განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010100118002502063
№1/ბ-50-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ზ-----------–--–--ის
ადვოკატის - ნ---------------–-ას მონაწილეობით
მსჯავრდებულის - გ--------------–--ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------------------–--ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, მ----------------ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--------------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მაისს, შუადღის საათებში, ქ.ბათუმში, მ----------------------ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ--------------–--ემ სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ნ----------–--ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2018 წლის 24 მაისს, შუადღის საათებში, ქ.ბათუმში, მ----------------------ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ--------------–--ემ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას (ოჯახის წევრს) - ნ----------–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით გ--------------–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა.
გ--------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - პირობითი მსჯავრი 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ გ--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–-------------------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ--------------–--ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობა, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად წინა 2016 წლის განაჩენის გაუქმება და სასჯელის სრული შეკრების წესით დანიშვნა მოითხოვა.
ბრალდების მხარეს თვლის, რომ სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა და სრულყოფილად იქნა გამოკვლეული ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა, გ-------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
ზემოთხსენებული განაჩენი აპელანტ მხარეს მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა, ასევე თვლის, რომ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
განაჩენში განმარტებულია, რომ ,,ოჯახური ძალადობა ლატენტურ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ახასიათებს ფაქტების გაუმჟღავნებლობა, და ფარვა, დამახინჯება, ჩვენებაზე უარის თქმა’’. აღნიშნულით დგინდება, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა განპირობებული იყო მხოლოდ იმ მოტივით, რომ პასუხისმგებლობისაგან აერიდებინათ ახლო ნათესავი, შვილი - გ--------------–--ე.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ზ-----------–--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ გ--------------–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ---------------–-ას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
გ--------------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 24 მაისს ის იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში და ეძინა, მას მამისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, უბრალოდ ნ-------–იძე წინააღმდეგია, რომ ალკოჰოლურ სასმელს იღებს.
ბრალდებულის ახლო ნათესავმა, მამამ - მოწმე გ--------------–--ემ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, გ--------------–--ის წინააღმდეგ.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბართით და ინფორმაციული პატაკით დასტურდება, რომ მოქ ნ----------–--ე ითხოვდა პოლიციის დახმარებას. დანაშაულის გარემოებების მიხედვით: 2018 წლის 24 მაისს, შუადღის საათებში ქ. ბათუმში, მ------------------ში, ნ----------–--ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისმა შვილმა - გ--------------–--ემ.
მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორის - გ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შეტყობინების საფუძველზე ი-----–--------------ესთან ერთად გავიდა ბათუმში მ------------------ში, სადაც მოქალაქე ნ----------–--ე ითხოვდა დახმარებას. ადგილზე მისულებს გ--------------–--ე დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც აგრესიული იყო მამის მიმართ. ნ----------–--ემ მათ განუმარტა, რომ შვილმა მასზე იძალადა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის არეში დაარტყა ხელი, ძალადობის კვალი სახეზე ეტყობოდა, ასევე ნ----------–--ემ მათ განუმარტა, რომ დანით ემუქრებოდა, სიცოცხლის მოსპობით. დანა აჩვენა მათ, რომელიც სამზარეულოს კარადაში იყო და ამოიღეს. მოწმის განმარტებით გ-------–--ე მათი მისვლისას იწევდა კვლავ მამისკენ. შემდეგ დამშვიდდა, ვინაიდან ჩათვალეს, რომ კონფლიქტი გაგრძელდებოდა, გ--------------–--ე აგრძელებდა აგრესიას და იწევდა მამისკენ, მოახდინეს მისი დაკავება და გადაიყვანეს განყოფილებაში, მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც რაიმე ძალადობას არ ჰქონია ადგილი მათი მისვლის შემდეგ.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–--------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ შეტყობინებით მოქალაქე ნ----------–--ე ითხოვდა დახმარებას, მისთვის ცნობილი იყო ეს ადგილი და საცხოვრებელი სახლი და გ--------------ესთან ერთად მივიდა. სახლში გ--------------–--ე იყო ნასვამ მდგომარეობაში იქცეოდა აგრესიულად და ძალიან იყო დაბნეული, მამის მიმართ იყო აგრესიულად განწყობილი. ნ----------–--ემ მათ განუმარტა, რომ მათ მისვლმადე ის დასდევდა დანით. შეეცადნენ დამშვიდებას, მაგრამ ვერ მოახერხეს. ნ----------–--ეს აღენიშნებოდა დაზიანება, აგრესია გამოიხატებოდა მამის მიმართ იმით, რომ ცდილობდა მიახლოებას, კვლავ იწევდა მამისკენ. დანით ემუქრებოდა, დანა როგორც ცნობილია ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ. ვინაიდან გ--------------–--ე არ მშვიდდებოდა იგი დააკავეს, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების - ბ--------------ისა და ი-----–--------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ გამომძიებლის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ მ---------ის ქ.N------ში ნ----------–--ის საცხოვრებელ სახლში. სახლის პირველ სართულზე დათვალიერების დროს დაზარალებულის მითითებით სამზარეულოს კარადის უჯრიდან ამოიღეს დანა, მოწითალო ფერის ტარით. დაზარალებულის განმარტებით მისი შვილი ემუქრებოდა აღნიშნული დანით. დაასურათეს და დალუქეს, საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა გამომძიებელი და დაზარალებული.
ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით ც/ი N---, 28.05.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა არის მჩხლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარათა კატეგორიას.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 მაისს ექსპერტების ბ--------------ის და ი-----–--------–--ის მონაწილეობით გამომძიებელმა მ-----–----–--ემ დაათვალიერა ქ.ბათუმში მ---------ის ქ.N------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. სამზარეულოში არსებული კარადის პირველი უჯრიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის პლასტმასის ტარით დანა, ნ----------–--ის განმარტებით მას გ--------------–--ე ემუქრებოდა ხსენებული დანით.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ბრალდებულის სახით გ--------------–--ე დაკავებულია 2018 წლის 24 მაისს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომლების მიერ. დაკავების ადგილი: ქ. ბათუმი მ------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. დაკავების ზუსტი დრო: 1658 საათი.
ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით N0--------, 24.05.2018წ 20:34 სთ დადგენილია, რომ გ--------------–--ეს შემოწმების დროს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა.
შემაკავებელი ორდერის ოქმით N0----- 26.05.2018წ. დადგენილია, რომ გ--------------–--ეს ერთი თვის ვადით აეკრძალა მამასთან ნ----------–--ესთან ურთიერთობა სატელეფონო კომუნიკაცია, მიახლოება.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ნ----------–--ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები.(ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში). არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხული ღ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვიზუალურად შეამოწმა და დაათვალიერა ნ----------–--ე და შეადგინა დასკვნა. დათვალიერებით მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა წარბის გარეთა კიდის საპროექციოდ არასწორი ფორმის, მოიისფრო ფერის. აღნიშნული დაზიანება დასკვნაში აღნიშნა, რომ განვითარებულია ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელშიც იგულისხმება ადამიანის ხელიც.
მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივების თანაშემწე-გამომძიებელმა - მ-----–----–--ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება.
სააპელაციო პალატას გ--------------–--ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა წარდგენილ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით გ--------------–--ის მიერ, მამის - ნ----------–--ას მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ მისცა ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.
მართალია საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლების თანახმადაც გ--------------–--ის მიერ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, გ--------------–--ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ნ----------–--ის ჩვენება, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება ბრალდებულ გ--------------–--ის წინააღმდეგ.
რაც შეეხება კონკრეტულად პოლიციის თანამშრომლების: გ--------------ის, ი-----–--------------ის, ბ--------------ისა, ი-----–--------–--ის და მ-----–----–--ის ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ ნ----------–--ის მონათხრობს, შვილის გ--------------–--ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა - ნ----------–--ემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) გ--------------–--ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. ამასთან დაკავშირებით პალატა იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა გ--------------–--ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება აღნიშნული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--------------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი გ--------------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
გ--------------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გ--------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - პირობითი მსჯავრი 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველო სსკ - ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ გ--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ გ--------------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გიორგი ებრალიძეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, შესაბამის პრობაციის ბიუროს და საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე