განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
330210016001237615
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001237615

საქმე №2ბ/607-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები: ანა გოგიშვილი

ეკატერინე ცისკარიძე

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ე--------------–ი

 

წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ-------------–ი

 

წარმომადგენელი - დ-----------ე

 

გასაჩივრებულია – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება; საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად.

 

სააპელაციო სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2016 წლის 04 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ე--------------–მა, მოპასუხე გ------------–ის მიმართ და აღნიშნა, რომ 2004 წლის 12 ოქტომბერს გარდაიცვალა დედა _ დ--------------–ი; მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მისი შვილები _ ე--------------–ი და გ------------–ი. მოსარჩელის განმარტებით, დედის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, მათ შორის მოძრავ ნივთებს, ფულად ანაბრებს; განმცხადებლის განმარტებით, იმის გამო, რომ უძრავი ქონება არ იყო რეგისტრირებული მამკვიდრებლის სახელზე, მემკვიდრეები _ მამკვიდრებლის შვილები, ე--------------–ი და გ------------–ი, შეთანხმდნენ, რომ დაეკანონებინათ და შემდგომ გაენაწილებინათ უძრავი ქონება. 2013 წლის გაზაფხულზე გ------------–მა აცნობა, რომ დედის _ დ--------------–ის დანაშთი ქონება დაირეგისტრირა თავის სახელზე; ამასთან, შეთანხმდნენ, რომ მის (ე--------------–ის) წილ ქონებას ჩუქების ხელშეკრულებით გადასცემდა; მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2013 წლის 15 მაისის ჩუქების ხელშეკრულების დარეგისტრირება ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ დასაზუსტებელი იყო უძრავი ნივთის ფართობი; მხარის განცხადებით, შემდგომში ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სარეგისტრაციო წარმოების გაგრძელება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ამჯერად მისი წილი სამკვიდრო ქონების გადაცემაზე მოპასუხე უარს აცხადებს, რის გამოც იძულებულია სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაიცვას თავისი უფლება. კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ½ წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 ივლისის განჩინებით, გ------------–ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა დ-------------–ი.

 

2017 წლის 12 ივნისს ე--------------–ის მიერ წარდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი; მოსარჩელემ მიუთითა, რომ გ------------–ის გარდაცვალების გამო საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაება დ-------------–ი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სამკვიდრო ქონებაზე დავის არებობის თაობაზე, მიიღო სადავო ქონება მამისაგან და იგი დაირეგისტრირა თავის სახელზე. მოსარჩელემ მოითხოვა: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, გ------------–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში ბათილად ცნობა, დ-------------–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში ბათილად ცნობა, მამკვიდრებლის _ დ--------------–ის სამკვიდრო ქონების ½ წილზე წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო ე--------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ე--------------–ის წარმომადგენელმა ხ-------------–---–მა, 2017 წლის 09 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი წარადგინა, ამავე სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე--------------–ის წარმომადგენელის ხ-------------–---–ის საჩივარი;

 

სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და გაჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ, ემყარება შემდეგ გარემოებებს და შეფასებებს:

 

_ 2017 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელე ე--------------–ის წარმომადგენლის ხ-------------–---–ის განცხადების საფუძველზე, მოცემული საქმის განხილვა გადაიდო 2017 წლის 18 ოქტომბერს 14:10 საათზე.

 

_ მოსამზადებელი სხდომის შესახებ მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

_ 2017 წლის 18 ოქტომბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ხ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება მისი ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე.

 

_ მოპასუხე მხრის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოცემულ შუამდგომლობას; მან გამოიყენა თავის საპროცესო უფლება და სასამართლოს სხდომაზე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

 

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.

 

_ ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების ადმინისტრაცია.

 

_ საქმეში წარმოდგენილია ე--------------–ის მიერ 2016 წლის 12 იანვარს ხ-------------–---–ის სახელზე ორი წლის ვადით გაცემული რწმუნებულება (სანოტარო რეგისტრაციის №1---------; ტომი 1, ს.ფ. 46) და ე--------------–ის მიერ 2016 წლის 08 ივნისს მ------------------ის სახელზე ორი წლის ვადით გაცემული რწმუნებულება (სანოტარო რეგისტრაციის №1--------; ტომი 1, ს.ფ. 137), რომლითაც მათ მინიჭებული აქვთ ე--------------–ის სახელით სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება.

 

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისთვის გონივრული ვადა.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებულად ითვლება, თუ უწყება ჩაბარდება ან მხარეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომლის სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც დასტურდება საქმის მასალებით.

 

_ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან დაცულ იქნა სასამართლო უწყების ჩაბარების კანონით დადგენილი წესი.

 

_ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

 

_ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს ხ-------------–---–ს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ეცნობა სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ (სატელეფონო შეტყობინების აქტი ტომი 2, ს.ფ. 7). შესაბამისად, მოსარჩელეს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო სხდომის გადადების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს და საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების საფუძველს არ წარმოადგენდა ე--------------–ის წარმომადგენლის, ხ-------------–---–ის შუამდგომლობა მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე. 2017 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სასამართლომ ზემოაღნიშნული მიზეზით (წარმომადგენლის ავადმყოფობა) სასამართლო სხდომა გადაიდო. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო 2016 წლის 08 ივნისის მინდობილობა, რომლითაც მოსარჩელე ე--------------–ი მ------------------ეს ანიჭებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მოცემული მინდობილობა ძალაში იყო 2018 წლის 08 ივნისამდე. საქმეში კი მოსარჩელე მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი ზემოაღნიშნული რწმუნებულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა ზეპირი მოსმენისას საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ მისთვის და მისი მარწმუნებლისთვის უცნობი იყო მ----------------ის კოორდინატები და საქმეში წარმოდგენილი მინდობილობა ფორმალური ხასიათს ატარებდა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული.

 

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის პირობებს. მოცემული ნორმის თანახმად:

1. მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ)სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებში მითითებული ერთერთი გარემოების არსებობისას, სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, ხოლო "დ" ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობისას სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თაობაზე მოსარჩელე მხარეს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამასთანავე განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლოს დასკვნით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო; შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

საჩივრის ავტორის _ ე--------------–ის წარმომადგენლის ხ-------------–---–ის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ავადმყოფობით, რის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებაც მას სასამართლოსთვის წარდგენილი ჰქონდა;

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მეორე წარმომადგენელს _ მ------------------ეს, საჩივარში მითითებულია, რომ მასზე გაცემული მინდობილობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მ------------------ე ესწრებოდა მხოლოდ ერთ სხდომას და მას შემდეგ არც მარწმუნებელს და არც საჩივრის ავტორს მასთან კონტაქტი არ ჰქონიათ, მოგვიანებით კი, მასზე გაცემული მინდობილობა გაუქმდა.

 

_ საჩივრის ავტორის განცხადებით, ე--------------–ი არის ასაკოვანი, ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან, სადაც ასევე გადის მკურნალობის კურსს და მისი პროცესზე გამოუცხადებლობა აღნიშნული გარემოებებით იყო გამოწვეული; ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა, მხარეს, როდესაც იგი წარმოდგენილია ადვოკატით, პროცესზე გამოცხადებას არ ავალდებულებს.

 

აპელანტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხსენებული გარემოებებისა, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, რითაც მხარეს მოუსპო მისი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა და არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა იგი.

 

მოგვიანებით, 2018 წლის 05 ივნისს და 2018 წლის 30 აგვისტოს, ე--------------–ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც თან დაურთო რიგი დოკუმენტები და განმარტა, რომ ისინი საქმის განხილვას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია მოცემული დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში ზეპირი განხილვისას, 2017 წლის 18 ოქტომბრის სხდომაზე, მოსარჩელის გამოუცხადებლობის საპატიოობა;

 

აღნიშნული საკითხის შეფასებამდე, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდგომ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებებზე, თავად მოსარჩელის შუამდგომლობებზე, ასევე იმ საკითხზე, თუ როგორ უზრუნველყოფდა მხარე სასამართლოში მისი ინტერესების დაცვას.

 

_ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი ე--------------–ის მიერ (უშუალოდ მისი ხელმოწერით) პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 04 თებერვალს (ტომი პირველი, ს.ფ. 1-12); შემდგომში, კერძოდ, 2016 წლის 12 თებერვალს, სასამართლოს წარედგინა განცხადება (სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ხარვეზის შევსების მიზნით) და მინდობილობა ე--------------–ის წარმომადგენლის _ ხ-------------–---–ის მიერ (ტომი პირველი, ს.ფ. 43-46);

 

_ მოცემულ საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომა შედგა 2016 წლის 08 ივნისს;

 

_ სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მოპასუხე გ------------–ის უფლებამონაცვლის დადგენამდე (საქმის წარმოება შეჩერდა 2016 წლის 01 ივლისამდე).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა; ამავე თარიღით მიღებული განჩინებით მოპასუხე გ------------–ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა დ-------------–ი.

 

_ 2017 წლის 02 მარტს შედგა მოსამზადებელი სხდომა, რომელიც გადაიდო 2017 წლის 29 მარტს, მოსარჩელის წარმომადგენლის _ ხ-------------–---–ის შუამდგომლობის საფუძველზე (დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის მიზნით).

 

- პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის სხდომაზე მოსარჩელეს წარმოადგენდნენ ხ-------------–---–ი და მ------------------ე, რომელმაც ამავე სხდომაზე წარადგინა ე--------------–ის მიერ 2016 წლის 08 ივნისს, ორი წლის ვადით მასზე გაცემული მინდობილობა; ამავე სხდომაზე მ------------------ემ იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით ტომი პირველი ,ს.ფ. 129-135). აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გადაიდო 2017 წლის 17 მაისს; ამ დღეს სხდომა ვერ შედგა და მოპასუხის წარმომადგენლის _ დ-----------ის შუამდგომლობის საფუძველზე იგი კვლავ გადაიდო;

 

2017 წლის 12 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზუსტებული სარჩელი წარდგენილი იქნა ე--------------–ის ხელმოწერით (ტომი პირველი, ს.ფ. 147-161);

 

_ შემდგომი მოსამზადებელი სხდომა შედგა 2017 წლის 14 ივნისს; საქმის განხილვა გადაიდო 2017 წლის 13 სექტემბერს, მხარეთა მორიგების პირობების დაზუსტებისმიზნით.

 

_ 2017 წლის 13 სექტემბერს სასამართლოს წერილობითი განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ხ-------------–---–მა და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება, სხვა საქმის განხილვაში მონაწილებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის გამო. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გადაიდო 2017 წლის 12 ოქტომბერს.

 

_ 2017 წლის 11 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა ხ-------------–---–მა კვლავ საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით წერილობით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას; იმავდოულად მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში წარადგენდა ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აღნიშნული შუამდგომლობა და საქმის განხილვა გადაიდო 2017 წლის 18 ოქტომბერს 14:10 საათზე. აღნიშნული სხდომის დრო და ადგილი, გამოუცხადებლობის შედეგები, მხარის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო აქტით 2017 წლის 16 ოქტომბერს. (აქვე სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება _ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, განმცხადებლის მიერ არც შემდგომში ყოფილა სასამართლოში წარდგენილი);

 

2018 წლის 18 ოქტომბერს სასამართლოს წერილობითი განცხადებით ისევ მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ხ-------------–---–მა და კვლავ მოითხოვა საქმის განხილვის გადადება ავადმყოფობის გამო; მანვე განცხადებას დაურთო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

 

_ პირველი ინსტანციის სასამართლოში 2018 წლის 18 ოქტომბრის მოსამზადებლ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა არ დაუჭირა მხარი საქმის განხილვის გადადებას;

 

_ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგნელის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე; სასამართლომ აღნიშნა, რომ

წინა სხდომა გადაიდო მოსარჩელის იმავე წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე; ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო მოსარჩელე ე--------------–ის მიერ მეორე წარმომადგენელზე _ მ------------------ეზე გაცემული მინდობილობა, რომელიც ძალაში იყო 2018 წლის 08 ივნისამდე;

სასამართლოს შეფასებით, შუამდგომლობა ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას, წინააღმდეგ შემთხევვაში, სასამართლოს სხდომაზე მ------------------ეს შეეძლო გამოცხადება და მისი უფლებამისილების განხორციელება; აღნიშნული წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზი კი სასამართღლოსთვის უცნობია.

 

_ ამავე სხდომაზე მიღებული იქნა დაუსწრებელი გადადწყვეტილება ე--------------–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელ მხარის წარმომადგენელს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით ეცნობა საქმის განხილვის დრო;

 

დადგენილია ის გარემოებაც, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში არაერთი სხდომა გადაიდო მოსარჩელის წარმომადგენლის ხ-------------–---–ის შუამდგომლობით, მათ შორის, როგორც ზემოთ აღინიშნა, 2017 წლის 12 ოქტომბერს დანიშნული სხდომაც დასახელებული წარმომადგენლის შუამდგომლობით გადაიდო, თუმცა მას შემდგომშიც არ წარუდგენია მითითებულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელი მტკიცებულება _ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ასევე დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 08 ივნისის მინდობილობა, რომლითაც მოსარჩელე ე--------------–ი ასევე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ანიჭებდა მ------------------ეს; დასახელებული მინდობილობა ძალაში იყო 2018 წლის 08 ივნისამდე და საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი ზემოაღნიშნული რწმუნებულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. პალატა ასევე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის წარმომადგენლის ზეპირი მოსმენისას მითითებული ის გარემოება, რომ მისთვის და მისი მარწმუნებლისთვის უცნობი იყო მ----------------ის კოორდინატები და საქმეში წარმოდგენილი მინდობილობა მხოლოდ ფორმალური ხასიათის ატარებდა.

 

სააპელაციო პალატა კვლავ მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ე--------------–ის მიერ 2016 წლის 12 იანვარს ხ-------------–---–ის სახელზე ორი წლის ვადით გაცემულია რწმუნებულება (სანოტარო რეგისტრაციის №1---------; ტომი 1, ს.ფ. 46) და მის მიერ 2016 წლის 08 ივნისს მ------------------ის სახელზე ასევე ორი წლის ვადით არის გაცემული რწმუნებულება (სანოტარო რეგისტრაციის №1--------; ტომი 1, ს.ფ. 137); დასახელებული მინდობილობებით წარმომადგენლებს მინიჭებული აქვთ ე--------------–ის სახელით სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება.

 

დადგენილია აგრეთვე, რომ 2017 წლის 29 მარტს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მონაწილეობდა ორივე წარმომადგენელი და ამავე სხდომაზე სწორედ მ------------------ემ იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით; რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებას მასზედ, რომ ე--------------–ის მიერ მ------------------ეზე გაცემული მინდობილობა გაუქმდა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე დასახელებული არგუმენტი არ გაჟღერებულა და შესაბამისი სანოტარო აქტი საქმეში წარდგენილი არ ყოფილა; განმცხადებლის მიერ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, 2018 წლის 05 ივნისს დამატებით იქნა წარმოდგენილი აღნიშნული სანოტარო აქტი, იგი თარიღდება 2017 წლის 26 დეკემბრით, ე.ი. მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლის - მ------------------ის სახელზე გაცემული მინდობილობა გაუქმებულ იქნა მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ დავაზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ. აქვე სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტის პოზიციას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გამოტანამდე, მარწმუნებლის ე--------------–ის ავადმყოფობის გამო, მის მიერ, მ------------------ის სახელზე გაცემული მინდობილობის გაუქმების შეუძლებლობის თაობაზე; სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარწმუნებლის დასახელებული ნების გამოვლენა პირველი ინსტანციის სასამართლოში არც სანოტარო აქტის წარდგენის გზით, არც ზეპირი ან წერილობითი განცხადებით, არ დგინდება; რაც შეეხება მარწმუნებლის მხრიდან ამგვარი ნების გამოვლენის შეუძლებლობას, არც ეს გარემოება არ არის დადასტურებული; მეტიც, სააპელაციო სასამართლოში ამ მოსაზრების დასადასტურებლად წარმოდგენილი ინფორმაცია ე--------------–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, ასახავს 2018 წლის 27 იანვარს ექიმთან ვიზიტს არტერიული წნევის დამწევი საშუალებების და ზოგადი შემოწმების მიზნით; შესაბამისად, ცხადია იგი არ შეიძლება შეფასდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის მიმდინარეობისას მარწმუნებლის მძიმე ჯანმრთელობის მდგომრეობიდან გამომდინარე მინდობილობის გაუქმების შეუძლებლობად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა მიმართული იყო დავის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებისკენ. ამდენად, სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ არ არსებობდა სასამართლო სხდომაზე პირის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სსს კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დააკმაყოფილა მოწინააღდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების და შეფასებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა, არ არსებობდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ე--------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

თავმჯდომარე /ხათუნა არევაძე/

 

მოსამართლეები: /ანა გოგიშვილი/

 

/ეკატერინე ცისკარიძე/