განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002690025
საქმე №1/ბ-90-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) დ----- ჯ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ქ--------–---–---–-----------------–------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:
დ----- ჯ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დ----- ჯ--------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 235 (ორას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
დ----- ჯ--------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა, 2 000 (ორი ათასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს _ კ---- კ----–--ეს (პ/ნ 6-----------, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, დაზარალებულ არასრულწლოვანს და მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ჯ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ.ქობულეთში, რ---------–--------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში და ეზოში, დ----- ჯ--------ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თავის ყოფილ მეუღლეს _ ა-–--- ი---------ს, ვისთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელის ზურგისა და სახის არეში დარტყმებით, თმების მოქაჩვით, ასევე ფეხის თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო დ----- ჯ--------ის და ა-–--- ი---------ს არასრულწლოვანი შვილი, ლ-–- ჯ--------ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელმაც ითხოვა დ----- ჯ--------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის დანიშნული წარმოადგენს ზედმეტად მსუბუქ სასჯელს, რომელიც არ არის შესაბამისობაში ჩადენილ დანაშაულთან და მსჯავრდებულის პიროვნებასთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა-–--- ი---------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ ლ-–- ჯ--------ის, რ----- ბ---–----ის, ი-----–- გ--------ის და ქ------- ო----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით და ორდერის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- ჯ--------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს დ----- ჯ--------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ დ----- ჯ--------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და საქმეში არსებული მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით დ----- ჯ--------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დ----- ჯ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დ----- ჯ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.დ----- ჯ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ----- ჯ--------ეს პატიმრობაში ყოფნის დრო (2018 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით) ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 235 (ორას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----- ჯ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს _ კ---- კ----–--ეს (პ/ნ 6----------- განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/