განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2018
საქმის ნომერი
330210016001470890
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001470890

საქმე №2ბ/782-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ---------–-------

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ა-----------------“

წარმომადგენელი - ე-–------------

 

დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.11.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.11.2017 წლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2013 წლის 14 თებერვალს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,ა---------–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ა----------–მა“ იკისრა ვალდებულება ძველი თბილისის რაიონში შეეკეთებინა მთაწმინდის ზონის გზები და ქუჩები.

 

2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ს ოდენობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 14 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 15-20).

 

2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ა----------–ის“ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 12 თებერვალს, სს ,,ა-----------------ს“ მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გაცემული იქნა საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა შეადგენდა 20 400 ლარს, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014წლის 01 თებერვლის ჩათვლით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013წლის 12თებერვლის საბანკო გარანტია (ტომი1, ს.ფ. 22).

 

შპს ,,ა----------–ის" მიერ დარღვეული იქნა 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებული სამუშაო შესრულებული იქნა 30 დღეზე მეტი ვადის გადაცილებით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ტომი1, ს.ფ. 2-6)

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2017 წლის 26 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2014 წლის 31 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სს ,,ა-----------------ს“ წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა შპს ,,ა----------–ის“ მიერ 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის 16351,7475 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 31 იანვრის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 2324).

 

2014 წლის 08 ოქტომბერს, სს ,,ა-----------------ს“ მიერ ანაზღაურებული იქნა 16 351,75 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ტომი1, ს.ფ.2-6)

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ტომი1, ს.ფ. 61-63).

 

2014 წლის 25 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილი გაუგზავნა სს ,,ა-----------------ს“ და შპს ,,ა----------–ის“ მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოსთხოვა 2013 წლის 12 თებერვლის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხიდან დამატებით 1679,9 ლარის ანაზღაურება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 25 ივლისის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 2526).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დაობენ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 14 თებერვალს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ა----------–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ა----------–მა“ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა შეთანხმებული სამუშაო.

 

2013 წლის 12 თებერვალს, სს ,,ა-----------------ს“ მიერ გაცემული იქნა საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,ა----------–ს“ შორის 2013 წლის 14 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ა----------–ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

შპს ,,ა----------–ის“ მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება და ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაო შესრულებული იქნა 30 დღეზე მეტი ვადის გადაცილებით. 2014 წლის 31 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სს ,,ა-----------------ს“ წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა შპს ,,ა----------–ის“ მიერ 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის 16351,7475 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.

 

2014 წლის 25 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ მიმართა სს ,,ა-----------------ს“ და მოითხოვა 2013 წლის 12 თებერვლის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება დამატებით 1679,9 ლარის, სულ 18031,45 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 08 ოქტომბერს, სს ,,ა-----------------მ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას აუნაზღაურა 16351,75 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია გარანტის მიერ საბანკო გარანტიის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 12 თებერვლის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 01 თებერვლამდე. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013 წლის 12 თებერვლის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილის - 1 679,9 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით სს ,,ა-----------------ს“ მიმართ 2014 წლის 25 ივლისს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნა წარდგენილი იქნა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. შესაბამისად, სს ,,ა-----------------ს“ უფლება აქვს უარი განაცხადოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, დადგენილი გარემოებაა, რომ ქ. თბილისის მერიასა და შპს "ა----------–ს" შორის 2013 წლის 14 თებერვალს დაიდო სახელწიფო შესყიდვის შესახებ N1.1.1/30/73 ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ს--------------------------------------ის“ მიერ 2013 წლის 12 თებერვალს გაცემულ იქნა N------------- საბანკო გარანტია 20400 ლარის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 01 თებერვლის ჩათვლით. ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ. თბილისის მერიამ, 2014 წლის 31 იანვარს და განმეორებით 2014 წლის 25 ივლისს წერილობით მიმართა შპს `ს--------------------------------------ს~ და მოითხოვა შპს "ა----------–ის" მიერ ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილის - 18 031.65 ლარის გადახდა ბენეფიციარის სასარგებლოდ, თუმცა, შპს "ს--------------------------------------ის" მიერ მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა 2013 წლის 12 თებერვალს გაცემული საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ, ჩასარიცხი 18 031.65 ლარის ნაცვლად ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხა მხოლოდ 16 351.75 ლარი, დარჩენილი 1 679.9 ლარის ჩარიცხვა კი არ განხორციელებულა.

 

სასამართლოს მითითებით, ვინაიდან ქ. თბილისის მერიამ სს "ა-----------------ს" მეორე წერილით მიმართა 2014 წლის 25 ივლისს, ხოლო გარანტია გაცემული იყო 2014 წლის 01 თებერვლის ჩათვლით, დასტურდება, რომ ბენეფიციარმა გარანტს მოთხოვნით მიმართა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რასაც აპელანტი არ იზიარებს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ძირითადი მოთხოვნა წარდგენილია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, ხოლო მოთხოვნის შემდგომი დაზუსტება არ ქმნის წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ის იზიარებს სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ გარანტს უნდა წარედგინოს საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, თუმცა სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემობა, რომ ქ. თბილისის მერიამ სს "ა-----------------ს" თავდაპირველად მიმართა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე 2014 წლის 31 იანვარს. არსებით გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დროულად მოახდინა თავისი უფლების რეალიზება და მოითხოვა ვალდებულების შესრულება, რაც გარანტის მიერ არ შესრულებულა. მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი მოთხოვნა აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც წარმოშობდა გარანტის ვალდებულებას ამავე კოდექსის 879-ე და 886-ე მუხლების საფუძველზე მოეხდინა ბენეფიციარისათვის ანგარიშსწორება მისივე მოთხოვნის ფარგლებში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2013 წლის 14 თებერვალს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,ა---------–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ა----------–მა“ იკისრა ვალდებულება ძველი თბილისის რაიონში შეეკეთებინა მთაწმინდის ზონის გზები და ქუჩები.

 

2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ს ოდენობით.

 

2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ა----------–ის“ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 12 თებერვალს, სს ,,ა-----------------ს“ მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გაცემული იქნა საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა შეადგენდა 20 400 ლარს, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 01 თებერვლის ჩათვლით.

 

შპს ,,ა----------–ის" მიერ დარღვეული იქნა 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებული სამუშაო შესრულებული იქნა 30 დღეზე მეტი ვადის გადაცილებით.

 

2014 წლის 31 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სს ,,ა-----------------ს“ წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა შპს ,,ა----------–ის“ მიერ 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის 16351,7475 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.

 

2014 წლის 08 ოქტომბერს, სს ,,ა-----------------ს“ მიერ ანაზღაურებული იქნა 16 351,75 ლარი.

 

2014 წლის 25 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილი გაუგზავნა სს ,,ა-----------------ს“ და შპს ,,ა----------–ის“ მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოსთხოვა 2013 წლის 12 თებერვლის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხიდან დამატებით 1679,9 ლარის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება.

 

საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.

 

სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

 

პალატა განმარტავს, რომ როგორც წესი, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება. ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გარანტს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გარანტიაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება (სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ვადის გაშვების რისკი ბენეფიციარს ეკისრება. თუკი მოთხოვნა დროულად იქნა წარდგენილი, მაგრამ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ბენეფიციარი უფლებამოსილია გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ჯეროვანი წესით ხელახლა წარადგინოს მოთხოვნა და მოითხოვოს დაკმაყოფილება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 12 თებერვლის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 01 თებერვლამდე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013 წლის 12 თებერვლის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილის - 1 679,9 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით სს ,,ა-----------------ს“ მიმართა 2014 წლის 25 ივლისს. ამდენად, აპელანტის მიერ მოთხოვნა წარდგენილი იქნა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. შესაბამისად, სს ,,ა-----------------“ უფლებამოსილი იყო უარი განეცხადებინა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. შესაბამისად, პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ ძირითადი მოთხოვნა წარდგენილი იყო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, ხოლო, მოთხოვნის შემდგომი დაზუსტება არ ქმნის წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს და განმარტავს, რომ 2014 წლის 25 ივლისს მოთხოვნა წარმოადგენდა ცალკე, დამოუკიდებელ მოთხოვნას და არა მოთხოვნის დაზუსტებას, რის გამოც იგი ვერ განიხილება საბანკო გარანტიის ვადაში წარდგენილ მოთხოვნად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.11.2017 წლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი