განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/367-18
საქმე №330310017001907700
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ---------–------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ----- ხ-----–---–ი
თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ----- ხ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის N 1---- ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ----- ხ-----–---–ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციულ საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში; ზ----- ხ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა სხვა ნაწილში ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 11 მარტის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაცია: 04.03.2011 წ. №8-----------) დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ს-----------------ი, ნაკვეთი №0-----, საკადასტრო კოდი №0---------------, დაზუსტებული ფართობი 2----,00 კვ.მ. მესაკუთრედ ირიცხება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 04.03.2011 წ. №0-------- წერილი.
2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 ივლისს შედგენილ იქნა მითითება ზ----- ხ-----–---–ის სახელზე, ქ. თბილისში, ს-----------------ში, სახელმწიფოს კუთვნილ, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი 0---------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია ლ---------------------–ია, ბოძები მ-------–------- (ღობე), ხ-----–----ი, დროებითი და კაპიტალური შენობა-ნაგებობები. მითითებით მის ადრესატს დაევალა სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ანდა უსაფრთხოების წესების დაცვით დემონტაჟის განხორციელება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედახმედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 12 სექტემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ მითითების ადრესატის მიერ არ შესრულებულა მასში გათვალისწინებული პირობები.
2.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედახმედველობის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ 2016 წლის 11 ნოემბრის №6-- მოხსენებითი ბარათით, ირკვევა, რომ ზ----- ხ-----–---–ის მიმართ 2016 წლის 18 ივლისს ქ. თბილისში, ს-----------------ში, (ნაკვეთი 0-----), №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე დროებითი შენობა-ნაგებობის, ლ---------------------–იის მ-------–------------ისა და ხ-----–---ის მოწყობისათვის გაიცა მითითება №0-----. იმავე წლის 12 სექტემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ობიექტის ხელმეორედ გადამოწმებისას დადგინდა, რომ მოქალაქე ზ----- ხ-----–---–ის მიერ არ განხორციელებულა მითითებით გათვალისწინებული ობიექტის დემონტაჟი.
2.4. ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 11 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №0-----, რომლითაც ზ----- ხ-----–---–ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ს-----------------ში (ნაკვეთი 0-----), №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის. ამავე დადგენილებით დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის, დროებითი შენობა-ნაგებობის, მ-------–------------ისა და ხ-----–---ის დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე (დემონტაჟის ნაწილში), 2016 წლის 12 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ამოწერილ იქნა საღსრულებო ფურცელი №4----------------.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქციები) 2016 წლის 20 დეკემბრის №A---------------- მიმართვით ზ----- ხ-----–---–ს ეცნობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ამოწერილი საღსრულებო ფურცელის №4--------------- შესახებ და მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.
2.5. ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №0----- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გასაჩივრებულ იქნა 2017 წლის 10 თებერვალს ზ----- ხ-----–---–ის მიერ 1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით, სადაც იმავე წლის 28 მარტს მიღებულ იქნა ბრძანება №1----, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მნიშვნელობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 ნოემბრის №0----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №1---- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
2.7. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
2.8. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტებზე სასამართლომ აღნიშნა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
2.9. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით: ა)მითითება შესრულდა, ბ)მითითება არ შესრულდა, გ)მითითება არადროულად სრულდება.
დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 ივლისს ზ----- ხ-----–---–ის მიმართ შედგენილ იქნა მითითება და განესაზღვრა 25-დღიანი ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან/და უსაფრთხოების წესების დაცვით უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ იმავე წლის 12 სექტემბერს შედგენილი იქნა №0----- შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
2.10. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა)დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.
დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 11 ნოემერს მიღებული იქნა დადგენილება №0-----, რომლის თანახმადაც, ზ----- ხ-----–---–ი დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ს-----------------ში (ნაკვეთი 0-----), №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის.
2.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადაო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი. მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტი - 28.03.2017 წ. №1---- ბრძანება და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.
2.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ----- ხ-----–---–ი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლის მიმართაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილტა სამინისტროს მიერ 30.01.2014 წ. გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა №0-------- და მის საცხოვრებელ მისმაართად მითითებულია ქ. თბილისი, ს-------ი, გ---------------------, რ-------------. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის დედის - თ---- ხ-----–---–ის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა №0--------, რომლის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია შიდა ქართლი, ხ-–------------------------------–-----–-----------------------------------------. საქმის მასალებში ასევე დაცულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 01 მაისს გაცემული ამონაწერი სოციალურიად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, საიდანაც დგინდება, რომ ზ----- ხ-----–---–ის ოჯახის მოქმედ სარეიტინგო ქულას შეადგენს 2-----, ხოლო მისამართად კი მითითებულია ხაშურის რაიონი, დ--------------------------------------------------------------------.
სასამართლომ განმარტა, რომ პროდუქის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი ეხება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, რომლის 22-ე ნაწილი ადგენს, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გადაგზავნას. აღნიშნული მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა)საინფორმაციო დაფა; ბ)მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ)მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე; მე-20 ნაწილი კი ადენს, რომ ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლია – ბინის მთავარი შესასვლელი.
განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციაპლიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად განხორციელდა მიღებული აქტების თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, კერძოდ, 2016 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №0----- მხარისათვის გაცნობის მიზნით განთავსებულ იქნა იმავე წლის 30 ნოემბერს ობიექტის ფასადზე, ისევე როგორც მანამდე მიღებული 18.07.2016 წ. №0----- მითითება 16.08.2016 წ. განათავსეს ობიექტის ჭიშკარზე, ხოლო 12.09.2016 წ. შემოწმების აქტი №0----- - 22.09.2016 წ. ასევე ობიექტის ჭიშკარზე. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.11.2016 წ. №0----- დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ ფოსტის მეშვეობით 2016 წლის 21 ნოემბერს 15:48 სთ-ზე გაეგზავნა ზ----- ხ-----–---–ს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დ------------------------------------------------------–-----–--------------------------------, საფოსტო უკუგზავნილებით დგინდება, რომ მითითებულ მისამართზე კურიერ თ----------–------ეს მიმღებმა - ადრესატის დედამ თ---- ხ-----–---–მა უარი განუცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, რის გამოც წერილობით კორესპონდეციას მიენიჭა სტატუსი ,,დაბრუნებულია გამომგზავნთან'', იმავე მისამართზე 22.11.2016 წ. 12:24 სთ-ზე კურიერ ნ-----------------ეს მიმღებმა (დედა თ---- ხ-----–---–ი) უარი განუცხადა გზავნილის ჩაბარებაზე რის გამოც წერილობით კორესპონდეციას მიენიჭა სტატუსი ,,დაბრუნებულია გამომგზავნთან“. კურიერ გ--------–------ის მიერ 28.11.2016 წ. 10:41 სთ-ზე კვლავ განხორციელდა ვიზიტი წერილობით კორესპონდეციის ჩაბარების მიზნით და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს ს--------------ს, თუმცა წერილობით კორესპონდეციას კვლავ მიენიჭა სტატუსი „დაბრუნებულია გამომგზავნთან“. მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა დედის - თ---- ხ-----–---–ის (დაბადებული 2--------- წ.) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა გაცემული შპს „ქ--------–-–---–-------–-------–-----–----ის“ მიერ, საიდანაც დგინდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას აქვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამასთან, საქმის განხილვისას ასევე დადასტურდა, რომ მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დაბა ს------ი, ს--------------------------------------–-----–--------------------------------.
2.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების ვადა აითლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან. სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე №ბს-854-836 (კ-12), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, ვის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანომდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დასაცავად. სწორედ აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადების ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის ათვლა არ ხდება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან. აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დასაცავად მნიშვნელოვანია აქტის ძალაში შესვლის მომენტის განსაზღვრა. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით არის შესაძლებელი, აქტი უნდა შეიცავდეს მითითებას მისი გასაჩივრების წესის შესახებ. სწორედ აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე იწყება მისი გასაჩივრების ვადების ათვლა. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება“. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადების ათვლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სზაკ-ის 94.2 მუხლი დამატებით ადგენს, რომ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, რომლის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც აქტის ადრესატისთვის ინდივიდუალური გაცნობა სირთულეებთან ან დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია სზაკ-ით გათვალისწინებული აქტის ოფიციალური გაცნობის ერთ-ერთი სახეობის (კერძოდ, აქტის გადაცემა (58-ე მუხ.), გამოქვეყნება შესაბამისი ორგანოს ბეჭდვით ორგანოში(56-ე მუხ.), საჯაროდ გამოცხადება (57-ე მუხ.)) გამოყენება. აქტის ოფიციალური გაცნობის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს სზაკ-ის 55-58-ე მუხლებს და სპეციალურ კანონმდებლობაში მოცემულ თავისებურებებს“.
გასაჩივრების უფლება მოიცავს პრეზუმფციას, რომ პირისათვის ცნობილია აქტის შინაარსი. აქტის ოფიციალურად გაცნობით მისთვის ცნობილი ხდება რა გახდა უარის თქმის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივის საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის/სარჩელის უფლების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სხვა უფლების და ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს, რაც განაპირობებს საჩივრის უფლების დაცვის უზურნველყოფის აუცილებლობას. სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. იმ მომენტამდე გასაჩივრების ვადის დინების ათვლის დაწყება, ვიდრე პირს არ მისცემია აქტის შინაარსის ოფიციალური წყაროს მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა, უხეშად არღვევს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს.
2.14. სასამართლომ განმარტა, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის კონსტიტუციურ გარანტს ჰქმნის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი ასახულია „საერთო სასამართლოების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.11.2009წ. გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' II, 1). სასამართლომ განმარტა, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებასა და უფლების სასამართლო წესით წესით დაცვის შესაძლებლობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013 წ. გადაწყვეტილება №3/1/531 საქეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II, 3). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი (ისევე როგორც ეროვნული კანონმდებლობა), სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება არის იურისდიქციული საქმიანობის სახეობა, რომელიც ეხება დავის გადაწყვეტას, კონფლიქტის გადაჭრას, დარღვეული უფლების აღდგენას ან კანონიერი ინტერესის დაცვას, სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მხარისათვის გაცნობის პროცესის ორგანიზაციის, აპარატის საქმიანობის ორგანიზაციის საკითხი მმართველობის სფეროს განეკუთვნება და სცილდება დავის საგანს და სასამართლო საქმიანობის სფეროს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-246-243 (კ-14)).
სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების არსებობის პირობებში, მოპასუხე მხარის პოზიცია სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა, სადავო აქტში მითითებული გარემოებები, რამეთუ საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ სადავო აქტბის შესახებ ობიექტური გარემოების გამო ვერ გახდებოდა ცნობილი მოსარჩელე მხრისათვის, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და შეაფასოს, რამდენად ობიექტურად იქნა მიღებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2.15. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში №ბს-180-177(კ-15) განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''.
სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად არ იქნა გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება. სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასებისშედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
2.16. სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს: 1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად; 2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას“. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას _ მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო დაადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის.“
განსახილველ შემთხვევში სასამართლომ მიაჩნია, რომ დარღვეულია ბალანსი კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც დაცვის ღირსი ინტერესის საფუძველია და საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად უნდა მოხდეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემა, რომელიც თავის მხრივ არ გამოიწვევს პირის კანონიერ უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. შესაბამისად, სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 ნოემბრის N0---- დადგენილებით ზ----- ნ-----–---–ი დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, ს-----------------ში, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19, მე-20, 22-ე ნაწილებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, აპელანტი აღნიშნავს, თუკი დაინტერესებული მხარისათვის ადმინისტრაციული აქტის ჩაბარება ვერ ხერხდება მისთვის გადაცემით ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნით, არსებობს ჩაბარების ალტერნატიული საშუალება - ადმინისტრაციული აქტის განთავსება ობიექტის ფასადზე, რასაც კანონმდებლობა განიხილავს ადმინისტრაციული აქტის გაცნობად. ამასთან, განთავსების გზით ადმინისტრაციული აქტის ჩაბარებად მიჩნევა შესაძლებელია, თუკი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან არსებობდა მცდელობა მხარისათვის დოკუმენტი გადაეცა პირადად ან ფოსტის მეშვეობით.
აპელანტი მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 ნოემბრის N0----- დადგენილება ზ----- ხ-----–---–ს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით 2016 წლის 21 ნოემბერს, რომელიც მას არ ჩაბარდა. უკუგზავნილზე კი ჩაუბარებლობის მიზეზად აღნიშნულია, რომ ადრესატის დედამ - თ---- ხ-----–---–მა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ არსებობდა ადრესატისათვის გზავნილის პირადად ჩაბარების მცდელობა. ამდენად, არსებობდა N0----- დადგენილების თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით ჩაბარების ფაქტობრივი წინაპირობა. შესაბამისად, აღნიშნული დადგენილება მხარისათვის გაცნობის მიზნით 2016 წლის 30 ნოემბერს განთავსდა ობიექტზე, რაც მოქმედი კანონმდებლობით ნიშნავს ადმინისტრაციული აქტის ოფიციალურად გაცნობას და დადგენილების გასაჩივრების 15-დღიანი ვადა უნდა აითვალოს 2016 წლის 30 ნოემბრიდან. ადმინისტრაციული საჩივარი კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილია 2017 წლის 10 თებერვალს. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ გასული იყო N6------ დადგენილების გასაჩივრების ვადა, ამასთან, არ დასტურდებოდა ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 28 მარტის N1---- ბრძანებით ზ----- ნ-----–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი.
აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 ნოემბრის N0----- დადგენილების შესახებ მხარისათვის ობიექტური გარემოების გამო ვერ გახდებოდა ცნობილი. ერთადერთი მტკიცებულება, რომელზეც სასამართლო უთითებს, არის მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი შპს „ქ--------–-–---–-------–-------–-----–----ის“ მიერ გაცემული ცნობა თ---- ხ-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ პიროვნებას აქვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცნობა ვერ იქნება მიჩნეული რელევანტურ მტკიცებულებად, რადგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, რომლითაც განუხილველი დარჩა ზ----- ხ-----–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი, დათარიღებულია 2017 წლის 28 მარტით, ცნობა კი გაცემულია სადავო აქტის გამოცემის შემდგომ - 2017 წლის 28 აპრილს, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროს ადმინისტრაციული ორგანო ვერ იმსჯელებდა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც აქტის გამოცემისას არ არსებობდა. ამასთან, აღნიშნული ცნობა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროსაც რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, მაინც იარსებებდა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზ----- ხ-----–---–ისთვის 2017 წლის 16 თებერვალს გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენცია 2017 წლის 17 თებერვალს ჩაიბარა თ---- ხ-----–---–მა. ამასთან, ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე მას ძალიან ნათლად და გარკვევით აქვს ხელი მოწერილი. შესაბამისად, მითითება, რომ სადავო დადგენილების ჩაბარებაზე უარის გაცხადების მიზეზი მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა გახდა, ვერ იქნება გაზიარებული. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 28 მარტის N1---- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2011 წლის 11 მარტის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ს-----------------ში მდებარე 2---- კვ.მ. უძრავი ნივთის (ნაკვეთი №0-----, საკადასტრო კოდი №0---------------) მესაკუთრედ ირიცხება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 04.03.2011 წ. №0-------- წერილი.
4.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 ივლისს ზ----- ხ-----–---–ის მიმართ შედგენილ იქნა მითითება მასზედ, რომ ქ. თბილისში, ს-----------------ში, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე (ს.კ. 0---------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია ლ---------------------–ია, ბოძები მ-------–------- (ღობე), ხ-----–----ი, დროებითი და კაპიტალური შენობა-ნაგებობები. მითითებით ადრესატს დაევალა სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან/და უსაფრთხოების წესების დაცვით დემონტაჟის განხორციელება.
4.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედახმედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 12 სექტემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ მითითების ადრესატის მიერ არ შესრულებულა მასში გათვალისწინებული პირობები.
4.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 11 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №0-----, რომლითაც ზ----- ხ-----–---–ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ს-----------------ში (ნაკვეთი 0-----), №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის. ამავე დადგენილებით ზ----- ხ-----–---–ს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის, დროებითი შენობა-ნაგებობის, მ-------–------------ისა და ხ-----–---ის დემონტაჟი.
4.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 ნოემბრის №0----- დადგენილება ზ----- ხ-----–---–მა 2017 წლის 10 თებერვალს N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №1---- ბრძანებით საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველი, საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევაზე მითითებით.
4.9. დადგენილია, რომ ზ----- ხ-----–---–ისთვის თბილისის მერიის მიერ 2016 წლის 21 ნოემბერს გაგზავნილი უკუგზავნილი უკან დაუბრუნდა გამომგზავნს, ვინაიდან მიმღებმა უარი განაცხადა ჩაბარებაზე. საფოსტო უკუგზავნილის შესაბამისად, ადრესატის დედამ - თ---- ხ-----–---–მა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. ადრესატის მისამართად აღნიშნულია: დაბა ს------ი, ს---------------------------------–-----–--------------------------------–----ი.
4.10. 2016 წლის 30 ნოემბერს სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ შედგენილია ოქმი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ, რომლის თანახმად, ზ----- ხ-----–---–მა თავი აარიდა N0----- დადგენილების ჩაბარებას, რის გამოც მითითებული დადგენილება განთავსდა ობიექტზე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.11. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №1---- ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ამრიგად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობდა ზ----- ხ-----–---–ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები.
4.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი 25-ე მუხლის მე-17 ნაწილით დადგენილია, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს. ამავე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე. იმავე მუხლის მე-20 ნაწილით დაზუსტებულია, რომ თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლია – ბინის მთავარი შესასვლელი.
4.14. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ადრესატისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა, რაც გულისხმობს აქტის ადრესატისთვის გადაცემას/ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ამასთან, გამონაკლისის სახით, როდესაც დადგენილებაში მითითებული მხარისათვის დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, შესაძლებელია განხორციელდეს ასეთი დადგენილების დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, რაც ასევე ჩაითვლება აქტის ოფიციალურ გაცნობას.
4.15. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების პირისათვის დადგენილი წესით გაცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირის კანონით დადგენილი უფლებების დაცვისა და გარანტირებულობისათვის, რადგან სწორედ აქტის გაცნობას უკავშირდება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა. კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი 25-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისთვის ჩაბარებასთან, კანონმდელობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რასაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყება, ისე აქტის გამოცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გაგების შესაძლებლობა.
4.16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 ნოემბრის №0----- დადგენილება 2016 წლის 30 ნოემბერს განთავსდა ობიექტზე. სწორედ ამ თარიღს უკავშირებს აპელანტი დადგენილების გასაჩივრების ვადის ათვლას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, მართალია, ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილზე დადგენილების განთავსებას სპეციალური კანონმდებლობა მიიჩნევს აქტის ოფიციალურ გაცნობას, მაგრამ აქტის გაცნობის ეს შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც დადგენილების ადრესატისთვის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება. ამრიგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავდაპირველად უნდა სცადოს დაინტერესებული პირისთვის აქტის დადგენილი წესით პირადად გადაცემა/ფოსტით გაგზავნა, ხოლო თუკი აღნიშნული უშედეგო აღმოჩნდება, მხოლოდ შემდეგ არის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი, რომ განათავსოს აქტი თვალსაჩინო ადგილას. განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ, ერთი მხრივ, ზ----- ხ-----–---–ისთვის ფოსტის მეშვეობით დადგენილების ჩაბარების მცდელობას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ადგილი (2016 წლის 28 ნოემბერს), მეორე მხრივ კი, საფოსტო უკუგზავნილის შესაბამისად, ადრესატის დედამ - თ---- ხ-----–---–მა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, საქმეზე წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით კი დგინდება, რომ თ---- ხ-----–---–ს აქვს მხედველობის პრობლემები. ამრიგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების უფლება წარმოადგენს რა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესუალურ უფლებას, რომლის რეალიზებაც პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება აქტის ოფიციალურ გაცნობას, საკითხის გადაწყვეტა არ უნდა მომხდარიყო ფორმალურად, არამედ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვებამდე უნდა შეეფასებინა და გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რამდენად წარმოადგენს ფოსტის მეშვეობით მხოლოდ ერთხელ აქტის ადრესატისთვის ჩაუბარებლობა ამ აქტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების წინაპირობას, როდესაც აქტი არ ჩაიბარა ადრესატის, მხედველობის პრობლემების მქონე დედამ, რომელსაც შესაძლებელია, რეალური შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ინფორმაცია, თუ რა სახის გზავნილის ჩაბარება ხდებოდა მისთვის.
4.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №1---- ბრძანება გამოცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა, რამდენად არსებობდა დადგენილების ობიექტზე განთავსების ფაქტობრივი წინაპირობები; არ შეაფასა მოცემულ საქმეში არსებული, აქტის ადრესატისთვის ჩაბარების ხარვეზები და ისე მიიღო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ბრძანება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხი გადაწყვეტილია მართებულად. კერძოდ, აპელანტმა უნდა უზრუნველყოს წარდგენილი საჩივრის შესწავლა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი ტყავაძე