განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002394826
საქმე №1/ბ-378-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის- რ----- ბ---–----ის
მსჯავრდებულის - ნ-------- მ-------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-------- ზ-------ს ძე მ-------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ხულოს რაიონი, სოფელი წ---–--ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-------- მ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ-------- მ-------ემ, 2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 10:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–--აში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ხელის არეში დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს, ლ--–- კ----–--ეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენით ნ-------- მ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის დრო - 06 დღე, ჩაეთვალა სასჯელის ვადაში მოხდილად და საბოლოოდ, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენში და მსჯავრდებულ ნ-------- მ-------ეს დაუმძიმდეს სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედების ხასიათი, მძიმე შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, სასჯელის მიზნები;
მსჯავრდებული ნ-------- მ-------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ხელვაჩაურის რაოონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორს რ----- ბ---–----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ ნ-------- მ-------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს და მის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-------- მ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ-------- მ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ დაზარალებულ ლ--–- კ----–--ის ჩვენებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ნ-------- მ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაუმძიმდეს სასჯელი.
ნ-------- მ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ნ-------- მ-------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, შერიგებულია დაზარალებულთან და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუნიშნა სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ ნ-------- მ-------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ-------- მ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნ-------- მ-------ეს პატიმრობაში ყოფნის დრო - 06 დღე ჩაეთვალოს მოხდილად სასჯელის ვადაში და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-------- მ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა 2000 ლარი, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს, გია შაინიძეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე