განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
330210016001514858
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1748-17 27 თებერვალი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტები – მ----- კ------, მ--- კ------;

წარმომადგენელი - ს------- ნ------;

მოწინააღმდეგე მხარე – გ------- ფ-----;

წარმომადგენელი - ნ--- ჯ-------;

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, გ------- ფ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა; მ----- კ-----ის და მ--- კ-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს, ქ. თბილისში, შ---------------------ში (ს/კ 0---------------------- და ს/კ 0----------------------) ორ გაერთიანებულ ფართში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: მაცივარი - 1ც, წყლის გამათბობელი - 1ც. პრინტერი - 1ც, ნოუთბუქი - 1ც, ჭურჭელი - 1. კომპ. მიკროტალღური ღუმელი - 1ც. სამზარეულოს ჭურჭელი და ქვაბები - 1კომპ. სკამი - 48ც. მაგიდა -9ც. თერმული პრინტერი ესჯითი 802-3ც, ჩამწერი მოწყობილობა დვრ ეიჩ 6016ვ-1ც. სამეთვალყურეო კამერა ჯიენთისი 200ენ-4ც. სამეთვალყურეო კამერა ეიჩთისი 54 ესბი-1ც, სამეთვალყურეო კამერა ჯიემთი ემ200-3ც, კვების ბლოკი პიეს 10818 სიეიჩ 10ა-1ცალი, სამეთვალყურეო კამერა ეიჩთისი 324 ეიჩ-1ც, მ12 მასომლნეკ ხორცის მანქანა -1ც, მოდესტა ყავის ჭიქა 200მლ-18ც. მოდესტა სამარილე-საპილპილე 6სმ -16ც, ტაპას სამარილე 7სმ- 32 ც. -1ც.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ქ. თბილისში, შ---------------------ში (ს/კ 0---------------------- და ს/კ 0----------------------) მდებარე ფართები წარმოადგენს მოპასუხეთა საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს. ფ. 14-15). იჯარის ხელშეკრულება (იხ. ს. ფ. 27-31).

 

2.2. 2012 წლის 13 ივნისს შპს ,,GXG''-ს და მ----- და მ--- კ------ებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 1.1. პუნქტით სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად შპს ,,GXG''-ს გადაეცა ქ. თბილისში, შ---------------------ში (ს/კ 0---------------------- და ს/კ 0----------------------) მდებარე ფართები. იჯარით აღებულ ფართში შპს ,,GXG''-ს გახსნილი ჰქონდა რესტორანი. 2014 წელს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

13/06/2012 წლის ხელშეკრულება (იხ. ს. ფ. 66-71). მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

2.3. 2015 წლის მარტში ქ. თბილისში, შ---------------------ში (ს/კ 0---------------------- და ს/კ 0----------------------) მდებარე ფართებზე იჯარის ხელშეკრულება მ----- და მ--- კ------ების მიერ დაიდო შპს ,,ა---–------სთან’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2015 წლის იჯარის ხელშეკრულება (იხ. ს. ფ. 27-31).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. . სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 21 ნოემბერს შპს ,,GXG''-მ შპს გ---ს მიჰყიდა მოძრავი ნივთები, მათ შორის - მაცივარი 1ც, წყლის გამათბობელი - 1ც. პრინტერი - 1ც, ნოუთბუქი - 1ც, ჭურჭელი. მიკროტალღური ღუმელი - 1ც. სამზარეულოს ჭურჭელი და ქვაბები. სკამი- 48ც. მაგიდა-9ც. თერმული პრინტერი ესჯითი 802-3ც, ჩამწერი მოწყობილობა დვრ ეიჩ 6016ვ-1ც. სამეთვალყურეო კამერა ჯიენთისი 200ენ-4ც. სამეთვალყურეო კამერა ეიჩთისი 54 ესბი-1ც, სამეთვალყურეო კამერა ჯიემთი ემ200-3ც, კვების ბლოკი პიეს 10818 სიეიჩ 10ა-1ცალი, სამეთვალყურეო კამერა ეიჩთისი 324 ეიჩ-1ც, მ12 მასომლნეკ ხორცის მანქანა -1ც, მოდესტა ყავის ჭიქა 200მლ-18ც. მოდესტა სამარილე-საპილპილე 6სმ -16ც, ტაპას სამარილე 7სმ- 32 ც. შემდგომში, 14/06/2016 წელს შპს ,,გ---’’-მ ზემოაღნიშნული ნივთები მიჰყიდა გ------- ფ-----ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საგადასახადო ანგარიშფაქტურები (იხ. ს. ფ. 22-26)

 

2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- ფ-----ს კუთვნილი ნივთები მაცივარი 1ც, წყლის გამათბობელი - 1ც. პრინტერი - 1ც, ნოუთბუქი - 1ც, ჭურჭელი. მიკროტალღური ღუმელი - 1ც. სამზარეულოს ჭურჭელი და ქვაბები. სკამი- 48ც. მაგიდა-9ც. თერმული პრინტერი ესჯითი 802-3ც, ჩამწერი მოწყობილობა დვრ ეიჩ 6016ვ-1ც. სამეთვალყურეო კამერა ჯიენთისი 200ენ-4ც. სამეთვალყურეო კამერა ეიჩთისი 54 ესბი-1ც, სამეთვალყურეო კამერა ჯიემთი ემ200-3ც, კვების ბლოკი პიეს 10818 სიეიჩ 10ა-1ცალი, სამეთვალყურეო კამერა ეიჩთისი 324 ეიჩ-1ც, მ12 მასომლნეკ ხორცის მანქანა -1ც, მოდესტა ყავის ჭიქა 200მლ-18ც. მოდესტა სამარილე-საპილპილე 6სმ -16ც, ტაპას სამარილე 7სმ- 32 ც. განთავსებულია ქ. თბილისში, შ---------------------ში (ს/კ 0---------------------- და ს/კ 0----------------------) მდებარე ფართში, რომლის მესაკუთრეებსაც წარმოადგენენ მ----- და მ--- კ------ები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

13/06/2012 წლის ხელშეკრულება (იხ. ს. ფ. 66-71). მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

2.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მითითებული ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ის გარემოება, რომ მოპასუხეთა საკუთრებაში იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,GXG''-ს გახსნილი ჰქონდა რესტორანი. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული მოძრავი ნივთები რესტორნის ფუნქციონირებისათვის წარმოადგენს აუცილებელ ნივთებს, შესაბამისად, ვიდრე შპს ,,GXG'' შეწყვეტდა ფუნქციონირებას მოპასუხეთა კუთვნილ ფართში ის იყენებდა სადავო მოძრავ ნივთებს. შემდგომში ისინი გაასხვისა შპს ,,გ---’’-ზე ამ უკანასკნელმა კი მიჰყიდა გ------- ფ-----ს.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საქმეში არსებული მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნივთები: მაცივარი - 1ც, წყლის გამათბობელი - 1ც. პრინტერი - 1ც, ნოუთბუქი - 1ც, ჭურჭელი - 1. კომპ. მიკროტალღური ღუმელი - 1ც. სამზარეულოს ჭურჭელი და ქვაბები - 1კომპ. სკამი - 48ც. მაგიდა -9ც. თერმული პრინტერი ესჯითი 802-3ც, ჩამწერი მოწყობილობა დვრ ეიჩ 6016ვ-1ც. სამეთვალყურეო კამერა ჯიენთისი 200ენ-4ც. სამეთვალყურეო კამერა ეიჩთისი 54 ესბი-1ც, სამეთვალყურეო კამერა ჯიემთი ემ200-3ც, კვების ბლოკი პიეს 10818 სიეიჩ 10ა-1ცალი, სამეთვალყურეო კამერა ეიჩთისი 324 ეიჩ-1ც, მ12 მასომლნეკ ხორცის მანქანა -1ც, მოდესტა ყავის ჭიქა 200მლ-18ც. მოდესტა სამარილე-საპილპილე 6სმ -16ც, ტაპას სამარილე 7სმ- 32 ც. -1ც, განთავსებულია მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ ფართში. აღნიშნული ნივთები წარმოადგენს გ------- ფ-----ს საკუთრებას, რის გამოც სარჩელი უკანონო მფლობელობიდან სადავო ნივთების გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მათ მოსარჩელეს სასარგებლოდ დაევალათ იმ ნივთების გადაცება, რაც არ არის მათ უკანონო მფლობელობაში. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელეს მიერ მოთხოვნილი ნივთების გაქირავებულ ფართში მდებარეობის ასევე ამ ნივთების შპს ,,GXG''-ს და შემდგომ მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს, წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის, სადავო საკითხების თაობაზე მხარეთა მოსაზრებების გაცნობის და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად მიაჩნია, რომ ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

4. ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე საჯარო რეესტრის ვებ-გვერდე არსებული მონაცემებით დასტურდება, რომ 172 კვ.მ. ფართით უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისში, შ---------------------ში, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0----------------------) და 288 კვ.მ. საოფისე ფართზე მდებარე იმავე მისამართზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0----------------------) რეგისტრირებულია მ----- კ-----ის და მ--- კ-----ის თანასაკუთრების უფლება. (ი.ხ. ტ.1, ს.ფ. 14-15).

 

4.2. 2012 წლის 13 ივნისს ერთის მხრივ შპს ,,GXG''-ს, როგორც მოიჯარეს და მეორეს მხრივ მ----- და მ--- კ------ებს, როგორც მეიჯარეს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 1.1. პუნქტით სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, შ---------------------ში (ს/კ 0---------------------- და ს/კ 0----------------------) მდებარე ფართები. იჯარით აღებულ ფართში შპს ,,GXG''-ს გახსნილი ჰქონდა რესტორანი. 2014 წელს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა. (ტ.1, ს.ფ. 66-71).

 

4.3. 2015 წლის მარტის თვეში ქ. თბილისში, შ---------------------ში (ს/კ 0---------------------- და ს/კ 0----------------------) მდებარე ფართებზე იჯარის ხელშეკრულება დაიდო მ----- და მ--- კ------ების და შპს ,,ა---–------ს’’ შორის. (ტ.1, ს.ფ. 27-31).

 

4.4. პალატა მიიჩნევს, რომ დავის საგნის არსიდან გამომდინარე დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა, თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამდენად, მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლება სადავო ნივთზე და რომ აღნიშნული ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში. თავის მხრივ მოპასუხემ უნდა დაადასტუროს, რომ მას მაჩნია ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში გ------- ფ-----ს მოთხოვნა მდგომარეობს აპელანტების უკანონო მფლობელობიდან გარკვეული მოძრავი ნივთების მათ შორის: 1ც. მაცივარის, წყლის გამათბობელის - 1ც. პრინტერის - 1ც, ნოუთბუქის - 1ც, ჭურჭელის - 1. კომპ. მიკროტალღური ღუმელის - 1ც. სამზარეულოს ჭურჭელის და ქვაბების - 1კომპ. სკამის - 48ც. მაგიდის -9ც. ამდენად, არ არის მითითებული ამ ნივთების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (პროდუქტის მწარმოებელი, გამოშვების თარიღი, ნომერი და სხვა ის აუცილებელი მონაცემი რის საფუძველზეც შესაძლოა მოხდეს ნივთის იდენტიფიკაცია). ნივთის იდენტიფიცირების გარეშე, კი, შეუძლებელია კუთვნილების ფაქტის დადგენა.

 

მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ შპს ,,GXG''-ს და აპელანტებს შორის საიჯარო ურთიერთობის დამყარებისას, შპს ,,GXG''-ს მიერ დროების სარგებლობაში მიღებულ ფართში, საქმიანობის წარმართვის მიზნით განთავსებული იქნა გარკვეული ნივთები, თუმცა მხარეთა შორის არ მომხდარა სათანადო დოკუმენტის შედგენა, რომელშიც ასახული იქნებოდა ამ ნივთების ჩამონათვალი. მხარეები ასევე აღიარებენ იმ ფაქტს, რომ 2012 წლის 13 ივნისს დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისას შპს ,,GXG''-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საიჯარო ქონებიდან ნივთების გატანას. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით გატანილ იქნა ნივთების მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ხოლო სადავო ნივთები კვლავ დარჩა აპელანტების საკუთრებაში არსებულ ფართში. მითითებულთან მიმართებაში ხაზგასასმელია, რომ მხარეთა შორის ასევე არ შემდგარა დოკუმენტი, რომლის საფუძველზე შესაძლოა დადგენილიყო იმ ნივთების ჩამონათვალი, რაც შპს ,,GXG''-იმ გაიტანა სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისას. ამდენად, პალატის შეფასების მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების, კერძოდ აპელანტების საკუთრებაში მისი კუთვნილი ნივთების არსებობის ფაქტის დადასტურება. პირველი ინტანციის სასამართლომ აღნიშნული სადავო გარემოება დადგენილად მიიჩნია, 2012 წლის 13 ივნისს ერთის მხრივ შპს ,,GXG''-ს, როგორც მოიჯარეს და მეორეს მხრივ მ----- და მ--- კ------ებს, როგორც მეიჯარეს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების და თავად მოსარჩელეს ახსნა-განმარტების საფუძველზე. ამასთან, იჯარის ხელშეკრულებით დგინდება მხოლოდ საიჯარო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუძლებელია იმის დადგენა განათავსა თუ არა შპს ,,GXG''-იმ ამ საიჯარო ქონებაში კუთვნილი ნივთები. მოსარჩელის განმარტება, კი, არ შეიძლება უპირობოდ იქნეს გაზიარებული, თუ არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებანი.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლება სადავო ნივთზე და რომ აღნიშნული ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ეს ის შემთხვევაა, როცა უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება.

 

აღინიშნა, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც პალატის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლება სადავო ნივთზე და რომ აღნიშნული ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, რაც თავის მხრივ უდავოდ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები [სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი], რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი სამართლებრივი დასკვნა სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე. ამდენად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებთ შეცვლით და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც. დადგენილია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 257 ლარის ოდენობით, შესაბამისად წაგებულ მხარეს გ------- ფ-----ს მ----- კ------სა და მ--- კ------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის ანაზღაურება;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ----- კ------სა და მ--- კ------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. გ------- ფ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გ------- ფ-----ს მ----- კ------სა და მ--- კ------ს სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახ. ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 257 ლარის ოდენობით.

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე /ლევან გვარამია/

 

მოსამართლეები: /ანა გოგიშვილი/

 

/ქეთევან დუგლაძე /