განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5036-16 05 ივნისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები: ანა გოგიშვილი
ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ბუკია
აპელანტი - ი-----------------ე
წარმომადგენელი - გ----------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა--------------ე
წარმომადგენელი - პ------------ე
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ი-----------------ის სარჩელი, ა--------------ის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 25 თებერვალს, ი-----------------ეს და ა--------------ეს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ა--------------ეს საკუთრებად აღირიცხა ქ.თბილისში, ი-–------ ქუჩა N---ში მდებარე ბინა 1-- ს/კ 0-----------------------
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--------------ის მხრიდან, ი-----------------ის მიმართ, გამოვლენილ მძიმე შეურაცხყოფასა და დიდი უმადურობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ი-----------------ეს და ა--------------ე შორის ჩუქების ხელშეკრულების დადებით, ი-----------------ის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
2.3. მოწმე - ო-–---------------ის ჩვენებიდან, რომელიც ამავდორულად ა--------------ის დედასა და ი-----------------ის მეუღლეს წარმოადგენს, დადგინდა, რომ ა--------------ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს სადავო ბინაში. ეს ბინა მას საცხოვრებლად გადაეცა შვიდი წლით ადრე, სადავო ხელშეკრულების დადებამდე. მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობა ჩუქების ხელშეკრულების დადებამდეც არსებობდა, თუმცა, მოწმემ განმარტა, რომ სადავო გარიგების დადების შემდეგ, მამა-შვილს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდა, რაც აისახება ფაქტობრივად ურთიერთობის გაწყვეტაში. ა--------------ე არ იჩენს სათანადო ყურადღებას მშობლების მიმართ, არ ეხმარება მათ მატერიალურად, პერიოდულად შეურაცხყოფას აყენებს მამას, არ უწყობს ხელს მის შვილიშვილებთან ურთიერთობას. ოჯახის წევრების ისედაც იშვიათი შეხვედრები შეურაცხყოფითა და ჩხუბით სრულდება. კითხვაზე, თუ რაში გამოიხატებოდა მძიმე შეურაცხყოფა - მოწმე მიუთითებს შეურაცხმყოფელ მიმართვებზე მამის მისამართით: ,,მოკვდები და მატლები შეგჭამენ“, ,,იმუშავე, რატომ ზიხარ სახლში”. კითხვაზე არის თუ არა იგი დაინტერესებული საქმის შედეგით მოწმე - ო-–---------------ემ მიუთითა, რომ იგი პირადად არის დაინტერესებული საქმის შედეგით და მიაჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, რისთვისაც სარჩელის სასამართლოში შესატანად დადგენილი სახელმწიფო ბაჟიც მის მიერ იქნა გადახდილი. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში სასამართლო ვერ დაეყრდნობა მოწმე ო-–---------------ის ჩვენებას, როგორც სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებას.
_ მოწმის სახით დაკითხულმა ტ----------–---ამ, რომელიც არის ო-–---------------ის ახლო მეგობარი, სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ა--------------ე უხეშად ექცევა მამას, არ ზრუნავს მასზე, არ ეხმარება მატერიალურად. მან ასევე მიუთითა, რომ მამა-შვილს არც სადავო გარიგების დადებამდე არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მისი თანდასწრებით მხარეებს მოუვიდათ კონფლიქტი სახლის სადარბაზოში, რა დროსაც ა--------------ემ ხელი დაარტყა მამას, თუმცა, ამ ფაქტს არავინ არ შესწრებია, ტ----------–---ას გარდა. ასევე, მოწმემ ზუსტად ვერ მიუთითა მომხდარი კონფლიქტის დრო და ვითარება. კითხვაზე - ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ აყენებდა თუ არა შეურაცხყოფას ა--------------ე მოსარჩელეს, ტ----------–---ამ უპასუხა, რომ მხარეთა შორის მუდმივად დაძაბული ურთიერთობა იყო. მოპასუხე გამოთქვამდა პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----------------ე არ მუშაობს და ხშირად ეუბნებოდა: ,,იმუშავე, რატომ ზიხარ სახლში?!”.
_ მოწმე ნ-----–---------მ, რომელიც არის მოსარჩელის მეზობელი, სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ა--------------ეს და ი-----------------ეს შორის კონფლიქტს უშუალოდ არ შესწრებია, მათი ურთიერთობა ბინის ჩუქებამდე და ჩუქებს შემდეგ არ შეცვლილა. ერთმანეთთან აქვთ ნორმალური ურთიერთობა.
_ მოწმე ვ-----------------ს ჩვენებით, იგი რამდენჯერმე შეხვდა ა--------------ეს მშობლების სახლთან, სადავო გარიგების დადების შემდეგ; ამ დროს მას მოპასუხე მშვიდ მდგომარეობაში ხვდებოდა, რაც აფიქრებინებს, რომ ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტური ვითარება არ იყო.
სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ერთობლიობაში შეფასებას. სასამართლო ვალდებულია მოწმეთა ჩვენებებიც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის თვალსაზრისით. აღნიშნული გულისხმობს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს, მხარეთა დამოკიდებულებას, ფიზიკურ მდგომარეობას და სხვა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე ო-–---------------ის და მისი მეგობრის ტ----------–---ას ჩვენებას, გაითვალისწინა რა ო-–---------------ის სუბიექტურ დამოკიდებულება მოსარჩელისადმი, მისი მეგობრის ტ----------–---ას ჩვენება კი, სასამართლომ არასარწმუნოდ მიიჩნია.
_ ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა--------------ესა და ი-----------------ეს შორის დაძაბული ურთიერთობა სადავო გარიგების დადებამდეც არსებობდა. ასევე, როგორც საქმის განხილვისას გაირკვა, ი-----------------ეს აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, სადაც იგი ცხოვრობს მეუღლესთან და მეორე შვილთან ერთად. ამასთან, იგი პერიოდულად მუშაობს და აქვს გარკვეული შემოსავალი. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი ცნობით ი-----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იგი ფილტვების ე--------ით დაავადებულია 2004 წლიდან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი-----------------ის მატერიალური მდგომარეობა სადავო ქონების გაჩუქებით არც შეცვლილა და არც გაუარესებულა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა ა--------------ის მიერ მის მიმართ გამოხატული მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის ფაქტი, ისევე როგორც სადავო გარიგების დადებით მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 04 მარტს, რის საფუძველზეც უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისში, ი-–------ ქ. №--, ბინა №--, დარეგისტრირდა ა--------------ის საკუთრების უფლება.
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-530-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
სასამართლომ განმარტა, რომ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებელი ავალდებულებს დასაჩუქრებულს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა მხოლოდ გამჩუქებლის სუბიექტური სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.
სასამართლომ განმარტა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ განიხილება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების უპირობო საფუძვლად, ვინაიდან კანონმდებელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფაზე და დიდ უმადურობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელი გაჩუქებული ნივთის გამოთხოვას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში - თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასეთი გარემოების მტკიცების ტვირთი აწევს მჩუქებელს, რომელმაც უნდა ადასტუროს, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა ჩუქების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაჩუქრებულს დიდი უმადურობა არ გამოუჩენია მოსარჩელის მიმართ. მხარეთა შორის ურთიერთობა არსებითად არ შეცვლილა მოსარჩელესთან ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ. მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არ ზრუნავდა მასზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად ან/და დიდ უმადურობად, ვინაიდან, მხარეთა შორის სადავო გარიგების დადებამდეც დაძაბული ურთიერთობა იყო, რაც დასტურდება როგორც თავად მოპასუხის ახსნა-განმარტებით, ასევე - მოწმეთა ჩვენებებითაც. მეტიც, ასეთი დაძაბული ურთიერთობების ფონზე, მოპასუხე ა--------------ე შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სადავო ბინაში. ამასთან, მამა-შვილს შორის პერიოდული უთანხმოებები არ გამხდარა სადავო გარიგების დადების შემაფერხებელი გარემოება.
ამასთან, საქმის განხილვისას გაირკვა, რომ ი-----------------ეს აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, სადაც იგი ცხოვრობს მეუღლესთან და მეორე შვილთან ერთად. იგი პერიოდულად მუშაობს და აქვს გარკვეული შემოსავალი. საქმეში წარმოდგენილი ცნობით ი-----------------ის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ, დასტურდება, რომ იგი ფილტვების ე--------ით დაავადებულია 2004 წლიდან, შესაბამისად, უკვე დიდი ხანია, რაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ეს გარემოება არ უკავშირდება სადავო გარიგების დადების შემდგომ პერიოდს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი-----------------ის მატერიალური მდგომარეობა სადავო ქონების გაჩუქებით არც შეცვლილა და არც გაუარესებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან დასაჩუქრებულის მხრიდან, დამსაჩუქრებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის გამოვლენის ფაქტი, ისევე როგორც სადავო გარიგების დადებით მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, არ დადასტურდა.
ამდენად, სასამართლო სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და შესაბამისად, იგი არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები; კერძოდ, მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ ა--------------ეს ზოგადად არ ჰქონდა კარგი ხასიათი, თუმცა მამა-შვილი ნორმალურად ურთიერთობდნენ სადავო ხელშეკრულების დადებამდე; დასახელებული ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ მათი ურთიერთობა დაიძაბა, გახდა კონფლიქტური და შეურაცხმყოფელი მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან. ამასთან, აპელანტის შეფასებით, მოწმე ტ-----------–---ას ჩვენებიდან ირკვევა, რომ მამა-შვილს შორის სადარბაზოში მოხდა კონფლიქტი, ა--------------ე სცემდა ავადმყოფს მამას; მართალია მოწმე ვერ იხსენებს ზუსტ დროს, მაგრამ უმადურობის ფაქტის დასადასტურებლად აღნიშნულის მითითება არც არის საჭირო. სასამართლომ კი დასაჩუქრებულის მხრიდან მამის ლანძღვა და ცემა არ მიიჩნია უმადურობად და შესაბამისად სარჩელი არ დააკმაყოფილა.
აპელანტი მიიჩნევს, რომ წინააღდმეგობრივია სასამართლოს მსჯელობა მოწმე ო-–---------------ის ჩვენების შეფასებისას; კერძოდ, ერთ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ დაეყრდნობა მის მიერ მიცემულ ჩვენებას, როგორც სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებას, ხოლო მეორეს მხრივ, იზიარებს მის განმარტებას მხარეთა შორის მანამდე არსებული დაძაბული ურთიერთობის თაობაზე.
_ აპელანტი აღნიშნავს, რომ მოწმე ლ------–---------ს, რომელიც მოსარჩელის მეზობელია, საერთოდ არ გააჩნია საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია; ამის მიუხედავად, სასამართლო არასწორად ადგენს, რომ დასახელებული მოწმის ჩვენების მიხედვით მამა-შვილს აქვს ნორმალური ურთიერთობა.
_ აპელანტი მიიჩნევს, რომ ასევე არაინფორმაციულია მოწმე ვ-----------------ს ჩვენება;
_ აპელანტის შეფასებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა, უძრავი ქონების უკან დაბრუნება დასაჩუქრებულს ჩააყენებდა თუ არა მძიმე მდგომარეობაში და რადგან ა--------------ე დაოჯახებულია და ნაჩუქარ საცხოვრებელ სახლში გადასვლამდე ცხოვრობდა სხვა სახლში, შესაბამისად, ის მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარე აპელანტის მიმართ იჩენს უმადურობას, გამუდმებით ამცირებს მას და აყენებს ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას, სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი და სადავო უძრავი ქონების აპელანტის საკუთრებაში გადასვლის წინაპირობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში, მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2015 წლის 25 თებერვალს, ი-----------------ეს და ა--------------ეს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა--------------ეს საკუთრებად აღირიცხა ქ. თბილისში, ი-–------ ქუჩა N---ში მდებარე ბინა N1-- ს/კ 0-----------------------
- ა--------------ეს მხრიდან ი-----------------ის მიმართ გამოვლენილ მძიმე შეურაცხყოფასა და დიდი უმადურობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
- ი-----------------ეს და ა--------------ე შორის ჩუქების ხელშეკრულების დადებით, ი-----------------ის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა.
4.2. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა.
თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მოითხოვს ა--------------ის სასარგებლოდ დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას. შესაბამისად, მას ეკისრება ვალდებულება სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ ამტკიცოს დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან/და დიდი უმადურობის გამოვლინება. ძალადობისა და მოძალადის ხასიათიდან გამომდინარე, საქმეში პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, რომელიც ძალადობის ფაქტის პირდაპირ დამამტკიცებელ მტკიცებულებად გამოდგება იშვიათია, რადგან ზოგადად, მოძალადე ცდილობს მსხვერპლის მარტო ყოფნით ისარგებლოს და მასზე სხვებისგან მალულად იძალადოს; სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე მსჯელობისას, პირველ ყოვლისა, შესაფასებელია ანუ რამდენად გამომდინარეობს მასში ასახული დასკვნები და მსჯელობა, სასამართლოში მოცემულ დავაზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. მტკიცებულებათა კვლევას, მათი სარწმუნოობის დადგენას, სასამართლო ახორციელებს საქმის განხილვის დროს, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, წარდგენილი მტკიცებულებების ერთმანეთთან შედარების საფუძველზე. მართალია, კანონმდებლობა არ ადგენს თუ რომელი სახის მტკიცებულება უნდა გაიზიაროს სასამართლომ და რომელი არა, მაგრამ სხვადასხვა ტიპის მტკიცებულება მოითხოვს შეფასების შესაბამის მეთოდს. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე არის პირი, რომელიც სასამართლოს ჩვენების სახით აწვდის ინფორმაციას იმ ფაქტების შესახებ, რომელსაც ის შეესწრო, ხოლო თავის მხრივ, მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შემდეგი ფაქტორები: დროის მონაკვეთი, რომელიც გასულია იმ ფაქტის დადგომიდან, რომლის შესახებაც მოწმე იძლევა ჩვენებას, ამასთან, თავის მხრივ, ჩვენების ფორმირება მოიცავს სამ ეტაპს: ფაქტის, მოვლენის აღქმას, დამახსოვრებასა და მის გადმოცემას. შესაბამისად, რაც უფრო დიდი დროა გასული, მით უფრო მცირდება ჩვენების სანდოობა ადამიანის მეხსიერების თავისებურებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია მოწმის დამოკიდებულება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მხარეებთან - მოწმე არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც გააჩნია თავისი მსოფლმხედველობა და სუბიექტური შეფასება ამა თუ იმ მოვლენისა თუ ფაქტისა. თავისი განწყობიდან გამომდინარე მისი ჩვენება შეიძლება გახდეს ტენდენციური და არ გადმოსცეს ინფორმაცია იმ ფორმით, რა ფორმითაც ის აღიქვა, გასათვალისწინებელია აგრეთვე მოწმის ბიოგრაფია, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლების დონე, ცხოვრების წესი და ის მონაცემებიც, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოწმის მიერ ამა თუ იმ ფაქტისა თუ მოვლენის აღქმისა და შეფასების პროცესზე, კერძოდ, მოწმის ქცევა ჩვენების მიცემისას, თხრობის თანმიმდევრულობა, თავდაჯერებულობა, რეაქციები კითხვების დასმის დროს და საერთო ჯამში მოწმის ჩვენების შინაარსის შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოწმეების ო-–---------------ისა და ტ----------–---ას ჩვენებებს, როგორც სანდო და სარწმუნო მტკიცებულებებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ერთის მხრივ, ო-–---------------ე წარმოადგენს ი-----------------ის მეუღლეს, ხოლო, ტ----------–---ა - ო-–---------------ის მეგობარს და შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მათი ჩვენებები განპირობებულია აპელანტის მხრიდან სუბიექტური დამოკიდებულებითა და ურთიერთობით. აღნიშნულის თაობაზე მნიშვნელოვანია და პირველი ინსტანციის სასამართლოც მიუთითებს, რომ მოწმე ო-–---------------ის განმარტებაზე; კერძოდ, მისი განცხადებით, პირადად არის დაინტერესებული საქმის შედეგით და მიაჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, რისთვისაც სარჩელის სასამართლოში შესატანად დადგენილი სახელმწიფო ბაჟიც მის მიერ იქნა გადახდილი (2016 წლის 04 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი 16:28:26). გარდა აღნიშნულისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ თავად აღნიშნული მოწმეების განმარტებით, მხარეებს შორის კონფლიქტური მდგომარეობა არსებობდა სადავო ხელშეკრულების დადებამდეც. შესაბამისად, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად, ირკვევა, რომ ა--------------ესა და ი-----------------ეს შორის სადავო გარიგების დადებამდე არსებული ურთიერთობა, შემდგომში არ შეცვლილა დასაჩუქრებულის მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების და დიდი უმადურობის გამოვლენით. გარდა აღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ ი-----------------ეს აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, სადაც იგი ცხოვრობს მეუღლესთან და მეორე შვილთან ერთად. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მასზედ, რომ მტკიცებულებათა შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ერთობლიობაში შეფასებას. სასამართლო ვალდებულია მოწმეთა ჩვენებებიც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის თვალსაზრისით. აღნიშნული კი გულისხმობს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს, მხარეთა დამოკიდებულებას, ფიზიკურ მდგომარეობას და სხვა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოწმე ო-–---------------ის და მისი მეგობრის - ტ----------–---ას ჩვენებები; მართებულად მიიჩნია მათი ჩვენებები არასარწმუნოდ, ვინაიდან გამოვლინდა მოწმეთა მხრიდან მოსარჩელისადმი სუბიექტური დამოკიდებულება.
4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, გამოვლინდა თუ არა ა--------------ის მხრიდან მამის - ი-----------------ის მიმართ, მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის ფაქტი, რაც შესაძლოა დაედოს საფუძვლად მხარეთა შორის 2015 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
წინამდებარე შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ი-----------------ის მიმართ უმადურობის, მუქარის, იძულების, შეურაცხყოფის მიყენებისა და ფსიქიკური ზეწოლის ფაქტის მტკიცება ეკისრება თავად აპელანტს და სწორედ მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ მოწინააღმდეგე მხარე შეურაცხყოფას ახორციელებს ან სხვაგვარად იჩენს უმადურობას. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება მოწმის ჩვენებით, პოლიციის ორგანოში დაცული მასალებით, ოჯახური კონფლიქტის ამსახველი მტკიცებულებებით, განაჩენით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებითა ან სხვა ნებისმიერი ისეთი მტკიცებულებით, რომელშიც ასახული იქნება ა--------------ის მიერ აპელანტის მიმართ ზემოქმედება, შეურაცხყოფა ან სხვაგვარი უმადურობა. სასამართლომ განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას კანონი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის:
1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან
2)მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა.
სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება დიდი უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს. თავისთავად ,,დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, მჩუქებლისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხს მჩუქებლის ქცევის გათვალისწინებით და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უმადურობა და მიყენებული შეურაცხყოფა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი დასაჩუქრებულის მიმართ გამოხატავს პატივისცემას და კეთილგანწყობას. მის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვის მიზნით, საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას. თუმცა ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი მოწესრიგება ცხადყოფს, რომ ჩუქების ხელშეკრულებიდან გასვლა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას წარმოადგენს საჩუქრის გამოთხოვა დასაჩუქრებულის მიერ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა ან დიდი უმადურობის გამოჩენის ვითარება მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ უმადურობა არ არის იურიდიული ტერმინი და იგი შეფასებითი კატეგორიისაა. ზოგადად უმადურია ის, ვინც ვისიმე მადლს, სიკეთეს არ აფასებს, ვინც ვისიმე (რისამე) მადლიერი არ არის, უკმაყოფილოა. ზოგადი ხასიათის უმადურობა არ ქმნის ჩუქების ბათილობის და შესაბამისად, ნაჩუქარი ნივთის გამოთხოვების საფუძველს. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთერთ საქმეზე განმარტა, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს, როგორადაც კანონის თანახმად მიჩნეულია „მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“. აქედან გამომდინარე, უმადურობა არის დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს.
4.4. პალატა აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი კატეგორიის დავებში მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. ამასთან, ცხადია მნიშვნელოვანია როგორ დაადასტურებს მხახრე მის მიერ მითითებულ გარემოებებს; სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
ზემოთხსენებული საკითხის განხილვის თვალსაზრისით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას მასზედ, რომ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებელი ავალდებულებს დასაჩუქრებულს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა მხოლოდ გამჩუქებლის სუბიექტური სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით. სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ განიხილება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების უპირობო საფუძვლად, ვინაიდან კანონმდებელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად, როგორც აღინიშნა, მიუთითებს მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფაზე და დიდ უმადურობაზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელი გაჩუქებული ნივთის გამოთხოვას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში - თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ა--------------ემ ი-----------------ის მიმართ არ გამოიჩენია დიდი უმადურობა და მას მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა, რაც საფუძვლად დაედებოდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტს გააჩნია საცხოვრებელი სახლი და მას პერიოდულად მუშაობის შედეგად აქვს შემოსავალიც; შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები. ასევე, ყურადსაღებია ისიც, რომ აპელანტი 2004 წლიდან დაავადებულია ფილტვების ე--------იით, ანუ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება კავშირში არ არის ჩუქების ხელშეკრულების დადებასთან.
ზემოაღნიშნული მსჯელობის შედეგად სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----------------ის მატერიალური მდგომარეობა სადავო ქონების გაჩუქებით არ გაუარესებულა, აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი ი-----------------ეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, ასევე ამ კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოებები, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა ამ ნორმით გათვალისწინებული წესის დაცვით;
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; აპელანტმა ვერ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარემ დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ“ პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----------------ის სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /ანა გოგიშვილი/
/ეკატერინე ცისკარიძე/