განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
050100118002790925
ინსტანცია
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002790925

საქმე №1/ბ-268-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ-–---- დ---–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4---------), საშუალო განათლების მქონის, ქვრივის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ჩ-------------------–----–----------------–-------–---–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

 

კ-–---- დ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ კ-–---- დ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

ნივთიერი მტკიცებულება _ CD დისკი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ-–---- დ---–--ემ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

კ-–---- დ---–--ემ იცოდა, რომ მის შვილს, მ--- დ---–--ეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და უკონტროლებდა პირად ცხოვრებას, არ აძლევდა საშუალებას მისი ნებართვის გარეშე გასულიყო სახლიდან, რის გამოც ხშირი შელაპარაკება და ურთიერთკამათი ჰქონდათ ერთმანეთში. კ-–---- დ---–--ე თავის შვილს, საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, იხსენიებდა აუგად, მის მიმართ გამოთქვამდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს და მასთან კამათისას თუ საუბრისას ამახვილებდა ყურადღებას მის ფუნქციაზე, ტრადიციულ როლზე საზოგადოებასა და ოჯახში. უარყოფდა მის უფლებებს და ჰქონდა სურვილი, რომ თვითონ წარემართა და გაეკონტროლებინა თავისი შვილის ცხოვრება, ყურადღებას ამახვილებდა მ--- დ---–--ის _ ქალის როლის თავისებურებებზე და მიუღებლად მიაჩნდა მისი შვილის ურთიერთობა პატრნიორთან (მეგობარ მამაკაცთან). კ-–---- დ---–--ე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეუწყნარებლობას გამოხატავდა მ--- დ---–--ის ცხოვრების წესზე და ახორციელებდა მ--- დ---–--ის მიმართ კონტროლს. კ-–---- დ---–--ისათვის მიუღებელი იყო მისი შვილის მამაკაცთან არაოფიციალური ურთიერთობა და ცდილობდა წინასწარ სცოდნოდა შვილის ყველა ნაბიჯი, არ აძლევდა საშუალებას ნებართვის გარეშე გასულიყო სახლიდან. 2018 წლის 7 ნოემბერს, მ--- დ---–--ემ გადაწყვიტა ბავშვთან ერთად წასულიყო დაბადების დღეზე. კ-–---- დ---–--ე, აღნიშნული მოტივაციით, შეეწინააღმდეგა მ--- დ---–--ეს და ჩოხატაურის მუნიციპლიტეტის სოფელ ამაღლებაში, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში, დაახლოებით 09:30 საათზე, მისივე ოჯახის წევრის _ 2013 წლის 16 მარტს დაბადებული არასრულწლოვანი ბ-------- დ---–--ის თანდასწრებით, მ--- დ---–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, კ-–---- დ---–--ემ კამათისას ხელი უბიძგა მ--- დ---–--ეს, წააქცია ძირს და წაქცეულს დაუწყო ორივე ხელით ცემა სახის, ტუჩის თუ სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე მძლავრად მოქაჩა ხელებით თმებში, თავი დაარტყმევინა იატაკზე, მძლავრად მოუჭირა ხელი კისერში და დაკაწრა კისრის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა დედამისის მიერ განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედებისას განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- შ----ემ, რომელმაც ითხოვა კ-–---- დ---–--ისთვის სასჯელის გამკაცრება, იმ საფუძვლით, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და არ არის საკმარისი სასჯელის მიზნების განსახორციელებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ მ--- დ---–--ის და მოწმეების _ ბ-------- დ---–--ის, ლ---- ვ-–--–-----ის, გ------- ლ----------ის, ა---------–---ის და ნ----- თ--------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კ-–---- დ---–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, კ-–---- დ---–--ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებას და მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ კ-–---- დ---–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია კ-–---- დ---–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი კ-–---- დ---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი კ-–---- დ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.კ-–---- დ---–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ კ-–---- დ---–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ კ-–---- დ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

 

6.ნივთიერი მტკიცებულება _ CD დისკი დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას მისი შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/