განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმეN2ბ/3303-17 29 იანვარი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) – ზ------ ს--------–--ე;
წარმომადგენელი - დ----- ჩ----ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ--–- თ-----–---–ი;
წარმომადგენელი - რ----- რ-–----ე;
დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, სესხის დაკისრება, უძრავი ნივთის სარეალიზაციოდ მიქცევა, ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისთვის;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება; ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, ლ--–- თ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ--–- თ-----–---–ის სასარგებლოდ ი----------–---–ს გადასახდელად დაეკისრა სესხი თანხა - 20 000 აშშ დოლარი.
დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოთ მიექცა ზ------ ს--------–--ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, გლდანი, მე-8 მ/რ., კორპ. №13, ბინა №24-დან 1/3 ნაწილი (იპოთეკის საგანი) (ს/კ №0----------------------).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 13 მაისს მოსარჩელესა (გამსესხებელი) და ი----------–---–ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელმა 18 თვის ვადით, სარგებლის გარეშე სესხად მიიღო 20 000 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება;
2.2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი---------–---–ის (მსესხებელი) კუთვნილი წილი უძრავი ნივთიდან, კერძოდ - ქალაქ თბილისში, გლდანის მე-8 მ/რ., კორპ. №13, ბინა №24-დან (ფართი 61.32 კვ.მ.) 1/3 წილი, რაც 24.09.2013წ -დან თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე ირიცხება ზ------ ს--------–--ის საკუთრებაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
2.3. 2014 წლის 26 დეკემბერს გამსესხებელსა და მსესხებელს შორის მიღწეული შეთანხმებით, სესხის დაფარვის ვადა გაგრძელდა ზ------ ს--------–--ის (იპოთეკის საგნის მესაკუთრის) სააპელაციო საჩივრის განხილვის დასრულებამდე, რაც მიმდინარეობდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით მის მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე და რომლის განხილვაც ინსტანციური დავის ფარგლებში დასრულებულია და არ არის გაზიარებული მესაკუთრის (მომჩივანის) პრეტენზიები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა -განმარტება;
- საქართველოს უზენაესი სასამართლო განჩინება;
2.4. მსესხებელს, შეთანხმებულ ვადაში ვალდებულება არ შეუსრულებია და მოსარჩელისათვის სესხი (20 000 აშშ დოლარი) არ დაუბრუნებია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა -განმარტება;
2.5. სესხის ხელშეკრულება შეწყვეტილია ვადის გასვლის გამო და მოსარჩელეს, მისი შეწყვეტილად აღიარების იურდიული ინტერესი არ გააჩნია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება;
- 26.12.2014წ. შეთანხმება;
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. ზიანის მიყენებისა და განცდილი ზიანის ოდენობის ფაქტი საქმეში არსებული მასალებით არ დადასტურებულა.
[მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოდიოდა მოსარჩელეზე, რაც მან ვერ დაადასტურა (სსსკ-ის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები].
2.7. სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მნიშვნელობა ექნებოდა საქმის გადაწყვეტისათვის არ არსებობს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
(სესხის დაკისრება)
2.8. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (მუხლი 316.1). ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის),უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
2.9. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სკ-ის 623-ე, 286-ე და 301-ე მუხლები.
2.10. კერძოდ, სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
2.11. საქმეზე დადგენილია, ი---------–---–ისათვის სესხის გადაცემისა და შეთანხმებულ ვადაში მისი დაუბრუნებლობის ფაქტი, რაც განაპირობებს მოსარჩელის მიერ მსესხებლის მხრიდან საპირისპირო ვალდებულების (სესხის დაბრუნების) მოთხოვნის უფლებას და ბოჭავს მსესხებელს (მოპასუხეს) ვალდებულების შესრულებით. ამიტომ, მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის 20 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ეკისრება ი---------–---–ს (მსესხებელს) და მის პასუხისმგებლობას, როგორც ამას თვითონ მიიჩნევს, არ გამორიცხავს სხვა დავის ფარგლებში აუქციონზე იმ ქონების რეალიზაცია (მესაკუთრის ცვლილება), რომელიც სესხის უზრუნველსაყოფად არის დატვირთული იპოთეკით (სკ-ის 3065-ე მუხლის მე-6-7 ნაწილი). ამ ნორმის თანახმად, იპოთეკის საგნის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას უძრავ ნივთზე და შესაბამისად, მისი უფლებრივი კავშირი იპოთეკის საგანთან, რეალიზაციის შედეგად წყდება და იპოთეკის საგნის შემძენი იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების უფლების გადასვლის მომენტიდან იპოთეკის საგანთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, ანუ აქცესორული ვალდებულების მატარებელი და არა კრედიტორის პირადი მოვალე.
(ნივთის რეალიცაია)
2.12. სკ-ის 286-ე და 301-ე მუხლების პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. შეთანხმება იპოთეკის შესახებ არის ვალდებულებით -სამართლებრივი ხელშეკრულება, (მის მიმართ გამოიყენება როგორც ნორმები გარიგებათა შესახებ, ისე სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნაწილის დებულებები), რომლითაც უძრავი ნივთის მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითმინოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია ან საკუთრება მასზე გადასცეს კრედიტორს. იპოთეკა აბსოლუტური უფლებაა, რომელიც აფუძნებს მხოლოდ სხვისი უძრავი ნივთის რეალიზაციის ან მასზე საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლებას. იპოთეკის შესახებ შეთანხმება დაკავშირებულია სხვა ვალდებულებით-სამართლებრივ გარიგებასთან, როგორც წესი სესხის ან საკრედიტო ხელშეკრულებასთან, რომლიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც იდება იპოთეკის ხელშეკრულება. ეს კავშირი პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ ორივე გარიგებას – სესხსაც და იპოთეკასაც, ერთი და იგივე კრედიტორი ჰყავთ, რომელსაც იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკარი ეწოდება. მიზნობრივი კავშირი იპოთეკასა და უზრუნველყოფილ მოთხოვნას შორის კანონით იმპერატიულად არის დადგენილი. იპოთეკა სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა და მისი არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკა.
2.13. სკ-ის 301.1 მუხლი მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.14. გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტით დადგენილია, რომ გამსესხებლის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულია ქალაქ თბილისში, გლდანის მე-8 მ/რ., კორპ. №13, ბინა №24-დან (ფართი 61.32 კვ.მ.) 1/3 წილი, რაც ეკუთვნოდა მსესხებელს და რომელიც აუქციონზე შეძენილი აქვს ზ------ ს--------–--ეს. შესაბამისად, გადაწყვეტილების 6.4. პუნქტში მითითებული მსჯელობის და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, რეალიზაციას ექვემდებარება ზ------ ს--------–--ის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი. ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ იმ პირობებში, როცა იპოთეკით დატვირთულია ქონების ნაწილი და საჯარო რეესტრშიც იპოთეკა რეგისტრირებულია უძრავი ნივთის 1/3 წილზე, დაუშვებელია მისი გავრცელება სრულ ფართზე, რის გამოც სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს ზ------ ს--------–--ის კუთვნილ უძრავი ნივთის, მდებარე - ქალაქ თბილისში, გლდანის მე-8 მ/რ., კორპ. №13, ბინა №24-ის (ს/კ №0----------------------) სარეალიზაციოდ მიქცევას, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მხოლოდ იპოთეკის საგანი ე.ი. ნივთის 1/3 ნაწილი.
(სესხის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება)
2.15. მოსარჩელე ითხოვს 2013 წლის 16 მაისის სესხის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებას ე.ი. აღძრულია აღიარებითი სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იურიდიული ინტერესის არსებობა. ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მისი უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამიტომ, აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი, რაც ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა – მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. ჩვენს შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულება შეწყვეტილია ვადის გასვლის გამო და მოსარჩელეს, მისი შეწყვეტილად აღიარების დაცვის ღირსი იურდიული ინტერესი არ გააჩნია, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (სსსკ-ის 180-ე მუხლი).
(ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის)
2.16. რაც შეეხება სარჩელის საფუძვლიანობას ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების, ანუ, სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის შეფასებისათვის, ყურადღება უნდა გამახვილდეს სამოქალაქო კოდექსის შემდეგ ნორმებზე:
- 394.1-ე მუხლი: მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
- 408.1-ე მუხლი: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
- 411-ე მუხლი: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;
- 412-ე მუხლი: ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
2.17. ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელე შემოიფარგლა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თანხის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, მას განათავსებდა ბანკში ანაბარზე და მიიღებდა შემოსავალს. თუმცა, მოსარჩელის მხოლოდ ეს არგუმენტი არ არის ვარგისი და საკმარისი საფუძველი ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, რადგან, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებითი ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და რაც მთავარია ანაზღაურდება მხოლოდ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი. აქვე უნდა განიმარტოს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება. ამიტომ, მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოდიოდა კრედიტორზე, რაც მან ვერ დაადასტურა.
2.18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მსესხებელმა სესხი მიიღო სარგებლის გარეშე. ანუ, დადასტურებულია ფაქტი, რომ მოსარჩელეს ფული არ გამოუყენებია (არ გაუსესხებია) ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ფაქტს იმის შესახებ, რომ სესხის გაცემამდე, ან მის შემდგომ, მოსარჩელე ფულის განკარგვით იღებდა რაიმე სახის შემოსავალს ე.ი. ფულს იყენებდა იმ დანიშნულებით და მიზნით, რომ მისგან შემოსავალი მიეღო და ეს ცნობილი იყო მსესხებლისათვის. ამასთან, საერთოდ დაუსაბუთებელია სარჩელი მსესხებელთან ერთად, იპოთეკის საგნის მესაკუთრისათვის ზიანის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. ამ ნაწილში გაურკვეველია მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა 10.03.2017 წლის შუამდგომლობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების გამო:
მოსარჩელის წარმომადგენელი 22.02.2017 წლის მოსამზადებელ სხდომაზე გაფრთხილებული იყო მომდევნო, 10.03.2017 წლის სხდომის ჩატარების თაობაზე კანონით დადგენილი წესით;
მიუხედავად 10.03.2017 წლის სხდომის დაწყებამდე 20 წუთზე მეტი ლოდინისა, არც მოსარჩელე, არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა, ამასთანავე არ იყო წარმოდგენილი არავითარი შუამდგომლობა (განცხადება) ან მტკიცებულება საპატიო მიზეზის გამო სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით (საპატიო მიზეზის თაობაზე მოსარჩელის წარმომადგენელს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია არც მომდევნო სხდომაზე);
სარჩელიდან (იხ. დავის არსის და მე-3 ფაქტობრივი გარემოების, სარჩელის უზრუნველყოფის გრაფა, მე-4 სასარჩელო მოთხოვნა) ჩანდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზ------ ს--------–--ე არ იყო ლ--–- თ-----–---–თან არავითარ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მოსარჩელე ძირითადად აპელირებდა მოპასუხე ზ------ ს--------–--ის და არა ი---------–---–ის მხრიდან გადახდის შესრულებაზე;
ზ------ ს--------–--ის 17.08.2015 წლის შესაგებლიდან სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ჩანდა, რომ ი---------–---–მა ბინაში თავისი კუთვნილი 1/3 წილი იპოთეკით, თავისი მეგობრის და ნათელ-მირონის, ამჟამად მოსარჩელე ლ--–- თ-----–---–ის სასარგებლოდ დატვირთა ბინაზე საზიარო უფლების გაუქმებაზე სააღსრულებო ფურცლის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე (იხ. ზ------ ს--------–--ის შესაგებლის მე-4 ფაქტობრივი გარემოება);
მიუხედავად იმისა, რომ ი---------–---–ს სარჩელი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (იხ. საქმეში სარჩელის ი---------–---–ისათვის ჩაბარების დასტური), შესაგებელი არც კანონით განსაზღვრულ ვადებში, არც დაგვიანებით არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული სასამართლომ არ მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის მქონედ, თუმცა სასამართლოს მსჯელობის საპირისპიროდ, არავითარი დაბრკოლება არ არსებობდა საიმისოდ, რომ შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არ დაკმაყოფილებულიყო.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე მითითებით (იხ. 10.03.2016 წლის სხდომის აუდიოჩანაწერი) არასწორად დააკმაყოფილა ი---------–---–ის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და არასწორად მიიჩნია ი---------–---–ის მიერ წარმოდგენილი, ადვოკატ გ-------– კ--–----ის მიერ გაცემული ორდერი, რომელიც ი---------–---–ის გარდა, გაცემული იყო მის მეუღლეზე კ------- ს-----–---–ზე და შვილზე - გ------- ს-----–---–ზე, სხდომის გადადების, ხოლო მის სანაცვლოდ, ზ------ ს--------–--ისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების მოსპობის წინაპირობად. პირველ რიგში იმ ფაქტობრივი გარემოების გამო, რომ რაიმე ინფორმაცია, ი---------–---–ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გარდა, რომ ადვოკატი ქალაქიდანაა გასული, საქმეზე დართული, ხოლო სხდომაზე გამოქყვენებული არ ყოფილა (მსგავსი რამ, ანალოგიურად მოსარჩელის ადვოკატისა, გ-------– კ--–----ეს არ წარმოუდგენია არც მომდევნო პროცესზე). გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის მქონედ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ი---------–---–ს სარჩელი ჩაბარებული აქვს, ხოლო შესაგებელი სასამართლოსთვის არ წარუდგენია;
როგორც სარჩელიდან ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ი---------–---–ს მიმართ გამოქვეყნებული იყო 13.02.2017 წლის განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ 22.02.2017 წლის მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნის თაობაზე, როგორც სარჩელიდან ჩანს, მოსარჩელის ადვოკატს ი---------–---–თან კომუნიკაცია ჰქონდა;
არათუ კომუნიკაცია ჰქონდა, სხვა საქმეში ზ------ ს--------–--ის წინააღმდეგ, ის გახლდათ ორივე მხარის - ლ--–- თ-----–---–ის და ი---------–---–ის ადვოკატიც, რაც დაადასტურა როგორც 22.02.2017 წლის სხდომაზე, ისე 24.03.2017 წლის _ მთავარ სხდომაზეც;
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება თუნდაც იმით, რომ 22.03.2017 წლის მოსამზადებელი სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხე ი---------–---–ის ვაჟი - გ------- ს-----–---–ი, რომელმაც იკისრა მომდევნო სხდომისთვის დედის გაფრთხილება. მართალია სასამართლომ ჰკითხა, თუ საიდან ჰქონდა სხდომის თაობაზე ინფორმაცია, თუმცა აღარ ჩაეძია და დაკმაყოფილდა ზერელე პასუხით, რომ დაურეკეს. ვინ დაურეკა, საიდან, ამით სასამართლო არ დაინტერესებულა (იხ. 22.03.2017 წლის სხდომის აუდიოჩანაწერი;
3.3.აპელანტის მითითებით, სასამართლომ 10.03.2017 წლის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას, არ გამოიყენა საქ. სსკ-ის 229-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, უფრო მეტიც, როგორც არაერთ საქმეზეა განმარტებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავისი საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232(პრიმა) მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მას არა აქვს ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას.
აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივ უსწორობებში ნაჩვენები სიტუაციით არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ერთმნიშვნელოვნად დარღვეულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, მითუმეტეს, რომ შუამდგომლობით ი---------–---–ის მატერიალურ-სამართლებრივი მდგომარეობა არ უარესდებოდა, სასამართლომ კი, არ გამოიყენა ისეთი მუხლები, როგორიცაა სამოქალაქო კოდექსის მე- მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც ,,სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეოები“ და 115-ე მუხლი, რომლითაც ,,სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“, რასაც ადგილი აქვს მოსარჩელე ლ--–- თ-----–---–ის და მოპასუხე ი---------–---–ის მხრიდან.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამასთან, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს, წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის, სადავო საკითხების თაობაზე მხარეთა მოსაზრებების გაცნობის და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმის ხელახლა განსახილველად უკან უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის განჩინებას, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის საოქმო განჩინებით, მოპასუხე ი---------–---–ის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხე ზ------ ს--------–--ის წარმომადგენლის დ----- ჩ----ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 165);
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ზ------ ს--------–--ის წარმომადგენელმა დ----- ჩ----ემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის სხდომის ოქმი 15.22.12 სთ.)
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა მეორე მოპასუხე ი---------–---–ი და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება სხვა დროისთვის, ვინაიდან მისი განმარტებით, მის დაცვას წარმოდგენილი ორდერის საფუძველზე ახორციელებს ადვოკატი და მისი მონაწილეობის გარეშე ვერ შეძლებს თავის დაცვას (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის სხდომის ოქმი 15.22.48 სთ.)
გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმისა და საქმის განხილვის გადადების შესახებ, ძირითადად ემყარება იმ გარემოებას, რომ მეორე მოპასუხეს ი---------–---–ს გააჩნია ინტერესი საქმის განხილვისადმი, ხოლო ვინაიდან, მისი წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მხარის ინტერესების გათვალისწინებით - საქმე განხილული იქნას წარმომადგენლის მონაწილეობით, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა საქმის განხილვის გადადება სხვა დროისთვის. რაც შეეხება, მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სასამრთლოს უარს, აღნიშნულის შესახებ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას და სასამართლო მხოლოდ იმ ფაქტზე მითითებით შემოიფარგლა, რომ მეორე მოპასუხის ინტერესებიდან გამომდინარე საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობა ავტომატურად გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, რაც სააპელაციო პალატის შეფასებით დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის სხდომის ოქმი 15.33.10 სთ.)
4.2. გასაჩივრებული საოქმო განჩინების ნაწილში, პალატა იზიარებს სააპელაციო საჩივრის არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა შეემოწმებინა არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სათანადო წინაპირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება საქმის განხილვის გადადების შესახებ. პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა 2017 წლის 10 მარტის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ დასაბუთებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 10 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე რომლისთვისაც სასამართლო სხდომის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე ზ------ ს--------–--ის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ მხოლოდ ერთი მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, გადადო საქმის განხილვა, ისე რომ არ უმსჯელია ზ------ ს--------–--ის წარმომადგენლის შუამდგომლობაზე, მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის ნაწილში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლიანობაზე.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.
დადგენილია, რომ 2017 წლის 22 თებერვლის სხდომაზე გამოცხადებული იყო მოსარჩელე ლ--–- თ-----–---–ის წარმომადგენელი რ----- რ-–----ე (იხ. რწმუნებულება ტ.1, ს.ფ. 29-30), ზემოაღნიშნული სხდომა გადაიდო 2017 წლის 10 მარტს, აღნიშნულის შესახებ, მხარეები მათ შორის მოსარჩელის წარმომადგენელი რ----- რ-–----ე გაფრთხილებულ იქნა ხელწერილით (იხ. სასამართლო უწყება (ხელწერილი) ტ. 1, ს.ფ. 158)
საკითხს იმასთან დაკავშირებით განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა თუ არა კანონით (სსსკ-ის 233-ე მუხ.) გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდების მოვალეობა ეკისრება გამოუცხადებელ მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ რაიმე განცხადება ან შუამდგომლობა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, პალატის შეფასებით, სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წინაპირობები მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მოპასუხე ზ------ ს--------–--ის წინაააღმდეგ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინებების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის საოქმო განჩინება, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის და საქმის განხილვის გადადების შესახებ, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და საქმე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოპასუხის შუამდგომლობაზე მსჯელობის ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე მოპასუხის შუამდგომლობაზე მსჯელობის ეტაპიდან საქმე უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება ი---------–---–ის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი და შესულია კანონიერ ძალაში (იხ. საქმის მასალები)
ასევე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის საოქმო განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმისა და საქმის განხილვის გადადების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ------ ს--------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის საოქმო განჩინება, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის და საქმის განხილვის გადადების თაობაზე;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე მოპასუხის შუამდგომლობაზე მსჯელობის ეტაპიდან საქმე დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია