განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210017002085127
საქმე №2ბ/4709-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - თ------------–---–-
წარმომადგენელი - ა-–------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე _ ს-----------------–----–----------------–---–---------------------–-
წარმომადგენელი - ვ----–--------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით თ------------–---–-ს სარჩელი მოპასუხე ს-----------------–----–----------------–---–---------------------–ის მიმართ, მოძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი გაზის მილები მოპასუხის მფლობელობაშია.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. სადავო რკინის მილები შეძენილია მოსარჩელის მიერ 1999 წელს და მისი ნებითვე გადაეცა სსიპ ქ-–----ს საჯარო სკოლას გაზიფიცირებისათვის.
საქმეზე დაკითხული მოწმე გ-------------–---–-- ჩვენებით, იგი 1----–-–----------- წლამდე იყო სოფელ ძ------ს ს---------–------------–ი, თ------------–---–- კი საკრებულოს დეპუტატი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევალებოდა მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება. 1999 წელს ქ-–----ს სკოლას პრობლემა ჰქონდა და მისი გაზით მომარაგება ვერ ხდებოდა. თ------------–---–მა საკუთარი რკინის მილები მიიტანა, ხელოსნებიც თვითონ მიიყვანა და საკუთარი ხარჯით სკოლას გაზგაყვანილობა გაუკეთა და მიაწოდა გაზი. დღეის მდგომარეობით აღნიშნული მილები სკოლის ფანჯრებზეა აყვანილი გარედან, თუმცა აღნიშნული მილები უფუნქციოა, ვინაიდან ახალი გაზგაყვანილობაა გაკეთებული. მოწმის განმარტებით, თ------------–---–-ს ქმედება იყო ქველმოქმედება ბავშვების გასათბობად გაკეთებული.
მოწმე ა------------–---–-ს ჩვენებით, 2000 წლამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის დირექტორად. თ----- ნ---–---–- ამ პერიოდში პასუხისმგებელი პირი იყო სოფლის გაზიფიცირებასა და მოსახლეობის გაზით მომარაგებაში. 1999 წლისათვის სკოლას გაზი არ მიეწოდებოდა. თ-----ს შესაძლებლობა ჰქონდა და თავისი ხარჯებით სკოლაში გაიყვანა გაზი. მისი განმარტებით, გაზგაყვანილობა თ------------–---–მა საკუთარი სახსრებით გააკეთა, ზოგი მასალა სახლში ჰქონდა, ზოგიც შეიძინა, ხელოსნებსაც მან გადაუხადა ფული. რაც შეეხება თავად ა------------–---–ს, იგი თ-----ს მხარში დაუდგა ტრაქტორის მიყვანა უზრუნველყო, ზოგიერთმა ტრაქტორისტმა უფასოდაც იმუშავა. მოწმის განმარტებით, თ------------–---–მა სკოლას ეს მილები თითქოს არც აჩუქა არც ათხოვა, დღეის მდგომარეობით ეს გაზის მილები შენობის კედლებზეა ჩამოკიდებული, აღარ არის ხმარებაში და არაფერი დაშავდება რომ თ------------–---–მა წაიღოს.
მოწმე ნ-------------–---–-ს ჩვენებით, იგი იყო სკოლის დირექტორი, თ------------–---–მა შესთავაზა გაზის გაყვანა საკუთარი ხარჯებით და აიღო თავის თავზე, მიიყვანა მუშები, მიიტანა მილები და დაამონტაჟა თავისი ხარჯით. მოწმის განმარტებით მილების გაყვანის დროს თვითონაც მუშაობდა. რაც შეეხება ბუღალტერიას, ბუღალტერია სკოლას არ უწარმოებია. აღნიშნული მილები ეკუთვნის თ-----ის, რადგან მან თავისი კეთილი ნებით გააკეთა ყველაფერი.
მოწმე ი-----–--------–-----–---–-ს ჩვენებით, იგი მუშაობდა ქ-–----ს ს-----------------------------------------------დ. ქ-–----ს სკოლაში გაზიფიცირება განხორციელდა 1995-1996 წლებში. იგი უშუალოდ ესწრებოდა საკრებულოს გამგებლის, მეურნეობის დირექტორის და ქ-–----ს გაზგაყვანილობის ტექნიკური ზედამხედველის, თ------------–---–-ს საუბარს, როდესაც მსჯელობდნენ როგორ მოეძიებინათ თანხა სკოლის გაზიფიცირებისათვის და თ-----მა შესთავაზა რომ მას ჰქონდა რკინის მილები, რითაც შეიძლებოდა გაზი გაეყვანათ და ამ საუბრიდან სულ მალე სკოლის გაზიფიცირება დასრულდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში.
2.4. სასამართლომ განმარტა, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე თ------------–---–- მიუთითებდა, რომ 1999 წელს სოფელ ქ-–----ს საჯარო სკოლას საკუთარი ხარჯებით შეუძინა და დაუმონტაჟა რკინის მილები გაზიფიცირებისათვის, რომელიც დღეის მდგომარეობით უფუნქციობის გამო მის საკუთრებას წარმოადგენს და სკოლის უკანონო მფლობელობაშია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან და მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა შეფასდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ეკუთვნის თუ არა სადავო რკინის მილები მოსარჩელეს, შემდეგ კი ამ ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებობის ფაქტი.
აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად, ქონება, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის შესაბამისად; 1. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, 2. მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი, 3. თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად, 4. თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან თანამფლობელებად.
ამავე კდექსის 156-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, ხოლო 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს თავისი ნებით გადასცა რკინის მილები, აღნიშნული მილები დღეის მდგომარეობითაც მოპასუხე მხარის მფლობელობაშია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ სადავო მილები, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი ნებით გადასცა მოპასუხეს და დღესაც მის საკუთრებას წარმოადგენს და მოპასუხეს მან დროებით სარგებლობაში გადასცა.
აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად და მის მიერ მითითებული არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა ზეპირი განმარტება, მტკიცებულების სახით კი მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სადავო მილები თ------------–---–მა მართლაც გადასცა ქ-–----ს სკოლას, მაგრამ მათ ასევე მიუთითეს, რომ აღნიშნული მილების სკოლისათვის გადაცემას ქველმოქმედების სახე ჰქონდა და მხარეებს შორის რაიმე სახის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მილები სკოლას თ------------–---–-სათვის თუნდაც გარკვეული დროის შემდეგ უკან უნდა დაებრუნებინა, ვერ დაასახელეს. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ სკოლის გაზიფიცირებისას, გარდა იმისა, რომ თ------------–---–მა შეიძინა გარკვეული ნივთები, უშუალოდ სამუშაოების შესრულებაში სხვებიც იღებდნენ მონაწილეობას ანაზღაურების გარეშე.
გარდა მითითებული გარემოებებისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად მოსარჩელე ცალსახად მიუთითებდა, რომ მან სკოლას გადასცა მილები და მიუხედავად იმისა, რომ ამ ნივთებს თავის საკუთრებად მიიჩნევს, ვერ ასაბუთებს, რომ აღნიშნული მილები მან სკოლას დროებით სარგებლობაში გადასცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად კი; 1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი; 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოსარჩელემ ყოველგვარი სასყიდლის გარეშე გადასცა მოპასუხე მხარეს სადავო ნივთები, თუმცა მოსარჩელეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის შეთანხმება არსებობდა მხარეებს შორის და რის საფუძველზე ითხოვდა ნივთების უკან დაბრუნებას, მტკიცებულებების გამოკვლევისას კი დადგინდა, რომ თ------------–---–მა, როგორც მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა სკოლას ნივთები, ანუ შემძენს ნივთი ჩააბარა პირდაპირ მფლობელობაში და მას ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება, კერძოდ ხელშეკრულება იმის დასადასტურებლად, რომ მან სკოლას ნივთები გადასცა არაპირდაპირ მფლობელობაში, თვითონ კი დარჩა პირდაპირ მფლობელად, რაც მისცემდა შესაძლებლობას, მოეთხოვა მის მიერ არაპირდაპირ მფლობელობაში გადაცემული ნივთების მის მფლობელობაში დაბრუნება.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ სადავო ნივთების მესაკუთრეა, შესაბამისად, ვერ დაასაბუთა მოპასუხის მხრიდან სადავო ნივთების დაბრუნების ვალდებულების არსებობა. ამდენად, სადავო ნივთების მფლობელად და მესაკუთრედ სკოლა მიიჩნევა და ამ ნივთების თ------------–---–-სათვის გადაცემა მის უფლებას წარმოადგენს და არა ვალდებულებას, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, მოსარჩელემ კი ვერ წარმოადგინა ვერც ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ და ასევე ვერ მიუთითა მოპასუხის მხრიდან ნივთების დაბრუნების სხვა საფუძველი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთებზე მისი საკუთრება.
2.5. რაც შეეხება ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება, შესაბამისად, ვერ იქნა დადასტურებული ამ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში უკანონო ყოფნის ფაქტი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა იგი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სკოლა კანონიერად ფლობდა სადავო რკინის მილებს, ამასთან, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თ------------–---–მა ეს მილები სკოლას გადასცა, რამდენადაც აპელანტმა უზრუნველყო მხოლოდ სკოლის გაზიფიცირება, მილები კი მისი საკუთრება იყო და რაიმე სახის დოკუმენტი, რაც სკოლისადმი მილების გადაცემას დაადასტურებდა, არ არსებობს, ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ გაზის კომპანიები უარყოფენ მილებთან შემხებლობას, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს თ------------–---–-სადმი მათ კუთვნილებას. სასამართლოს არ დაუდგენია არც ის გარემოება, რომ თ------------–---–- იყო მილების თავდაპირველი მესაკუთრე და და რომ მან დაკარგა მათზე საკუთრების უფლება.
აპელანტი მიუთითებს, რომ იგი წარმოადგენს სადავო მილების არაპირდაპირ მფლობელს, ვინაიდან საკუთარი ნებით და ხარჯებით გაიყვანა სკოლისთვის გაზი ხსენებული რკინის მილების საშუალებით და სკოლას გადასცა უფლება ესარგებლა მილებით, თუმცა მას შემდეგ, რაც სკოლაში პლასტმასის მილებით მოხდა გაზის შეყვანა, რკინის მილებმა დაკარგა ფუნქცია, სკოლა კი უარს აცხადებს მათი მესაკუთრისათვის გადაცემაზე მაშინ, როდესაც საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მილები ირიცხება სკოლის ბალანსზე, ხოლო მესაკუთრეს ჰქონდა უფლება ნებისმიერი ფორმით განეკარგა თავისი ქონება. აპელანტის შეფასებით, სკოლა უკანონოდ ფლობს მის კუთვნილ მოძრავ ქონებას, რომლის მისი საკუთრებიდან გასვლა არ მომხდარა და უსაფუძვლოდ აცხადებს უარს მილების დაბრუნებაზე, რის გამოც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი გაზის მილები მოპასუხის მფლობელობაშია. დადგენილია ისიც, რომ სადავო რკინის მილები შეძენილია მოსარჩელის მიერ 1999 წელს და მისი ნებითვე გადაეცა სსიპ ქ-–----ს საჯარო სკოლას გაზიფიცირებისათვის.
საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ თ------------–---–- მუშაობდა გამგეობაში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევალებოდა მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება, სოფელ ქ-–----ს სკოლას პრობლემა ჰქონდა და მისი გაზით მომარაგება ვერ ხდებოდა, რის გამოც. თ------------–---–მა საკუთარი რკინის მილები მიიტანა, ხელოსნებიც თვითონ მიიყვანა და საკუთარი ხარჯით სკოლას გაზგაყვანილობა გაუკეთა და მიაწოდა გაზი. მოწმეებმა დაადასტურეს ისიც, რომ აპელანტს ზოგი მასალა სახლში ჰქონდა, ზოგიც შეიძინა, ხელოსნებსაც მან გადაუხადა ფული. მოწმეები ადასტურებენ, რომ აღნიშნული მილები ეკუთვნოდა თ------------–---–ს, რადგან მან თავისი კეთილი ნებით გააკეთა ყველაფერი.
პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილ მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელემ ყოველგვარი სასყიდლის გარეშე გადასცა მოპასუხე მხარეს სადავო ნივთები, თუმცა მოსარჩელეს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის შეთანხმება არსებობდა მხარეებს შორის და რის საფუძველზე ითხოვს ნივთების უკან დაბრუნებას, მტკიცებულებების გამოკვლევისას კი დადგინდა, რომ თ------------–---–მა, როგორც მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა სკოლას ნივთები, ანუ შემძენს ნივთი ჩააბარა პირდაპირ მფლობელობაში და მას ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება, კერძოდ ხელშეკრულება იმის დასადასტურებლად, რომ მან სკოლას ნივთები გადასცა არაპირდაპირ მფლობელობაში, თვითონ კი დარჩა პირდაპირ მფლობელად, რაც მისცემდა შესაძლებლობას, მოეთხოვა მის მიერ არაპირდაპირ მფლობელობაში გადაცემული ნივთების მის მფლობელობაში დაბრუნება, - არ წარმოუდგენია.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ იგი წარმოადგენს სადავო მილების არაპირდაპირ მფლობელს, ვინაიდან საკუთარი ნებით და ხარჯებით გაიყვანა სკოლისთვის გაზი ხსენებული რკინის მილების საშუალებით და სკოლას გადასცა უფლება ესარგებლა მილებით.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას, ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.
ზემოაღნიშნული ნორმა აწესრიგებს ნივთზე მფლობელობის ორსახოვან დაყოფას. კერძოდ, იმ შემთხვევებს, როდესაც ერთი პირის მიერ სხვა პირისათვის განსაზღვრული ვადით ნივთის ფლობის მინიჭება ან ვალდებულების დაკისრება ხდება სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. კანონი უფლებამოსილების მიმნიჭებელ პირს უწოდებს ,,არაპირდაპირ“ მფლობელს, ხოლო ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელ პირს – პირდაპირ მფლობელს. ხსენებული ნორმა ასევე შეიცავს არაპირდაპირი მფლობელის დეფინიციას და განსაზღვრავს მის წინაპირობებს. ნიშანდობლივია, რომ ნორმა პირდაპირ მფლობელს უწოდებს იმ პირს, რომელიც უფლებამოსილი ან ვალდებულია, ფლობდეს ნივთს მას და არაპირდაპირ მფლობელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. მაგრამ ნორმა არ განსაზღვრავს არაპირდაპირი მფლობელის სამართლებრივ ურთიერთობას ნივთის მიმართ. ნივთზე არაპირდაპირი მფლობელობა არ არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა და იგი არსებითად განსხვავდება პირდაპირი მფლობელობისგან.
არაპირდაპირი მფლობელობა, როგორც მას სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, არის სამართლებრივი ურთიერთობა და არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით ხორციელდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მესამე ნაწილის მიზნებისათვის, პირი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე უნდა ფლობდეს ნივთს, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას, ან ავალდებულებს, ფლობდეს ნივთს, კერძოდ, ამ მუხლის გავრცელების აუცილებელი წინაპირობაა პირდაპირ მფლობელსა და არაპირდაპირ მფლობელს შორის კონკრეტულად განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც პირი უფლებამოსილია, განახორციელოს ნივთზე პირდაპირი ბატონობა. ნორმა არ აზუსტებს სამართლებრივი ურთიერთობის არსს, მაგრამ მიუთითებს, რომ სამართლებრივი ურთიერთობა „განსაზღვრული ვადით“ ანიჭებს პირდაპირ მფლობელს ნივთის ფლობის უფლებამოსილებას, ან ავალდებულებს მას, ფლობდეს ნივთს. აქედან გამომდინარეობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოიშობა არაპირდაპირი მფლობელის ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება პირდაპირი მფლობელის მიმართ. სწორედ უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება არის ის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც დამახასიათებელია სამართლებრივი ურთიერთობისათვის. ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლების გარეშე შეუძლებელია წარმოიშვას პირის მფლობელობა „განსაზღვრული ვადით“. სანივთო სამართალში მოქმედი განსაზღვრულობის პრინციპის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობა უნდა იყოს იმდენად განსაზღვრული, რომ მის საფუძველზე მხარეებს კონკრეტული უფლებები და ვალდებულებები წარმოეშობათ. შესაძლებელია, რომ სამართლებრივი ურთიერთობა არ შეესაბამებოდეს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ხელშეკრულებათა კონკრეტულ ტიპს.
განსახილველ შემთხვევაში კი, სახეზე არ არის და აპელანტმა ვერ დაასაბუთა, გაზიფიცირებისას რკინის მილების გადაცემით, კონკრეტულად რა სახის ურთიერთობა წარმოიშვა მასსა და სოფელ ქ-–----ს საჯარო სკოლას შორის, უფრო მეტიც - საქმეზე დაკითხულმა ყველა მოწმემ მიუთითა, რომ თ------------–---–-ს მხრიდან განხორციელებული ეს ქმედება იყო ქველმოქმედების აქტი, რაც იმას გულისხმობს, რომ მსგავსი ურთიერთობის ფარგლებში რკინის მილების უკან დაბრუნების ვალდებულება სკოლას არ წარმოეშობოდა. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ თ------------–---–მა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ იგი კვლავ სადავო ნივთების მესაკუთრეა, შესაბამისად, ვერ დასაბუთა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავო ნივთების დაბრუნების ვალდებულების არსებობა. ამდენად, სადავო ნივთების მფლობელად და მესაკუთრედ სკოლა მიიჩნევა და ამ ნივთების თ------------–---–-სათვის გადაცემა მის უფლებას წარმოადგენს და არა ვალდებულებას.
4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სკოლა კანონიერად ფლობდა სადავო რკინის მილებს. პალატა შენიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის დადგენილი კრიტერიუმების პირველივე ელემენტი - მოსარჩელის მესაკუთრეობა არ არის სახეზე, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელი პირობის კვლევა, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, აღარ წარმოადგენს აუცილებლობას და აღნიშნულ მსჯელობაში პირველი ინსტანციის სასამართლო სავსებით კანონიერად არ შევიდა. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეულია სათანადო წესით და მართებულადაა შეფასებული ყველა მტკიცებულება. პალატა განმარტავს იმასაც, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი