განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001385138
საქმე №2ბ/6340-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - ნ-------–---–---
წარმომადგენელი- ვ-–------------
მოწინააღმდეგე მხარე - ბ-----------
წარმომადგენელი - კ-----------------–-–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.09.2017 წლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.09.2017 წლის გადაწყვეტილებით ბ----------ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე ნ-------–---–---ს დაეკისრა 4777 ლარი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2016 წლის 26 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ბ----------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა HONDA FIT, V-------------, გამოშვების წელი - 2003, ფერი - რუხი 1/8.
ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე ნ-------–---–--ის მიერ ავტოტრანსპორტის საშუალების მართვის წესების უგულებელყოფის შედეგად, ამავდროულად მოპასუხე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ 29)
- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ 14)
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების სქემა (ს.ფ 17)
ნ-------–---–--ის ახსნა-განმარტების თანახმად დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხის მიერ საჭის დაუმორჩილებლობის შედეგად. ამავე ხელწერილის მიხედვით ზარალის დიდი ოდენობის გათვალისწინებით დაზიანებული ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ-------–---–--ს ახსნა-განმარტება (ს.ფ 19-20)
- დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება ჩაბარების აქტი (ს.ფ 22)
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ მოსარჩელემ გასწია დამატებითი ხარჯები ავტომობილის ევაკუაციის და საჯარიმო სადგომზე განთავსების კუთხით რომელთა მოცულობა შეადგენს 256 და 21 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ს.ფ 24-25)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- დასკვნის შინაარსზე, რომლის თანახმად მოსარჩელის ავტომობილისთვის ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოების, შესაცვლელი დეტალების რაოდენობის და მათი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ავტომობილის აღდგენა მატერიალური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ მოსაზრებასთან თანხვედრაშია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს თ-----------------ის მიერ გაცემული #---- ინვოისის შინაარსი, რომლის შესაბამისად მოსარჩელის ავტომანქანა მასზე განვითარებული დაზიანებებიდან გამომდინარე აღდგენას არ ექვემდებარება.
ზემოაღნიშნული ორი სხვადასხვა მტკიცებულების შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის ავტომობილის აღდგენა მიზანშეუწონელია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თ-----------------ის ინვოისი #---- (ს.ფ 23)
- #0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 73-83)
სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- დასკვნის თანახმად მოსარჩელის ავტომობილის მსგავსი კონფიგურაციის მქონე ავტომობილის საბაზრო ღირებულებაა 4500 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- #0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 73-83)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ 2016 წლის 26 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ბ----------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანაHONDA HONDA FIT, (V-------------, გამოშვების წელი - 2003, ფერი - რუხი 1/8).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე ნ-------–---–--ის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის წესების უგულებელყოფის შედეგად, რომლის შედეგადაც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. სასამართლო შენიშნავს, რომ ავტომანქანით გადაადგილების დროს მძღოლს შერჩეული სიჩქარე საშუალებას უნდა აძლევდეს აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება და მოძრაობის უსაფრთხოება, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან უგულვებელყოფილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ----------ის ავტომობილის აღდგენა მატერიალური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის და ამავე საფუძვლიდან გამომდინარე მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების სახით უნდა მიეკუთვნოს დაზიანებული ნივთის ღირებულება 4500 ლარი. ამავდროულად მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ნ-------–---–--ის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი ევაკუატორისა და ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადატანის სახით, რაც შეადგენს 277 ლარს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, სადავო ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება შეადგენს 1 581 ლარს. კერძოდ, საქმეში არსებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის მსგავსი მახასიათებლების მქონე ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 4500 ლარს. ამავე დასკვნის თანახმად, დასახელებული ავტომობილის აღდგენისთვის საჭიროა 2919 ლარის ხარჯის გაღება. შესაბამისად, სადავო ავტომობილის ნარჩენი ღირებულებაა 1581 ლარი (4500 -2919 = 1581). დასახელებული ფაქტის დადგენას მნიშვნელობა აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით გათვალისწინებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისათვის. მოცემულ შემთხვევაში კი, აპელანტს გადასახდელად დაეკისრა როგორც დაზიანებული ავტომობილის სრული ღირებულება, ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ გაღებული ყველა ხარჯის გადახდა. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია სადავო ავტომობილის ნარჩენი ღირებულება არის 1581 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილად მიაჩნია შემდეგი:
2016 წლის 26 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ბ----------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა HONDA FIT, V-------------, გამოშვების წელი - 2003, ფერი - რუხი 1/8.
ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ნ-------–---–--ის მიერ ავტოტრანსპორტის საშუალების მართვის წესების უგულებელყოფის შედეგად, ამავდროულად აპელანტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.
ნ-------–---–--ის ახსნა-განმარტების თანახმად დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მის მიერ საჭის დაუმორჩილებლობის შედეგად. ამავე ხელწერილის მიხედვით ზარალის დიდი ოდენობის გათვალისწინებით დაზიანებული ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე.
პალატას დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ბ-----------მ გასწია დამატებითი ხარჯები ავტომობილის ევაკუაციის და საჯარიმო სადგომზე განთავსების კუთხით რომელთა მოცულობა შეადგენს 256 და 21 ლარს.
სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- დასკვნის თანახმად, ბ----------ის ავტომობილისთვის ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოების, შესაცვლელი დეტალების რაოდენობის და მათი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ავტომობილის აღდგენა მატერიალური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. ასევე, აღნიშნულ მოსაზრებასთან თანხვედრაშია მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ შპს თ-----------------ის მიერ გაცემული #---- ინვოისის შინაარსი, რომლის შესაბამისად ავტომანქანა მასზე განვითარებული დაზიანებებიდან გამომდინარე აღდგენას არ ექვემდებარება.
ზემოაღნიშნული ორი სხვადასხვა მტკიცებულების შინაარსის გათვალისწინებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ბ----------ის ავტომობილის აღდგენა მიზანშეუწონელია.
დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- დასკვნის თანახმად, ბ----------ის ავტომობილის მსგავსი კონფიგურაციის მქონე ავტომობილის საბაზრო ღირებულებაა 4500 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემობას, რომ 2016 წლის 26 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ბ----------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანაHO HONDA FIT, (V-------------, გამოშვების წელი - 2003, ფერი - რუხი 1/8). ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია აპელანტის - ნ-------–---–--ის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის წესების უგულებელყოფის შედეგად, რომლის შედეგადაც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. სასამართლო შენიშნავს, რომ ავტომანქანით გადაადგილების დროს მძღოლს შერჩეული სიჩქარე საშუალებას უნდა აძლევდეს აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება და მოძრაობის უსაფრთხოება, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან უგულვებელყოფილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ბ----------ის ავტომობილის აღდგენა მატერიალური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის, რის გამოც აპელანტს უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება, თუმცა, რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, პალატა განმარტავს შემდეგ:
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- დასკვნის თანახმად მოწინააღმდეგე მხრის ავტომობილის მსგავსი კონფიგურაციის მქონე ავტომობილის საბაზრო ღირებულებაა 4500 ლარი. ამავე დასკვნის თანახმად, ბ----------ის დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა შეადგენს 2919 ლარს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, პალატა განმარტავს, რომ სადავო ავტომობილის ნარჩენი ღირებულება შეადგენს აღნიშნული თანხების სხვაობას - 1581 ლარს, რის გამოც, პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ნ-------–---–--ისათვის 4500 ლარის დაკისრება სრულად გამოიწვევს მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლო გამდიდრებას და მისი ქონების გაზრდას და არა ქონებრივი დანაკლისის შევსებას, ანუ, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ, თანხის ოდენობის ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაზიანებული ნივთის ღირებულების გადახდა ავტომობილის ნარჩენი ღირებულების გამოკლებით, რაც შეადგენს - 2919 ლარს, ასევე, ევაკუატორისა და ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადატანის სახით მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 277 ლარის ოდენობით, სულ 3196 ლარის გადახდა.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს ბ-----------ს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით.
სარჩელი დაკმაყოფილდა 67%-ით. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან (193.31 ლარი) მოპასუხეს უნდა დაეკისროს 129.6 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-------–---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.09.2017 წლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით (გასაჩივრებულ ნაწილში), სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-3 პუნქტების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხე ნ-------–---–---ს დაეკისროს 3196 ლარის გადახდა მოსარჩელე ბ----------ის სასარგებლოდ;
4. ნ-------–---–---ს დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 129.6 ლარის გადახდა ბ----------ის სასარგებლოდ;
5. ბ-----------ს დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა ნ-------–---–--ის სასარგებლოდ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე