განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.02.2019
საქმის ნომერი
100310018002640782
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310018002640782

საქმე N3/ბ-07-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი – ნა---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნე-–-------–--ე

წარმომადგენელი – იზ---–-------------ე

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ნე-–-------–--ის სარჩელის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2018 წლის 20 სექტემბერს ნე-–-------–--ემ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა ნე-–-------–--ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების თანამშრომლის მიერ 2018 წლის 19 აგვისტოს შედგენილი ოქმის ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების დავალდებულება აღადგინოს (ოქმის შედგენამდე არსებული მდგომარეობა) ნე-–-------–--ის ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;

 

მოსარჩელის აღნიშვნით, ცხოვრობს ქ.საჩხერეში, გო--------–-ს ქუჩის N--–- ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე, ნახევრად მოუწყობელ ბინაში. არის 76 წლის, გაუთხოვარი, მარტოხელა, ავადმყოფი. გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფაქტი. 2013 წელს ჩატარებული აქვს აორტო-კორონალური შულტირება, დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით. 2008 წლიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებდა ფულად დახმარებას. 2018 წლის 27 აგვისტოს საჩხერის რაიონული განყოფილებიდან მიიღო შეტყობინება, რომ 2018 წლის 19 აგვისტოდან მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობის მოტივით შეუწყდა რეგისტრაცია, რასაც არ ეთანხმება, რადგან ის (მოსარჩელე) ნამდვილად ცხოვრობს თავის საცხოვრებელ მისამართზე. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რაც უმნიშვნელოა იმ ხარჯებთან შედარებით, რომელიც მის ჯანმრთელობას ესაჭიროება. სოციალური დახმარება მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რეგისტრაციის გაუქმებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ამიტომ ითხოვს ოქმის გაუქმებას და რეგისტრაციის აღდგენას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

მოპასუხე – სსიპ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნე-–-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მიერ 2018 წლის 19 აგვისტოს შედგენილი ოქმი ნე-–-------–--ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილებას დაევალა აღედგინა (ოქმის შედგენამდე არსებული მდგომარეობა) ნე-–-------–--ის ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ნე-–-------–--ის რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია ქ.საჩხერე გო--------–-ს ქუჩა N-. მრავალსართულიანი სახლის მე-4 სართული. ნე-–-------–--ე არის 76 წლის, 194- წლის 19 ოქ---------ს დაბადებული, მარტოხელა, პენსიონერი, წლებია აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებდა შემწეობას. იგი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და 2013 წლიდან იღებს ინსულინს. მრავლობითი გართულებით E11.7, მიოკარდიუმის გადატანილი ინფაქტი 125.2. აორტოკორონარული შუნტირების შ/პ Z95.1. იმყოფება აღრიცხვაზე ენდოკრინოლოგიურ კაბინეტში. სამკურნალო რეკომენდაციებია: ესაჭიროება მკურნალობა მეტროპროლილი 100 მგ1/2 აბი 1-ჯერ დღეში, ატორვასტანინი 20 მგ 2 აბი 1-ჯერ დღეში, მეტფორმინი 1000 მგ აბი 2-ჯერ. ანტიდიაბეტური მკურნალობა ინსულოთერაპია;

 

2.1.2. ნე-–-------–--ე 2008 წლიდან იმყოფება სოცილურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. 2018 წლის 19 აგვისტოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის გე-------------–-–---–-ს (კოდი 13--) მიერ შედგენილი იქნა ოქმი ნე-–-------–--ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ. ოქმში შეწყვეტის მიზეზად მითითებულია: ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს. ოქმში მითითებულია, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს განხორციელდა პირველი ვიზიტი და აღნიშნული ვიზიტით იქნა უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობდა. ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდია 05---------4;

 

2.1.3. 2018 წლის 24 აგვისტოს ნე-–-------–--ეს გაეგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის საფუზველზე 2018 წლის 19 აგვისტოს შეივსო ოქმი ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, მიზეზი: ოჯახში მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს. ამასთან განემარტა, რომ უფლება ჰქონდა მოეთხოვა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია ხელახალი განაცხადის საფუძველზე, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართით, შეწყვეტის ოქმის შევსებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. ნე-–-------–--ეს განემარტა ოქმის გასაჩივრების წესი;

 

2.1.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს ნე-–-------–--ე იმყოფებოდა სახლში, საწოლში იწვა. ოქმის შემდგენმა კარზე დაკაკუნებით ვერ გააგონა, მეზობლის დახმარებით კი მოახერხა მასთან შეხვედრა. 2018 წლის 19 აგვისტომდე ოქმის შემდგენის მიერ განხორციელებული ვიზიტების შესახებ საქმეში არავითარი დოკუმენტი არ იძებნება. მოცემულ გარემოებებს ადასტურებდა მოპასუხის წარმომადგენელიც.

 

მოწმე ცირა მაკასარაშვილის ჩვენებით, ნე-–-------–--ე მისი მეზობელია, არის მარტოხელა, თავისი ოჯახი არ ჰყავს. ეკონომიურად იყენებს ელექტროენერგიას, გაზს და სხვა კომუნალურებს. ნე-–-------–--ე მუდმივად ცხოვრობს მის მეზობლად. არ აქვს ტელევიზორი და სულ მასთან იმყოფებოდა, ამიტომ მისმა მეუღლემ შეუძინა ტელევიზორი რამდენიმე თვის წინ. მას ჰყავს ძმისშვილები სოფელ სარეკში, სადაც თუ მიდის, მალევე ბრუნდება. რძლის მოსავლელად იყო წასული სამი დღით. ნე-–-------–--ე მუდმივად ცხოვრობს მის მეზობლად. ივნისის და ივლისის თვეებში ნე-–-------–--ესთან არავინ ყოფილა შესამოწმებლად.

 

მოწმე ელ----–--------ს ჩვენებით, ნე-–-------–--ეს არ მიუტოვებია თავისი საცხოვრებელი. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ერთი კვირით წასულა ძმასთან და რძალთან, მაგრამ მალევე დაბრუნებულა. დიდი ხანია ის არსად წასულა. მას სამედიცინო ოპერაციები აქვს გადატანილი.

 

მოწმე მა-------–---ს ჩვენებით (მეზობელი),ნე-–-------–--ეს ხანგრძლივად არ დაუტოვებია ადგილი. ზამთრის პერიოდში ხანდახან მიდიოდა ძმასთან და ძმისშვილებთან. ორი ან სამი თვით მას ადგილი არ მიუტოვებია.

 

2.1.5. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის N316 დადგენილების შესაბამისად 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილებით დამტკიცებულ, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 27 ივნისის ახსნა-განმარტებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ოჯახთა გარკვეული ანალიზის შედეგად გამოკვეთილი იქნა, რომ ბაზაში რეგისტრირებულ დაახლოებით 5 ათას ოჯახს ბოლო სამი თვის განმავლობაში არ უფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარება (სავარაუდოა, რომ ოჯახის წევრები მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობენ). მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით სწორედ მოცემული დოკუმენტის საფუძველზე განხორციელდა ნე-–-------–--ის შემოწმება;

 

2.1.6. ნე-–-------–--ეს არ უფიქსირდება ოქმის შედგენამდე ბოლო სამი თვის განმავლობაში ელ.ენერგიის მოხმარება, რაც დასტურდება წერილობითი დოკუმენტით;

 

2.1.7. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ ნე-–-------–--ეს გადახდილი აქვს თანხები ბუნებრივი გაზის გადასახადი 2017 წლის 14 თებერვლიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

 

დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს. მე-4 მუხლის შესაბამისად მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები. ამავე დანაწესის მე-8 მუხლის შესაბამისადმოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”.

 

მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.

 

დადგენილების მე-10 მუხლის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად. მე-12 მუხლის მიხედვით, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.

 

2.2.2. სასამართლოს მითითებით, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა (შემდგომში მეთოდოლოგიის).

 

მეთოდოლოგიის პირველი მუხლის შესაბამისად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით.

 

ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს.

 

ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნე-–-------–--ე 2008 წლიდან სადავო აქტის გამოცემამდე იმყოფებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებდა შემწეობას.

 

2.2.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის (შემდგომში ,,წესი“) პირველი მუხლის შესაბამისად ეს წესი განსაზღვრავს სოციალურად დაუცელი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ამ ოჯახებში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება/აღრიცხვის, რეფერირების მეთოდებსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს.

 

ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად, ასევე, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის შეგროვება/აღრიცხვა.

 

წესის მეორე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ამ შემხვევაში შეფასებულია ნელი მუმლაზის ერთ სულიანი ოჯახი.

 

წესის მეორე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არის ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოჯახის წევრები ანდობენ დაადასტუროს „ოჯახის დეკლარაციაში“ შესატანი მონაცემები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ; ასეთი სუბიექტი ნე-–-------–--ეა. ამავე მუხლის ,,ე“ პუნქტის შესაბამისად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად დაფიქსირებული მონაცემებისა და ფაქტების ერთობლიობა; ამავე მუხლის ,,ზ“ პუნქტის შესაბამისად სააგენტოს უფლებამოსილი პირი – პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას. ამ შემთხვევაში ეს პირი შემფასებელი - გე-------------–-–---–-ა.

 

2.2.4. წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს (დანართი №3) ავსებს იმ შემთხვევებში თუ: გ) ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს უფლებამოსილი პირის მიერ ნანახი იქნა ნე-–-------–--ე საცხოვრებელ ადგილზე. მოპასუხეც და მოწმეებიც ადასტურებდნენ, რომ ნე-–-------–--ე იმყოფებოდა ქ.საჩხერეში გო--------–-ს ქუჩის N--–- განთავსებულ მის საკუთრებაში არსებულ ბინაში მეოთხე სართულზე.

 

2.2.5. წესის მე-14 მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად შეწყვეტის ოქმში მითითებული უნდა იყოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი; ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი; ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ოქმის შევსების თარიღი. ამავე მუხლის, მე-4 პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, როცა სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვიზიტის დროს დაადგენს, რომ ოჯახი ნამდვილად არ ცხოვრობს განაცხადში/განცხადებაში მითითებულ მისამართზე; ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სამი ვიზიტის განხორციელება სავალდებულო არ არის.

 

მოპასუხის პოზიციით, უფლებამოსილმა პირმა ოქმის შედგენამდე ორჯერ შეამოწმა ნე-–-------–--ის ოჯახი, თუმცა რაიმე წერილობითი დოკუმენტი აღნიშნულის თაობაზე საქმეში წარმოდგენილი არ არის. გარდა ამისა აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ მოწმეებიც, რომლებიც ნე-–-------–--ის მეზობლები არიან. სასამართლომ მიიჩნია, რომ გაურკვეველია თუ რა კრიტერიუმებით დაადგინა უფლებამოსილმა პირმა, რომ ოჯახი ნამდვილად არ ცხოვრობდა განაცხადში/განცხადებაში მითითებულ მისამართზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რითაც შეიძლებოდა დადგენილიყო ნე-–-------–--ის თავის საცხოვრებელ ადგილზე მუდმივად არ ცხოვრების ფაქტი. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა ცხოვრების ფაქტის უარსაყოფად მოპასუხის მითითება ელ.ენერგიის მოუხმარებლობაზე და აღნიშანა, რომ ხსენებული გარემოების (ელ.ენერგიის არ მოხმარება) გამო შეფასების შეწყვეტა მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული არ იყო. მითუმეტეს აღნიშნული გარემოება ეხებოდა იმ სუბიექტს, რომელიც იყო 76 წლის, მარტოხელა, არასტაბილური ჯანმრთელობის მქონე და გადამოწმებისას საცხოვრებელ ადგილზე დახვდა უფლებამოსილ პირს.

 

2.2.6. წესის მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზეზ(ებ)ით შეწყვეტის ოქმის შევსების შემთხვევებში ოჯახს უუქმდება რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერთი წლით კარგავს უფლებას ხელახალ რეგისტრაციაზე. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეწყვეტის ოქმის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეწყვეტის ოქმის შესაბამის უჯრაში გააკეთოს მონიშვნა, ოჯახისათვის ხელახალი რეგისტრაციის ერთი წლით შეზღუდვის თაობაზე. აღნიშნული განხორციელებულია შემდგენის მიერ. ამავე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს პასუხისმგებელი პირი შეწყვეტის ოქმის შევსებას ადასტურებს ხელმოწერით. შეწყვეტის ოქმზე არ არის სავალდებულო ფიქსირდებოდეს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის ხელმოწერა. ნე-–-------–--ის ხელმოწერა ოქმზე არ ფიქსირდება. მე-15 პუნქტის შესაბამისად შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატურად. ამავე მუხლის მე-16 პუნქტის მიხედვით კი შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ სააგენტო ვალდებულია წერილობით აცნობოს ოჯახს განაცხადის ძალადაკარგულად აღიარების, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების და/ან ოჯახისათვის ხელახალი რეგისტრაციის ერთი წლით შეზღუდვის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გარემოება და შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნე-–-------–--ის ოჯახის მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრების ფაქტს, შესაბამისად როგორც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბათილად ცნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 19 აგვისტოს შედგენილი ოქმი ნე-–-------–--ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ და სააგენტოს დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, ნე-–-------–--ის ოჯახი შედგება 1 წევრისაგან. ნე-–-------–--ე იყო საარსებო შემწეობის მიმღები. 2018 წლის 13 ივლისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს № 04/40611 წერილით აპელანტ მხარეს დაევალა რიგი ოჯახების გადამოწმება, მათ შორის ნე-–-------–--ის ოჯახის, მიზეზი: ბოლო სამი თვის განმავლობაში არ უფიქსირდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება (სავარაუდოდ ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობდა). ოჯახში ვიზიტი 3-ჯერ განახორციელა განყოფილების უფლებამოსილმა პირმა. მესამე ვიზიტზე შეავსო ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ მიზეზით ოქმის შევსების შემთხვევაში სამი ვიზიტის განხორციელება არ არის სავალდებულო, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვიზიტის დროს დაადგენს, რომ ოჯახი ნამდვილად არ ცხოვრობს მუდმივად მითითებულ მისამართზე. საფუძველი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის წესის" მე-14-ე მუხლის მე-4 პუნქტი;

 

3.1.2. აპელანტის განმარტებით არ არსებობს ნე-–-------–--ისათვის რეგისტრაციის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი, რადგან ოჯახი, თუნდაც ეს იყოს მარტოხელა პენსიონერი, ცხოვრობდეს მითითებულ მისამართზე და ელექტროენერგია საერთოდ არ ჰქონდეს გახარჯული, დაუჯერებელია. ამდენად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის წესის" მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად შეწყვეტის ოქმის შევსების შემთხვევაში ოჯახს უუქმდება რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერთი წლით კარგავს უფლებას ხელახალ რეგისტრაციაზე .… რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტი დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთნ იშუამდგომლა სარჩელის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ მხარეს არ ჰქონდა გამოყენებული აქტის გასაჩივრებისათვის საჩივრის ზემდგომ ორგანოში ერთჯერადდად წარდგენის ვალდებულება. აპელანტის პროცესუალური მოწინააღმდეგე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის მიხედვით, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

გაეროს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, ამ პაქტის წევრი სახელმწიფოები ცნობენ ყველას უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე..., მე-11 მუხლი კი ადგენს უფლებას ცხოვრების სათანადო დონეზე.

 

მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-580-580(კ-18)) განმარტა, რომ ,,სოციალური უფლებებით ადამიანის უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოებრივი მიზნების შესრულებისათვის, რამდენადაც ადამიანის განვითარება, მის მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რიგი უფლებების ეფექტური რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ჯანსაღ სოციალურ მდგომარეობაზე. სოციალური მდგომარეობის ამგვარი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების, მათ შორის, სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, რაც, უპირველესად, სახელმწიფოში სოციალური დახმარების მწყობრი, ქმედითი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით მიიღწევა. ამასთან, სოციალურ სფეროში სახელმწიფოს მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციასა და, შესაბამისად, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყოს სოციალური დახმარების ფორმირებული სისტემის პრაქტიკაში ჯანსაღი გამოყენება. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის სოციალური უფლებების მიმართ არსებულ ნეგატიურ ვალდებულებებს, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ვალდებულია ზემოხსენებული პოზიტიური ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით უზრუნველყოს სოციალურ უფლებათა დაცვა და შეამციროს მისი ხელყოფის რისკები, ხოლო, მეორე მხრივ, ნეგატიური ვალდებულების ჭრილში, სახელმწიფო ვალდებულია, თავად არ ხელყოს იგი’’.

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მიხედვით კი, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის (სადავო აქტის მიღების დროს არსებული რედაქციით) შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.

 

ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (ღატაკი ოჯახი).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნე-–-------–--ე 2008 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით იღებდა შემწეობას, რაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 19 აგვისტოს შედგენილი ოქმით შეუწყდა მითითებულ მისამართზე ოჯახის მუდმივად არ ცხოვრების მოტივით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცდა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი’’, რომლის IV თავი არეგულირებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის შევსების წესს.

 

მითითებული ბრძანების მე-14 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს უფლებამოსილება შეადგინოს ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, რომლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნტის თანახმად ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს.

 

მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, როცა სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვიზიტის დროს დაადგენს, რომ ოჯახი ნამდვილად არ ცხოვრობს განაცხადში/განცხადებაში მითითებულ მისამართზე; ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სამი ვიზიტის განხორციელება სავალდებულო არ არის. ასეთ შემთხვევაში ოჯახს უუქმდება რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერთი წლით კარგავს უფლებას ხელახალ რეგისტრაციაზე (მე-11 პუნქტი). მე-15 პუნქტის შესაბამისად, შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატურად.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ №ბს-509-506(2კ-17) საქმეზე მიღებული 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დადგენილ პრაქტიკას, რომლითაც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელემენტებისა და მისი მახასიათებლების გათვალისწინებით, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დეკლარაციის საფუძველზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა, რომელიც უშუალოდ განსაზღვრას ოჯახის სამართლებრივ მდგომარეობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად ცალსახაა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი, რომლითაც ოჯახს უუქმდება რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და შესაბამისად უწყდება შემწეობის მიღება, წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოკლებულია დასაბუთებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

 

საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ნე-–-------–--ის ოჯახი შედგება 1 წევრისაგან. იგი არის 76 წლის, 194- წლის 19 ოქ---------ს დაბადებული, მარტოხელა, პენსიონერი, დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და 2013 წლიდან იღებს ინსულინს. მრავლობითი გართულებით E11.7, მიოკარდიუმის გადატანილი ინფაქტი 125.2. აორტოკორონარული შუნტირების შ/პ Z95.1. იმყოფება აღრიცხვაზე ენდოკრინოლოგიურ კაბინეტში.

 

სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირკვევა, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის გე-------------–-–---–-ს (კოდი 13--) მიერ შედგენილი იქნა ოქმი ნე-–-------–--ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ. ოქმში მითითებულია, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს განხორციელდა პირველი ვიზიტი და აღნიშნული ვიზიტით უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობდა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს ნე-–-------–--ე იმყოფებოდა სახლში და იწვა საწოლში. ოქმის შემდგენმა კარზე დაკაკუნებით ვერ გააგონა, მეზობლის დახმარებით კი მოახერხა მასთან შეხვედრა. 2018 წლის 19 აგვისტომდე ოქმის შემდგენის მიერ განხორციელებული ვიზიტების შესახებ საქმეში რაიმე დოკუმენტი აპელანტის მიერ წარმოდგენუილი არ ყოფილა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ოჯახის მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტოენერგიის მოუხმარებლობა არ წარმოადგენს ოჯახის წევრების მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ ოქმის შედგენის სამართლებრივ საფუძველს. პალატის მოსაზრებით, სოციალურად დაუცველი, მითუმეტეს მოსარჩელის ასაკისა და ჯანმრთელობის მქონე პირის გარკვეული პერიოდით ნათესავებთან ცხოვრება არ ადასტურებს მუდმივი საცხოვრებლის მიტოვების განზრახვას.

 

სააპელაციო სასამართლო „მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ ცნების განსაზღვრასთან მიმართებაში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის №ბს-1896-1849(კ-10) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე წყლის გადახდის ქვითრებით, ასევე თავად იმ გარემოებით, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს - 2018 წლის 19 აგვისტოს ნე-–-------–--ე იმყოფებოდა სახლში და მასთან ოქმის შემდგენმა მოახდინა აუდიენცია, უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ნე-–-------–--ე მუდმივად ცხოვრობს ქ.საჩხერეში, გო--------–-ს ქუჩის N--–- ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ ოქმის შედგენის საფუძველი, აღნიშნული გარემოებები კი სააპელაციო საჩივრის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.

 

რაც შეეხება აპელანტის წარმომადგენლის ნა---------------ის შუამდგომლობას ნე-–-------–--ის სარჩელის დაუშვებლად ცნობის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების თანამშრომლის მიერ 2018 წლის 19 აგვისტოს შედგენილი ოქმი არ შეიცავს გასაჩივრების წესსზე მითითებას, ხოლო ოქმის საფუძველზე ნე-–-------–--ისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში (იხ.ს.ფ.13) მითითებულია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ან საჩხერის რაიონულ სასამართლოში. ამ განმარტებიდან გამომდინარე ნე-–-------–--ემ ისარგებლა უფლების სასამართლო წესის დაცვით, შესაბამისად ცალსახაა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეს არ გააჩნდა გადაწყვეტილების ზემგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვალდებულება, აღნიშნული გარემოებები კი შუამდგომლობის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე