განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100117002143828
საქმე №1/ბ-55-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-------- რ---–----ის ძე ნ------ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხ. ზესტაფონის რაიონი, სოფელი ტ------ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-------- ნ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ-------- ნ------ე, იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ტ------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, მისი მეუღლის ცუდად მოხსენიებისათვის, შელაპარაკება მოუვიდა დედასთან - მ---- ნ------ესთან, რის გამოც ეს უკანასკნელი შეეცადა განრიდებოდა და გავიდა საცხოვრებელი სახლის ეზოდან, თუმცა მ-------- ნ------ე დაედევნა მას და თავისა და გვერდების არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. მ-------- ნ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, მ---- ნ------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება. მეუღლის - მ---- ნ------ის დასახმარებლად მისულ რ---–----ი ნ------ეს, შვილმა, მ-------- ნ------ემ, ორჯერ დაარტყა მუშტი გულმკერდის არეში. მ-------- ნ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, რ---–----ი ნ------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ-------- ნ------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მ-------- ნ------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი მ-------- ნ------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი მ-------- ნ------ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ-------- ნ------ის ბრალეულობას.
გამართლებულ მ-------- ნ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ-----– ხ--------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ-------- ნ------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-------- ნ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა მ---- ნ------ემ და რ---–--- ნ------ემ, ასევე მოწმე ი----- მ----------მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის, მ-------- ნ------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
ასევე, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე მ-------- ნ------ემ.
მოწმის სახით დაკითხულმა ვ--–------ ნ------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს, იმყოფებოდა სახლში, სტუმრად ჰყავდა მ-------- ნ------ე და სვამდნენ. მ--------ს დაუძახა დედამისმა - მ---- ნ------ემ, რა დროსაც მ--------მა უთხრა, რომ მალე გადავიდოდა. მართლაც, მ--------ი მალე წავიდა. გარკვეული დროის შემდეგ, შემოესმა მ--------ის ხმამაღალი საუბარი. გავიდა ეზოს წინ და მოსაცდელთან დაინახა მ-------- და მ---- ნ------ეები. მ--------ი ხმამაღლა ესაუბრებოდა დედას, ეუბნებოდა „ნუ მინგრევ ოჯახს“. მივიდა, მ--------ი გამოიყვანა, დააწყნარა და გაუშვა სახლში. მ---- ნ------ე იდგა გუთანთან. მოწმის განმარტებით, მას ადგილზე რ---–---- ნ------ე არ უნახავს. არც, მ---- ნ------ეს ემჩნეოდა ტანსაცმლის დახევის ან სხეულზე დაზიანების კვალი. ასევე, მისთვის არ უთქვამს მ----ს, რომ მ--------მა სცემა. შესაბამისად, არ დაუნახავს მ--------მა მიაყენა თუ არა მ---- ნ------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2017 წლის 24 ოქტომბერს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „როგორც აღვნიშნე მ---- იჯდა მიწაზე, ხმამაღლა ტიროდა და ეუბნებოდა მ--------ს თავი დაენებებინა“. მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოება.
მოწმის სახით დაკითხულმა პ---–- ლ---------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2017 წლის 15 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ, რა დროსაც მიღებული იქნა ინფორმაცია ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის საფუძველზე, მონაწილეობა მიიღო მ-------- ნ------ის დაკავებაში, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ღ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 17 სექტემბერს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ მ.ნ------ეს, გამოკითხა მოწმის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- გ-------–-ანმა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოახდინა დაზარალებულ მ---- ნ------ის გარეგნული დათვალიერება. აღნიშნულის შესახებ შეადგინა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–-ა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ გამომძიებლად. იყო მ-------- ნ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნა ექსპერტიზები, შეადგინა ბრალდებულის დაკავების ოქმი და განუმარტა უფლებები, გამოკითხა ბრალდებულის სახით, ამოიღო მ---- ნ------ისგან მაისური, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და გამოითხოვა სხვადასხვა ინფორმაცია მ-------- ნ------ის მიმართ.
2017 წლის 15 სექტემბრის ამოღების ოქმით დგინდება, რომ მ---- ნ------ისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელსაც საყელოსთან და გვერდზე მარჯვენა მხარეს აღენიშნება გახევის კვალი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ 15.09.17წ. 17:03-17:16სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ---- ნ------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (შუბლის მიდამოში მარჯვნივ, აღენიშნება განივ-ირიბად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის თითქმის დონეზე მდებარე ზედაპირით ორი ნაჭდევი თითოეული ზომით 1.4X0.2სმ და 2.1X0.1სმ. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით 3.2X0.2სმ. მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე ზედა და შუა მესამედების დონეზე აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით 9.2X0.2სმ. მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით 0.4X0.2სმ. მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოიისფრო-მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 6.0X4.1სმ. მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 3.5X3.3სმ. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 4.2X4.0სმ. მარჯვენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 4.3X4.2სმ. მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით 0.5X0.3სმ - დაფარული მოყავისფრო-მორუხო ფერის, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე, კიდეებზე აცლილი ფუფხით - აცლილ მიდამოებში ზედაპირი მოვარდისფრო ფერის).
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანება მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ 15.09.17წ. 17:17-17:24სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. რ---–----ი ნ------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N0-------- დასკვნით დგინდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად მ-------- ნ------ეს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა.
2017 წლის 16 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს სოფელ ტ------ში, მ---- და რ---–----ი ნ------ეების საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე.... გზის მხარეს ეზოს აქვს ხის ჭიშკარი...... მოსახვევიდან 40 მეტრში გზის ნაპირზე დასავლეთ მხარეს მდებარეობს ხის ბოძებით გაკეთებული მგზავრთა მოსაცდელი, რომელიც არის გადახურული და შიდა მხარეს ფიცრებით გაკეთებულია სკამები. მგზავრთა მოსაცდელთან გზა იყოფა და მიემართება აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2------- დასკვნით დგინდება, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ მ---- ნ------ის გრძელსახელოებიანი მაისური: შავი ფერის, ყელის არეში სხვადასხვა ორნამენტებით გაწყობილი, სამარკო ეტიკეტზე იკითხება ,,PATIKA’’. მარჯვენა და მარცხენა ბეჭის ნაკერზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალები ნაკერის რღვევის სახით. მარჯვენა მხარეს, გვერდით ნაკერზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალები ქსოვილის ნაკერის რღვევის და ხევის სახით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო----- ხ----------ამ.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, მ-------- ნ------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულებმა მ---- ნ------ემ და რ---–----ი ნ------ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მ-------- ნ------ის წინააღმდეგ. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ-------- ნ------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, მართალია დგინდება მ---- ნ------ის სხეულზე არსებული დაზიანებები, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს და ვინ მიაყენა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვება. (როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა).
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით კი ირკვევა, რომ 15.09.17წ. 17:17-17:24სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. რ---–----ი ნ------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეებს (პოლიციის თანამშრომლებს) ასევე მოწმე ვ. ნ------ის ჩვენება), ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ არ დაუნახავთ მ-------- ნ------ის მიერ განხორციელებული ძალადობა, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ-------- ნ------ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------- ნ------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მ-------- ნ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ-------- ნ------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მ-------- ნ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: მ---- ნ------ისგან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მ---- ნ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
გამართლებულ მ-------- ნ------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე