განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
010100116001627310
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001627310

საქმე №1/ბ-349-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 დეკემბერი, 2017 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),თეიმურაზ სვანიძე, მარინა სირაძე

 

სხდომის მდივნის – ლევან ტაბიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ შ----- ქ---–---–ის

მსჯავრდებულის _ მ----- კ---–--–--ის

ადვოკატის – ნ---- ფ--–-----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) მ----- კ---–--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-----------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ--------–---–--–-----------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით:

 

ბრალდებული მ----- კ---–--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მასვე ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

მ----- კ---–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2016 წლის 31 ოქტომბრიდან.

 

მ----- კ---–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: მ----- კ---–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო მ----- კ---–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ქურთუკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- კ---–--–--ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: მ----- კ---–--–--ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ქიმიური ექსპერტიზის №ქ---- დასკვნის თანახმად ერთ ცალად დაფასოებულ ლოგო №8-ის მქონე 104 ცალ ტაბლეტს და 04 ცალ ტაბლეტის ნატეხს, საერთო წონით 41,708 გრამი, რაც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას 0,83416 გრამ ბუპრენორფინს და ქაღალდის ერთ ცალ ნაკეცში არსებული ფხვიერი მასა, წონით 0,16 გრამი, რაც შეიცავს 0,02048 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2016 წლის 31 ოქტომბერს ამოღებული იქნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს-----ში მ----- კ---–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ადილარ წირღვავამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ----- კ---–--–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: განაჩენი ზემდეტად ლმობიერია და გაუმართლებელი სასჯელის ნაწილში, რადგან მ----- კ---–--–--ეს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას. მას ჰქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშაულება, ამასთან, იგი წარსული გასამართლებული იყო განზრახი დანაშაულებისთვის. ამდენად, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, არაგონივრული იყო მისთვის სასჯელის მინიმუმის შეფარდება.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა შ----- ქ---–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა მ----- კ---–--–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- ფ--–-----მა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების _ გ------- გ--------ის და ჯ--- მ--–-----ის გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის №ქ---- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ----- კ---–--–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ მ----- კ---–--–--ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მითითებული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მის მიმართ არ გამოვლენილა და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ----- კ---–--–--ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის არგუმენტზე, რომ მ----- კ---–--–--ე წინათ ნასამართლევია განზრახი დანაშაულებისათვის, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებია მისთვის სასჯელის დანიშვნის დროს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ მ----- კ---–--–--ეს ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, რის გამოც აპელანტის ზემოაღნიშნული არგუმენტი ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების (მათ შორის, სასჯელის) საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. შესაბამისად, დაუშვებელია მოსამართლემ რაიმე ფორმით განაჩენში ასახოს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების ზოგადად შეფასების კონტექსტში, ვინაიდან, იგი სწორედ სასჯელის საკითხის შეფასებას უკავშირდება და აღნიშნულზე განაჩენში ხაზგასმა, თუნდაც ირიბად, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 25 თებერვლის №322აპ-14 განაჩენი).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულ მ----- კ---–--–--ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენი მ----- კ---–--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.მ----- კ---–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

4.”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მ----- კ---–--–--ეს 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

5.მ----- კ---–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2016 წლის 31 ოქტომბრიდან.

 

6.მ----- კ---–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: მ----- კ---–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო მ----- კ---–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ქურთუკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /თ.სვანიძე/

 

/მ.სირაძე/