განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
020211419700072889
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020211419700072889

საქმე №2/ბ-38-19წ. განჩინება საქართველოს სახელით 06 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატა მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), თამარ სვანიძე, ირმა პერანიძე სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - ე-–-----------------

წარმომადგენელი - ნ---------------

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – გ----------------------------------------------–----

წარმომადგენელი - ნ-------------–---–-

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის-იმერეთის რეგიონალური ოფისის ლ------ის ფილიალი

წარმომადგენელი - გ-------------–---

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა (უფლებამონაცვლე ლ------ის მუნიციპალიტეტის მერია)

დავის საგანი - კომლის გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების, საკომლო ჩანაწერისა და თანამდევი შედეგის-რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება 2.1. 2017 წლის 25 ივნისს ე-–----------------მა ადმინისტრაციული სარჩელის ფორმაში შედგენილი სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს ლ------ის მუნიციპალიტეტში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლ------ის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის (უფლებამონაცვლე ლ------ის მუნიციპალიტეტის მერია), გ------------------ს, ა-------------ს, ი---------–---ის მიმართ საკომლო წიგნის ჩანაწერების ბათილად ცნობისა და რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის მოთხოვნით მოპასუხეების გ------------------ს, ა-------------სა და ი---------–---ის ნაწილში. (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ. 2-14). 2.2. ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ლ------ის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით ე-–-----------------ს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლ------ის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის (უფლებამონაცვლე ლ------ის მუნიციპალიტეტის მერია), გ------------------ს, ა-------------ს, ი---------–---ის მიმართ საკომლო წიგნის ჩანაწერების ბათილად ცნობისა და რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე - განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ცაგერის რაიონულ სასამართლოს. (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 58-60). 2.3. ცაგერის რაიონული 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნა მიღებული წარმოებაში (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 65). 2.4. 2017 წლის 12 აპრილს ე-–----------------მა დაზუსტებული ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლ------ის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის (უფლებამონაცვლე ლ------ის მუნიციპალიტეტის მერია), გ------------------ს, ა-------------ს, ი---------–---ის მიმართ 2001 წლის 02 თებერვლის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მისი თანმდევი შედეგის - რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის მოთხოვნით (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 146-160). 2.2. დაზუსტებული სარჩელის საფუძვლები მოსარჩელემ სარჩელში დავის ფაქტობრივ გარემოებებად მიუთითა შემდეგზე: 2.2.1. 2002 წლის 09 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერით, სადავო უძრავი ქონება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტით №--- კომლის უფროსად დარეგისტრირდა მ--------------- მოსარჩელის დედა, რომელმაც 9 შვილიდან ე-–----------------- გამოარჩია და მასთან ერთად დარჩა საცხოვრებლად. მისი დანარჩენი დედ-მამიშვილები სხვაგან ცხოვრობდნენ, სახელდობრ მოპასუხეები - გ------------------ და ი---------–---ი 20 წელზე მეტია საცხოვრებლად გადასულები არიან წ---–-----------------ს სოფელ ს-----–--ში. 2.2.2. 1986-2002 წლების საკომლო მონაცემებით დგინდება, რომ მოპასუხეები აღარ ითვლებოდნენ ე-–-----------------ს კომლის წევრებად. საარქივო ცნობა ადასტურებს, საკომლო წიგნში მათ შესახებ ჩანაწერი გადახაზულია, ამდენად მათ არ მოუპოვებიათ თანასაკუთრების უფლება მისი კომლის ქონებაზე. 2.2.3. 2006 წელს მ-------------- გარდაიცვალა. კომლში ის დედასთან ერთად იყო ჩაწერილი. შესაბამისად, მან 757 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლი დარეგისტრირება თავის სახელზე. 2.2.4. 2015 წლის აპრილის თვეში მასთან მივიდა პოლიცია, რომელმაც მოსთხოვა, რომ მისი ძმა ოჯახით ამ სახლში მოეყვანა და 2 ოთახი დაეთმო. მან აღნიშნულის გამო განმარტება გააკეთა პოლიციაში, რომ ამ სახლის 4 ოთახიდან მხოლოდ ორი იყო მისი ძმის საკუთრებაში, ხოლო დარჩენილი 2 ოთახი და მიწის ნაკვეთი 757 კვ.მ. იყო მის სახელზე დარეგისტრირებული. ამის შესახებ არსებობს რეესტრის ამონაწერი, რომლის საფუძველიცაა წყალტუბოს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება და საკომლო წიგნის ჩანაწერი. 2.2.5. მოსარჩელის მითითებით,2000 წელს ლ------ის რაიონი დააზარალა სტიქიამ და თითო ოჯახზე ერთდროული დახმარების სახით გაიცა 5 000 ლარი, ეს იყო სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარება. იმის გამო, რომ გ------------------ იმ კომპენსაციის მიმღები პირი გამხდარიყო, უნდა ყოფილიყო კომლად რეგისტრირებული სოფელ ჭ---–--ში. აღნიშნული მიზნით მოპასუხე გ-----------------მა გააყალბა მ--------------ს სახელზე შედგენილი განცხადება,რაც წარუდგინა სოფელ ჭ---–---ს მაშინდელ წარმომადგენელს და მოითხოვა მ--------------ს კომლის ორად გაყოფა იმგვარად, რომ ერთი კომლის წევრები ყოფილიყვნენ მ-------------- და ე-–-----------------, ხოლო მეორისა - გ------------------, ა------------- და ი---------–---ი და მათ შორის გაყოფილიყო მ--------------ს კომლის ქონებაც, რაც რეალურად არ მომხდარა. ზემოხსენებული გაყალბებული განცხადების საფუძველზე შემდგომში გაცემული იქნა 2001 წლის 02 თებერვლით დათარიღებული სადავო აქტი, რის შედეგადაც მან მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე. გ------------------ს მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საარქივო ცნობის გაყალბების თაობაზე, რომელიც შეწყდა ხანდაზმულობის გამო, თუმცა სახეზეა საარქივო ცნობის გაყალბების ფაქტი. 2.3. მოპასუხეებმა გ-----------------მა, ა------------მა, და ი---------–---მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს შემდეგზე (იხ. ტომი 1-ლი ს.ფ. 74-81 და ს.ფ. 202-211): 2.3.1. ლ------ის რაიონის ს------–----–---ში 1986-2002 წლისა და 1-------- წლის საკომლო წიგნების ჩანაწერების არქივში დაცული მონაცემების თანახმად, 2001 წელს მოხდა კომლის გაყოფა, შედეგად გაკეთდა 2 კომლის შესახებ ჩანაწერი. პირველი კომლი: 1. კომლის უფროსი გ------------------; ი---------–---ი და ა-------------, მეორე კომლი: 1. კომლის უფროსი მ--------------; ე-–------ (ვ--–---) კ--------ი. გ------------------, ი---------–---ი და ა------------- მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ცხოვრობდნენ ლ------ის რაიონის სოფელ ჭ---–--ში. 2.3.2. განცხადება, რომელზეც მხარე საუბრობს არ არის უფლების დამდგენი დოკუმენტი, არამედ იგი არის განაცხადი კომლის გაყოფის შესახებ, შესაბამისად, ამ განცხადებით ვინმე თანამესაკუთრე ვერ გახდებოდა. მანამდე არსებული საარქივო ცნობით კი დასტურდება, რომ კომლის წევრები იყვნენ მ--------------, ე-–-----------------, გ----------------------------------------------–----. 2.3.4. კომლის გაყოფის შესახებ არსებული ორი განცხადებიდან, მართალია, ერთზე მ--------------ს ხელმოწერა გაყალბებული იყო, თუმცა ამას არ გამოუწვევია საარქივო მონაცემების გაყალბება, რადგან კომლის გაყოფას საფუძვლად დაედო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს აქტი კომლის გაყოფის შესახებ და შეასბამისი გეგმა- ნახაზი. ხსენებულ ადმინისტრაციული აქტი კანონიერია და მისი ბათილობის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ასევე მოთხოვნა ხანდაზმულია. 2.4. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლ------ის ფილიალის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე (იხ.ტომი 1-ლი ს.ფ. 112-121): 2.4.1. სარეგისტრაციო წარმოებისას მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ცნობილი არ იყო საარქცივო ცნობის გაყალბების შესახებ. უფრო მეტიც, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს წარმოდგენილი ცნობის ნამდვილობისათვის. მარეგისტრეებელ ორგანოს პასუხიმგებლობა ეკისრება სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების დაცვასა და მათ ურთიერთშესაბამისობაზე. 2.4.2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით დგინდება, რომ ლ------ის რაიონის, სოფელ ჭ---–--ში მდებარე 8------------ საკადასტრო კოდით რეგისტრიებული 757 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა, რეგისტრაციის შესახებ ლ------ის სარეგისტრაციო სამსახურის №8------------06 10.06.13წ. გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ი---------–---ისა და გიორგი, ანა და ე-–----------------ების თანასაკუთრების უფლებად. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს №A------------03 (06.08.12) და № A------------04 (--------) საარქივო ცნობები, მიღება-ჩაბარების აქტი №---, წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №2/103 (05.06.13.) 2.4.3. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა გ-----------------მა, თუმცა საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს დოკუმენტბრუნვის რეესტრში დაცულია ე-–-----------------ს განცხადებაზე პასუხი, სადაც მას გაეგზავნა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაცია. ამდენად, დგიდნება, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2013 წლის 23 ივლისიდან, აქედან გამომდინარე თუ დავის საგანს წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება (გ------------------ს, ა-------------ს, ი---------–---ის უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ), იგი ვადაში არ გასაჩივრებულა და სარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული. 2.4.4. ამასთან, მხარეთა შორის დავის საგანია თანამესკუთრეთა შორის უძრავი ნივთის სარგებლობის (მფლობელობის) შესახებ ურთიერთობა, რაც კერძო სამართლის სფეროა და იგი არ რეგულირდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო რაც შეეხება საკომლო ჩანაწერების ბათილად ცნობის მოთხოვნას, თუკი რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტები ბათილად იქნება ცნობილი, ასეთ დროს ბათილია რეგისტრაციაც. ამ შემთხვევაში კი ეს გარემოება სახეზე არ არის. 2.5. მოპასუხე ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე (იხ. ტომი 1-ლი ს.ფ. 191-198): 2.5.1. საკრებულოებში არსებული საკომლო წიგნები და ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია არქივში. ამჟამად ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ არსებობს რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ჩ---–-----ს საკრებულოში 2000-2002 წლებში შედგა და ინახებოდა. მათ შორის არ არსებობს ჩ---–----- თემის საკრებულოს დებულება. გარდა ამისა, გამგეობაში არ შემოსულა არანაირი დოკუმენტი სამართალდამცავი ორგანოებიდან, რომლითაც დადასტურდებოდა გ------------------ს მიერ განცხადების გაყალბება. 2.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე-–-----------------ს სარჩელი საჯარო რეესტრის ჩანაწერის, მოპასუხეების-გ------------------ს, ა-------------ს და ი---------–---ის ნაწილში ბათილად ცნობის, 2001 წლის 02 თებერვლის აქტის ბათილად ცნობისა და საკომლო ჩანაწერების (მოპასუხეების - გ------------------ს, ა-------------სა და ა----------–----ს მიმართ) ბათილად ცნობის შესახებ (იხ. ტომი მე-2, ს.ფ. 233-239). 2.7. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.7.1. გ------------------ი და ი----------–---- რეგისტრირებული იყვნენ ლ------ის რაიონის სოფელ ჭ---–--ში. 2.7.2. 2001 წელს მოხდა კომლის გაყოფა, რომლის შედეგად გაჩნდა ორი კომლის შესახებ ჩანაწერი, ერთ კომლში დარეგისტრირდნენ: კომლის უფროსი-გ------------------, ოჯახის წევრები - ი---------–---ი და ა-------------. მეორე კომლი-კომლის უფროსი-მ-------------- და ე-–------ (ვ--–---ი) კ--------ი. 2.7.3. 2001 წელს მოხდა ოჯახის ორ კომლად გაყოფა, ხოლო სახლი, რომელიც შედგებოდა სულ ოთხი ოთახისაგან, გაიყო შუაზე. გ------------------ს კომლს ერგო მეორე სართულზე განლაგებული ორი ოთახი, ხოლო მ--------------ს კომლს -პირველ სართულზე განლაგებული ორი ოთახი. მიწის და სხვა მოძრავი ქონების გაყოფა არ მომხდარა. 2.7.4. 2002 წლის 09 მაისს, მ--------------ს გარდაცვალების შემდეგ, ე-–------ კ--------მა მოახდინა უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, უკვე გამოყოფილი მ--------------ს კომლის უკანასკნელ წევრად ითვლებოდა ე-–-----------------. მას არ წარუდგენია საჯარო რეესტრში არქივში არსებული სხვა დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც იმავე უძრავ ქონებაზე არსებობდა მეორე- გ------------------ს კომლი. შესაბამისად, რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა მოახდინა მხოლოდ ე-–----------------ზე. 2.7.5. მ-------------- სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა გ-----------------თან, მისი გარდაცვალების შემდეგ ე-–----------------მა გ------------------ და მისი ოჯახი სახლში არ შეუშვა, ვინაიდან თვლიდა, რომ ქონების მესაკუთრე მხოლოდ თავად იყო. 2.7.6. გ-----------------მა გამოითხოვა არქივიდან ცნობები, რომელთა საფუძველზეც 2013 წლის 15 მაისს საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე. ცვლილება შევიდა ამონაწერში, სადაც მესაკუთრედ ლ------ის რაიონის, სოფელ ჭ---–--ში მხოლოდ ე-–----------------- ირიცხებოდა, თანამესაკუთრეებად დაარეგისტრირა მეორე-გ------------------ს კომლიც. 2.7.7. სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიებით დადგინდა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზზე, რომელზედაც დამსწრე პირის - ზ------------–----ს ხელმოწერა გ------------------ს მიერ იყო შესრულებული და მ--------------ს განცხადება, რომლითაც იგი კომლის გაყოფას ითხოვდა, არ დადებია საფუძვლად 2013 წლის 15 მაისს გ------------------ს, ა-------------სა და ი---------–---ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციას, მდებარეს-ლ------ის რაიონის, სოფელ ჭ---–--ში. მოსარჩელეთა სახელზე ამ ქონების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საარქივო ცნობები და წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება. 2.7.8. გ------------------ს ოჯახი ამჟამად ცხოვრობს წ---–-----------------ს სოფელ ს-----–--ში და ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. 2.7.9. 2001 წელს კომლის ორად გაყოფის ფაქტი დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა - ლ------ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ჩ---–-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში-ნოდარ ონიანმა. 2.8. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება 2.8.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლებზე და განმარტა შემდეგი: 2.8.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით და საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ლ------ის რაიონის, ჩ---–-----ს საკრებულოს 1-------- წლების გამოყოფის აქტების თანახმად, სოფ. ჭ---–--ში მცხოვრები მ--------------ს მრავალრიცხოვანი წევრებისაგან შემდგარი ოჯახი, 2001 წელს მათივე განცხადების საფუძველზე გაიყო ორ კომლად. პირველ კომლის წევრს წარმოადგენს მოსარჩელე, ხოლო მეორე კომლს კი, მოპასუხეები. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერი ემყარება გაყალბებულ საარქივო მონაცემებს, სწორედ ამიტომ სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვენ საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობას, თუმცა ვერ უთითებენ იმ სამართლებრივ გარემოებებზე, რის საფუძველზედაც სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. 2.8.3. მოპასუხეებმა თავისი არგუმენტების დადასტურების მიზნით წარმოადგინეს საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომლის მიხედვითაც ლ------ის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ---–--ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწა-დაზუსტებული ფართით 757,00 კვ.მ. წარმოადგენს მოსარჩელეების და მოპასუხის თანასაკუთრებას, ასევე მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობის ორი ოთახი წარმოადგენს გ------------------ს, ა-------------ს და ი---------–---ის საკუთრებას. 2.8.4. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უფრო დამაჯერებელია, რადგან მათი განმარტებით გაყალბებული დოკუმენტი-საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ დადებია საფუძვლად სადაო ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, აღნიშნული ფაქტი დგინდება თვით საჯარო რეესტრის ამონაწერით, სადაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამონათვალში არ არის მითითებული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2.8.5. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. 2.8.6. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლ------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 მაისის №8----------- გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთი მდებარე ლ------ის რაიონის სოფელი ჭ---–--ში, საკადასტრო კოდი 87.05.22.008, დაზუსტებელი ფართობით 757,00 კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ა-------------ს, გ------------------ს, ე-–-----------------ს და ი---------–---ის სახელზე. უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2013 წლის 15 მაისს, უფლების დამდგენი დოკუმენტებია: საარქივო ცნობა №A------------03, დამოწმების თარიღი-06.08.2012, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქარტველოს ეროვნული არქივის ქ-----------------, წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება, საარქივო ცნობა საკომლო წიგნის ჩანაწერების შესახებ №A------------04, გაცემული 2013 წლის 07 თებერვალს ქ-----------------ს მიერ და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №---. 2.8.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლ------ის სარეგისტრაციო სამსახურის №8----------- გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საკანონმდებლო მოთხოვნებთან. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეებმა კანონის დარღვევით მოახდინეს უძრავი ქონების რეგისტრაცია. 2.8.8. სასამართლომ საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------------ და ა----------–----, ყოველთვის იყვნენ ჩაწერილები ლ------ის რაიონის სოფელ ჭ---–--ში და შესაბამისად, არ არსებობდა საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი. 2.8.9. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებულ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ე-–-----------------ს მიერ (იხ.ტომი მე-2, ს.ფ. 254-261). 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უგულებელყო მტკიცებულებები, კერძოდ, იმ დოკუმენტის სიყალბე, რომელიც საფუძვლად დაედო მოპასუხეთა თანასაკუთრებად რეგისტრაციას. 3.2. მოპასუხეთა თანასაკუთრებად რეგისტრაციის საფუძველია საარქივო ცნობა №ა------------04, სადაც წერია, რომ ამ ცნობის გაცემის საფუძველია 2001 წელს განხორციელებული კომლის გაყოფა, რომელიც განხორციელდა მ--------------ს განხადების საფუძველზე, რომელიც გაყალბებულია. 3.3. საქმეზე არასრულად დადგენილმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით; 4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ. 4.4.სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა რა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, საქმის მასალები, მოისმინა აღნიშნულზე მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 4.4.1. დადგენილია, რომ ე-–----------------მა ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლ------ის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის (უფლებამონაცვლე ლ------ის მუნიციპალიტეტის მერია), გ------------------ს, ა-------------ს, ი---------–---ის მიმართ 2001 წლის 02 თებერვლის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და მისი თანამდევი შედეგის რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სახელდობრ მოსარჩელის მიერ სარჩელთ წარმოდგენილი მოთხოვნა ფორმულირებული იქნა შემდეგი სახით: ,, ბათილად იქნეს ცნობილი გაყალბებული განცხადების საფუძველზე 2001 წლის 02 თებერვალს შედგენილი აქტი, რომლის თანახმად მოსარჩელე მხარემ სადავო ქონებაზე დაკარგა სრულყოფილი საკუთრების უფლება და აღნიშნულის საფუძველზე გაუქმებული იქნეს საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მოპასუხე ფიზიკური პირები რეგისტრირებულები არიან სადავო ქონების მესაკუთრეებად“(იხ. სარჩელი, ტომი 1-ლი, ს.ფ 146-160). 4.4.2. დადგენილია, რომ ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით ე-–-----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (იხ. გადაწყვეტილება, ტომი მე-2, ს.ფ 233-239). 4.4.3. დადგენილია, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ე-–-----------------ს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტომი მე -2, ს.ფ 254-261). 4.4.4. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით, საქმე №040310517001798756 (3/ბ-377-2018წ.) (ე-–-----------------ს სარჩელისა გამო, მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლ------ის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ------ის მუნიციპალიტეტის მერიის, გ------------------ს, ა-------------ს, ი---------–---ის მიმართ, კომლის გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების, საკომლო ჩანაწერისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე) ე-–-----------------ს სააპელაციო საჩივრით - განსაჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. (იხ. განჩინება, ტომი მე-3, ს.ფ 100-103). 4.4.5. დადგენილია, რომ 2019 წლის 15 იანვარს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ე-–-----------------ს სააპელაციო საჩივარი ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებაზე განსახილველად დაეწერა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ნანა კალანდაძეს. (იხ. საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ტომი მე-3, ს.ფ 109). 4.4.6. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ე-–-----------------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლ------ის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ------ის მუნიციპალიტეტის მერიის, გ------------------ს, ა-------------ს, ი---------–---ის მიმართ, კომლის გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების, საკომლო ჩანაწერისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სამოქალაქო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ბუნებით განეკუთვნება აღიარებითი სარჩელის კატეგორიას. 4.4.7. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე; 4.4.8 კანონის დანაწესიდან გამომდინარე (სსკ-ის 180-ე მუხლი), სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარასებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (აღიარებითი მოთხოვნა); 4.4.9. აღიარებითი სარჩელი იმგვარი სარჩელია, როცა მოსარჩელე ბუნებაში ისედაც, უკვე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის (ჩვეულებრიუვ - ნამდვილობის) ან არარსბობის (ჩვეულებრივ - ბათილობის) სასამართლოსაგან აღიარებას ითხოვს. სწორედ ამიტომ, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, აღიარებითი სარჩელის დასაშვებად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი აუცილებელია. 4.4.10. მითითებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია და უფლების სადავოობის აღმოფხვრა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით; 4.4.11.მიკუთვნებითი (აღსრულებითი), გარდაქმნითი სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია უკვე დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს, მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში (იხ. სუსგ ას-148-138-2015-ბ, 27.11.2015), ამასთან, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, გადაწყვეტილების შედეგად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ № ას-1061-1001-2015, 29.12.2015); 4.4.12. გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (იხ. სუსგ 148- 138-2015-ბ, 27.11.2015); 4.4.13.სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას არ იწვევს. 4.4.14. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტების და რეგისტრაციის ჩანაწერის ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება. შესაბამისად, სასამართლოსათვის ნათელი არ არის, თუ რა ფაქტობრივი შედეგის მიღწევა სურს მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელით, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი); 4.4.15 შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული აქტის და რეგისტრაციის ჩანაწერის ბათილად ცნობა, ამ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას ვერ წარმოშობს. ამდენად, აღიარებითი სარჩელი დავის გადაწყვეტის არც ერთადერთ და არც საუკეთესო საშუალებას არ წარმოადგენს. 4.4.16. სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მისი წარდგენის დროისათვის მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში; 4.4.17. სააპელაციო სასამართლო, მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნით მიუთითებს მსგავსი კატეგორიის დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაზე სამოქალაქო საქმეზე №ას-196-185-2017, სადაც საკასაციო სასამართლომ განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველია ,,ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენცია, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. სახელდობრ, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. 4.4.18. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია კომლის გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების, საკომლო ჩანაწერისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანმდევი შედეგის - დავისადმი მოსარჩელის იურიდული ინტერესის დასაბუთების გარეშე, წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოცემული სარჩელის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რადგან წარმოდგენილი სარჩელი გამორიცხავს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას და იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმის წარმოების პირველივე (დასაშვებობის შემოწმების) ეტაპზე; 4.5. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ; 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე; 4.7. განასხილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა საპროცესო ნორმა - საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი და ნაცვლად სარჩელის მიღებაზე უარის თქმისა, დასაშვებად ცნო და განიხილა ისეთი აღიარებითი სარჩელი, სადაც მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილი არ ყოფილა, გარდა ამისა, არც საქმის არსებითად განხილვისას არ გამოიყენა სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი და არ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 372-ე, 385-ე, 393.3-ე, 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტის და 187.2-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ე-–-----------------ს სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია; 4.8. ამასთან, მოსარჩელეს უნდა განემარტოს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვება ხელს არ უშლის განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე მოთხოვნით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ე-–-----------------ს სააპელაციო საჩივარი ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: უნდა გაუქმდეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება და ე-–-----------------ს სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლ------ის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის (უფლებამონაცვლე ლ------ის მუნიციპალიტეტის მერია), გ------------------ს, ა-------------სა და ი---------–---ის მიმართ კომლის გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების, საკომლო ჩანაწერისა და თანამდევი შედეგის-რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

6. საპროცესო ხარჯები 6.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა; 6.2. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც; 6.3. დადგენილია, რომ აპელანტის მიერ, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი (იხ. სახ.ბაჟის ქვითარი, ტომი მე-2, ს.ფ 253). 6.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება; 6.5. მითითებული მუხლის საფუძველზე აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად .

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-–-----------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. ე-–-----------------ს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლ------ის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის (უფლებამონაცვლე ლ------ის მუნიციპალიტეტის მერია), გ------------------ს, ა-------------ს, ი---------–---ის მიმართ კომლის გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების, საკომლო ჩანაწერისა და თანამდევი შედეგის-რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე , დარჩეს განუხილველი;

 

4. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ირმა პერანიძე