარატი, რათა სრულად არ დაკარგოს პროფესია.
სასამართლო არაქონებრივი ზიანის მოცულობის განსაზღვრისას ითვალისწინებს თავად მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანს. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მორალური ზიანის გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ზიანი მხოლოდ ხელყოფილი სიკეთის ხასიათის შესაბამისად არ უნდა განისაზღვროს, არამედ გათვალისწინებულ უნდა იქნას რამდენად მოეპოვება მიყენებულ ზიანს ბუნებრივი, ფულადი ეკვივალენტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მორალური ზიანის სახით 4000 ლარის განსაზღვრა გონივრული და სამართლიანია.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მოპასუხე მხარის მიერ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის ანაზღაურების თაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელი და სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესით, მხარემ უნდა წარმოადგინოს მითითებული გარემოების მადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება მის მიერ მითითებული გარემოების სამტკიცებლად. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოება სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ყ--------------------–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ლ---–--------–----ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მოსარჩელისათვის სარჩოს დაკისრების და ყურსასმენი აპარატის შეძენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან ლ---–--------–---- გათავისფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7% (3%+4%)-ის ოდენობით 1296.8 ლარი. ამასთან, ლ---–--------–----ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
შპს ,,ყ--------------------–-სს“ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 361.04 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ყ--------------------–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ლ---–--------–----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.02.2017წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით სარჩოს დაკისრების და ყურსასმენი აპარატის შეძენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის, აგრეთვე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს ,,ყ--------------------–-სს“ ყოველთვიური სარჩოს სახით გადასახდელად დაეკისროს 250 ლარის გადახდა მოსარჩელე ლ---–--------–----ს სასარგებლოდ;
5. შპს ,,ყ--------------------–-სს“ დაეკისროს ლ---–--------–----ს სასარგებლოდ ყურსასმენი აპარატის შეძენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით;
6. შპს ,,ყ--------------------–-სს“ დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 1296.8 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
7. შპს ,,ყ--------------------–-სს“ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 361.04 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
8. ლ---–--------–----ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზ------------ძეს მიერ სარჩელზე 17.09.2014წ. და 26.02.2015წ. სს ,,ბ--------------–--ას“ მეშვებით (საგადახდო დავალება #1, #1) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი