განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.05.2019
საქმის ნომერი
330210017001981456
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001981456

საქმე №2ბ/7197-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაია სულხანიშვილი

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - თ----- დ---------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ------------–---–ი

წარმომადგენელი - თ---------------–---–ი

 

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

 

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 23 ივნისს სარჩელით მიმართა მ------------–---–მა მოპასუხე თ----- დ---------ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ------------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ლ--------ის N- (საკადასტრო კოდი: N0---------------) თ----- დ---------ის (პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/3 ნაწილიდან - 5---- კვ.მ ფართის მესაკუთრედ, 1-------–----- გადახდის სანაცვლოდ.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქალაქ თბილისში, ი------------–-, ა. ლ--------ის N--ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხება ა-------------ი, ასევე სააღრიცხვო მასალაში მითითებულნი არიან ფ-–----------–---–---–ი და ა--------------ი - შემდგომში მითითებულია თ-----------–---–---–ი. ფ-–----------–---–---–მა 1----–-–---------------------------- ანდერძისმიერ მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე 2/3 წილი გადასცა თ-----------–---–---–ს, რომელმაც მიღებული უძრავი ქონების 1/3 ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა თ----- დ---------ეს. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელემ 1982-1983 წლებში სადაო უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ლ--------ის N--ში არსებული 5---- კვ.მ საცხოვრებელი ფართი ფ-–----------–---–---–ისგან შეიძინა 5 000 რუსულ მანეთად. მოსარჩელე დღემდე რეგისტრირებულია სადავო საცხოვრებელ სადგომში, იხდის კომუნალურ გადასახადებს და წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 სექტემბერს 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე - თ----- დ---------ე, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, 2018 წლის 04 ივნისს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი - გ--–--------ე (იხ. რწმუნებულება, ტომი 1, ს.ფ. 109-111). აღნიშნული სხდომაზე მთავარი სასამართლო სხდომა გადაიდო 2018 წლის 03 სექტემბერს 14:00 საათზე. სხდომის გადადების თაობაზე მხარეებს ეცნობათ შესაბამისი ხელწერილით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 159). მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნულ ხელწერილზე ხელის მოწერით დაადასტურა, რომ მას კანონით დადგენილი წესით ეცნობთ მომდევნო სასამართლო სხდომის დღის, ადგილისა და სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

2.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი დააკმაყოფილა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი). საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნია, რომ მ------------–---–ი წარმოადგენდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად ჩათვალა და სარჩელი დააკმაყოფილა, კერძოდ, მ------------–---–ი ცნობილი იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ თბილისში, ლ--------ის N--ში (საკადასტრო კოდი: N 0---------------) თ----- დ---------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/3 ნაწილიდან 5---- კვ.მ ფართის მესაკუთრედ ქონების საბაზრო ღირებულების 4----- ლარის 25 %-ის 1-------–----- გადახდის სანაცვლოდ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, პირის მოსარგებლედ ცნობასთან ერთად წყვეტს კომპენსაციის მიკუთვნების საკითხისაც, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა აღემატება სასამართლოს ან ნოტარიუსიის სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული შენატანს, მათ შორის სხვაობის ფარგლებში სასამართლო ადგენს მოპასუხის იპოთეკას საცხოვრებელ სადგომზე. საქმეში წარმოდგენილი ლ----------------–--------–----- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N---------- დასკვნის თანახმად (იხ. ტომი 1, ს.ფ. 22), სადავო ქონების საბაზრო ღირებულებაა 44671 ლარი, რომლის 25% შეადგენს 11 168 ლარს. მოსარჩელის მიერ სასამართლოს დეპოზიტზე განთავსებულია 4100 ლარი და დამატებით გადასახდელი თანხა შეადგენს 7068 ლარს. ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დარჩენილი თანხის - 7068 ლარის ფარგლებში მოპასუხე თ-----ი დ---------ის სასარგებლოდ იპოთეკით უნდა დატვირთულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე მ------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება.

 

2.4. 2018 წლის 25 სექტემბერს მოპასუხე თ----- დ---------ის წარმომადგენელმა, გ--–--------ემ სასამართლოში წარმოადგინა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საჩივრის ავტორმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, შემდეგი საფუძვლებით:

 

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბერს განჩინებით თ----- დ---------ის საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

 

2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით თ----- დ---------ის საჩივარს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოებების დადასტურება, რომელიც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობის ან სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია განემარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აღიარებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული პრინციპით უდავოდ აღიარებულია მხარის უფლება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება თავისი უფლებების დაცვის თაობაზე და აირჩიოს ამ უფლებათა დაცვის კანონით გათვალისწინებული ფორმა, რაც გულისხმობს, რომ თავად მხარეზეა დამოკიდებული თავისი უფლებების განხორციელება. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოცხადებაც მხარის უფლებების დაცვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხე მხარე გამოცხადდა 2018 წლის 03 სექტემბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რაც წარმოადგენდა მის ვალდებულებას. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, მხარისთვის უდავოდ ცნობილი იყო სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები ე.ი. მხარე აცნობიერებდა, რომ მოცემული ქმედების შედეგად მის მიმართ შესაძლოა დამდგარიყო არასასურველი შედეგი. სასამართლოს ერთადერთ მოვალეობას წარმოადგენს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა, კერძოდ, მხარეებისათვის საქმის მასალების გადაცემა, მხარეების სასამართლო სხდომაზე მოწვევა, რაც აღნიშნულია კიდეც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით. თავის მხრივ, ისარგებლებს, თუ, არა მხარე კანონმდებლობით აღიარებული უფლებებზე, დამოკიდებულია მხოლოდ მის ნებაზე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი იძულების წესით მონაწილეობა მიაღებინოს მხარეს საქმის განხილვაში.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ხელწერილით დასტურდება, რომ მოპასუხე თ----- დ---------ეს სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა 2018 წლის 04 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ხელწერილის მეშვეობით, რომელსაც ხელს აწერ მისი წარმომადგენელი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 159). საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთერთ საფუძვლად უთითებს მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ქალაქში არსებულ გადატვირთულ მოძრაობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ საჩივარში სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძვლად მითითებულ იქნა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, მიუხედავად საჩივარში მისი აღნიშვნისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა თ----- დ---------ის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა. მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ ის არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში, ობიექტურად შეფასების შედეგად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას კონკრეტული გარემოების დამადასტურებლად.

 

სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარე უშუალოდ ვერ ახერხებდა გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებული მისი წარმომადგენელი, რომლის განმარტებითაც, მან ვერ მოახერხა პროცესზე მოსვლა ქალაქში არსებული გადატვირთული სამანქანო მოძრაობის გამო და გარკვეული დროის შემდეგ წარმოადგინა განცხადება საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე (მარწმუნელის შვილის მეშვეობით), სადაც არ იქნა მითითებული სხდომაზე გამოუცხადები თაობაზე. სასამართლომ ვერ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტზე, რომლის თანახმად: მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის აღძვრის წინაპირობები მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლში, ხოლო აღიარებითი სარჩელის მიმართ 180-ე მუხლში. თუ ეს წინაპირობები არ არსებობს სასამართლომ სარჩელი არ უნდა მიიღოს წარმოებაში, ხოლო თუ მიიღებს იმის მიხედვით რომელიმე წინაპირობა არ არსებობს - უნდა შეწყვიტოს საქმე ან სარჩელი უნდა დატოვოს განუხილველად. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდიდა არა სარჩელის აღძვრის წინაპირობებს, არამედ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მისი მოთხოვნა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა საჩივრის ავტორის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, თ----- დ---------ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, მას რამდენჯერმე აქვს გადატანილი ინფარქტი და დღემდე განაგრძობს მკურნალობას, რაც შეეხება წარმომადგენელს, იგი გამოცხადდა სასამართლოში დაგვიანებით, რამდენადაც შეფერხდა გზაში, თუმცა სასამართლოს კანცელარიაში თ----- დ---------ის შვილმა წარადგინა წარმომადგენლის შუამდგომლობა მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მხარეს ჰქონდა საპატიო მიზეზი დაგვიანების და საქმეზე დართული მტკიცებულებები კი მოწმობს იმას, რომ მხარეს გააჩნდა საქმისადმი ინტერესი და მისი გამოუცხადებლობა არ ემსახურებოდა სასამართლო პროცესის გაჭიანურების მიზანს. ამასთან, საჩივრის ავტორის განმარტებით, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინამძღვრებიც, რადგან ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი არ ვრცელდება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებაზე, რომელიც წარმოშობილია ქირავნობის ან სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებზე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის ცენტრალური არქივის მიერ გაცემული ი---- რ------- აღმასკომის 0------ წლის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოსარჩელის მამა - ა---------–---------–---–ი, მისი მეუღლე და ორი შვილი იმყოფებოდა აღრიცხვაზე სადავო პირობების გასაუმჯობესებლად და ს-------–---–ი ლ--------ს ქუჩა N--ში ცხოვრობდა ქირით. 2------- ქ. თბილისის ი---- რ------- სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის დედის ნ-----–- ს-------–---–ის 2 სულიან ოჯახს (თვითონ და ვაჟიშვილს) გამოეყო 28.27 კვ.მ ოროთახიანი ბინა.აღნიშნული გარემოებები კი ადასტურებს, რომ მოსარჩელის მამას და მესაკუთრეს შორის არსებობდა ქირავნობის და არა საცხოვრებელი სადგომის დათმობის ხელშეკრულება.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ 2018 წლის 03 სექტემბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე თ----- დ---------ე და არც მისი წარმომადგენელი, რომელთაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სხდომის გადადების თაობაზე მხარეებს ეცნობათ შესაბამისი ხელწერილით, ტომი 1, ს.ფ. 159).

 

4.2. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 03 სექტემბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება.

 

პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ საჩივარში სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძვლად მითითებულია მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის დამადასტურებელი მტკიცებულებაც საქმეში არ მოიპოვება, მეტიც, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თ----- დ---------ეს ჰყავდა წარმომადგენელი და თუ მხარე უშუალოდ ვერ ახერხებდა გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე, ამის ვალდებულება პირდაპირ ეკისრებოდა მის წარმომადგენელს. პალატა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ გ--–--------ემ (რწმუნებული) ვერ მოახერხა პროცესზე მოსვლა ქალაქში არსებული გადატვირთული სამანქანო მოძრაობის გამო, მით უფრო, რომ მას პროცესზე დაგვიანების შესახებ შეეძლო სატელეფონო საშუალებით ეცნობებინა სასამართლოსათვის, ან/და გარკვეული დროის შემდეგ საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე (მარწმუნელის შვილის მეშვეობით) წარმოდგენილ განცხადებაში მაინც მიეთითებინა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის/დაგვიანების მიზეზები.

 

ამდენად, პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, რის გამოც სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა.

 

4.3. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებას მასზედაც, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში მოხმობილ მსჯელობას და განუმარტავს აპელანტს, რომ სარჩელის აღძვრის წინაპირობები მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლში, ხოლო აღიარებითი სარჩელის მიმართ - 180-ე მუხლში. თუ ეს წინაპირობები არ არსებობს, სასამართლომ სარჩელი არ უნდა მიიღოს წარმოებაში, ხოლო თუ მიიღებს, იმის მიხედვით რომელიმე წინაპირობა არ არსებობს - უნდა შეწყვიტოს საქმე ან სარჩელი უნდა დატოვოს განუხილველად.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, აპელანტი სადავოდ ხდის არა სარჩელის აღძვრის წინაპირობებს, არამედ - დავის არსის ფაქტობრივ გარემობებს, რომლის არსებით განხილვაშიც სააპელაციო სასამართლო ვერ შევა, ვინაიდან აპელანტმა ვერ დაასაბუთა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლიანობა, ხოლო ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად იქნა მიჩნეული და სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ისინი იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის ფაქტი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. თ----- დ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი