განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100117002095867
საქმე №1/ბ-412-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები - მაკა გორგოძე
მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - გ------- რ---–---–ის
ადვოკატის- რ---- პ----ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------- გ-------ს ძე გ------ს მიმართ - დაბადების თარიღი: 0---------წ. პირადი ნომერი: 6----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ხ-------------------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ს------- გ------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 ივლისს, ქ. ბათუმში, ზ.---------–------------ში მდებარე შპს ,,რ------------–------------–---’’ ბენზინგასამართ სადგურზე, ყაჩაღობისათვის ნასამართლევი ს------- გ------ თავს დაესხა ოპერატორებს - ნ-------- დ-------ეს და გ------- ჯ--------ეს, რომელთაც სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, პისტოლეტის დემონსტრირებით მოსთხოვა და ნ-------- დ-------ისაგან გაიტაცა ფულადი თანხა - 520 ლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენით ს------- გ------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- რ---–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის გამამართლებელი განაჩენი, ს------- გ------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ს------- გ------ს ბრალდება ემყარება გამოძიების დროს მოპოვებულ არაერთ უტყუარ მტკიცებულებას და სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებდა ს------- გ------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და უდანაშაულოდ ცნო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის, ყაჩაღობის ჩამდენი პირი.
გამართლებულს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატს რ---- პ----ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს გ------- რ---–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ ს------- გ------ს ინტერესების დამცველ ადვოკატს რ---- პ----ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ს------- გ------ს მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ს------- გ------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ-------- დ-------ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად ირკვვა, რომ იგი მუშაობდა ბენზინგასამართ სადგურ ,,რ------------–ზე“ ოპერატორად, შემთხვევის დღეს მასთან ერთად ცვლაში მუშაობდა გ------- ჯ--------ე. 2017 წლის 26 ივლისს, დააახლოებით 5 საათისთვის იჯდა და ელოდებოდა მანქანას, რა დროსაც ზურგის მხრიდან ვიღაც მიადგა იარაღის მუქარით და თანხა მოსთხოვა, შემდეგ გაიყვანა დერეფანთან, ჩაარტყა იარაღი და დაემუქრა სროლითაც, მას რაც გააჩნდა ნავაჭრი თანხა, გადასცა. ამასობაში გაიღვიძა მისმა მეწყვილემ, თავდამსმელმა ისინი ორივე შეიყვანა ოფიშში და სეიფის გაღება მოსთხოვა, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მოწმის განმარტებით, თავდამსხმელს სახეზე აფარებული ჰქონდა ნაჭერი, რის გამოც მისი სახე არ დაუნახავს.
ნ-------- დ-------ემ დაადასტურა საპროცესო დოკუმენტებზე, მათ შორის, ფოტოსურათით ამოცნობის და ნივთის ამოცნობის ოქმებზე ხელმოწერის ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ მათ შინაარსს არ გაცნობია. დოკუმენტები სამსახურში მიუტანეს და მოაწერინეს ხელი.
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ გ------- ჯ--------ის ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ 2017 წლის 26 ივლისს, ბენზინგასამართ სადგურ ,,რ------------–ზე“ იმყოფებოდა ცვლაში, მას გაეღვიძა ხმაურზე და დაინახა ვიღაც პიროვნება, რომელიც იარაღის მუქარით თანხას სთხოვდა მის თანამშრომელს ნ-------- დ-------ეს. ამ უკანასკნელმა რაც ჰქონდა ნავაჭრი თანხა, გადასცა, რის შემდეგაც იგი წავიდა. მოწმის განმარტებით, ყაჩაღობის დროს, თავდამსხმელს სახეზე აფარებული ჰქონდა ნიღაბი, რის გამოც მისი სახე არ დაუნახავს.
გ------- ჯ--------ემ დაადასტურა საპროცესო დოკუმენტებზე, მათ შორის, ფოტოსურათით ამოცნობის და ნივთის ამოცნობის ოქმებზე ხელმოწერის ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ მათ შინაარსს არ გაცნობია. დოკუმენტები სამსახურში მიუტანეს და მოაწერინეს ხელი.
მოწმე გ--- ბ---–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 26 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად 2017 წლის 26 ივლისს ქ. ბათუმში, ზ.---------–------------ში არსებულ რ------------–ის ბენზინგასამართ სადგურზე ნ-------- დ-------ეზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა და აღნიშნული დაფიქსირებულია ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ.
მოწმე ი----- მ-----–--ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 26 ივლისს პოლიციის მე-2 განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, ქ. ბათუმში, ზ.---------–------------ში მდებარე ,,რ------------–ის’’ ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შესახებ. ოპერატიული ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დადგინდა, რომ ერთმა ახალგაზრდა პიროვნებამ იარაღის მუქარით ნ-------- დ-------ეს გასტაცა ფულადი თანხა. 2017 წლის 2 აგვისტოს, მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2017 წლის 26 ივლისს ბენზინგასამართ სადგურზე ნ-------- დ-------ის დაყაჩაღების ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონდეს ს------- გ------ს.
მოწმე ი---- გ------ას ჩვენების თანახმად, მუშაობს შპს ,,რ------------–------------–---’’ ავტოგასამართი სადგურ ბათუმი 3-ის მენეჯერად. 2017 წლის 26 ივლისს გამთენიისას დაუკავშირდა ავტოგასამართი სადგურის ოპერატორი გ------- ჯ--------ე და შეატყობინა, რომ მოხდა ყაჩაღობის ფაქტი, კერძოდ, უცნობმა პიროვნებამ იარაღის მუქარით გასტაცა 520 ლარი.
მოწმე ბ------ ვ-–-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 26 ივლისს ქ. ბათუმში, ზ.---------–------------ში მდებარე ,,რ------------–ის’’ ბენზინგასამართ სადგურზე ნ-------- დ-------ეზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერის ვ---- გ------ასაგან.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერზე ასახულია 2017 წლის 26 ივლისს, შპს ,,რ------------–------------–---’’ ბენზინგასამართ სადგურზე, ნ-------- დ-------ეზე და გ------- ჯ--------ეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, დაახლოებით 05:09:24 საათზე კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელსაც აცვია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და ღია ფერის კაპიშონიანი მოსასხამი, რომელიც თავზე აქვს წამოხურული. მას ხელში უჭირავს პისტოლეტის მსგავსი საგანი და ახლოს მიდის სკამზე მჯდომ ოპერატორ ნ-------- დ-------ესთან, აიძულებს მას წამოდგომას და მიყავს შენობისაკენ. 05:12:34 საათზე, აღნიშნულ შენობაში განთავსებულ მენეჯერის ოთახში, შემოდის სამი პიროვნება, რომელთაგან ორს - ნ-------- დ-------ეს და გ------- ჯ--------ეს აცვია ბენზინგასამართი სადგურის - ,,რ------------–ის“ უნიფორმა, ხოლო მესამეს აცვია ლურჯი ფერის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი, ღია ფერის კაპიშონიანი მოსასხამი, კაპიშონი ახურავს თავზე, კაპიშონის შიგნით მოჩანს კეპის ქუდი, თავდამსხმელი, რომელსაც სახე არ უჩანს, რჩება კარებთან ახლოს და ნ-------- დ-------ის და გ------- ჯ--------ის მისამართით ახორციელებს პისტოლეტის დემონსტრირებას. 05:13:35 საათზე თავდამსხმელი შენობიდან გამოდის და სირბილით ტოვებს ტერიტორიას.
2017 წლის 03 აგვისტოს შედგენილი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ს------- გ------ს საცხოვრებელი ბინიდან (მისამართი: ქ. ბათუმი, ხ-------------------) ამოღებულ იქნა ვერცხლისფერი კორპუსის მქონე პისტოლეტი, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ სანთებელას და არ განეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ს------- გ------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ს. გ------ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყურად ადასტურებენ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ს. გ------ს ბრალდების დადასტურება.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები. მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულების: ნ. დ-------ის და გ. ჯ--------ის ჩვენებებს, რომლითაც დასტურდება, რომ მათ არ შეუძლიათ ამოიცნონ თავდამსხმელი, ვინაიდან სახეზე აფარებული ჰქონდა ნაჭერი, ამასთან, მათი ჩვენებებით ირკვევა, რომ მართალია, ხელი მოაწერეს რიგ საპროცესო დოკუმენტებს, თუმცა მათ შინაარსს არ გაცნობიან. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერზე ასახულია 2017 წლის 26 ივლისს ,,რ------------–------------–---’’ ბენზინგასამართ სადგურზე ნ. დ-------ეზე და გ. ჯ--------ეზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, თუმცა აღნიშნულ ჩანაწერში დაფიქსირებულ თავდამსხმელს თავზე ახურავს ე.წ. კაპიშონი და კადრში მას სახე არ უჩანს.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ არის წამოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ს. გ------ს ბრალად წარდგენილ ქმედებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველი გახდებოდა.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეებს, პალატა აღნიშნავს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატას მიაჩნია, რომ ს. გ------ს მხრიდან ყაჩაღობის ჩადენა წარმოადგენს ბრალდების მხარის ეჭვს, რომელიც უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ და შესაბამისი მტკიცებულებით სტანდარტის არარსებობის გამო ს. გ------ სწორად გაამართლა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს------- გ------ს მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- რ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენი ს------- გ------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს------- გ------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები: პისტოლეტის მსგავსი საგანი - სანთებელა, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ტანისამოსი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. სს ბანკი ,,კ-----------'' და შპს ,,რ------------–იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი სამ ცალ DVD-R დისკზე, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები მაკა გორგოძე
მარინე იმერლიშვილი