განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030210019002231494
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-145-2019 21 მაისი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ხობის მუნიციპალიტეტი
წარმომადგენელი - ჯ--------------, ხ--------------------ე
მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი - შპს შ-----გ----–--ი პ------–-
წარმომადგენელი - ფ------------–--ე
დავის საგანი - პირგასამტელოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება და 2018 წლის 4 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - 1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; 1.2. დამატებითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,შ-----გ----–--ი პ------–-ს’’ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა, პირგასამტეხლოს სახით - 1374.25 ლარის ანაზღაურება, რომელიც ჩაირიცხა შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინის ანგარიში: 200 122 900, სახემწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების კოდი: 300 403 254. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით შპს ,,შ-----გ----–--ი პ------–-ს’’ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,შ-----გ----–--ი პ------–-ს სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 492.83 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძვლებია: 2.1. 2014 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ N159/1, ერთის მხრივ, ხობის მუნიციპალიტეტი (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ, შპს ,,შ-----გ----–--ი პ------–-’’ (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’), ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, შემსყიდველის მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის შედეგად დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ.ხობში, გ--------–-- ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები და ექსპერტიზა, და ქ.ხობში, ბ-------–---–-- ქუჩის მოასფალტების სამუშაოები და ექსპერტიზა. ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტით, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით ან განუსაზღვრავს სამუშაოს დასრულებისათვის დამატებით ვადას არაუმეტეს 30 დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით. 2.1.1. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2015 წლის 23 აპრილის N5001975015 დასკვნის თანახმად, შპს ,,შ-----გ----–--ი პ------–-ს’’ მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ. ხობში, გ--------–-- ქუჩაზე გზის საფარის მოწყობაზე შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება მოცემულია დანართი N1-ში და შეადგენს 454816.66 ლარს. ვიზუალური დათვალიერების თანახმად შესრულებული სამუშაოების ხარისხი დაკმაყოფილებულია, გადახრები ნორმაშია. 2018 წლის 4 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძვლებია: 2.2. 2018 წლის 15 იანვარს შპს ,,შ-----გ----–--ი პ------–სა“ და ადვოკატებს: ფ------------–--ეს და გ----–--–---ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურება. აღნიშნული მომსახურების საფასური განისაზღვრა 2500 ლარით. 2.2.1. 2018 წლის 09 აგვისტოს N1838 საგადახდო დავალების შესაბამისად, შპს ,,შ-----გ----–--ი პ------–მა“ გადარიცხა 2500 ლარი, საადვოკატო მომსახურების თანხა გ----–--–--ის სახელზე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლებია: 2.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ანუ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. 2.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულა. ამიტომ ,,შემსყიდველს’’ უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს დაკისრება და ოდენობის განსაზღვრა. 2.1.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მხარე ვალდებულია ამტკიცოს სადავო პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა. დადგინდა, რომ შესყიდვის ობიექტის მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენდა 454984.20 ლარს. 2015 წლის 22 იანვრისათვის შესრულდა - 75 327.91 ლარის სამუშაოები; 2015 წლის 05 თებერვლისათვის შესრულდა - 224 298.73 ლარის სამუშაოები; 2015 წლის 11 მარტამდე შესრულდა - 70000 ლარის სამუშაოები, ანუ სულ (75327.91+224 298.73+70000=369 626.64) 369 626.64 ლარის სამუშაოები. 2015 წლის 11 მარტს მოპასუხის მხრიდან ვადის თვალსაზრისით ვალდებულება დაირღვა. 2015 წლის 11 მარტისათვის შესრულებული იყო 369 626.64 ლარის სამუშაოები. 2.1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობით. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორს დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. ამდენად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 2.1.6. როგორც ირკვევა 2015 წლის 11 მარტისათვის დარჩენილი იყო (454984.20-369 626.64)= 85 357.56 ლარის სამუშაო, რომლის ერთი დღის 0.07% შეადგენს 59.75 ლარს. 2.1.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში. ვალდებულების დარღვევის პერიოდი უნდა განისაზღვროს 2015 წლის 11 მარტიდან ამავე წლის 03 აპრილამდე (მიღება-ჩაბარებისა და თანხის განაღდების პერიოდი) ანუ 23 დღე, რომელიც უნდა გამრავლდეს 59,75 ლარზე, რაც შეადგენს 1374,25 ლარს, სწორედ ეს თანხა წარმოადგენს გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობას. 2018 წლის 4 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლებია: 2.2.2. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იცნობს ისეთ ცნებას, როგორიცაა ,,ხარჯების ანაზღაურება“. ამ ხარჯებში იგულისხმება ადვოკატის (წარმომადგენლის) დახმარების გამო გადასახდელი ხარჯები. ადვოკატის (წარმომადგენლის) დახმარების გამო გადასახდელი ხარჯები შეადგენს ხარჯების ცალკე ჯგუფს, რომელთაც კანონი სასამართლოს გარეშე ხარჯებს უწოდებს. მართალია, სასამართლოს გარეშე ხარჯები არ მიეკუთვნება საკუთრივ სასამართლო ხარჯებს, მაგრამ ეს ხარჯები მხარეებს ეკისრებათ სამოქალაქო საქმეთა სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით. ამ ხარჯების ანაზღაურებით უფრო მეტადაა გარანტირებული პროცესში მხარეთა უფლებების რეალური დაცვა მაგრამ სახელმწიფო ბაჟის და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან განსხვავებით ადვოკატის მომსახურების ანაზღაურება პირდაპირაა დამოკიდებული მხარეთა ნების გამოვლენაზე. კანონის თანახმად, მხარეს უფლება აქვს საქმე სასამართლოში აწარმოოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლად მხარეს შეუძლია აირჩიოს ადვოკატი, ან სხვა ქმედუნარიანი პირი. ყველა შემთხვევაში წარმომადგენლის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება ხდება შეთანხმების საფუძველზე. 2.2.3. წარმომადგენლის იურიდიული დახმარების გამო გადახდილი ხარჯების ანაზღაურება იმ მხარისთვის, რომელმაც ეს ხარჯები გასწია, დამოკიდებულია კონკრეტული სამოქალაქო საქმის განხილვის შედეგზე. კერძოდ, სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, როცა დავა ქონებრივია, ხოლო არაქონებრივ დავებში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით. შესაბამისი თანხის ოდენობა, რომელიც გადახდევინებულ უნდა იქნას მეორე მხარისაგან, კანონით არ არის დაზუსტებული და მყარი თანხით განსაზღვრული. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ხარჯების ოდენობას ადგენს სასამართლო კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით და გონივრულ ფარგლებში. ამიტომ, კონკრეტული თანხის განსაზღვრა, რომელიც უნდა გადახდეს მეორე მხარეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. დავის საგნის ფასს წარმოადგენდა 13695.02 ლარი, 2018 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი ნაწილობრივ და შპს ,,შ-----გ----–--ი პ------–-ს’’ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა, პირგასამტეხლოს სახით - 1374.25 ლარის ანაზღაურება. დავის საგნის ფასსა და დაკმაყოფილებულ მოთხოვნას შორის სხვაობა არის 12320 ლარი. აღნიშნული თანხის 4% - 492 ლარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილებები გაასაჩივრა ხობის მუნიციპალიტეტმა, ხოლო შპს შ-----გ----–--ი პ------–მა გაასაჩივრა დამატებითი გადაწყვეტილება: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ხობის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივრის საფუძვლებია: 3.1. ხობის მუნიციპალიტეტსა და შპს „შ-----გ----–--ი პ------–“-ს შორის, შემსყიდველის მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, 2014 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულია ქ. ხობში გ--------–-- ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაო. შესყიდვის ობიექტის ღირებულება შეადგენს (დღგ-ს ჩათვლით) 454984.20 ლარს (ოთხას ორმოცდათოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი ლარი და ოცი თეთრი). 3.1.1. მიმწოდებელმა სამუშაოს დასრულებაზე „შემსყიდველს“ მიმართა 2015 წლის 3 აპრილის N01/056 წერილით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებამ შეისწავლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის უფროსის წინადადება (მოხსენებითი ბარათი: N10/852 1.05.2015 წ.) პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და დაასკვნა, რომ ქ. ხობში გ--------–-- ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები და ექსპერტიზის დასკვნის მიწოდება მიმწოდებლის მიერ ვერ განხორციელდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ: ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული სამუშაოების დროული შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს „შემსყიდველისთვის“ უნდა მიემართა არაუგვიანეს 2015 წლის 11 მარტისა (თუ არ ჩავთვლით სამუშაოს ადრე შესრულებას, რასაც ადგილი არ ჰქონია). მიმწოდებელმა შემსყიდველს მიმართა 2015 წლის 3 აპრილის (№07/348 03.04.2015 წ.) წერილით და წარმოადგინა დასრულებული სამუშაოს დასამოწმებელი აქტი (ფორმა N2), რაც სამუშაოს შესრულებად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც N159/1 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებებიდან 11 მარტამდე იყო წარმოსადგენი, როგორც სამუშაოს დასრულების აქტი, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, ამდენად ვალდებულების შესრულება უნდა აითვალოს 2015 წლის 23 აპრილიდან, როცა წარმოდგენილ იქნა შესრულებულ სამუშაოზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა, შესაბამისად სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებად უნდა ჩაითვალოს 2015 წლის 11 მარტიდან 2015 წლის 23 აპრილამდე პერიოდი რაც 43 კალენდარულ დღეს შეადგენს. ამდენად, მიმწოდებელმა 43 დღით გადააცილა სამუშაოს შესრულებისთვის ხელშეკრულებით გათვალიწინებულ ვადას. 3.1.2. სასამართლო თავის არგუმენტს ამყარებს შუალედური აქტებით წარმოდგენილ სამუშაოთა შესრულების მოცულობაზე და განმარტავს, რომ შუალლედური აქტების საფუძველზე 11 მარტისთვის შესრულებული იყო სამუშაოთა 85%, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. 2015 წლის 11 მარტის მდგომარეობით შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შუალედური აქტი წარმოდგენილი არ არის, ხოლო 2015 წლის 5 თებერვლის შუალედური აქტით შესრულებულია 454 984.20 ლარის სამუშაოდან 299 626 ლარი 70 თეთერი. შემდეგი აქტი, რომელიც შედგენილია 2015 წლის 25 მარტს შესრულებულია შესრულებული სამუშაოს ღირებულების 454 984.20 ლარის სამუშაოდან შესრულებული აქვს 389 474,57 ლარის სამუშაო და დარჩენილია 65 509.63 ლარის ღირებულების მოცულობის პროპორციით სამუშაო, მაგრამ რადგანაც არ არის შესრულებული სამუშაოს ღირებულება 2015 წლის 11 მარტის მდგომარეობით ნაჩვენები. 3.1.3. სასამართლო ნაწილობრივ სწავლობს წარმოდგენილ დოკუმენტებს: 1. 43 ვადაგადაცილებული დღის ნაცვლად 23 ვადაგადაცილებულ დღეზე ახდენს აპელირებას; 2. პირგასამტეხლო გამოყავს 25 მარტის მდგომარეობით დარჩენილ სამუშაოდან და შპს „შ----გ----–--ს" აკისრებს 1374.25 ლარს, მაგრამ, თუ ფოთის საქალაქო სასამართლო დარჩენილი სამუშაოს მოცულობის პროპორციულობით გამოთვლის პირგასამტეხლოს, მაშინ სასამართლოს ვალდებულებაა ყოველმხრივ და სრულფასოვნად შეისწავლოს საკითხი, რის შემდეგადაც ვღებულობთ შემდეგ დასკვნას - თუ 2015 წლის 11 მარტის მდგომარეობით სამუშაოს შესრულების აქტი წარმოდგენილი არ არის, ხოლო უახლოესი აქტი შედგენილია 2015 წლის 5 თებერვალს და დარჩენილია სამუშაოს 454 984.20 ლარი - 299626.65 ლარი = 155 357.55 ლარის სამუშაო, ხოლო მომდევნო შუალედურ აქტამდე 11 მარტიდან 25 მარტამდე დარჩენილ 14 დღეში, სასამართლოს უნდა დაეკისრებინა 155 357.55 ლარის 0.07% = 1522.50 რასაც უნდა მიმატებოდა 25 მარტის შემდეგ დარჩენილი სამუშაოს 65 509.63 ღირებულების 0,07% ვადაგადაცილებულ 29 დღეზე - შეადგენს 1329.82 თეთრს. ამდენად სასამართლოს შპს „შ-----გ----–--ი პ------–-სთვის“, როგორც არაჯეროვანი შესრულებისთვის უნდა დაკისრებოდა 2852.32 ლარი რაც სასამართლოს მიერ ჯეროვნად გამოთვლილიც არ არის. 3.1.4. N159/1 ხელშეკრულების მე-10 მუხლის შესაბამისად, თუ შემსყიდველი არ გამოიყენებს ხელშეკრულების 10.3 მუხლის „ბ“ პუნქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის შემგდომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,07%-ს. ამდენად, შპს „შ-----გ----–--ი პ------–-“-ს ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულების 454984.20 ლარის 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (43 დღე), რაც მთლიანობაში შეადგენს 13 695,02 ლარს. 3.1.5. ამასთან სასამართლომ ცალმხრივად აღიქვა წარმოდგენილი სამუშაოს შესაბამისობა გეგმა გრაფიკის მიხედვით შესრულების უზრუნველყოფასთან. 3.1.6. კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ დროულად და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. მართალია, არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, მაგრამ შპს „შ-----გ----–--ი პ------–ს“ პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიემართა ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნდა. აღნიშნული მოთხოვნა მხარემ სწორედ დაამატა თავის შესაგებელს და არ წარმოადგინა შეგებებული მოთხოვნა, ამდენად საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება სასარჩელო მოთხოვნის ნაწილს არ წარმოადგენდა. აღნიშნულ სარჩელზე მხარემ მხოლოდ შესაგებელი წარმოადგინა 2017 წლის დეკემბერში რა დროისთვის შპს „შ-----გ----–--ი პ------–ს“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უკვე გადაცემული ჰქონდა ადვოკატებისთვის, ხოლო ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 15 იანვარს, ანუ მას შემდეგ რაც სარჩელზე მოსაზრებები, არგუმენტები და მტკიცებულებები უკვე შესაგებელში დაფიქსირებული იყო და ამ დროისთვის მხარისათვის ჩაბარებული იყო. 3.1.7. ამდენად სასამართლომ არ იმსჯელა, იმაზე ხომ არ ჰქონდა ადგილი თვალთმაქც - საცილო გარიგებას, ამდენად მხარეებს უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ. სხვა შემთხვევაში მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ხდება საქმის სირთულესთან გონივრულ შესაბამისობაში, მომსახურების ღირებულების განსაზღვრის დროს მნიშვნელობა არა აქვს მხარესა და იურიდიული დახმარების გამწევს შორის დადებულ ხელშეკრულებას. ამ საკითხის გადაწყვეტისათვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რა თანხა გადაუხადა მხარემ ადვოკატს, ვინაიდან მითითებული გარიგება არ შეიძლება სავალდებულოდ იქცეს მეორე მხარისათვის, რადგან იგი არ მონაწილეობდა ამ გარიგების დადებაში. შპს შ-----გ----–--ი პ------–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლებია: 3.2. პირგასმტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ხობის მუნიციპალიტეტსა (მოსარჩელე) და შპს შ-----გ----–--ი პ------–ს (მოპასუხე) 2014 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა ქ.ხობში, გ--------–-- ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებისა ბ-------–---–-- ქუჩის მოასფალტების სამუშაოების ჩატარების ვალებულება. 4.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეს უნდა შეესრულებინა 2015 წლის 11 მარტის ჩათვლით. 4.3. ხელშეკრულების 10.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ან მოეშალა ხელშეკრულება, ან - განესაზღვრა მოპასუხისათვის დამატებითი ვადა, 30 დღე, რა ვადაშიც მას უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,07%-ის ოდენობით. 4.4. მოპასუხემ სამუშაო 2015 წლის 11 მარტის ნაცვლად 2015 წლის 3 აპრილს დაასრულა, რის თაობაზეც მოსარჩელეს აცნობა. 4.5. შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ხარისხი შეამოწმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტმა. 4.6. დეპარტამენტის 2015 წლის 23 აპრილის დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების მოცულობამ შეადგინა 454816.66 ლარი და ვიზუალური დათვალიერების თანახმად შესრულებული სამუშაოების ხარისხი დაკმაყოფილებული იყო. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.7.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად შეამცირა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სწორად განსაზღვრა აპელანტის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გადასახელი თანხის ოდენობა. 4.8. პირველ ყოვლისა, პალატა ეთანხმება მოსარჩელეს, რომ მოპასუხემ ვალდებულების შესრულების ვადას 45 დღით გადააცილა. 4.8.1. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს სამუშაოს შესრულებისა და ექსპერტიზის ვადა 2015 წლის 11 მარტამდე განესაზღვრა. 4.8.2. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისათის მოპასუხეს, არა მარტო, სამუშაოები უნდა დაესრულებინა, არამედ აპელანტისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენაც უნდა უზრუნველეყო. 4.8.3. პალატის აზრით, მოპასუხის ეს ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის 1 ნაწილიდან გამომდინარეობდა და მას იგი უნდა შეესრულებინა. 4.9. როგორც აღინიშნა, მოპასუხემ მოსარჩელეს დასკვნა 2015 წლის 23 აპრილს წარუდგინა. ამის შედეგად, ვადაგადაცილებამ 45 დღე შეადგინა. 4.10. თუმცა, პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 10.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხეს საურავი ვადაგადაცილებიდან, მხოლოდ, 30 დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა. 4.10.1. საურავის გადახდის თაობაზე სხვაგვარ შეთანხმება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. 4.10.2. ამიტომ, დარჩენილი 15 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. 4.11. ასეც რომ არ იყოს, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. 4.11.1. პალატის აზრით, პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა და მისი ოდენობა დარღვეულ ვალდებულებასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. 4.12. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან“ – (სუსგ - საქმე #ას-164-160-2016; 28 ივლისი, 2016 წელი, პ. 68). 4.13. ამის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობაც დარღვეული ვალდებულების ოდენობიდან უნდა იქნას გამოთვლილი. 4.14. შესრულებული სამუშაოს შუალედურის აქტებით დგინდება, რომ 2015 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 299 626,65 ლარის ღირებულების სამუშაო ჰქონდა შესრულებული; 2015 წლის 23 მარტისთვის კი უკვე - 389 474,57 ლარის ღირებულების სამუშაო. 4.14.1. ამის შესაბამისად, ამ დროისათვის, სხვაობა შესრულებულსა და შეუსრულებელ სამუშაოს შორის 389 474,57-299 626,65=89 847,92 ლარი იყო, რაც შესაბამის გრაფაში ასახული არის კიდეც. 4.14.2. რომც მივიჩნიოთ, რომ მოპასუხემ ეს სამუშაო მთლიანად ბოლო დღეს, ე.ი. 2015 წლის 23 მარტს შეასრულა, 12 დღის ვადაგადაცილებისათვის გადასახდელი პირგასამტეხლო 89 847,92X0,07%X12=754,72 ლარს შეადგენდა. 4.15. მომდევნო შუალედური აქტი შედგენილი არის 2015 წლის 3 აპრილს და ამ დროისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მოპასუხეს უკვე დასრულებული ჰქონდა. 4.15.1. აქტის მიხედვით, 2015 წლის 23 მარტიდან 2015 წლის 3 აპრილამდე მოპასუხემ 65 504,95 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. 4.15.2. ამის შესაბამისად, ამ პერიოდში გადასახდელი პირგასამტეხლო 65 504,95X0,07%X11=504,38 ლარს შეადგენს. 4.16. ე.ი. სულ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 754,72+504,38=1259,1 ლარი უნდა გადაეხადა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებულზე ნაკლებია. 4.17. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 10.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადაგადაცილების გათვალისწინებით, პალატას საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, დარღვეულ ვალდებულებასთან, მიმართებით გონივრულად მიაჩნია. 4.18. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლომ ერთ-ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების თაობაზე უნდა იმსჯელოს შეგებებული სარჩელის არსებობის მიუხედავად. 4.18.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით სასამართლოს მოპასუხის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრების თაობაზე არ უმსჯელია. 4.18.2. ამის გამო, 2018 წლის 11 სექტემბერს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის წარმომადგენელმა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა. 4.18.3. სასამართლომ მოსარჩელეს ხარჯის ანაზღაურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებულ ფარგლებში დააკისრა. 4.19. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებები უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. ხობის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. 6.2. შპს შ-----გ----–--ი პ------–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მიერ მიერ სააპელაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა, 170-(2008X4%)=89,68 ლარი. 6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. 6.4. პალატის აზრით, აღნიშნული ნორმა ადგენს მთელი სამართალწარმოების პროცესში გაწეული ხარჯის ანაზღაურების მაქსიმალურ ზღვარს. ამ თანხის ანაზღაურება კი მოსარჩელეს უკვე დაკისრებული აქვს. ამის გამო, მისთვის თანხის დამატებით დაკისრების საფუძლები არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ხობის მუნიციპალიტეტისა და შპს შ-----გ----–--ი პ------–-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება;
3. ხობის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. შპს შ-----გ----–--ი პ------–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მიერ მიერ სააპელაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა, 89 ლარი და 68 თეთრი;
5. შპს შ-----გ----–--ი პ------–-ს წარმომადგენლის, ფ------------–--ის შუამდგომლობა ხობის მუნიციპალიტეტისათვის წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დამატებით დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
7. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე