განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
330210015790279
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015790279

საქმე №2ბ/56-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - სს ,,ს---------------------------------“

წარმომადგენლები - ა-----–-–---–----, თ-------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ლ-–--------–---–-

 

დავის საგანი - საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.11.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.11.2017 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა;

1.1.დაეკისრა მოპასუხე სს ”ს--------------------------------ს” მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ 2014 წლის 19 ნოემბრის №1-------- საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 533168,15 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სსიპ შემოსავლების სამსახურს და სს ”მო----–----–--ს” შორის 2012 წლის 1 ივნისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1/483 ხელშეკრულება, პორტალ ”ნ----–-----ის” ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 9 865 979 ლარად. ხელშეკრულების თანახმად (3.8. პუნქტი), მიმწოდებელი (სს ”მო----–----–--ი”) ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან არაუმეტეს 3 დღის ვადაში და დაასრულოს არაუგვიანეს 19 თვის ვადაში, წარმოდგენილი გეგმაგრაფიკით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად. ხოლო ხელშეკრულების 14.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 20 იანვრამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.06.2012 წლის N1/483 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სს ”მო----–----–--ს” შორის 2012 წლის 3 აგვისტოდან 2014 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით გაფორმდა 6 შეთანხმების აქტი, რომლებითაც ცვლილებები შევიდა სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, ხელშეკრულების შესრულებისა და მისი მოქმედების ვადაში. კერძოდ: 2014 წლის 7 ნოემბრის №5 შეთანხმების ოქმით მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება ხელშეკრულების კორექტირების პარალელურად განისაზღვრა 10288685,24 ლარით; 2014 წლის 27 აგვისტოს №6 შეთანხმების ოქმით ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2014 წლის 15 ნოემბრამდე, ხოლო 2014 წლის 14 ნოემბრის №7 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, კერძოდ: ”ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელისმოწერის დღიდან და ძალაშია 2015წლის 25 ივნისამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება; - შეთანხმების ოქმები №1, №2, №3, №4, №5, №6, №7.

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 10.1 და 10.2 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებისას მიმწოდებელმა წარმოადგინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, გაცემული 2012 წლის 31 მაისს, შპს ”ს---------------------------------ს” მიერ 493299 ლარის უზრუნველსაყოფად, რომლის ვადაც 1 თვით აღემატება ხელშეკრულების მოქმედების ვადას. ხოლო 14.11.2014 წლის №7 შეთანხმების ოქმის 1.2. პუნქტით სს ”მო----–----–--ი” ვალდებულია აღნიშნული ოქმის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სახელმწიფო შესყიდვის №1/483 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ამავე შეთანხმების ოქმის 1.1. პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულების მოქმედების ვადას (1.1. პუნქტის თანახმად, კი ხელშეკრულება ძალაშია 2015წლის 25ივნისამდე).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.06.2012 წლის N1/483 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

- 14.11.2014 წლის №7 შეთანხმების ოქმი.

 

სახელმწფო შესყიდვის შესახებ №1/483 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სს ”მო----–----–--ის” მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს ”ს--------------------------------მა” გასცა რამდენიმე საბანკო გარანტია: 31.05.2012 წელს №1------ საბანკო გარანტია, საგარანტიო თანხა - 493299 ლარი, მოქმედების ვადა - 2012წლის 21მაისიდან 2014წლის 10მარტამდე; 20.11.2013 წელს №1-------- საბანკო გარანტია, საგარანტიო თანხა - 533168,15 ლარი, მოქმედების ვადა - 2013წლის 20ნოემბრიდან 2014წლის 1ნოემბრამდე; 09.09.2014 წელს №1-------2 საბანკო გარანტია, საგარანტიო თანხა - 533168,15 ლარი, მოქმედების ვადა - 2014წლის 2ნოემბრიდან 2014წლის 15დეკემბრამდე; 19.11.2014 წელს №1-------- საბანკო გარანტია, საგარანტიო თანხა - 533168,15 ლარი, მოქმედების ვადა - 2014წლის 15დეკემბრიდან 2015წლის 25ივლისამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- საბანკო გარანტიები;

 

სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სს ”მო----–----–--ს” შორის გაფორმებული 01.06.2012 წლის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 10.3 პუნქტით განისაზღვრა გარანტიის თანხის მოთხოვნის წინაპირობები, კერძოდ: მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 01.06.2012 წლის №1/483 ხელშეკრულება

 

ყველა საბანკო გარანტია, მათ შორის 19.11.2014 წელს გაცემული საბანკო გარანტია წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სს ”მო----–----–--ს” შორის გაფორმებული №1/483 ხელშეკრულების შესაბამისად (რომელიც გაგრძელდა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის 14.11.2014 წლის №7 შეთანხმების ოქმით) გათვალისწინებული პრინციპალის მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სს ”მო----–----–--ს” შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისას გარანტი ბენეფიციარს გადაუხდის საგარანტიო თანხას ასეთი თანხის მიღებაზე ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისა და მოთხოვნაზე თანდართული დოკუმენტების საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ვალდებულებების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა.

სასამართლო დაყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტიები;

 

სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში სს ”მო----–----–--ის” მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 21.12.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

2015 წლის 31 მარტს შემოსავლების სამსახურმა წერილით მიმართა შპს ”ს--------------------------------ს”, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 533168,15 ლარის ბენეფიციარისთვის (შემოსავლების სამსახურისთვის) გადახდის მოთხოვნით, ხოლო მოპასუხის 2015 წლის 6 აპრილის უარის შემდგომ განმეორებით გაეგზავნა წერილი აღნიშნული თანხის გადახდის მოთხოვნით. შპს „ს---------------------------------ს“ 2015 წლის 6 აპრილის და 21 აპრილის პასუხებით შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა საბანკო გარანტიის თანხის გადახდაზე. უარის საფუძვლად თავდაპირველად მიეთითა, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფას და არა ერთი რომელიმე ვალდებულების ან ვალდებულებათა ერთობლიობის შესრულების უზრუნველყოფას. თუკი სსიპ შემოსავლების სამსახური მიიჩნევდა, რომ პრინციპალის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულებათა დარღვევას, აღნიშნული უნდა გამხდარიყო პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. განმეორებით უარში ს-----------------------მ მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ მოთხოვნაში არ იყო მითითებული პრინციპალის მიერ იმ ძირითადი ვალდებულების დარღვევის შესახებ, რომელთა უზრუნველყოფის მიზნითაც გაიცა 19.11.2014 წლის საბანკო გარანტია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განამრტება;

- შპს ს----------------------- ”უ------ის” 06.04.2015 წლის და 21.04.2015 წლის წერილები.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადების გაგრძელების პირობებში, 2014 წლის 14 ნოემბრიდან (ვადის გაგრძელების შესახებ ბოლო შეთანხმებიდან), 2015 წლის 25 ივნისამდე (ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ვადის გასვლამდე) პერიოდში, პრინციპალის მიერ ვალდებულების შესრულება, განხილულ უნდა იქნეს 2012 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვან შესრულებად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით თავდაპირველად შეთანხმებული ხელშეკრულების შესრულებისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადები არაერთხელ გაგრძელდა, №6 შეთანხმების ოქმით ხელშეკრულების განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 29 სექტემბრამდე, ხოლო 2014 წლის 14 ნოემბრის №7 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და გაგრძელდა 2015 წლის 25 ივნისამდე. აღნიშნულის შესაბამისად, პრინციპალს დაევალა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტიის წარდგენა, რაზეც გაიცა 2014 წლის 19 ნოემბრის საბანკო გარანტია, 2014 წლის 15 დეკემბრიდან 2015 წლის 25 ივლისამდე მოქმედების ვადით. ასევე, დადგენილია, რომ სს ”მო----–----–--ს” სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეუსრულებია, ამას ადასტურებს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმებები. 2014 წლი 19 ნოემბრის საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა, ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით პრინციპალის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ბენეფიციარს არ ეკისრება გარანტთან პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, საგარანტიო თანხის გაცემის ვალდებულება, მას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა, თუ ბენეფიციარი - სსიპ შემოსავლების სამსახური შეწყვეტდა ძირითად ხელშეკრულებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პრინციპალის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება. ასევე, შეთანხმებულია საბანკო გარანტიის ანაზღაურების წინაპირობები. სს ”ს---------------------------------ს” მიერ გაცემული საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა 2012 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, ამდაგვარ შეთანხმებას, რაზეც მოპასუხე მიუთითებს, საბანკო გარანტია არ ითვალისწინებს და არც საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარეობს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომაბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება.

სასამართლომ მიუთითა, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885.I მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს. საბანკო გარანტიის ჯეროვანი მოთხოვნისათვის აუცილებელი წინაპირობაა იმის დადგენაც, რომ, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენა უფლებამოსილი პირის მიერ ხდება. სწორედ ამას ემსახურება წერილობითი ფორმა. იგი მიზნად ისახავს გარანტის დარწმუნებას, რომ მოთხოვნის წარმდგენი ნამდვილად ბენეფიციარია. ბენეფიციარის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს გარანტიაში მითითებული დოკუმენტები. გარდა ამისა, მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ასევე ის, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა. იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება.

 

როგორც წესი, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება. ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გარანტს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გარანტიაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება (სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ვადის გაშვების რისკი ბენეფიციარს ეკისრება. თუკი მოთხოვნა დროულად იქნა წარდგენილი, მაგრამ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ბენეფიციარი უფლებამოსილია გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ჯეროვანი წესით ხელახლა წარადგინოს მოთხოვნა და მოითხოვოს დაკმაყოფილება.

 

ბენეფიციარის მოთხოვნა არ გულისხმობს იმას, რომ გარანტმა ყველა შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების შემდეგ, გარანტი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრინციპალს და გადასცეს მას მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ. (სამოქალაქო კოდექსის 886-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

დაუყოვნებლივ შეტყობინებაში იგულისხმება შეტყობინება „ბრალეული გაჭიანურების გარეშე“. ამ რეგულირებას ის გარემოება უდევს საფუძვლად, რომ საბანკო გარანტია სხვისი, კერძოდ, პრინციპალის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა. გარანტი პრინციპალის ვალდებულებას ასრულებს ბენეფიციარის მიმართ და შემდეგ ამ უკანასკნელის მიმართ რეგრესული წესით ითხოვს იმ თანხის გადახდას, რომელიც მან გადაუხადა ბენეფიციარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სსკ-ის 885-ე მუხლი ავსებს სსკ-ის 887.I მუხლის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ“ (იხ. სუსგ 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-781-996-08). თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტმა უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს. გარანტის უარი არ ნიშნავს, რომ გარანტის ვალდებულება წყდება. ბენეფიციარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საბანკო გარანტიის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში ხელმეორედ წარადგინოს მოთხოვნა გარანტის მიმართ და მოსთხოვოს მას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

 

თუკი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინციპალმა განახორციელა ბენეფიციარის დაკმაყოფილება, ე.ი. ძირითადი ვალდებულება შესრულდა, შეწყდა რაიმე სხვა საფუძვლით, ან ბათილია სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. მხოლოდ ამგვარი შეტყობინება არ წარმოადგენს ვალდებულებისგან გარანტის გათავისუფლების საფუძველს. თუ ბენეფიციარის მოთხოვნა განმეორდა, მაშინ საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, გარანტი ვალდებულია დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა. გარანტის შეტყობინება უზრუნველყოფს იმას რომ, გარანტი არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად ბენეფიციარის წინაშე, ვიდრე იგი ბენეფიციარისგან არ მიიღებს ხელმეორე მოთხოვნას და მისი განხილვის გონივრული ვადა არ ამოიწურება. გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა.

სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობა საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით _ არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას (სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლი).. პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.(იხ, სუსგNას-749-709-2015, 25სექტემბერი, 2015წელი).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გარანტი სს ”ს---------------------------------” ბენეფიციარის სსიპ შემოსავლების სამსახურის წინაშე კისრულობდა ვალდებულებას, პრინციპალის მიერ 2012 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისა და მოთხოვნაზე თანდართული დოკუმენტების საფუძველზე, გადაეხადა საგარანტიო თანხა 533 168.15 ლარის ოდენობით. ამდენად, დადგენილია, რომ ბენეფიციარმა გარანტიის მოქმედების ვადაში წარუდგინა გარანტს წერილობითი მოთხოვნა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დარღვევის გამო და მოითხოვა საგარანტიო თანხის ანაზღაურება, რითაც შეასრულა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება (სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი) ამდენად, სახეზეა საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულების განმაპირობებელი ყველა წანამძღვარი: ა) საბანკო გარანტიის ხელშეკრულების არსებობა, რომლითაც ს----------------------- უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულებას პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში; ბ) პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც საკმარისი საფუძველია საბანკო გარანტიის ამოქმედებისათვის; გ) საბანკო გარანტიით დადგენილ ვადაში ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენა გარანტორისათვის.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ 14.11.2014წ. შეთანხმების ოქმი N7-ით, რომლის საფუძველზე ცვლილება შევიდა 01.06.2012წ. ხელშეკრულების 14.1 მუხლში (მის თანახმად ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 20 იანვრამდე) მხარეთა მიერ გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების და არა სამუშაოების შესრულების ვადა 25.06.2015 წლამდე; NN7 შეთანხმება გაფორმდა, 14.11.2014 წ. ,,მო----–----–--ის’’ მიერ, შემოსავლების სამსახურისათვის გაგზავნილი წერილის #159754/21 საფუძველზე, რომლითაც ატყობინებდა, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილია მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ფინანსური თვალსაზრისით ათვისებულია თანხის 85% და ათვისებული თანხა საკმარისია დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად. ასევე ატყობინებს, რომ დღეის მდგომარეობით ობიექტს არ მოეწოდება მოთხოვნილი გაზრდილი ელექტრო ენერგია, რაც შესაძლებელს გახდიდა ზამთრის პირობებში გათბობის რეჟიმში სამუშაოების განხორციელებას. ასევე, გარე ტერიტორიის დახაზვის სამუშაოების განხორციელება სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნორმებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის ზამთრის პერიოდში და მოითხოვა, სამუშაოების დროებით შეჩერება იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით და სამუშაოების განახლება მაისის დასაწყისში, შესაბამისად მოითხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევა 2015 წლის 25 ივნისამდე. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების მიზანი იყო სამუშაოების დასრულება. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ცნობის თანახმად 15-20 ნოემბრიდან მკვეთრად გაუარესდა კლიმატური პირობები, ყინვები მერყეობდა 15-20 გრადუსამდე და მოცემულ პირობებში არ იყო რეკომენდირებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, შემოსავლების სამსახურის მიერ გაშვებული იქნა გარანტიის მოთხოვნის ვადა და ვადის აღდგენის მიზნით გააფორმა ახალი შეთანხმება 2015 წლის 25 ივნისამდე, მოითხოვა გარანტია ახალ ვადაზე. სს ,,ს--------------------------------მაც" გასცა ახალი გარანტია, იმ ვარაუდით, რომ გაგრძელებული იყო შესრულების ვადა. ასევე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახური ერთდროულად ითხოვს როგორც შესრულებას, ასევე, გარანტიის თანხის გადახდას.

 

აპელანტის განმარტებით, 14.11.2014 წლის წერილით სს ,,მო----–----–--მა’’ შემოსავლების სამსახურისგან მოითხოვა ვადა სამუშაოების დასასრულებლად და აგრეთვე მოითხოვა, რომ დროებით სამუშაოები შეჩერებულიყო იმის გამო რომ არ იყო ზამთარში სამუშაოების წარმოება მიზანშეწონილი და გაზაფხულზე განახლებულიყო. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე გაუგრძელა ვადა შემოსავლების სამსახურმა 2015 წლის 25 ივნისამდე. თავად მხარეთა შორის 2014 წლის 14 ნოემბრის შეთანხმება მიუთითებს რომ ამ შეთანხმების საფუძველი იყო მო----–----–--ის 2014 წლის 14 ნოემბრის წერილი. ხელშეკრულების ვადის გაგრძელების მიზანი სწორედ სამუშაოების დასრულების მიზანს ემსახურებოდა.

 

მხარეთა შორის არსებული ეს შეთანხმება, თავისი არსით, მიზნად ისახავდა სწორედ სამუშაოების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრას. მხარეებმა ახალ ვადად განსაზღვრეს 2015 წლის 25 ივნისი და შესაბამისად ,,მო----–----–--ს'' ჯერ კიდევ ქონდა სამუშაოების შესრულების ვადა და ამიტომ გარანტია არ უნდა გადახდილიყო.

 

2014 წლის 14 ნოემბერს, როდესაც შეთანხმება გაფორმდა უკვე კარგა ხნის გასული იყო სამუშაოების შესრულების ვადა - 29 სექტემბერი. მიუხედავად ამისა შემოსავლების სამსახური მაინც ახანგრძლივებს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. ამავე დროს, ამ დროისთვის, შემოსავლების სამსახურს შეეძლო აემოქმედებინა წინა საბანკო გარანტია რომელსაც ვადა გადიოდა 2014 წლის 15 დეკემბერს, თუმცა მან ეს არ გააკეთა. შემოსავლების ქმედებებით დასტურდება, რომ მან დამატებითი ვადა დაუწესა ,,მო----–----–--ს'' რათა სამუშაოები შესრულებულიყო და ახალი საბანკო გარანტიის წარდგენაც სწორედ იმიტომ მოითხოვა, რომ უზრუნველეყო მხარეების მიერ შეთანხმებულ დამატებით ვადაში სამუშაოების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია თუ რატომ მოითხოვა ახალი საბანკო გარანტიის წარდგენა იმ ვალდებულების უზრუნველსაყოფად, რომელიც მათივე პოზიციით უკვე დარღვეული იყო. ანუ რეალურად ახალი საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა ,,მო----–----–--ის'' ვალდებულებას რომ 2015 წლის 25 ივნისამდე შეესრულებინა ვალდებულებები.

 

ამასთან, შემოსავალების სამსახურმა დაადასტურა, რომ ძირითადი სამუშაოების ნაწილი შესრულებული იყო და დარჩენილი სამუშაოების შესრულება გრძელდებოდა საჯარიმო რეჟიმში ვადის დარღვევით; ამავდროულდ ,,ს-----------------------ში შემოსავლების სამსახური წარმოადგენდა მოთხოვნას საგარანტიო თანხის გადახდის მოთხოვნით. იმ შემთხვევაში თუ ,,პრინციპალი’’ ვერ ასრულებდა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ,,ბენეფიციარს’’ უფლება ქონდა მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა ,,ბენეფიციარი’’ აგრძელებდა სახელშეკრულებო ურთიერთობას და ,,პრინციპალიც’’ აგრძელებდა ვალდებულების შესრულებას, ამ ფონზე გარანტისათვის თანხის მოთხოვნა სხვა არაფერია თუ არა უსაფუძვლოდ თანხის მიღება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად ,,უ------ის’’ მოთხოვნისა წარმოდგენილი ყოფილიყო ვალდებულების შესრულების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ბენეფიციარს ისინი არ წარმოუდგენია და შესაბამისად ,,გარანტს’’ უფლება ჰქონდა უარი ეთქვა ანაზღაურებაზე. ამასთანავე, ბენეფიციარს არ შეუწყვეტია ძირითადი ხელშეკრულება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველად შემოსავლების სამსახურმა ,,უ------ს'' მოთხოვა გარანტიის ანაზღაურება 2015 წლის 31 მარტს. ამ მოთხოვნის შემდეგ შემოსავლების სამსახური პარალელურად უგზავნიდა წერილებს მო----–----–--ს, და თხოვდა სამუშაოების დასრულებას (14 აპრილის, 13 მაისის და 29 ივნისის წერილები). ანუ შემოსავლების სამსახური პარალელურ რეჟიმში ითხოვდა სამუშაოების შესრულებას და იმ გარანტიის ანაზღაურებას, რომელიც წესით უნდა გადახდილიყო მაშინ თუ კი სამუშაოები ვერ შესრულდებოდა საერთოდ. რომ წარმოვიდგინოთ რომ უ------ს გადაეხადა გარანტია და ,,მო----–----–--საც'' შეესრულებინა სამუშაოები, გამოვიდოდა რომ შემოსავლების სამსახური მიიღებდა ორმაგ შესრულებას. ერთის მხრივ ის მიიღებდა სამუშაოებს სრულად (თუნდაც ვადაგადაცილებით მაგრამ მაინც მიიღებდა) და მეორეს მხრივ ის მიიღებდა საბანკო გარანტიის თანხას, რომელიც მას წესით მაშინ უნდა მიეღო თუ კი შესრულებას სრულად ვერ მიიღებდა ხელშეკრულების ვადის განმავლობაში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,სსიპ შემოსავლების სამსახურს და სს ”მო----–----–--ს” შორის 2012 წლის 1 ივნისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1/483 ხელშეკრულება, პორტალ ”ნ----–-----ის” ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 9 865 979 ლარად. ხელშეკრულების თანახმად (3.8. პუნქტი), მიმწოდებელი (სს ”მო----–----–--ი”) ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან არაუმეტეს 3 დღის ვადაში და დაასრულოს არაუგვიანეს 19 თვის ვადაში, წარმოდგენილი გეგმაგრაფიკით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად. ხოლო ხელშეკრულების 14.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 20 იანვრამდე.

სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სს ”მო----–----–--ს” შორის 2012 წლის 3 აგვისტოდან 2014 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით გაფორმდა 6 შეთანხმების აქტი, რომლებითაც ცვლილებები შევიდა სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, ხელშეკრულების შესრულებისა და მისი მოქმედების ვადაში. კერძოდ: 2014 წლის 7 ნოემბრის №5 შეთანხმების ოქმით მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება ხელშეკრულების კორექტირების პარალელურად განისაზღვრა 10288685,24 ლარით; 2014 წლის 27 აგვისტოს №6 შეთანხმების ოქმით ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2014 წლის 15 ნოემბრამდე, ხოლო 2014 წლის 14 ნოემბრის №7 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, კერძოდ: ”ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელისმოწერის დღიდან და ძალაშია 2015 წლის 25 ივნისამდე.

 

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 10.1 და 10.2 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებისას მიმწოდებელმა წარმოადგინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, გაცემული 2012 წლის 31 მაისს, შპს ”ს---------------------------------ს” მიერ 493299 ლარის უზრუნველსაყოფად, რომლის ვადაც 1 თვით აღემატება ხელშეკრულების მოქმედების ვადას. ხოლო 14.11.2014 წლის №7 შეთანხმების ოქმის 1.2. პუნქტით სს ”მო----–----–--ი” ვალდებულია აღნიშნული ოქმის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სახელმწიფო შესყიდვის №1/483 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ამავე შეთანხმების ოქმის 1.1. პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულების მოქმედების ვადას (1.1. პუნქტის თანახმად, კი ხელშეკრულება ძალაშია 2015წლის 25ივნისამდე).

 

სახელმწფო შესყიდვის შესახებ №1/483 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სს ”მო----–----–--ის” მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს ”ს--------------------------------მა” გასცა რამდენიმე საბანკო გარანტია: 31.05.2012 წელს №1------ საბანკო გარანტია, საგარანტიო თანხა - 493299 ლარი, მოქმედების ვადა - 2012 წლის 21 მაისიდან 2014 წლის 10 მარტამდე; 20.11.2013 წელს №1-------- საბანკო გარანტია, საგარანტიო თანხა - 533168,15 ლარი, მოქმედების ვადა - 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2014 წლის 1 ნოემბრამდე; 09.09.2014 წელს №1-------2 საბანკო გარანტია, საგარანტიო თანხა - 533168,15 ლარი, მოქმედების ვადა - 2014 წლის 2 ნოემბრიდან 2014წლის 15 დეკემბრამდე; 19.11.2014 წელს №1-------- საბანკო გარანტია, საგარანტიო თანხა - 533168,15 ლარი, მოქმედების ვადა - 2014 წლის 15 დეკემბრიდან 2015 წლის 25 ივლისამდე.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სს ”მო----–----–--ს” შორის გაფორმებული 01.06.2012 წლის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 10.3 პუნქტით განისაზღვრა გარანტიის თანხის მოთხოვნის წინაპირობები, კერძოდ: მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.

 

ყველა საბანკო გარანტია, მათ შორის 19.11.2014 წელს გაცემული საბანკო გარანტია წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სს ”მო----–----–--ს” შორის გაფორმებული №1/483 ხელშეკრულების შესაბამისად (რომელიც გაგრძელდა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის 14.11.2014 წლის №7 შეთანხმების ოქმით) გათვალისწინებული პრინციპალის მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სს ”მო----–----–--ს” შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისას გარანტი ბენეფიციარს გადაუხდის საგარანტიო თანხას ასეთი თანხის მიღებაზე ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისა და მოთხოვნაზე თანდართული დოკუმენტების საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ვალდებულებების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარისთვის

 

სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში სს ”მო----–----–--ის” მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

 

2015 წლის 31 მარტს შემოსავლების სამსახურმა წერილით მიმართა შპს ”ს--------------------------------ს”, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 533168,15 ლარის ბენეფიციარისთვის (შემოსავლების სამსახურისთვის) გადახდის მოთხოვნით, ხოლო აპელანტის 2015 წლის 6 აპრილის უარის შემდგომ განმეორებით გაეგზავნა წერილი აღნიშნული თანხის გადახდის მოთხოვნით. შპს „ს---------------------------------ს“ 2015 წლის 6 აპრილის და 21 აპრილის პასუხებით შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა საბანკო გარანტიის თანხის გადახდაზე. უარის საფუძვლად თავდაპირველად მიეთითა, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფას და არა ერთი რომელიმე ვალდებულების ან ვალდებულებათა ერთობლიობის შესრულების უზრუნველყოფას. თუკი სსიპ შემოსავლების სამსახური მიიჩნევდა, რომ პრინციპალის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულებათა დარღვევას, აღნიშნული უნდა გამხდარიყო პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. განმეორებით უარში ს-----------------------მ მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ მოთხოვნაში არ იყო მითითებული პრინციპალის მიერ იმ ძირითადი ვალდებულების დარღვევის შესახებ, რომელთა უზრუნველყოფის მიზნითაც გაიცა 19.11.2014 წლის საბანკო გარანტია.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადების გაგრძელების პირობებში, 2014 წლის 14 ნოემბრიდან (ვადის გაგრძელების შესახებ ბოლო შეთანხმებიდან), 2015 წლის 25 ივნისამდე (ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ვადის გასვლამდე) პერიოდში, პრინციპალის მიერ ვალდებულების შესრულება, განხილულ უნდა იქნეს 2012 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვან შესრულებად.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით თავდაპირველად შეთანხმებული ხელშეკრულების შესრულებისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადები არაერთხელ გაგრძელდა, №6 შეთანხმების ოქმით ხელშეკრულების განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 29 სექტემბრამდე, ხოლო 2014 წლის 14 ნოემბრის №7 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და გაგრძელდა 2015 წლის 25 ივნისამდე. აღნიშნულის შესაბამისად, პრინციპალს დაევალა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტიის წარდგენა, რაზეც გაიცა 2014 წლის 19 ნოემბრის საბანკო გარანტია, 2014 წლის 15 დეკემბრიდან 2015 წლის 25 ივლისამდე მოქმედების ვადით. ასევე, სს ”მო----–----–--ს” სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეუსრულებია, რასაც ადასტურებს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმებები. 2014 წლი 19 ნოემბრის საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა, ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით პრინციპალის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა.

 

საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს.

 

საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება (იხ. სუსგ №ას-1038-999-2016, 01.02.2017 წელი).

 

როგორც წესი, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება. ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გარანტს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გარანტიაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება (სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ვადის გაშვების რისკი ბენეფიციარს ეკისრება. თუკი მოთხოვნა დროულად იქნა წარდგენილი, მაგრამ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ბენეფიციარი უფლებამოსილია გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ჯეროვანი წესით ხელახლა წარადგინოს მოთხოვნა და მოითხოვოს დაკმაყოფილება.

 

ბენეფიციარის მოთხოვნა არ გულისხმობს იმას, რომ გარანტმა ყველა შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების შემდეგ, გარანტი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრინციპალს და გადასცეს მას მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ. (სამოქალაქო კოდექსის 886-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

 

თუკი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინციპალმა განახორციელა ბენეფიციარის დაკმაყოფილება, ე.ი. ძირითადი ვალდებულება შესრულდა, შეწყდა რაიმე სხვა საფუძვლით, ან ბათილია სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. მხოლოდ ამგვარი შეტყობინება არ წარმოადგენს ვალდებულებისგან გარანტის გათავისუფლების საფუძველს. თუ ბენეფიციარის მოთხოვნა განმეორდა, მაშინ საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, გარანტი ვალდებულია დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა. გარანტის შეტყობინება უზრუნველყოფს იმას რომ, გარანტი არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად ბენეფიციარის წინაშე, ვიდრე იგი ბენეფიციარისგან არ მიიღებს ხელმეორე მოთხოვნას და მისი განხილვის გონივრული ვადა არ ამოიწურება. გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, გარანტი სს ”ს---------------------------------” ბენეფიციარის სსიპ შემოსავლების სამსახურის წინაშე კისრულობდა ვალდებულებას, პრინციპალის მიერ 2012 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისა და მოთხოვნაზე თანდართული დოკუმენტების საფუძველზე, გადაეხადა საგარანტიო თანხა 533 168.15 ლარის ოდენობით. ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ბენეფიციარმა გარანტიის მოქმედების ვადაში წარუდგინა გარანტს წერილობითი მოთხოვნა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დარღვევის გამო და მოითხოვა საგარანტიო თანხის ანაზღაურება, რითაც შეასრულა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება (სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი) ამდენად, სახეზეა საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულების განმაპირობებელი ყველა წანამძღვარი: ა) საბანკო გარანტიის ხელშეკრულების არსებობა, რომლითაც ს----------------------- უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულებას პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში; ბ) პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც საკმარისი საფუძველია საბანკო გარანტიის ამოქმედებისათვის; გ) საბანკო გარანტიით დადგენილ ვადაში ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენა გარანტორისათვის. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე,რომ სს ,,მო----–----–--მა“ ვალდებულებები შეასრულა არაჯეროვნად, ხოლო, დარჩენილი სამუშაოები საერთოდ არ შეუსრულებია, ხოლო, სსიპ შემოსავლების სამსახური მოითხოვს მხოლოდ საბანკო გარანტიის თანხის გაცემას და არა ვალდებულების შესრულებას, რაც გამორიცხავს მისი უსაფუძვლო გამდიდრების შესაძლებლობას

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

სს ,,ს---------------------------------ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,ს---------------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.11.2017 წლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი