განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
330210015813744
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3870-16 29 მაისი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივნები - ნინო სოლომნიშვილი, ოთარ ბუკია

 

აპელანტი – შპს ,,-----–--ი“

წარმომადგენელი - ე-–-------------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – გ-----–------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს ,,-----–--ის“ სარჩელი მოპასუხე გ-----–------ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2012 წლის 3 იანვარს შპს ”მ----–--ს”, გ-----–------ესა და ნ------------ას შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ”მ----–--ს” იჯარით გადაეცა გ-----–------ესა და ნ------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ჭ-------ის გ----. N-- ს/კ 0----------------------.

 

2.2 იჯარის ხელშეკრულების 6.2 პუნქტისა და 5.2 პუნქტის თანახმად, გ-----–------ისათვის ყოველთვიურ გადასახდელ საიჯარო ქირად განისაზღვრა 2300 (ორი ათას სამასი) აშშ დოლარი ექვივალენტით ლარში საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით;

 

2.3. იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2012 წლის 03 იანვრიდან _ 2013 წლის 12 თებერვლამდე, ანუ 14 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად საშემოსავლოს სახით გადასახდელ თანხას შეადგენდა თვეში 460 (ოთხას სამოცი) აშშ დოლარი.

 

2.4 მოსარჩელისათვის საშემოსავლო სამსახურის მიერ დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით 60 765 ლარით; მათ შორის ძირითადი გადასახადი _ 37691 ლარი და ჯარიმა 23 074 ლარი.

 

2.5. მოსარჩელეს არ გადაუხდია შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული სანქცია.

 

2.6. მოპასუხის მიერ გადახდილია შპს ,,-----–--”-თან დადებული საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მითითებებს არ შეიცავს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976- 991-ე მუხლები.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ცნების ნორმის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები:

 

1. უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი უნდა ჰქონდეს აუცილებლად სხვა პირის ხარჯზე. 2. უსაფუძვლო გამდიდრების დროს სხვისი ქონების შეძენა (დაზოგვა) ხდება დაზარალებულის ხარჯზე. 3. გამდიდრების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 4. ტერმინის “ქონება” ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ არამარტო კანონით დაცული მატერიალური სიკეთე, არამედ ყოველგვარი ქონებრივი უფლებები: ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მატერიალური გამოხატულება, ალბათ, ამ ცნებას უნდა მივაკუთვნოთ ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებებიც. 5. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა აქვს ობიექტურად დამდგარ შედეგს და არა ამ შედეგის დადგომასთან დაკავშირებული პირების მოქმედებას (ნებას). 6. უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად ვალდებულების წარმოშობას კანონმდებელი უკავშირებს არამარტო კანონებს, სამართლებრივ აქტებს, არამედ სხვადასხვა სახის იურიდიულ ფაქტებსაც.

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ, დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან, დამოუკიდებელ, არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთი ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი, ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. ვალდებულების ამ ორი სახის განსხვავება პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ ისინი სხვადასხვა საფუძვლებიდან წარმოიშობიან. ზიანის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველი, როგორც წესი, დელიქტია (სამართალდარღვევა). გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც; ამასთან დაკავშირებით, კანონში მითითებული გამონაკლისების გარდა, ზიანის მიყენების შედეგად ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სახეზე გვაქვს ზიანის მიმყენებლის ბრალეული ქმედება. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. განსახილველ ვალდებულებათა სახეებს შორის განსხვავებაა ასევე მათ შინაარსშიც. ზიანის მიყენებიდან წარმოშობილი ვალდებულება უზრუნველყოფს დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენას სრულად. ამ შემთხვევაში ანაზღაურება მიყენებული ზიანის ტოლია. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი ასეთი ტოლობა შეიძლება არ გვქონდეს, (ანაზღაურება =/= ზიანს). ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა. განსხვავებულია პასუხისმგებლობის იურიდიული ბუნებაც ამ ვალდებულებებში. ზიანის ანაზღაურება დელიქტურ ვალდებულებებში ეს არის სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობის სახე, ანუ მოვალის ქონებრივი სფერო მცირდება და იზრდება კრედიტორის ქონებრივი სფერო. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი ასეთი შემცირება-გაზრდას ადგილი არა აქვს. შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება, არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ შპს ,,-----–--სა” და გ-----–------ეს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს ,,-----–--ს” იჯარით გადაეცა გ-----–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ჭ-------ის გ----. N--, ს/კ 0----------------------. იჯარის ხელშეკრულების 6.2 პუნქტისა და 5.2 პუნქტის თანახმად, გ-----–------ისათვის ყოველთვიურ გადასახდელ საიჯარო ქირად განისაზღვრა თვეში 2300 (ორი ათას სამასი) აშშ დოლარი ექვივალენტით ლარში საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით; შესაბამისად, სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მასზედ, რომ იგი ვალდებულების გარეშე ზედმეტ თანხებს უხდიდა მეიჯარეს, რადგან სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თვეში 2300 აშშ დოლარის გადახდა ევალებოდა მოიჯარეს, ამასთანავე, მოპასუხის ვალდებულება იყო საშემოსავლოს გადახდა, რაც მის მიერ განხორციელდა კიდეც; შესაბამისად, სასამართლომ მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრებულ პირად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ მისდგომია ზიანი, მას არ გადაუხდია შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი საგადასახადო სანქციები, ასევე არ განუცხადებია კანონით დადგენილი წესით პრეტენზიები შესაბამისი სამსახურისათვის ამ სანქციების დაწესების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიუტუტის მოსამართლისეული შეფასება და მის მიერვე განხილული კონკრეტული საქმის გარემოებათა იურიდიული და სამართლებრივი შეფასება არ არის თანხვედრილი. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ საქმეში არსებობს შპს ,,-----–--ის“ ხარჯზე გ-----–------ის უსაფუძვლოდ გამდიდრების ყველა ნიშანი; კერძოდ, 2012 წლის 03 იანვარს სს ,,-----–--მა“ გ-----–------ესთან და მასთან ერთად ნ------------ასთან დადო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დასახელებულმა პირებმა მოსარჩელეს იჯარით გადასცეს მათ საკუთრებაში არსებული საიჯარო ფართი. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის შესაბამისად, გ-----–------ის შემთხვევაში საიჯარო ქირის ყოველთვიურ ოდენობად განისაზღვრა 2300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით (ამავე ხელშეკრულების 5.2. პუნქტი). ეს თანხა ფაქტობრივად შეცდომით სრულად ირიცხებოდა მოპასუხის ანგარიშზე, ვინაიდან გ---- წ------ე არ იყო დარეგისტრირებული, როგორც გადასახდის გადამხდელი, გადარიცხული საიჯარო თანხიდან 20% უნდა დაკავებულიყო, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა _ საშემოსავლო გადასახადი; შესაბამისად, გ-----–------ეს უკანვე უნდა დაებრუნებინა მითთებული თანხა (შემოსავლო გადასახადი), რათა შპს ,,-----–--ს“ დაეფარა საშემოსავლო გადასახადი; აპელანტი აღნიშნავს, რომ სამართლებრივად ეს იყო მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის ყოველგვარი სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, ზედმეტად გადახდილი თანხა; მეტიც - აღნიშნული თანხა უნდა გადახდილიყო სწორედ შპს ,,-----–--ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და იგი უნდა მიეღო არ გ-----–------ეს, არამედ - სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს შეფასებები უსაფუძვლო გამდიდრების დროს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა და ქონებრივი დანაკლისის შევსების შესახებ, მცდარი და არასწორია, ვინაიდან იგი არასწორად განმარტავს თვით უსაფუძვლო გამდიდრებისა და ზიანის ანაზრაურების მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ თითქოს მოსარჩელემ ერთამენთისაგან ვერ გამიჯნა ორი ერთმანეთისაგან დამოკიდებელი სამოქალქო სამართლებრივი ინსტიტუტი უსაფუძვლო გამდიდრება და დელიქტური ვალდებულება.

 

პელანტის შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ,,-----–--მა“ გ-----–------ეს კანონის სრული დაცვით მოსთხოვა არა მხოლოდ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული და მითვისებული თანხა - მთლიანობაში 13 304 ლარი, არამედ უსაფუძვლი გამდიდრების გზით ამ თანხის მიღებით, მისი დაუბრუნებლობის ან/და შემოსავლების სამსახურში დროულად მეწარმედ დაურეგისტრირებლობის, საშემოსავლო გადასახდის რეგულარულად გადაუხდელობისა და შემოსავლების სამსახურის მიერ შპს ,,-----–--ის“ 6652 ლარით დაჯარიმების გამო, ამ თანხის, როგორც ზიანის ანაზღაურების სახით გადახდაც; აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის შფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია უსაფუძვლო გამდიდრების დროს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუშვებლობის შესახებ, წარმოადგენს მცდარ სამართლებრივ ანალიზს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში, მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ შპს ,,-----–--ის“ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დანიშნულებისამებრ გადახდის ფაქტების დადგენისას, არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

4.2. სააპელაციო პალატა იზიარებს და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 2012 წლის 03 იანვარს შპს ,,-----–--სა” და გ-----–------ესა და ნ------------ას შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,-----–--ს” იჯარით გადაეცა გ-----–------ისა და ნ------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ჭ-------ის გ----ირი N-- ს/კ 0----------------------.

 

- ამავე იჯარის ხელშეკრულების 6.2 პუნქტისა და 5.2 პუნქტის თანახმად, გ-----–------ისათვის ყოველთვიურ გადასახდელ საიჯარო ქირად განისაზღვრა 2300 (ორი ათას სამასი) აშშ დოლარი ექვივალენტით ლარში, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით;

 

- ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2012 წლის 03 იანვრიდან _ 2013 წლის 12 თებერვლამდე, ანუ 14 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად საშემოსავლოს სახით გადასახდელ თანხას შეადგენდა თვეში 460 (ოთხას სამოცი) აშშ დოლარი;

 

- დადგენილია, რომ შპს ,,-----–--ი“ საშემოსავლო სამსახურის მიერ დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით 60 765 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადია 37 691 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმაა - 23 074 ლარი; დაჯარიმების საფუძველია მოსარჩელის მიერ 2012 წლის 03 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობა;

 

- მოსარჩელეს არ გადაუხდია შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული ზემოაღნიშნული თანხები.

 

- ამავდროულად, დადგენილია, რომ გ-----–------ე იხდიდა შპს ,,-----–--თან“ დადებული საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადს; ანუ ხსენებული სამართალურთიერთობის ფარგლებში გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა გ-----–------ის მიერ განხორციელებული გადახდებით. მის მიერ განხორციელებული თანხის გადახდის დანიშნულებაში სწორედ ამგვარადაა მითითებული _ ,,საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან“;

 

სასარჩელო განცხადების და მხარის პოზიციის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სწორედ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და, აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის უკან დაბრუნება წარმოადგენს;

 

შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მიხედვით, მის (მოიჯარის) სასარგებლოდ, მოპასუხისათვის (მეიჯარისათვის) თანხის დაკისრების თაობაზე; აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოცემულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას, ყურადღების გამახვილებას უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა მომწესრიგებელ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976- 991-ე მუხლებზე და პირველ ყოვლისა, თავად უსაფუძვლო გამდიდრების ცნების ანალიზზე. დასახელებულ საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რაც არაერთ საქმეშია ასახული, კერძოდ, უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები უზრუნველყოფს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (სუსგ №ას-74-71-2016, 2016 წლის 25 მაისი).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისათვის სწორედ დასახელებული საკითხია შესაფასებელი სასამართლოს მიერ _ დგინდება თუ არა არაუფლებამოსილი სუბიექტის (მოპასუხის) მიერ, მოსარჩელისაგან, ქონების (სარჩელში მითითებული თანხის) მიღება _ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ე.ი. მისი გამდიდრება მოსარჩელის ხარჯზე და შესაბამისად, ექვემდებარება თუ არა სარჩელი დაკმაყოფილებას - მოპასუხის მიერ მიღებული ქონების (თანხის) მისგან ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის (მოსარჩელისათვის) გადაცემას (დაბრუნებას).

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი შეფასება;

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა კვლავ მიაქცევს ყურადღებას მოცემულ საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებს:

 

- შპს ,,-----–--სა” და გ-----–------ეს შორის დადდებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,-----–--ს” იჯარით გადაეცა გ-----–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ჭ-------ის გ----. N--, ს/კ 0----------------------. იჯარის ხელშეკრულების 6.2 პუნქტისა და 5.2 პუნქტის თანახმად, გ-----–------ისათვის ყოველთვიურ გადასახდელ საიჯარო ქირად განისაზღვრა თვეში 2300 (ორი ათას სამასი) აშშ დოლარი ექვივალენტით ლარში საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით; დადგენილია ასევე ის გარემოებაც, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 4.1. მუხლის მიხედვით, მეიჯარის ვალდებულებას წარმოადგენდა მოიჯარისაგან მიღებული თანხიდან 2300 (ორი ათას სამასი) ლარიდან, სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახდის გადახდა, რაც მან ხსენებული სამართალურთიერთობის ფარგლებში განახორციელა კიდეც; კერძოდ, როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ გ-----–------ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული თანხის გადახდის დანიშნულებაში სწორედ ამგვარადაა მითითებული _ ,,საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან“;

 

ამასთან, საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ აპელანტს (მოსარჩელე შპს ,,-----–--ს“) არ გადაუხდია შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული თანხები, ასევე კანონით დადგენილი წესით არ განუცხადებია პრეტენზია შესაბამისი სამსახურისათვის დასახელებული თანხების დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

 

შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მიერ, მოწინააღმდგე მხარისათვის, ვალდებულების გარეშე, ზედმეტი თანხების გადახდის და ამ გზით მოწინააღმდეგე მხარის (გ-----–------ის) უსაფუძვლოდ გამდიდრების თაობაზე ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები; როგორც უკვე არაერთგზის აღინიშნა, საქმის მასალებით დგინდება აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებები, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში მართებულად არ მიიჩნია მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრებულ პირად; რადგან მოსარჩელის მიერ, მოპასუხითვის, სარჩელში დასახელებული თანხის გადაცემის ფაქტი არ ექცევა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში და აქედან გამომდინარე, მიღებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დაააკმაყოფილა სარჩელი.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,-----–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/