განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
120100119002807008
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002807008

საქმე #1ბ/499-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: კ---------–---–---–ის

მსჯავრდებულის: გ------------–--ის

ადვოკატის: ი--------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ------------–--ის, დაბადებულის 1984 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა--------------------------–-–---–-----ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიიჩნია, რომ გ------------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 22 დეკემბერს, ღამის საათებში, დაახლოებით 21:00 საათზე, ა--------------------------–-–---–-----ში მცხოვრებმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ------------–--ემ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უსიამოვნების გამო მამას, ი-----------–--ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი - ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოუჭირა ხელები ყელის არეში და რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

 

გ------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63—64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

გ------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 23 დეკემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

 

გ------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების კუთხით. სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და დანიშნული სასჯელის მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულ გ------------–--ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ი-----------–--ის, ნ-----–--–-------–---–ის, მ------------–--ის, მ----------–------ს გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ გ------------–--ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, სამედიცინო ექსპერტიზის #9--------- დასკვნის, შემთხვევის ადგილის (საცხოვრებელი სახლის) დათვალიერების ოქმის, შემაკავებელი ორდერის და სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ------------–--ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით არასწორად დანიშნული სასჯელის შესახებ. კერძოდ, გ------------–--ემ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 22 დეკემბერს, რა დროსაც აღნიშნული კვალიფიკაციის სანქციით გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით. 2018 წლის 28 დეკემბრიდან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციით, კანონში შესული ცვლილებების შედეგად, აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად, ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა ერთ წლამდე ვადით, განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ------------–--ის მიმართ არის უკანონო, ვინაიდან იგი არ არის გამოტანილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის თვალსაზრისით, რის გამოც განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან დაკავშირებით, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ გ------------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის არის უკანონო, ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ასეთი ლმობიერი სასჯელის დანიშვნა გ------------–--ისთვის იქნება წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ------------–--ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების (სასჯელის მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში) შესახებ. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გ------------–--ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ დანიშნული ლმობიერი სასჯელი მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელი იქნება. ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ გ------------–--ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული ჰიპოთეტური მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. სააპელაციო პალატისათვის ასევე გაუგებარია, ზოგადად, დანიშნული სასჯელი როგორ შეიძლება იყოს წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი ახალი დანაშაულის ჩასადენად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ გ------------–--ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გ------------–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. გ------------–--ემ როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, გ------------–--ე არ არის ნასამართლევი. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, გ------------–--ემ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ მთელ რიგ გარემოებებს, კერძოდ, გ------------–--ე არის ორი მცირეწლოვანი შვილის მამა და ოჯახის მარჩენალი, მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ წარსულში ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, საქმეში წარმოდგენილი, ი-----------–--ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების მიხედვით, დაზარალებული მასთან შერიგებულია და რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. აგრეთვე, გ------------–--ემ სადავოდ არ გახადა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ გ------------–--ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენში გ------------–--ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

გ------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

 

გ------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 დეკემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ი-----------–--ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ 11 400 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე - ა--------------------------–--–---–-----ი, სარეგისტრაციო ზონა - ა------ი, კ------------------------------------------------–------, ნაკვეთი - 038, 7 000 ლარის ფარგლებში (ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ა------ის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 25 დეკემბრის №1-------- განჩინება);

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

სისხლისმაგვარი ლაქები და მინის ნამსხვრევები - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

პირობით მსჯავრდებულ გ------------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციიის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ.კახეთელიძე