განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
010210016001406697
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001406697

საქმე №2/ბ-120-19წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

06 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე , ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი - მ-----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ი-----–-----–---–ი

დავის საგანი - პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

აპელანტ მ-----------ის მოთხოვნა - გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2016 წლის 23 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი-----–-----–---–მა (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) მოპასუხე მ-----------ისა და მ----------------ის მიმართ (შემდგომში მოპასუხეები, აპელანტები) საჯაროდ გავრცელებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის იმავე საშუალებით უარყოფის, ასევე პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის სიმბოლური სახით - 01 (ერთი) ლარის ოდენობით მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

1.1. სარჩელის საფუძვლები

1.1.1. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის დეპუტატი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩეული სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლის წინააღმდეგაც თითქმის ერთი წელია მოპასუხეების მხრიდან მიმდინარეობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება.

1.1.2. 2015 წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „რ----------“-ის გადაცემა ,,P-----------------------------ი“) მეშვეობით საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია, რომლითაც მოსარჩელე ი-----–-----–---–ი დადანაშაულებული იქნა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, მოპასუხეები მიუთითებდნენ მოსარჩელე ი-----–-----–---–ის მიერ ს------ს საბაჟოს გავლით აჭარის მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანით ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე, რასაც ბუნებაში ადგილი არ ქონია.

 

1.1.3. მოსარჩელის მტკიცებით, ამგვარი ცილისმწამებლური განაცხადი მოპასუხეთა მხრიდან გავრცელდა მხოლოდ მისი ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის, რათა მან პირველ რიგში დაკარგოს ამომრჩევლის ნდობა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ასევე დაკარგოს ნდობა როგორც ქართველ, ისე უცხოელ პარტნიორებთან, რაც გამოიწვევს ბათუმის საკრებულოს მუშაობის კრახს და პირად ურთიერთობებზე აგებული საერთაშორისო თუ სხვა ორგანიზაციებთან მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების განხორციელების საკითხის ეჭვქვეშ დაყენებას.

2.1.4. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე მ-----------ემ და მ----------------ემ, როგორც პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა, კარგად იციან იმის შესახებ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს, როგორც საზოგადო მოღვაწეს, კანონიერი უფლება გააჩნია გამოთქვას ნებისმიერი აზრი თუ შეხედულება, ხოლო ოპონენტებს, ასევე პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და სახელმწიფო მოხელეებს გააჩნია მათი აზრებისა და შეხედულებების გამავრცელებელ ინფორმაციაზე თმენის ვალდებულება. სადაო ფაქტზე კი საქმე ეხება პირის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაზე გავრცელებულ ცილისმწამებლურ ცრუ დასმენას, რომლის თანაავტორები არიან მოპასუხეები. იგი შეეხება არა მხოლოდ მოსარჩელის პატივისა და ღირსების, არამედ მისი საქმიანი რეპუტაციის მიზანმიმართულ და პირდაპირი შელახვას.

(იხ. სარჩელი, ტომი 1-ლი, ს.ფ. 1-16)

2.2.მოპასუხე მ-----------ის პოზიცია

2.2.1. მოპასუხე მ-----------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას, როგორც იმ დროისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-15 მუხლის საფუძველზე უფლება ჰქონდა ესარგებლა ყველა იმ ინფორმაციით, რომელიც მასში იწვევდა ლეგიტიმურ ინტერესს და მიეღო პასუხის მისთვის საინტერესო საკითხებზე.

2.2.2. მოპასუხის განმარტებით, მისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 20 სექტემბერს ფიქსირდებოდა შვებულებაში მყოფი მთავრობის აპარატის უფროსის, იმ დროს პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ი-----–-----–---–ის და მასზე მიმაგრებული მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის მიერ საზღვრის კვეთა, რაც ემთხვეოდა იმავე დღეს, დროის იმავე მონაკვეთში, მისი მეგობრის- კ---ს მიერ საზღვრის კვეთას და ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, ს------ს მიმდებარე ტეროტორიაზე დაკავებას. იგი გადაცემაში აცხადებდა დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე და მათ შესაძლო ურთიერთკავშირზე, რადგან არსებობდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დამთხვევა, რომელიც აჩენდა კითხვებს და იწვევდა მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს.

(იხ. შესაგებელი, ტომი 1-ლი, ს.ფ .136-147).

მოპასუხე მ----------------ის პოზიცია

2.2.3. მოპასუხე მ----------------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას, როგორც პარლამენტის დეპუტატს, უფლება ჰქონდა ესარგებლა ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელი იყო მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად და აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში შეკითხვით მიემართა მთავრობის წევრებისა და თანამდებობის პირებისათვის, შესაბამისად, მიეღო მათგან პასუხი.

2.2.4. მოპასუხის მტკიცებით, იგი მოქმედებდა მისი უფლებამოსილების ფარგლებში. მას სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია ი-----–-----–---–ის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გააჟღერა ტელევიზიით. ამით მან მოუწოდა სათანადო ორგანოებს შეესწავლათ აღნიშნული საკითხი და გაეცათ კითხვებზე პასუხი, დაედგინათ საქმეზე ჭეშმარიტება.

(იხ. შესაგებელი, ტომი 1-ლი, ს.ფ 176-185).

2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

_ ი-----–-----–---–ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

_ მ-----------ეს დაეკისრა 2015 წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „რ----------“-ის გადაცემა „პ-----------------ში“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის სამსახურეობრივი ავტომანქანით თ--------ის რესპუბლიკიდან საქართველოში 2013 წლის 20 სექტემბერს ი-----–-----–---–ის დახმარებით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის შესახებ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებით უარყოფა;

- მ-----------ეს ი-----–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 01 (ერთი) ლარის ოდენობით;

_ ი-----–-----–---–ს უარი ეთქვა სარჩელის დანარჩენ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებზე;

_ მოპასუხე მ-----------ეს ი-----–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2.4.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.4.1. ი-----–-----–---–ი 2012-2014 წლებში მუშაობდა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად, 2014-2016 წლებში იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო 2016 წლიდან სასამართლოში საქმის განხილვის დღემდე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია „ქ--------–----–---ის“ თავმჯდომარე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

2.4.2. მოპასუხე მ------------ე 2012-1016 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე და წარმოადგენდა პოლიტიკურ თანამდებობის პირს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

2.4.3. მოპასუხე მ----------------ე 2012-1016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი და წარმოადგენდა პოლიტიკურ თანამდებობის პირს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება;

სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.4.4. 2015 წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „რ-----------“-ის გადაცემა ,,P--“ ში (,,პ-----------------ი“) მ-----------ემ გაავრცელა სარჩელით წარმოდგენილი შემდეგი სახის სადაო განცხადება: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანით შემოდიოდა ნარკოტიკი. ეს ავტომანქანა გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აპარატის უფროსზე, ანუ ნომერ პირველი ჩინოვნიკზე აჭარის მთავრობაში, მიმაგრებული საკმაოდ ძვირადღირებული ავტომანქანა“.

ამავე გადაცემაში ასევე აღნიშნული იქნა, რომ ჩინოვნიკი, რომელზეც მ-----------ე საუბრობდა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი ი-----–-----–---–ი. გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: „უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ 2013 წლის 20 სექტემბერს ჭ--–---–ის დახმარებით და აჭარის მთავრობის მანქანით მისმა მეგობარმა თ--------იდან საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერება შემოიტანა.“

ამავე გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მ----------------ე ჟურნალისტებს უყვება, რომ ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის მიწოდებამდე ბევრად ადრე თავად უამბო აღნიშნულის შესახებ ყოფილ პრემიერს, გადაცემაში მ----------------ე ჟურნალისტს აჩვენებს თავის ჩანაწერებს და აჟღერებს შემდეგ განცხადებას: „ ....15 ნოემბერი, შაბათი დღე, სადაც ჩანიშნული მაქვს ნუსხა საკითხებისა, რომელიც ჯერ კიდევ ყოფილ პრემიერს უნდა გადავსცე, აი არის ინფორმაცია, რომ ნარკოტიკები, რომელიც შემოვიდა ს------დან, იდო ჭ--–---–ის ავტომანქანაში. აი, ეს ინფორმაცია გადავეცი და ამის მერე, ბუნებრივია, იწყება ის, რაც იწყება“.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

-CD დისკზე ჩაწერით წარმოდგენილი გავრცელებული ინფორმაციის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი;

2.4.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის მთავრობის ბალანსზე რიცხულმა ავტომანქანამ, სახელმწიფო ნომრით G-----, რომლითაც სარგებლობდა იმ დროისათვის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ი-----–-----–---–ი, 2013 წლის 18- დან 20 სექტემბრის შუალედში ს------ს საბაჟოს საზღვარი გადაკვეთა ოთხჯერ. ასევე დადგენილი იქნა, რომ აღნიშნულ ავტომანქანაში საზღვრის კვეთის დროს იმყოფებოდა მხოლოდ 1----–--–ს დაბადებული მძღოლი, ამასთან აღნიშნულმა ავტომანქანამ სასაზღვრო კონტროლი გაიარა 2013 წლის 20 სექტემბერს 01 საათსა და 27 წუთზე, ხოლო ი-----–-----–---–მა 2013 წლის 20 სექტემბერს საბაჟო კონტროლი გაიარა 01 საათზე და 10 წუთზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, სასაზღვრო პოლიციიდან გამოთხოვილი მასალებით დასტურდება, რომ იმავე დღეს, თითქმის იმავე პერიოდში საზღვარი გადმოკვეთა ვინმე კ--------------ემ, რომელიც 2013 წლის 20 სექტემბერს დაკავებული იქნა ს------ს საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებებს უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ კ--------------ემ საზღვარი გადმოკვეთა ი-----–-----–---–თან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბალანზე რიცხული სადაო ავტომანქანით, მით უმეტეს არ დასტურდება ის გარემოება, რომ კ--------------ის მიერ ნარკოტიკული საშულება შემოტანილი იქნა სადაო ავტომანქანით.

სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის განაჩენით დგინდება, 2013 წლის 20 სექტემბერს კ--. დაკავებული იქნა ს------ს საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მას ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩნდა პირადი ჩხრეკის დროს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კ--.-ს რაიმე შეხება ქონდა ან ი-----–-----–---–თან, ან მთავრობის ბალანსზე რიცხულ სადაო ავტომანქანასთან. სასამართლომ განმარტა, რომ ის გარემოება, რომ ისინი ერთ დღეს შემოვიდნენ საზღვარზე და ი-----–-----–---–ი იცნობდა კ--------------ეს, არ შეიძლება გახდეს სადაო ფაქტის დადასტურების საფუძველი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-სასაზღვრო პოლიციდან გამოთხოვილი მასალები საზღვრის კვეთის შესახებ;

-ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის განაჩენი;

-აჭარის ა.რ. პროკურატურიდან გამოთხოვილი მასალები;

-აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წერილები;

-აჭარის ა/რ მთავრობის მიმართვა;

-მ------------ის, როგორც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებები და წერილები;

-ბრიფინგის მასალები.

2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

2.5.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-17, მე-19, 24-ე, მე-40, 42-ე მუხლებზე, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-17 მუხლებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე მუხლებზე. სახელდობრ:

2.5.2. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე და მე-6 ნაწილებზე, რომელთა თანახმადაც, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან და განმარტა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.

2.5.3. სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.

2.5.4. სასამართლომ „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე (სადავო განცხადებების გავრცელების დროს არსებული რედაქცია) მითითებით განმარტა, რომ საჯარო პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი,რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

2.5.5.ზემოხსნებული ნორმისა და მხარეთა თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ როგორც მოსარჩელე ი-----–-----–---–ი, ასევე მოპასუხეები- მ-----------ე და მ----------------ე არიან საჯარო პირები.

2.5.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და გაცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

2.5.6.1. სასამართლომ მიუთითა, რომ მოხმობილი კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გაანდო და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადებების მხარეთა მიერ საჯაროდ გავრცელების ფაქტი სადავო არ არის.

2.5.6.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.

2.5.6.3. ზემოხსენებულზე დაყრდნობით, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

2.5.6.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

2.5.7. განსახილველ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების მიზნით სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიერაც ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (№ას-1477-1489-2011) განიმარტა შემდეგი: „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათვალისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გადმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.

2.5.8. ზემოხსენებულ მსჯელობათა საფუძველზე სასამართლომ შემაჯამებელი სახით აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.

2.5.9. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე არ გაიზირა მოსარჩელის მიერ მითითებულ განცხადება, რომ სარჩელში მითითებული სიტყვები - „ ... ნარკოტიკები შემოვიდა თ--------იდან ი-----–-----–---–ის მანქანით“ - განაცხადა მ-----------------ემ მტკიცებით ფორმაში. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით (CD დისკი) დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „რ----------“-ის გადაცემა ,,P--.“--ში მ----------------ემ გააჟღერა შემდეგი განცხადება: ,,.. აი, არის ინფორმაცია, რომ ნარკოტიკები, რომელიც შემოვიდა ს------დან, იდო ჭ--–---–ის ავტომანქანაში. აი, ეს ინფორმაცია გადავეცი და ამის მერე ბუნებრივია იწყება ის, რაც იწყება“. შესაბამისად, გამონათქვამის კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო წინადადება არის შეფასებითი მსჯელობა, განმცხადებლის სუბიექტური დამოკიდებულება და მისივე კომენტარი მოვლენის მიმართ (აზრი). აღნიშნული განცხადებით მ----------------ემ განმარტა, რომ მან მიაწოდა ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ თანამდებობის პირებს, თუმცა ამ განცხადებით შეუძლებელია რაიმეს დადასტურება ან დამტკიცება. იგი არ შეიცავს ფაქტის შესახებ ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გადმოცემას. იგი გადმოცემულია არა მტკიცებითი ფორმით, არამედ, მიუთითებს მასზე, როგორც არსებულ ინფორმაციაზე, ვარაუდზე. აღნიშნული სასამართლომ მიიჩნია მოპასუხის ვარაუდად, შეფასებით მსჯელობად, სხვისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პიროვნების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის (აზრის) სტატუსად, რომელიც არ შეიცავდა დადასტურებად ან უარყოფად ფაქტებს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა მ----------------ის მიმართ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

2.5.10. სასამართლოს მითითებით, რაც შეეხება მ-----------ის მიერ 2015 წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „რ----------“- ის გადაცემა „P--.“--ში გამოთქმულ შემდეგ განცხადებას - „... აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანით შემოდიოდა ნარკოტიკი. ეს ავტომანქანა გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აპარატის უფროსზე, ანუ ეს არის ნომერ პირველი ჩინოვნიკი აჭარის მთავრობაში, მიმაგრებული საკმაოდ ძვირადღირებული ავტომანქანა“- აღნიშნული განცხადება ფორმულირების (მტკიცებითი ფორმით, ფაქტის კონსტატაციის სახით გადმოცემის), მისი კონტექსტის გათვალისწინებით, წარმოადგენს ი-----–-----–---–ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას.

2.5.11. სასამართლომ მიუთითა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონი ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, კერძოდ, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მე-6 პუნქტი ადგენს, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

2.5.12. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მ-----------ის მიერ გავრცელებული იქნა ცნობა ი-----–-----–---–ის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების (ნარკოტიკული საშუალების საზღვარზე შემოტანაში დახმარების) შემცველი ფაქტების შესახებ. გარდა იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ სპეციალური კანონის მე-7 და მე-14 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებით შეძლო მოპასუხის მიერ გავრცელებული აღნიშნული ფაქტების სინამდვილესთან შეუსაბამობის (მცდარობის) უტყუარად დადასტურება. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ განცხადებებს.

2.5.13. სასამართლომ კვლავ მოუხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოცემული კარტეგორიის საქმეზე დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას, სახელდობრ მიუთითა 2012 წლის 03 აპრილის განჩინებაზე (საქმე №ას-1477-1489-2011წ.), სადაც უზენაესი სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემობების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი, ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია.

 

2.5.14. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ თავისთავად ცილისწამების გავრცელების ფაქტიც ადასტურებს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული არაქონებრივი სახით ზიანის მიყენებას. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს შეეძლო გავლენა მოეხდინა მოსარჩელის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულებრივი ფაქტების, ამასთან, არა სავარაუდოდ ჩადენის, არამედ მტკიცებით ფორმაში, საჯაროდ გაჟღერება, სასამართლოს მიერ შეფასდა მოპასუხის აშკარა და უხეშ დაუდევრობად, რამაც არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია.

 

2.5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა: ა) მოსარჩელემ სასამართლოში დაამტკიცა, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მის შესახებ, ბ) ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და გ) მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება (კანონის მე-14 მუხლი).

 

2.5.16. სასამართლომ განმარტა, აზრის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის მესამე პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები - პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. იმისათვის, რომ ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია, რომ შეზღუდვა გათვალისწინებული იყოს ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით, ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახული მიზნის მისაღწევად. შეფასება „აუცილებელ დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მოიცავს როგორც უფლებაში ჩარევის აუცილებლობას, ისე ჩარევის თანაზომიერების შეფასებას. იმისათვის, რომ შეფასებულ იქნეს დაცულ უფლებაში ჩარევის აუცილებლობა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე“. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, ისევე როგორც სადავო განცხადებების გამავრცელებელი (მოპასუხეები), არიან საჯარო პირები. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენელთა და პოლიტიკოსების მიმართ სტრასბურგის სასამართლო აყალიბებს არა მხოლოდ კერძო პირებთან, არამედ სხვა საჯარო პირებთან შედარებითაც, უფრო ფართო დასაშვები კრიტიკის ფარგლებს, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს პოლიტიკოსის უფლებების, რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოხატვის უფლებაში ჩარევის შესაძლებლობას, მით უფრო, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მის მიმართ გამოთქმულ სერიოზულ ბრალდებას. ამრიგად, პოლიტიკოსთა თმენის მომეტებული ვალდებულების პირობებშიც და კრიტიკის განსაკუთრებულად დაცულ სფეროშიც კი, გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური და შეუზღუდავი არ არის.

 

2.5.17. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ადგენს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის სახეებს, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

 

2.5.18. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მ------------ის მიერ გავრცელებული იმ განცხადებისათვის, რომელიც სასამართლომ ჩათვალა ცილისწამებად - არსებითად მცდარი ფაქტის კონსტატაციად, მოსარჩელე ი-----–-----–---–ისათვის ზიანის მიმყენებელ, მისი სახელის გამტეხ ინფორმაციად - მოპასუხე მ------------ეს უნდა დაეკისროს მისი უარყოფა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით.

 

2.5.19. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 18.2. მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ვინაიდან, დადგინდა, რომ მოპასუხემ აშკარა და უხეში დაუდევრობის საფუძველზე გაავრცელა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები, მისი ბრალეულობა სახეზეა.

 

2.5.20. სასამართლომ აღნიშნა, რომ დამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის სამართლიანი ოდენობის დადგენის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მისი ანაზღაურებით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პრევენციული დანიშნულება, რადგან პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევით გამოწვეულ მორალურ ზიანს მატერიალური ეკვივალენტი არ გააჩნია, შესაბამისად, ობიექტურად შეუძლებელია პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული პირის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის ხარისხის შეფასება და მისი ნებისმიერი ოდენობის ფულადი თანხით კომპენსირება. რაც მთავარია, ცილისწამებისათვის მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებების და რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმიური მიზნის მისაღწევად გამოხატვის დაცულ უფლებაში ჩარევის პროპორციულობის და თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.

 

2.5.21. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის გონივრული ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლომ გაითვალისწინა ასევე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მორალური ზიანისათვის მოითხოვდა მხოლოდ სიმბოლურ თანხას 1(ერთი) ლარის ოდენობით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი-----–-----–---–ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მ------------ეზე 1(ერთი) ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ზემოხსნებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ-----------ემ და მოითხოვა მისი სრულად გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგზე მითითებით:

 

3.1.აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ არასწორად არ გადაიტანა მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზე.

 

3.2. სასამართლომ შეგნებულად დაამახინჯა ფაქტი, როდესაც აღნიშნა, რომ ,,ნაცნობთან შეხვედრა საზღვრის კვეთისას არ ნიშნავდა ჭ--–---–თან ერთად ყოფნას“, ეს იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელემ, მის შეკითხვაზე პასუხით აღიარა კ---სთან არა ნაცნობობა, არამედ, მეგობრობა და ის, რომ მათ საზღვარი ერთად გადმოკვეთეს.

 

3.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტი, როდესაც სარწმუნოდ მიიჩნია, რომ ი. ჭ--–---–მა მისი მეგობარი კ--, რომელთანაც ერთადაც გადმოკვეთა საზღვარი, შუაღამეზე დატოვა სარფში, ანუ არ წამოუყვანია ბათუმისაკენ.

 

3.4. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი თანამდებობრივი სტატუსი (აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობა და კომისიის თავმჯდომარეობა), რომლითაც მთავრობის საქმიანობაზე კონტროლი იყო მისი უპირველესი მოვალეობა. სასამართლომ არ იხელმძღვანელა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-15, მე-16 მუხლებით (უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებების შესახებ).

 

3.5. სასამართლომ მის გამონათქვამებს არ მიანიჭა აზრის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილ ყველა მიმოწერაში და ბრიფინგების ტექსტებში ვითარება მოხსენიებული აქვს, როგორც ,,თითქოსდა“, ,,სავარაუდოდ“ ან ,,მაღალი ალბათობით“ არსებული ანუ ჩადენილი ქმედება.

 

3.6. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის, რომ ,,რ----------“-ის სიუჟეტში ჟურნალისტს და მის გამონათქვამს შორის არის ეგრედ წოდებული ,,ჭრა“ სიუჟეტის სრული ტექსტის მოწოდებაზე კი იმ მიზეზით, რომ მას არ ინახავდნენ, უარი ეთქვა.

 

3.7. ცილისწამებისათვის (ასეც, რომ ყოფილოყო) პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრი აკეთებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლომ გვერდი აუარა ამ საკითხის შეფასებას.

 

3.8. მოსარჩელეს არ მიდგომია არავითარი ზიანი, რადგან აღნიშნული მოსაზრებების მიუხედავად და მას შემდეგ იგი ,,ქ--------–-----–----მ“ წარადგინა არჩევით თანამდებობაზე და არჩეული იქნა კიდეც.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.4.1-2.4.4 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.5.1-2.5.21 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სახელდობრ საქართველოს კონსტიტუციის 31.5-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ბ“,,ი“,,კ“ პუნქტები, მე-7.5, მე-14, მე-19 მუხლები და დამატებით მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს პირადი არაქონებრივი უფლებებიდან. მხარეთა შორის სადავოა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ძირითადი უნივერსალური ღირებულებაა, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებებს და განსაზღვრავს პიროვნების ღირსებას.იგი ყველა იმ უფლების ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომელთა დაცვა დემოკრატიულ სახელმწიფოთა პრიორიტეტს წარმოადგენს. გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა ძირითადი დოკუმენტით, თუმცა ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება აბსოლუტური არ არის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს უფლება აქვს განახორციელოს მართლზომიერი ჩარევა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაში კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებული პირობების შესაბამისად. ზემოხსენებული ნორმით ნებადართული შეზღუდვები, რომელთა დაწესებაც შესაძლებელია მოხდეს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების განხორციელებაზე იყოფა 3 კატეგორიად:1) შეზღუდვები, რომელთა დანიშნულებაა საზოგადოებრივი ინტერესების (ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, უწესრიგობის, ან დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის ან ზნეობის)დაცვა; 2) შეზღუდვები, რომელთა დანიშნულებაა სხვა პირად უფლებათა დაცვა (სხვათა რეპუტაციის, ან უფლებათა დაცვა); 3) შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის შიდა ხელისუფლებას შეუძლია ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაში, როდესაც შესრულებულია სამი ერთობლივი პირობა:1) ჩარევა, რაც ნიშნავს ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით; 2)ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს ერთი, ან მეტი შემდეგი ინტერესის ან ღირებულების-ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადეობრივი უსაფრთხოების დაცვას; უწესრიგობის,ან დანაშაულის თავიდან აცილებას, ჯანმრთელობის ან ზნეობის, სხვათა რეპუტაციის, ან უფლებათა დაცვას; საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებასა და სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებას; 3) ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

ამდენად, მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას დაცული უნდა იქნას ზემოხსენებული სამივე მოთხოვნა. გარდა ამისა, გამოხატვის თავისუფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ კანონმდებლობას. როგორც წესი , ეს ნიშნავს პარლამენტის მიერ მიღებულ და გამოქვეყნებულ კანონს. სწორედ ეროვნულმა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს შესაძლებელია თუ არა ამგვარი შეზღუდვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ რამდენიმე საქმეში დაუშვა, რომ საერთო სამართლის ნორმები და საერთაშორისო სამართლის პრინციპები წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივ საფუძველს.

 

ეროვნულ კანონმდებლობაში განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ სპეციალურ კანონს წარმოადგენს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

4.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატის შესაფასებელია, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა მოსარჩელისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება.

4.4. ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის კი უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა, გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი.

4.5. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ მხარეები ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, წარმოადგენდნენ საჯარო პირებს.

4.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ,,ფაქტები“ ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ხოლო ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა. პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

4.7. დამტკიცების თვალსაზრისით სპეციალური კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს რა „აზრისა“ და „ფაქტის“ სფეროს, და აზრს, როგორც გონებითი სფეროს რეზულტატს/შედეგს დამტკიცებასავალდებულო ფაქტობრივ გარემოებათა წრიდან გამორიცხავს, ვიდრე სასამართლო იმსჯელებს სადავო გამონათქვამის შინაარსის სინამდვილესთან შეუსაბამობის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისა და მათი დამტკიცების ვალდებულებაზე, უნდა გაირკვეს სადავო გამონათქვამის შინაარსის - სადავო გამონათქვამების ფაქტის სფეროსთან რელევანტურობა და მაშასადამე, მათი დამტკიცების პროცესუალური სავალდებულობა.

4.8. პალატა არ იზიარებს აპელანტი მხარის განმარტებას, რომ გავრცელებულ სადავო განცხადებაში მან გამოხატა მხოლოდ თავისი აზრი, რაც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

4.9. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი ეს არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახის ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

4.10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ შეაფასა რა მოსარჩელის მიერ პატივისა და ღირსების შელახვად მიჩნეული მ-----------ის მიერ 2015 წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „რ----------“- ის გადაცემა „P--.“-ში გამოთქმულ შემდეგი განცხადება - „... აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანით შემოდიოდა ნარკოტიკი. ეს ავტომანქანა გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აპარატის უფროსზე, ანუ ეს არის ნომერ პირველი ჩინოვნიკი აჭარის მთავრობაში, მიმაგრებული საკმაოდ ძვირადღირებული ავტომანქანა“, ამავე გადაცემაში ასევე აღნიშნული იქნა, რომ ჩინოვნიკი, რომელზეც მ-----------ე საუბრობდა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი ი-----–-----–---–ი. გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: „უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ 2013 წლის 20 სექტემბერს ჭ--–---–ის დახმარებით და აჭარის მთავრობის მანქანით მისმა მეგობარმა თ--------იდან საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერება შემოიტანა.“ პალატას მიაჩნია, რომ სადავო განცხადებებში აპელანტს თავისი დამოკიდებულება კი არ გამოუხატავს ი-----–-----–---–ის მიმართ, არამედ მიუთითა კონკრეტულ მოვლენებზე, ფაქტებზე, რომლებსაც ,,ნამდვილად“ ჰქონდა ადგილი, კერძოდ, თ--------იდან ნარკოტიკული საშუალების შემოტანასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი კავშირის თაობაზე. აღნიშნული გამონათქვამები შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, ე.ი. მათი როგორც დადასტურება, ასევე უარყოფაც სავსებით შესაძლებელია.

4.11. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

4.12. სასამართლო განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად. ერთ-ერთი ასეთი უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის მიხედვით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპსა და დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს. დანაშაულის დადგენა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მოპოვებულ მტკიცებულებებს.

4.13. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა შესაბამისი მტკიცებულების გარეშე ბრალი დასდო მოსარჩელეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. პალატა მიუთითებს, რომ ჩაიდინა თუ არა მოსარჩელემ დანაშაული, უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული შემაჯამებელი აქტით. ამგვარი აქტი კი საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხოლო სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც ზემოხსენებული გარემოებების ნამდვილობა დადგინდებოდა, საქმეში არ არსებობს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა მოსარჩელის თაობაზე გაავრცელა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მისი სახელის გამტეხი განცხადებები.

4.14. ამრიგად, მითითებული ბრალდებები მოსარჩელის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, წარმოადგენენ მტკიცებას ფაქტის შესახებ, რაც ვერ მოექცევა აზრის გამოხატვის დაცულ კატეგორიაში და მიჩნეულ უნდა იქნეს მოსარჩელის, როგორც საჯარო პირის მიმართ ცილისწამებად, რადგან განაჩენის გარეშე ისინი წარმოადგენენ არსებითად მცდარ ფაქტებს, ხოლო ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცველი გარემოებები საქმეზე არ არსებობს.

4.15. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს ღვარძლიან კრიტიკაში, რომელიც სცილდება საქმიანი კრიტიკის ფარგლებს და მიზნად ისახავს ადრესატის ღირსების შელახვას. პატივისა და ღირსების შელახვას ასევე ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მესამე მხარისადმი მიმართვისას ერთი ადამიანი მეორის ღირსებას, რეპუტაციას ან მდგომარეობას მოიხსენიებს იმგვარი ფორმით, რომ ამცირებს პირს მოქალაქეთა თვალში, იწვევს სიძულვილს ან ზიზღს. ამდენად, პირს დაცვის უფლება ენიჭება მაშინ, როდესაც დისკრედიტირებულია მისი საზოგადოებრივი რეპუტაცია. მართალია, კრიტიკის ფარგლები პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო მოხელეების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო ფიზიკური პირების მიმართ, მაგრამ კრიტიკამ არ უნდა გადალახოს საზღვარი, რომელიც დადგენილია „სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის“ დასაცავად (იხ. საქმე №3კ-337-02 25 ივნისი, 2002 წელი).

4.16. ერთ-ერთ საქმეში, როდესაც სტატიის ავტორი (განმცხადებელი) უთითებდა ფაქტებს და ირწმუნებოდა, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა დანაშაული, საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს, რომ ამ ფაქტების ჭეშმარიტების დადასტურება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენითაა შესაძლებელი. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად, ევროსასამართლოს განმარტებითაც, რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France ). შეუძლებელია, თუნდაც სამოქალაქო საქმეზე, პირს იმის მტკიცება მოეთხოვებოდეს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და, ამდენად, ამ ინფორმაციის შემცველი განცხადება ცილისმწამებლურია. ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციას (იხ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, №ას-1011 -972-2016, 26 ივლისი, 2017 წელი).

4.17. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

4.18. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.

4.19. განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ზემოხსენებული კანონის მე-14 მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, იმისთვის, რომ დადგეს პასუხისმგებლობა ცილისწამების გამო, აუცილებელია: 1. სადავო განცხადება იყოს ფაქტების შემცველი; 2. უნდა იყოს დამაჯერებელი, ისეთი, რომ ადამიანმა, რომელიც სრულყოფილად არ იცნობს საქმის ვითარებას, სარწმუნოდ მიიჩნიოს იგი; 3. უნდა იყოს შეურაცხმყოფელი; 4. განცხადებაში უნდა ხდებოდეს პირის „იდენტიფიცირება“, თან არ არის აუცილებელი, პირდაპირ იყოს დასახელებული ის პირი, რომლის შესახებაც კეთდება განცხადება, საკმარისია, რომ ადამიანთა ჯგუფისათვის სავსებით ნათელი იყოს და, ზოგადად, ეჭვს არ იწვევდეს, თუ ვის ეხება იგი; 5. ცხადია, განცხადებაში მითითებული ფაქტები უნდა იყოს სიცრუე და 6. აღნიშნული, განცხადებაში მითითებულ პირს, უნდა აყენებდეს ზიანს.

4.20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ი-----–-----–---–ი სადავო პერიოდში იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო პირს. ამდენად, საჯარო პირებისაგან მისი მისამართით მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებას ,ცხადია, მოყვა მისი პატივის, ღირსებისა და განსაკუთრებით საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ყოველივე აღნიშნულით დისკრედიტირებული იქნა მისი საზოგადოებრივი რეპუტაცია, რაც ცდება საჯარო პირის მიერ თმენის ვალდებულების ფარგლებს და პირს ენიჭება დაცვის უფლება, ვინაიდან გავრცელებული განცხადებები იყო ფაქტების შემცველი, დამაჯერებელი, შეურაცხმყოფელი, შეეხო უშუალოდ მოსარჩელეს და ზიანი მიაყენა მას. შესაბამისად, სახეზეა ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა კომპონენტი.

4.21. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ადგენს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის სახეებს, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

4.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით;

4.23. პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). პირს ზიანი დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები.

4.24. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს და დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, ამასთან, მოთხოვნილია სიმბოლური თანხა - 01(ერთი) ლარის ოდენობით, რაც ამ ნაწილში მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

4.25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი უნდა გადაწყდეს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ, რაც გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია, დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს მ-----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

4.26. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

4.7. განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი-----–-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მ-----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას,იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

6.2. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა