განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002729119
საქმე №1/ბ-15-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ა--------- ქ--–-–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------------–-----------–---–------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენით:
ა--------- ქ--–-–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ა--------- ქ--–-–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის №12/23-2018 განჩინებით დ----- ქ--–-–---ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ქ------------------------–---–--------------------------------------------------).
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ,,coca-cola’’-ს ბოთლი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--------- ქ--–-–---მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩა №1ა-ში, ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ა--------- ქ--–-–---მა ურთიერთშელაპარაკებისას ,,coca-cola’’-ს პოლიეთილენის ბოთლი ესროლა ა-–---------- ბ-----–--ეს ბეჭის არეში, რის შედეგადაც ა-–---------- ბ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ---–- ტ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა--------- ქ--–-–---ისათვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების გახორციელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ა-–---------- ბ-----–--ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების _ რ-------- მ----------ის და პ----- ბ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა--------- ქ--–-–---მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას ა--------- ქ--–-–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ა--------- ქ--–-–---ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისთანავე აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება. ა--------- ქ--–-–---ი არ არის ნასამართლევი და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა რაიმე გარემოება გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ა--------- ქ--–-–---ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
ამდენად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენი ა--------- ქ--–-–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენი ა--------- ქ--–-–---ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ა--------- ქ--–-–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ა--------- ქ--–-–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის №12/23-2018 განჩინებით დ----- ქ--–-–---ის საკუთრებაში არსებულ, ქ-------------–-----------–---–------------–- მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით №3-----------) დადებული ყადაღა.
5.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ,,coca-cola’’-ს ბოთლი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/