განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2018
საქმის ნომერი
330210014550198
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/119-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივნები - ნინო სოლომნიშვილი, ოთარ ბუკია

 

აპელანტები - თ--- მ-------ი, გ------- მ-------ი

 

წარმომადგენელი - ნ----------–--–---–ი (თ--- მ-------ის წარმომადგენელი), ნ---------------–ი (გ------- მ-------ის კანონიერი წარმომადგენელი)

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა---–-- მ-------ი, ა-------- მ-------ი

 

წარმომადგენელი - ვ-–--–--–-----ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა 1/5-1/5 ნაწილში

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ--- და გ------- მ-------ების სარჩელი, ა---–-- და ა-------- მ-------ების მიმართ, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს შემდეგი სახის გარემოებები:

 

ა) მოპასუხე ა---–-- მ-------ი არის ა-------- და კ----- მ-------ების დედა;

ბ) კ----- მ-------ი გარდაიცვალა 2009 წლის პირველ ოქტომბერს;

გ) მოსარჩელეები - 1999 წლის 29 დეკემბერს დაბადებული თ--- მ-------ი და 2001 წლის 06 ივლისს დაბადებული გ------- მ-------ი, არიან კ----- მ-------ისა და ნ---------------–ის შვილები.

 

2.2. უდავოა და ამასთან საკუთრების უფლების მოწმობის ასლითა და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადასტურებულია, რომ ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობამ 2008 წლის 04 ივლისს გასცა საკუთრების უფლების მოწმობა №---, რომლითაც ა---–-- მ-------ს საკუთრების უფლებით გადაეცა მისამართზე _ თბილისში, ც--–------ის შ-------ი №---ში მდებარე სახლიდან 63,12 მ2 ფართი, მათ შორის, 33,44მ2 საცხოვრებელი ფართი და 29,68მ2 არასაცხოვრებელი ფართი.

 

ზემოაღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგებლის 2008 წლის 04 ივლისის N--- განკარგულება, რომელიც შეეხება მოქალაქე ა---–-- მ-------ის კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას (ს.ფ. 23, 59-60).

 

2.3. უდავოა და ამასთან საქმეში წარმოდგენილი განცხადების ასლით დადასტურებულია, რომ კ----- და ა-------- მ-------ებმა 2008 წლის 06 ივნისს წერილობითი განცხადებით, რომელზედაც მათი ხელმოწერების ნამდვილობა ნოტარიულადაა დადასტურებული, გამოავლინეს ნება და ამით კ----- და ა-------- მ-------ებმა დედის _ ა---–-- მ-------ის სასარგებლოდ, უარი განაცხადეს თავიანთ წილებზე; კერძოდ, მათ გამოხატეს თანხმობა მისამართზე თბილისი, ც--–------ის შ-------ი №---ში მდებარე ბინა, პრივატიზაციის გზით მიკუთვნებოდა მხოლოდ ა---–-- მ-------ს. იგივე განცხადებით დასტურდება, რომ კ----- და ა-------- მ-------ებს გაცნობიერებული ჰქონდათ თავიანთი ნების მოსალოდნელი შედეგები; კერძოდ ის, რომ ამგვარი განცხადებით გამოვლენილი ნების პირობებში ისინი კარგავდნენ აღნიშნულ ბინაზე საკუთრების უფლების მიღების შესაძლებლობას (ს.ფ. 16).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადასტურებულია, რომ თბილისში, შ-------ი ც--–------ე №-- მისამართზე მდებარე, 63,12 მ2 საერთო ფართის მქონე ბინა, (საკადასტრო კოდი 0----------------------) ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2008 წლის 04 ივლისის №--- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ა---–-- მ-------ის საკუთრებად (ს.ფ. 59-60).

 

2.5. სასარჩელო მოთხოვნის გამამართლებელ გარემოებებად დასახელებულია მოსარჩელეების _ თ--- და გ------- მ-------ების ჯერ კიდევ 2008 წლამდე სადავო ბინაში ცხოვრებისა და რეგისტრაციის ფაქტები. ამ ფაქტობრივი გარემოებების სამტკიცებლად მოსარჩელე ეყრდნობა ისეთ მტკიცებულებებს, როგორებიცაა მოწმეების _ თ------–--–--–---–ის და ბ-----------------ის ჩვენებები და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტები.

დასახელებული მოწმეების ჩვენებებზე სასამართლომ მიუთითებს:

 

_ მოწმე თ------–--–--–---–ის განმარტებით მას დაახლოებით ორი წლის მანძილზე ბავშვი დაჰყავდა თბილისში, ც--–------ის შ-------ი N-- მისამართზე მცხოვრებ ნ---------------–თან, რუსულ ენაში მოსამზადებლად, თუმცა ის დაბეჯითებით ვერ იხსენებს ბავშვის მომზადების პერიოდს (წლებს); ამასთან, ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია ამ მოწმის ჩვენება, თუ ვინ ცხოვრობდა მისი აღქმით ამ ორი წლის მანძილზე სადავო ბინაში, ნ---------------–თან ერთად ვინ იყვნენ იმ ოჯახის წევრები, რომლებიც ბინადრობდნენ სადავო ბინაში.

_ რაც შეეხება მოწმე ბ-----------------ის ჩვენებას, ისიც მსგავსად თ------–--–--–---–ის ჩვენებისა, არ არის ამომწურავი ხასიათის, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენას. ამასთან, ბ-----------------ის ჩვენების შეფასებისას, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ ის არის მოსარჩელეების დეიდაშვილი, თ--- და გ------- მ-------ების კანონიერი წარმომადგენლის _ ნ---------------–ის დის შვილი. ამგვარი ნათესაობრივი ურთიერთობის გათვალისწინებით სასამართლოს ჩამოუყალიბდა რწმენას, რომ ჩვენების მიცემისას ბ-----------------ი იყო მიკერძოებული და ის ბოლომდე არ იყო ობიექტური.

 

ამდენად, სასამართლომ, მოწმეთა ამგვარი ჩვენებების საფუძველზე, არ გაიზიარა მოსარჩელეების მტკიცება იმის თაობაზე, რომ ისინი 2008 წლამდე და უშუალოდ სადავო ბინის პრივატიზაციის დროს, იყვნენ ამ ბინის მობინადრეები - ფაქტიური მფლობელები (2015 წლის 06 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

 

_ რაც შეეხება თბილისში, ც--–------ის შ-------ი N-- მისამართზე მოსარჩელეთა რეგისტრაციის და მისი განხორციელების ფაქტებს, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მათ სამტკიცებლად მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოს წარედგინა ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებების ამსახველი დოკუმენტები.

მაგალითად:

 

სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 18 ივნისს გაცემული საინფორმაციო ბარათებით დასტურდება, რომ 1999 წლის 29 დეკემბერს დაბადებული თ--- მ-------ი და 2001 წლის 06 ივლისს დაბადებული გ------- მ-------ი თბილისი, კ.ც--–------ის შ-------ი N-- მისამართზე დარეგისტრირდნენ 2009 წლის პირველ მაისს (ს.ფ. 19-20).

 

ამ გარემოებების საპირისპირო გარემოებებია მითითებული სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის მიერ 2014 წლის 17 ოქტომბერს გაცემულ საარქივო ცნობებსა და მათ დანართებში, რომელთა თანახმად, შპს ისანი-სამგორის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების №89 სერვის ცენტრის დოკუმენტებში დაცული საბინაო ბარათების (ფორმა N17) ჩანაწერების მიხედვით, თ--- და გ------- მ-------ები თბილისი, კ. ც--–------ის შ-------ი №-- მისამართზე რეგისტრირებულნი არიან 2006 წლის 21 სექტემბრიდან (ს.ფ. 111-114).

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც

2006-2012 წლებში მოქმედებდა 2005 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, ადგენს, რომ საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ”თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქციათაგან ერთ-ერთია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების იგივე ფუნქციის არსებობის თაობაზე მოწმობს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

აღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ისანი-სამგორის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების N89 სერვისის ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტები და ან ამ ცენტრის დაარქივებულ დოკუმენტებში დაცული საბინაო ბარათი (ე.წ. ფორმა 17), ვერ იქცევა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, კერძოდ, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის საპირწონედ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, მოსარჩელეთა რეგისტრაცია და მისი განხორციელების დრო შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით და სხვა დოკუმენტი არარელევანტურია ხსნებული გარემოებების სამტკიცებლად.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები სადავო ბინის მისამართის მიხედვით დარეგისტრირდნენ მხოლოდ 2009 წლის პირველი მაისიდან.

 

2.6. მოპასუხეების _ ა---–-- და ა-------- მ-------ების ახსნა-განმარტების, მოწმეების ლ------------ის და ნ---------–----ის ჩვენებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ----- მ-------ი ნ---------------–თან შეუღლების დღიდან (1999 წლიდან) საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის ნათესავების (მოყვრების) სახლში, რომელიც მდებარეობს თბილისში, მ------------–----ის ქუჩა №-- მისამართზე და აღნიშნული დროიდან არც კ----- მ-------ს, არც მის მეუღლე ნ---------------–ს და არც მათ შვილებს თ--- და გ------- მ-------ებს არ უცხოვრიათ სადავო ბინაში, ისინი არ იყვნენ მოპასუხე ა---–-- მ-------ის კუთვნილი ბინის მობინადრეები. სასამართლოს შეფასებით, ამ გარემოების არსებობას კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის კ----- მ-------ის უარი _ პრივატიზაციის გზით გამხდარიყო სადავო ბინის ერთ-ერთი მესაკუთრე და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, სადაც ნ---------------–ის, თ--- და გ------- მ-------ების შემადგენლობით არსებული ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია თბილისი, მ------------–----ის ქუჩა N--.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის N107 დადგენილების მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ სახლის (ბინის) დამქირავებელები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

 

ამ ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პრივატიზებულ ბინაზე საკუთრების უფლება მიეცა ყველა იმ პირს, რომელსაც ბინის პრივატიზაციის დროისათვის საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა (ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო ბინაში). ყველა ის პირი, ვინც პრივატიზაციის დროს სარგებლობდა ბინაში ცხოვრების უფლებით, ითვლება ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზება.

 

ამასთან, 2008 წლის 04 ივლისისათვის მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული, ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმარველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი” არეგულირებდა სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოთ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი).

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების თ--- და გ------- მ-------ების მამა _ კ----- მ-------ი, დაქორწინების დღიდან საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის ნათესავების (ე.წ. მოყვრების) სახლში და ამ დღიდან არც კ-----, თ--- და გ------- მ-------ებს და არც ნ---------------–ს არ უცხოვრიათ სადავო ბინაში. კ----- მ-------ი ქორწინებიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ზედსიძედ თბილისში, მ------------–----ის ქუჩა №-- მისამართზე და ამ მისამართის გარდა მის ოჯახს, მათ შორის მოსარჩელეებს, დღემდე სხვაგან არ უცხოვრიათ.

სასამართლოს შეფასებით, არ დადასტურდა არც ის ფაქტი, რომ მოპასუხე ა---–-- მ-------ისათვის ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მხრიდან სადავო ბინაზე საკუთრების გადაცემამდე მოსარჩელეთა საცხოვრებელი ადგილის მისამართად რეგისტრირებული იყო სადავო ბინა. ამასთან, არ არსებობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი ან ბინის ორდერი, რითაც მოსარჩელეები შეიძლება მიჩნეულიყვნენ სადავო ბინით მოსარგებლე სუბიექტებად. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ფაქტობრივი თვალსაზრისით არ დადასტურდა ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის №107 დადგენილებით და ან საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული აუცილებელი პირობები, რაც განაპირობებდა მოსარჩელეებისათვის სადავო ბინის ნაწილზე საკუთრების გადაცემის სამართლებრივ შესაძლებლობას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები - თ--- მ-------ი და გ------- მ-------ი არ ცხოვრობდნენ თბილისი, კ. ც--–------ის შ-------ი №---ში მდებარე სადავო უძრავ ქონებაში; აღნიშნული გარემოების დადგენისას სასამართლოს მსჯელობა ემყარება მოწმე თ------–--–--–---–ის ჩვენებას, რომელსაც სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა; კერძოდ, მოწმემ დეტალურად ვერ გაიხსენა წლები, რაც აპელანტების შეფასებით იმითაა განპიროებებული, რომ დასახელებული პირი აღწერდა 9-10 წლის წინანდელ პერიოდს და ცხადია ზუსტად ვერ გაიხსენა წელი; ამასთან, მან დეტალურად გაიხსენა თუ როგორ ამზადებდა შვილს მოსარჩელეების დედასთან და რომ ამ პერიოდის განმავლობაში იგი სადავო სახლში ცხოვრობდა. მოპასუხის მიერ დასახელებულმა მოწმეებმა, მეზობლებმა, ერთხმად აღიარეს, რომ მოსარჩელეების მამა _ კ----- მ-------ი, ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე; შესაბამისად, აპელანტები მიუთითებენ, რომ თუკი მოსარჩელეთა მამა ცხოვრობდა მისამართზე _ კ. ც--–------ის შ-------ი №--, ხოლო დედა ამავე მისამართზე ამზადებდა ბავშვებს, რამდენად შესაძლებელი იყო მათ შვილებს სხვა მისამართზე ეცხოვრათ.

 

3.2. აპელანტთა მითითებით, სასამართლომ ასევე არამართებულად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევის შედეგადაც დაადგინა, რომ აპელანტები რეგისტრირებულნი არ იყვნენ სადავო უძრავი ქონების მისამართზე; აღნიშნული დასკვნის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა მასზედ, რომ აღნიშნულ მისამართზე რეგისტრაციის დასადასტურებლად, მტკიცებულების სახით, აპელანტებს საქმეზე დართული ჰქონდათ არარელევანტური დოკუმენტი. კერძოდ, სასამართლომ არარელევანტურად მიიჩნია მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი შპს ისანი-სამგორის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების N89 სერვისის ცენტრის მიერ გაცემული საბინაო ბარათი, ე.წ. ფორმა N17 და აღნიშნა, რომ 2006-20012 წლებში მოქმედი კანონმდებლობით რეგისტრაცია დასტურდებოდა სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტით; აღნიშნული დასკვნის საწინააღმდგეოდ აპელანტები მიუთითებენ თავად მოპასუხე ა---–-- მ-------ის მიერ, 2008 წელს, აღნიშნული უძრავი ქონების რეგისტრაციისას სხვა დოკუმენტებთან ერთად წარდგენილ სწორედ იმავე N17 ფორმაზე და განმარტავენ, რომ მითითებული დოკუმენტი ადასტურებდა უძრავი ქონების მისამართზე პირის რეგისტრაციის ფაქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამგეობა არ მოხდენდა მის სახელზე ბინის პრივატიზაციას.

 

3.3. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, კ----- მ-------ის, დაქორწინების შემდეგ, საცხოვრებლად მეუღლის ბინაში გადასვლის თაობაზე; აპელანტების შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის მოწმეები ერთხმად მიუთითებდნენ მისი (კ----- მ-------ის) დასახელებულ მისამართზე ცხოვრების და იქ საქმიანობის შესახებ, სასამართლოს ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო დასკვნა უნდა გამოეტანა.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოწმეთა ჩვენებები და საქმის მასალები ცალსახად მოწმობს თ--- და გ------- მ-------ების ქალაქ თბილისში, ც--–------ის ქ.N---ში ცხოვრებისა და რეგისტრაციის ფაქტობრივ გარემოებას, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას.

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ თ--- და გ------- მ-------ების სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ა) მოპასუხე ა---–-- მ-------ი არის ა-------- და კ----- მ-------ების დედა;

 

ბ) კ----- მ-------ი გარდაიცვალა 2009 წლის 01 ოქტომბერს;

 

გ) მოსარჩელეები - 1999 წლის 29 დეკემბერს დაბადებული თ--- მ-------ი და 2001 წლის 06 ივლისს დაბადებული გ------- მ-------ი, არიან კ----- მ-------ისა და ნ---------------–ის შვილები.

 

- უდავოა და ამასთან, საკუთრების უფლების მოწმობის ასლითა და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დადასტურებულია, რომ ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობამ 2008 წლის 04 ივლისს გასცა N--- საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც მოპასუხე ა---–-- მ-------ს საკუთრების უფლებით გადაეცა მისამართზე: ქ. თბილისი, ც--–------ის შ-------ი N-- მდებარე სახლიდან 63,12 მ2 ფართი, მათ შორის, 33,44 მ2 საცხოვრებელი ფართი და 29,68 მ2 არასაცხოვრებელი ფართი.

- ზემოაღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგებლის 2008 წლის 04 ივლისის N--- განკარგულება, რომელიც შეეხება მოქალაქე ა---–-- მ-------ის კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას (ს.ფ. 23, 59-60).

- უდავოა და ამასთან საქმეში წარმოდგენილი განცხადების ასლით დადასტურებულია, რომ კ----- და ა-------- მ-------ებმა 2008 წლის 06 ივნისს წერილობითი განცხადებით, რომელზედაც მათი ხელმოწერების ნამდვილობა ნოტარიულადაა დადასტურებული, გამოავლინეს ნება და ამით კ----- და ა-------- მ-------ებმა, დედის _ ა---–-- მ-------ის სასარგებლოდ, უარი განაცხადეს ბინიდან თავიანთ წილებზე; კერძოდ, მათ გამოხატეს თანხმობა მისამართზე: ქ. თბილისი, ც--–------ის შ-------ი N---ში მდებარე ბინა პრივატიზაციის გზით მიკუთვნებოდა მხოლოდ ა---–-- მ-------ს. იგივე განცხადებით დასტურდება, რომ კ----- და ა-------- მ-------ებს გაცნობიერებული ჰქონდათ თავიანთი ნების მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ ის, რომ ამგვარი განცხადებით გამოვლენილი ნების პირობებში ისინი კარგავდნენ აღნიშნულ ბინაზე საკუთრების უფლების მიღების შესაძლებლობას (ს.ფ. 16).

- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადასტურებულია, რომ თბილისში, შ-------ი ც--–------ე N-- მისამართზე მდებარე, 63,12 მ2 საერთო ფართის მქონე ბინა (საკადასტრო კოდი 0----------------------), ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2008 წლის 04 ივლისის N--- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ა---–-- მ-------ის საკუთრებად (ს.ფ. 59-60).

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, წარმოადგენდნენ თუ არა მოსარჩელეები სადავო ბინის პრივატიზების უფლების მქონე სუბიექტებს (ცხოვრობდნენ თუ არა აპელანტები ქ. თბილისში, ც--–------ის შ-------ი N---ში მდებარე ბინაში მისი პრივატიზაციის დროისათვის, იყვნენ თუ არა ისინი აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულნი).

პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 18 ივნისს გაცემული საინფორმაციო ბარათების მიხედვით, 1999 წლის 29 დეკემბერს დაბადებული თ--- მ-------ი და 2001 წლის 06 ივლისს დაბადებული გ------- მ-------ი, თბილისი, კ. ც--–------ის შ-------ი N-- მისამართზე დარეგისტრირდნენ 2009 წლის პირველ მაისს (ს.ფ. 19-20). ამავდროულად, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის მიერ 2014 წლის 17 ოქტომბერს გაცემულ საარქივო ცნობებსა და მათ დანართებში მითითებულია, რომ შპს ისანი-სამგორის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების N89 სერვის ცენტრის დოკუმენტებში დაცული საბინაო ბარათების (ფორმა N17) ჩანაწერების მიხედვით, თ--- და გ------- მ-------ები თბილისი, კ. ც--–------ის შ-------ი N-- მისამართზე რეგისტრირებულნი არიან 2006 წლის 21 სექტემბრიდან (ს.ფ. 109-114), აღნიშნული ცნობები საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია სკოლაში და მოთხოვნის ადგილზე წარსადგენად (ს.ფ. 103-105). სააპელაციო სასამართლო შენიშნავს იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი სახლმმართველობის, საბინაო შემოწმების შესახებ N------ ბარათის მიხედვით, ქ. თბილისში, ც--–------ის ქ. N---ში ცხოვრობდნენ ა---–-- მ-------ი, კ----- მ-------ი, ა-------- მ-------ი, გ------- და თ--- მ-------ები; გ------- და თ--- მ-------ების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2006 წლის 21 სექტემბერი (ს.ფ. 14);

ამავდროულად, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირის _ თ------–--–--–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ აპელანტების - თ--- და გ------- მ-------ების დედა - ნ---------------–ი, დაახლოებით 10 წლის წინ, ალბათ 2005-2006 წლებში, მის შვილს ამზადებდა რუსულ ენაში, ქ. თბილისში, ც--–------ის ქ.N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხოლო ნ---------------–ის მეუღლეს - კ----- მ-------ს აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ჰქონდა მოწყობილი სახელოსნო; კერძოდ, კ----- მ-------ი იყო ტელევიზორების ხელოსანი, რომელსაც ტელევიზორი შესაკეთებლად მიუტანა თ------–--–--–---–ის მეუღლემ და სწორედ ამის შედეგად გახდა ცნობილი, რომ იმავე მისამართზე კ----- მ-------ის მეუღლე რუსულ ენაში ამზადებდა ბავშვებს.

ზემოხსენებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტები, მშობლებთან ერთად ფლობდნენ სადავო უძრავ ქონებას და მოცემული დავისათვის მნიშვნელობის მქონე პერიოდში რეგისტრირებულნი იყვნენ ქალაქ თბილისში, ც--–------ის ქ. N---ში.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კ----- მ-------ი და ნ---------------–ი დაქორწინების დღიდან გადავიდნენ ცალკე საცხოვრებლად ნ---------------–ის მშობლების სახლში და არავითარი კავშირი აღარ გააჩნდათ სადავო ბინასთან, შესაბამისად, არ გააჩნდათ რაიმე უფლება ბინაზე; როგორც საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, კ----- მ-------ი და ნ---------------–ი დაქორწინდნენ 1998 წელს, ხოლო ბინის პრივატიზაცია განხორციელდა 2008 წელს, რომელზეც კ----- და ა-------- მ-------ებს, დედის - ა---–-- მ-------ის სასარგებლოდ უარი აქვთ ნათქვამი; კერძოდ, სააპელაციო პალატა მიუთითებს ს.ფ. 16-ზე წარმოდგენილ 2008 წლის 06 ივნისის სანოტარო აქტზე, რომლის მიხედვით, კ----- და ა-------- მ-------ებმა, დედის _ ა---–-- მ-------ის სასარგებლოდ უარი განაცხადეს ქ. თბილისში, ც--–------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან მათი კუთვნილი წილის პრივატიზაციაზე; შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ, თუკი კ----- მ-------ი 1998 წლიდან აღარ ცხოვრობდა ხსენებულ მისამართზე, მისი თანხმობა და თუნდაც უარი პრივატიცაზიასთან დაკავშირებით, აუცილებლობას არ წარმოადგენდა და ა-------- და ა---–-- მ-------ები მისი ნებართვის გარეშეც განახორციელებდნენ ქონების პრივატიზაციას.

სააპელაციო პალატა აგრეთვე ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებას მასზედ, რომ შვილიშვილების სადავო ქონების მისამართზე რეგისტრაცია განხორციელდა იმ მიზნით, რომ მათ იმ უბნის სკოლაში ევლოთ; როგორც საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, ც--–------ის ქ. N-- და მ------------–----ის ქ. N-- (სადაც მოწინააღმდეგე მხარეთა აპელირებით, კ----- მ-------ი და ნ---------------–ი გადავიდნენ საცხოვრებლად ქორწინების შემდეგ), მდებარეობს ერთსა და იმავე უბანში, სკოლიდან, სადაც აპელანტები სწავლობენ, თანაბარი მანძილის დაშორებით და აპელანტთა სწორედ ც--–------ის ქუჩა N---ში რეგისტრაცია აუცილებლობას არ წარმოადგენდა იმისთვის, რომ მათ ხსენებულ სკოლაში ევლოთ. ამდენად, პალატა იზიარებს აპელანტთა პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, თ--- და გ------- მ-------ები 2006 წლის 21 სექტემბრიდან პრივატიზაციის განხორციელების დროისათვის პერიოდში ნამდვილად იყვნენ რეგისტრირებულნი სადავო უძრავი ქონების მისამართზე და ცხოვრობდნენ სადავო სახლში.

4.2. პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა). საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირვებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

 

ამასთან, 2008 წლის 04 ივლისისათვის მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული, ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმარველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი” არეგულირებდა სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოთ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი).

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

 

ამდენად, მითითებული დადგენილების საფუძველზე, უდავოდ გამოხატულია კანონმდებლის ნება, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადასცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროისათვის ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. სახელმწიფომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით იყო ჩასახლებული ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი, თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩათვლილიყო ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ, იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდებოდა ბინის პრივატიზაცია, ვინაიდან პრივატიზაციით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს და ოჯახის წევრს. თუ ამ უკანასკნელებს კანონით დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარეები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ამ ფართზე უფლებადაკარგულად იქნებოდა ცნობილი ან პრივატიზაციის პერიოდისათვის ამოწერილ იქნებოდა სადავო ბინიდან.

 

2008 წლის 04 ივლისისათვის მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული, ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმარველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის მიხედვით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველს წარმოადგენს კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად:

 

1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ:

1. თ--- და გ------- მ-------ები 2006 წლის 21 სექტემბრიდან რეგისტრირებული იყვნენ მისამართზე ქ. თბილისი, ც--–------ის ქ. N--; 2. უძრავი ნივთის პრივატიზაციის მომენტისათვის დამქირავებელთან ერთად რეგისტრირებულ პირსა და ოჯახის წევრებს (შესაბამისად, კანონიერ მოსარგებლეებს) წარმოადგენდნენ შვილები - კ----- და ა-------- მ-------ები და კ----- მ-------ის შვილები - თ--- და გ------- მ-------ები; 3.კ----- და ა-------- მ-------ების მიერ გაიცა თანხმობა (აღნიშნულით ამ პირებმა უარი განაცხადეს ბინის თავიანთი წილის პრივატიზაციის უფლებაზე) უძრავი ნივთის, მდებარე ქ.თბილისი, ც--–------ის ქ. N 12, მხოლოდ ა---–-- მ-------ის სახელზე პრივატიზაციის შესახებ;

 

შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებების და მოწმეთა ჩვენების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტებს არ მიუტოვებიათ სადავო უძრავი ქონება და მათმა მამამ - კ----- მ-------მა 2008 წლის 06 ივნისს უარი თქვა მისი წილის პრივატიზაციაზე დედის - ა---–-- მ-------ის სასარგებლოდ; აღნიშნული გარემოება კი განიხილება პრივატიზაციის უფლების მქონე პირის - არაპრივატიზებული ფართის კანონიერი მოსარგებლის უშუალოდ კ----- მ-------ის უარად, რაც არავითარ კავშირიში არ არის შვილების უფლებასთან სადავო ქონებაზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ, როგორც აღინიშნა, მამამ დათმო (უარი განაცხადა) უშუალოდ თავის კუთვნილ წილი და არ გამოუვლენია ნება შვილების სახელით, მათი წილის თაობაზე;

 

ამდენად, დადგენილია, რომ აპელანტები, თბილისში, ც--–------ის ქ. N---ში მდებარე ბინის პრივატიზაციის განხორციელების მომენტისათვის, წარმოადგენდნენ აღნიშნული ბინის პრივატიზაციის უფლების მქონე პირებს.

 

შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა _ თ--- და გ------- მ-------ების მოთხოვნა, სადავო ქონების 1/5-1/5 წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია.

 

4.3. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტებმა დაამტკიცეს სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტების მოთხოვნა უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად ცნობის თაობაზე დასაბუთებულია, რის გამოც თ--- და გ------- მ-------ების სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თ--- და გ------- მ-------ების სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე; შესაბამისად, თ--- მ-------ი და გ------- მ-------ი ცნობილ უნდა იქნენ ქალაქ თბილისში, ც--–------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (ს/კ: 0----------------------; მესაკუთრე ა---–-- მ-------ი; ფართი _ 63.12 კვ.მ.) 1/5-1/5 ნაწილის მესაკუთრეებად.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვლისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი და თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთან, თ--- და გ------- მ-------ები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, ა---–-- და ა-------- მ-------ებს, სსს კოდექსის 39-ე მუხლის ,,თ“ პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ სააპელაციო საჩივარზე და სარჩელზე საქმის წარმოების ხარჯი (სახელმწიფო ბაჟის) სახით ჯამში 250 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ--- მ-------ისა და გ------- მ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. თ--- მ-------ისა და გ------- მ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. თ--- მ-------ი და გ------- მ-------ი ცნობილი იქნენ ქალაქ თბილისში, ც--–------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (ს/კ: 0----------------------; მესაკუთრე ა---–-- მ-------ი; ფართი _ 63.12 კვ.მ.) 1/5-1/5 ნაწილის მესაკუთრეებად.

5. ა-------- და ა---–-- მ-------ებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისოთ 250 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს, სასამართლო გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნებათ ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით.

 

თავმჯდომარე /ხათუნა არევაძე/

 

მოსამართლეები /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/