განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2018
საქმის ნომერი
330210016001211530
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3003-17 17 აპრილი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი – შპს ,,ე--------“

წარმომადგენელი - თ---------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – - სს ,,და------------------–-------------------------''

წარმომადგენელი - არ----------------ი

 

დავის საგანი - სადაზღვევო თანხის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ე--------ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს ,,და------------------–-------------------------ს“ შპს ,,ე--------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 1870 ლარის გადახდა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაში არ არის მითითება უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. შპს ,,ე--------ს“ კუთვნილი მერსედესი, სახ. ნომრით: U------ დაზღვეული იყო სს ,,და------------------–-------------------------ში'' 2014 წლის 22 ივლისიდან 2015 წლის 21 ივლისამდე პერიოდში. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

2.4. 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს ,,ე--------ს“ კუთვნილი ავტომანქანა მერსედესი, სახ. ნომრით: U------, რომელსაც მართავდა უფლებამოსილი მძღოლი, დაეჯახა ს----------–----–--------------- სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც თავის მხრივ, დაზღვეული იყო სს ,,ს-------------------------------------–-----–-“.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით სამოქალაქო საქმე N2/5984-15 დასრულდა მორიგებით და შპს ,,ე--------ს“ სს ,,ს-------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ რეგრესის წესით ასანაზღაურებლად დაეკისრა 6622 ლარი.

 

აღნიშნული მორიგების შესახებ წინასწარ არ იყო ინფორმირებული სს ,,დ-------------------–---------------------------''.

 

2.5. 6622 ლარის ანაზღაურების მიზნით, შპს ,,ე--------მ“ წერილობით მიმართა მოპასუხეს;

სს ,,და------------------–-------------------------მ'' თანხმობა განაცხადა მხოლოდ 1870 ლარის ანაზღაურებაზე.

2.6. მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 1870 ლარს.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინებასთან დაკავშირებული მოსარჩელის პოზიცია ბუნდოვანი იყო და არ გამომდინარეობდა სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებიდან.

 

ზემოაღნიშნული განჩინებით დასტურდებოდა, რომ შპს "ე--------ს" ფიზიკურ პირთან (ვ. ო-------) ერთად აღიარა დავალიანების არსებობა და მასთან ერთად აიღო თანხის გადახდის ვალდებულება, ისე, რომ ამის თაობაზე მოპასუხე არ გაუფრთხილებია და მით უმეტეს, მისგან არც წერილობითი თანხმობა ჰქონია სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით. მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისთვის აუცილებელი სხვა გარემოებები აღნიშნული დოკუმენტით არ დასტურდებოდა, მათ შორის ბუნდოვანი იყო ამ მტკიცებულების შემხებლობა განსახილველ საქმესთან და მითუმეტეს ვერ იქნებოდა მიჩნეული ზიანის ოდენობისა და სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილ იქნა 2014 წლის 07 ნოემბრის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, რომლითაც დასტურდება ,,მერსედესის" მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით, სახ. ნომრით U------, 2014 წლის 08 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი, იმავდროულად, იკვეთება, რომ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტო-სატრანსპორტო საშუალებებზე მიყენებული ზიანის ოდენობა, კერძოდ: თავად ,,მერსედესის“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებამ განიცადა ზიანი 1 320 ლარის ოდენობით, ხოლო შ---ს ბალანსზე რიცხულმა ,,ტოიოტას" მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებამ - 1 870 ლარის ოდენობით.

 

შესაბამისად, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დასახელებული შემთხვევის შედეგად შ--------------- სამინისტროს ბალანსზე რიცხული ,,ტოიოტას" მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 6622 ლარი, გარდა მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, სასამართლოს შეფასებით, ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, გამორიცხავს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის სამართლებრივ საფუძველს.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდი-სიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ 2014 წლის 22 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება, ამდენად, მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში. მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს მათ შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 840-ე მუხლის თანახმად კი, მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც მიადგა ზიანი, მას წარუდგენს მოთხოვნას.

 

ამავე კოდექსის 826-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი არ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება - ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული პოზიციით, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ,,ტოიოტას" მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე (სახელმწიფო (სარეგისტრაციო) №------) მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგენდა 1870 ლარი; ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით, ზიანის ოდენობა აღნიშნული ოდენობით ცნო, რის გამოც, სასამართლოს შეფასებით, შპს ,,ე--------ს“ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ იყო საფუძვლიანი და მოპასუხე სს ,,და------------------–-------------------------ს“, ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 1870 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სასამართლოს შეფასებით, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულების 9.1.17 პუნქტის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია არ აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გასცეს პირობა ზიანის კომპენსაციაზე მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია მოიხსნას ნაკისრი პასუხიმგებლობა.

 

განსახილველ შემთხვევაში კი, დადგინდა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის თანხმობის გარეშე იკისრა პასუხისმგებლობა ზიანზე (გააფორმა მორიგების აქტი 6622 ლარზე). სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული პუნქტი, რა თქმა უნდა არ უზღუდავს დამზღვევს მორიგების უფლებას, თუმცა ავალდებულებს პასუხისმგებლობის აღიარებისას მზღვეველის მონაწილეობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაუსაბუთებელ ზიანზე პასუხისმგებლობის აღიარება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ამ დანაწესის დარღვევისა, მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. შესაბამისად, სასამართლომ შპს ,,ე--------ს“ სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ მიიჩნია საფუძვლიანად და მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობის პროპორციულად დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, კერძოდ, არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის განსაზღვრის საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე შპს ,,ე--------მ“ სს ,,ს--------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ იკისრა 6662 ლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო სს ,,და------------------–-------------------------სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანია ვალდებულებას იღებს - აანაზღაუროს უფლებამოსილი მძღოლის მიერ, სადაზღვევო პოლისში მითითებული დაზღვეული ავტოსატრანსპორტო ექსპლოატაციისას, მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის მიყენებული ზიანი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სსს კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში იკვლევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

შპს ,,ე--------ს“ კუთვნილი მერსედესი, სახელმწიფო ნომრით: U------, 2014 წლის 22 ივლისიდან _ 2015 წლის 21 ივლისამდე პერიოდში, დაზღვეული იყო სს ,,და------------------–-------------------------ში''. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

2014 წლის 08 ოქტომბერს შპს ,,ე--------ს“ კუთვნილი ავტომანქანა მერსედესი, სახელმწიფო ნომრით: U------, რომელსაც მართავდა უფლებამოსილი მძღოლი, დაეჯახა ს----------–----–--------------- სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტოსატრან-სპორტო საშუალებას, რომელიც თავის მხრივ, დაზღვეული იყო სს ,,ს-------------------------------------–-----–-“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით სამოქალაქო საქმე N2/5984-15 დასრულდა მორიგებით და შპს ,,ე--------ს“ სს ,,ს-------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ რეგრესის წესით ასანაზღაურებლად დაეკისრა 6622 ლარი. აღნიშნული მორიგების შესახებ წინასწარ არ იყო ინფორმირებული სს ,,და------------------–-------------------------''.

დადგენილია, რომ 6622 ლარის ანაზღაურების მიზნით, შპს ,,ე--------მ“ წერილობით მიმართა მოპასუხეს;

სს ,,და------------------–-------------------------მ'' თანხმობა განაცხადა მხოლოდ 1870 ლარის ანაზღაურებაზე.

პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 1870 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავტომობილო დაზღვევის პირობები, რომლის 5.2 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანია ნამდვილად იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს უფლებამოსილი ძღოლის მიერ სადაზღვევო პოლისში მითითებული დაზღვეული ავტოსატრანსპორტო ექსპლოატაციისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის მიყენებული ზიანი, თუმცა მხარეთა შორის დადებული ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულების 9.1.17 პუნქტის მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია არ აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გასცეს პირობა ზიანის კომპენსაციაზე მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია მოიხსნას ნაკისრი პასუხიმგებლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დართული 2----–-–---------------- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების N------- აქტის თანახმად, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა განისაზღვრა 1870 ლარით, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 07 ნოემბრის დადგენილების მიხედვით, რომელიც თავის მხრივ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ეფუძნება, ავტომობილ ,,მერსედეს ბ--–---თვის“ მიყენებულმა ზიანის ოდენობამ საორიენტაციოდ 1870 ლარი შეადგინა. პალატა აღნიშნავს, რომ შპს ,,ე--------მ“ მოწინააღმდეგე მხარის თანხმობის გარეშე იკისრა პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე და გააფორმა მორიგების აქტი სს ,,ს--------------------------------------–-----თან“ 6622 ლარზე (ეს შეთანხმება დადასტურდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით); მართალია, ზემოაღნიშნული პუნქტი არ უზღუდავს დამზღვევს მორიგების უფლებას, თუმცა ავალდებულებს პასუხისმგებლობის აღიარებისას მზღვეველის მონაწილეობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაუსაბუთებელ ზიანზე პასუხისმგებლობის აღიარება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის; მეტიც - მორიგების აქტით შპს ,,ე--------ს“ მიერ მესამე პირის სასარგებლოდ ნაკისრი ვალდებულებაზე ვერ გავრცელდება მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავტომობილო დაზღვევის პირობები; დასახელებული ხელშეკრულების 5.2 პუნქტის მიზნებისათვის, ამავე ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო თანხის ოდენობა განისაზღვრება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის დაზიანებული ავტომობილის ან მისი ნაწილების, დეტალების, აქსესუარების საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2----–-–---------------- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების N------- აქტისა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 07 ნოემბრის დადგენილებისა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ასეთად მიჩნეული და მითითებულია სწორედ 1870 ლარი, რომლის ანაზღაურებაზეც მოწინააღმდეგე მხარემ თანხმობა განაცხადა არა მხოლოდ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, არამედ მხარეთა შორის სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების დროისთვისაც.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ე--------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების მხარისათვის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/