განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002798603
საქმე #1ბ/593-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ი-----–-----------ს
ადვოკატის: ა-–-----------------–---–ის
მსჯავრდებულის: ნ--------–----–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ნ--------–----–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–----- აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: დმანისის რაიონის სოფელ განთიადში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------–---–-----------–------------–---------------------–--–-------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--------–----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.------–--–---------–---–-----------–------------–---------------------–--–------------ში, ნ--------–----–-–---–მა ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს, შ--------------ეს სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, ასევე სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი არასრულწლოვან შვილს, ნ-----–----–-–---–ს. ნ--------–----–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით შ--------------ემ და ნ-----–----–-–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენით:
ნ--------–----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ნ--------–----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ნ--------–----–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით. სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა - ნ--------–----–-–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა მაქსიმალურად გაუმკაცრდეს, დანიშნული სასჯელი არ ჩაეთვალოს პირობით და მოიხადოს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების - შ--------------ის, ნ-----–----–-–---–ის, მ-----------ს, ნ------------–---–ის და კ----–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ნ--------–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, N0----- შემაკავებელი ორდერით, პაციენტის სამედიცინო N6-- ბარათით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით) და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ--------–----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაული.
პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის გამკაცრებისა და პირობითად ჩათვლილი სასჯელის რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ნ--------–----–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ნ--------–----–-–---–მა სამართალწარმოების ყველა ეტაპზე თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ნ--------–----–-–---–ი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, სამსახურიდან ხასიათდება დადებითად, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების განცხადებები, რომ ისინი შერიგებული არიან ნ--------–----–-–---–თან, არ გააჩნიათ მის მიმართ არანაირი პრეტენზია და ითხოვენ, ეს უკანასკნელი მკაცრად არ დაისაჯოს.
როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ--------–----–-–---–ს დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაუთვალა პირობით. საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ნ--------–----–-–---–ის მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით პალატას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ნ--------–----–-–---–ის მიმართ დამატებითი მექანიზმების გამოყენება, რომელიც იქნება უკეთესი გარანტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად.
პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე დანარჩენი ოჯახის წევრების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე. მოცემულ შემთხვევაში, ქმედების განხორციელების სახისა და მასშტაბის (ძალადობა ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის, მიმართ) გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ნ--------–----–-–---–ის მიმართ გამოსაცდელი ვადის გაზრდა, კერძოდ, ნ--------–----–-–---–ს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს ორი წელი, რაც იქნება დამატებითი გარანტია ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
პალატა ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს ნ--------–----–-–---–ისთვის მოვალეობის დაკისრებას ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის სახით, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი დამატებით ვალდებულებასთან ერთად, შეძლებს დააფიქროს ნ--------–----–-–---–ი, უკეთ გააცნობიეროს მეუღლისა და შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენში ნ--------–----–-–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენში ნ--------–----–-–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
ნ--------–----–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
ნ--------–----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 12 დეკემბრიდან 2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით პერიოდი;
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ნ--------–----–-–---–ს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ--------–----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
პირობით მსჯავრდებულ ნ--------–----–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მსჯავრდებულ ნ--------–----–-–---–ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე