განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/5755-18 15 მარტი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი – ს----------–---------------–-----------------------------------------------------------------------–------------------–--------------------------ი;
წარმომადგენელი – ი-----–- კ---–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე – პ-----ა ზ-------–---–ი;
წარმომადგენელი - ნ----- მ--------–-–---–ი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით, ერთპიროვნულად;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს რ--------–----------------------------------------------------------------------------–------------------–----------------------ენტს დაეკისრა მოსარჩელე პ-----ა ზ-------–---–ის სასარგებლოდ 4158 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი ფართით 4711 კვ.მ, ს/კ. 5-----------.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 11-12. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადაოდ არ ხდიან.
2.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 18.05.2017 წლის #3/55-17 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სარჩელი და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მოპასუხეს მიენჭა ექსპროპრირების გამოყენების უფლება მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებაზე 4711 კვ.მ-დან - 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სასამართლო გადაწყვეტილების ასლი ს. ფ. 14-30. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადაოდ არ ხდიან.
2.3. 2015 წელს განხორციელდა მოსარჩელის ქონების აღწერა, რა დროსაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სტატუსი იყო სასოფლო-სამეურნეო.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საინვენტარიზაციო ფორმა ს. ფ. 52-58. საჯარო რეესტრის ამონაწერი ს. ფ. 65-68. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადაოდ არ ხდიან.
2.4. 2016 წლის 19 ივლისს მოსარჩელის მოთხოვნით განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სტატუსი შეცვლა და უძრავი ქონების სტატუსად განისაზღვრა არასასოფლო-სამეურნეო.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი იხ. სფ. 70-71. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადაოდ არ ხდიან.
2.5. მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხა შეადგენს 10331 ლარს, საიდანაც 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულებაა - 5940 ლარი, შენობა-ნაგებობის ღირებულება - 2318 ლარი, ნარგავების ღირებულება - 1021 ლარი, მძაფრი ზემოქმედების კომპენსაცია - 930 ლარი, საჯარო რეესტრის ხარჯები - მიწის ნაკვეთის გამიჯვნის ღირებულება -102 ლარი, რასაც გამოაკლდა რეგისტრაციის ღირებულება რა ნაწილშიც მოპასუხე გათავისუფლებული იყო უძრავი ქონების რეგისტრაციის ხარჯებისაგან.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის წერილის ასლი იხ. სფ. 59. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადაოდ არ ხდიან.
2.6. მოსარჩელისათვის საკომპენსაციო თანხის გადაცემა/ჩარიცხვა მოხდა აღწერის დროს 2015 წელს არსებული უძრავი ქონების სტატუსის შესაბამისად, როგორც სასოფლო-სამეოურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულებად განისაზღვრა 3.30 ლარი. მოპასუხეს სამართლიან ანაზღაურებად მიაჩნია არასასოფლო-სამეურნეო სტატუსის შემთხვევაში 1 კვ.მ.-ზე 5.61 ლარი, რა ოდენობითაც ხდებოდა მოპასუხის მიერ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების კატეგორიის მიწის ნაკვეთის შემთხვევაში ღირებულების დაანგარიშება.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
განსახლების სამოქმედო გემის ელ ვერსია ს. ფ. 118. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადაოდ არ ხდიან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.7. მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ ექსპროპრიაციის უფლების გამოყენების დროისათვის 14.07.2016 წელს წინასწარ 27.06.2017 წელს გადახდილი უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა არ წარმოადგენს სრულ და სამართლიან ანაზღაურებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 102.2. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, 2015 წელს განხორციელდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების აღწერა, 19.07.2016 წელს განხორციელდა მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე სტატუსის შეცვლა, ხოლო მოპასუხეს ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა 18.05.2017 წელს, ანუ იმ დროს როდესაც უძრავ ქონებას სტატუსი შეცვლილი ჰქონდა სასოფლო სამეურნეო არასასოფლო სამეურნეოთი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საექსპროპრიაციო ფასს და მიიჩნევენ მას სამართლიან ანაზღაურებად 1 კვ.მ.-ზე 5.61 ლარის ოდენობით. მოსარჩელისათვის საექსპროპრიაციო 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ანაზღაურება განხორცილდა 3.30 ლარის გადაანგარიშებით, სადავოა მხოლოდ ის გარემოება, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს უფლება შეეცვალა უძრავი ქონების სტატუსი მას შემდეგ, რაც განხორციელდა მოპასუხის მიერ 2015 წელს უძრავი ქონების აღწერა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა სტატუსის შეცვლასთან მიმართებით მოსარჩელის ქმედების არაკეთილსინდისიერება ან კანონისმიერ ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში შეზღუდვა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ფაქტები და გარემოებები, რომელზეც ამყარებდა თავის შესაგებელს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის 2.1 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ის უფლება.
ამავე კანონის 3.1 პუნქტით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 18.05.2017 წლის გადაწყვეტილებით ს----------–------------------–--------------------------ს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება პ-----ა ზ-------–---–ის საკუთრებაში არსებული 4711 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 5-----------) ნაწილზე - 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობზე.
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის 6.1 პუნქტის თანახმად, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი ქონების მესაკუთრეს წარუდგენს წინადადებას ქონების შეძენისა და ამ ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის მიმდინარეობდა წერილობითი კომუნიკაცია ქონების შეძენისა და მისი კომპენსაციის წესის შესახებ. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე მხარემ მიუხედავად უძრავი ქონების სტატუსის ცვლილებისა, მოსარჩელეს შესთავაზა საკომპენსაციო თანხად სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის განსაზღვრული თანხა, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმებოდა.
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის 8.1 პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მე-9 პუნქტის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს სასამართლოს დასკვნას საექსპროპრიაციო ქონების, ასევე ამ ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო.
რაც შეეხება კომპენსაციას, მისი განმარტება მოცემულია ზემოაღნიშნული კანონის პირველივე მუხლში. კერძოდ, კომპენსაცია არის მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით გათვალისწინებული წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება საკომპენსაციო თანხის გადახდით ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემით.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის აუცილებლობას უკავშირებს იმ შემთხვევას, როდესაც ქონების ჩამორთმევის შემთხვევაში არ ხდება მესაკუთრისათვის სხვა ქონების გადაცემა. რაც შეეხება კომპენსაციას, კანონის დათქმით, ქონების ჩამორთმევის დროს კომპენსაციის შემთხვევაში უნდა მოხდეს მესაკუთრისათვის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს საქართველოს კონსტიუციის 21 მუხლი.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ კომპენსაციის სახით მოპასუხის მიერ 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ პ-----ა ზ-------–---–ს ჩაერიცხა მიწის ნაკვეთის ღირებულების სახით 5940 ლარი, ნაცვლად 10098 ლარისა, რაც არ იყო მხარეთა შორის შეთანხმებული საზღაური, რა შემთხვევაშიც მოპასუხეს უნდა მიემართა სასამართლოსათვის სამართლიანი ფასის განსაზღვრის მოთხოვნით და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგ მოეხდინა სასამართლოს მიერ მისთვის მინიჭებული ექსპროპრიაციის უფლებამოსილების გამოყენება, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა სამართლიანი ანაზღაურების წინასწარ გადახდა ექსპროპრიაციამდე და არა მოპასუხისათვის მისაღები ფულადი თანხის ჩარიცხვა მესაკუთრისათვის ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება და ექპროპრიაციის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რასაც ამ შემთხვევაში ქონდა ადგილი, რის გამოც მესაკუთრეს მოუწია სასამართლოსათვის მიმართვა სასამართლიანი ანაზღაურების დადეგნის მოთხოვნით. უდაოდ დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის აღწერა განხორციელდა 2015 წელს, უძრავი ქონების სტატუსის შეცვლა 2016 წელს, ხოლო მოპასუხისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება და გამოყენება მოხდა 2017 წელს.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ექსპროპრიაციის დროისათვის უძრავ ქონებას სტატუსი შეცვლილი ჰქონდა, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი საკომპენსაციო თანხა დაენგარიშებინა უძრავი ქონების ძველი სტატუსის შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუციის 21.2-ე მუხლის თანახმად, უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ანაზღაურება სრული და სამართლიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე კომპენსაციის სახით მიიღებს იმ დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურს, რა დანიშნულების მიწის ნაკვეთიც მას ჩამოერთვა ექსპროპრიაციის შედეგად. ხოლო საქმეში არსებული დოკუმენტებით დადგენილია ის ფაქტი, რომ ექსპროპრიაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას პ-----ა ზ-------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უკვე იყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით). აღნიშნული მოსაზრება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შემდეგი გარემოების გამო:
საქმეზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ეთანხმებოდა (საინვენტარიზაციის ფორმაზე, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერით) მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დანიშნულებას (სასოფლო-სამეურნეო) აღწერა-ინვენტარიზაციის დროს. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ იგი ეთანხმება ზოგადად შეფასებას, მაგრამ ითხოვს სტატუსის შესაფერის ანაზღაურებას. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა, რომ აღწერა-ინვენტარიზაციის პერიოდიდან, სასამართლო სხდომის გამართვის დრომდე, მიწის ნაკვეთს რეალურად არ შეუცვლია ფუნქცია და იყენებს იგივე დანიშნულებით რა დანიშნულებითაც იყენებდა აღწერა-ინვენტარიზაციის პერიოდში. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა დეპარტამენტის განმარტება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ განსახლების გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთს ღირებულება ემატება არა საჯარო რეესტრის ამონაწერში მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვლით, არამედ ქონების დანიშნულების/ფუნქციის შეცვლით, ვინაიდან განსახლების გეგმაში (გვ. 75, პუნქტი 159) მითითებულია, რომ შემფასებელმა მიწის კომპენსაციის ოდენობა დაადგინა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ნაკვეთების განლაგების (და არა საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული სტატუსის) გათვალისწინებით (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, საპროექტო გზის კორიდორი). მიწა თავად დაყო სამ ტიპად: სასოფლო-სამეურნეო (ურწყავი სახნავი), საკარმიდამო და საწარმოო/კომერციული, მიწის ნაკვეთის რეალური დანიშნულების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიწის ნაკვეთს რეალურად არ შეუცვლია ფუნქცია და იყენებს იგივე დანიშნულებით რა დანიშნულებითაც იყენებდა აღწერა-ინვენტარიზაციის პერიოდში, განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც განხორციელდა უძრავი ქონების შეფასება, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო სამეურმეო ტიპის ნაკვეთს, მიუხედავად იმისა შეიცვალა თუ არა საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის სტატუსი
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებები/მტკიცებულებები. აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება სიმართლეს, დეპარტამენტმა სასამართლოს წარუდგინა განსახლების გეგმა, რომელიც შედგენილია საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების (კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტი) ფარგლებში. დეპარტამენტის მიერ, ასევე წარდგენილი იყო ყველა ის დოკუმენტი, რითიც დასაბუთებული იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელეს წარედგინა დოკუმენტაცია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის განზრახვასთან და შემდგომ ექსპროპრიაციის პროცედურებთან დაკავშირებით, მათ შორის განსახლების გეგმა, შეფასების ანგარიში და ინვენტარიზაციის აქტი. ყველა დოკუმენტში მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთს, რისი შეფასებაც მოხდა დადგენილი წესით, განსახლების გეგმის შესაბამისად. მოსარჩელე ინფორმირებული იყო (აღწერა-ინვენტარიზაციის აქტის შედგენის მომენტში მოქალაქის ინფორმირება, საჯარო შეხვედრები, მედიაცია) იმასთან დაკავშირებით, რომ მესაკუთრესათვის შეთავაზებული საკომპენსაციო ღირებულების დაანგარიშება განხორციელდა პროექტის ფარგლებში შედგენილი განსახლების გეგმის შესაბამისად, ქონების ინვენტარიზაციის პერიოდში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება მოხდებოდა იმ მდგომარეობით, როდესაც მოხდა მოსარჩელის ქონების ინვენტარიზაცია. მოსარჩელემ ზუსტად იცოდა ანაზღაურების პროცედურების შესახებ და შეგნებულად, მხოლოდ მეტი თანხის მიღების მიზნით შეუცვალა მიწის ნაკვეთს დანიშნულება (მიწის ნაკვეთი რეალურად, სასოფო-სამეურნეო დანიშნულების იყო, დეპარტამენტის მიერ თანხის ჩარიცხვის დროსაც). სასამართლომ ამ შემთხვევაში დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომელზეც თავად საუბრობს გადაწყვეტილებაში და მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები მიიღო მტკიცებულებად, ხოლო დეპარტამენტის მიერ წარდმოდგენილი არცერთი დოკუმენტი არ გაითვალისწინა/შეაფასა (მათ შორის, საინვენტარიზაციის ფორმა, ინდივიდუალური შეფასება, განსახლების გეგმა, მხარეთა ახსნა-განმარტებები).
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ არ გაითვალისწინა შეჯიბრებითობის პრინციპი, ასევე უგულვებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო, კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე. სასამართლომ ასევე არ განიხილა/იმსჯელა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და გადაწყვეტილებაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიუთითა, რომ დეპარტამენტს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თავის პოზიციას. ნიშანდობლივია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. შედეგად სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გურჯაანის რაიონში, ქალაქ გურჯაანში „მ--–------–--სთან“ მდებარე 4711 კვ.მ მიწის ნაკვთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №5-----------) რეგისტრირებული იყო პ-----ა ზ-------–---–ის საკუთრების უფლება. (ი.ხ. ტ.1, ს.ფ. 70-71).
4.2. 2017 წლის 18 მაისს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს----------–---------------–-----------------------------------------------------------------------–------------------–--------------------------ის განცხადება დაკმაყოფილდა. მოპასუხეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება გურჯაანის რაიონში, ქ. გურჯაანში „მ--–------–--სთან“ მდებარე პ-----ა ზ-------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე 4711 კვ.მ-დან - 1800 კვ.მ.-ზე. (იხ. გადაწყვეტილება ტ.1, ს.ფ. 14-30).
4.3. აპელანტის (მოპასუხის) მიერ საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის სახით გადახდილი თანხა შეადგენს 10331 ლარს, საიდანაც 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულებაა - 5940 ლარი, შენობა-ნაგებობის ღირებულება - 2318 ლარი, ნარგავების ღირებულება - 1021 ლარი, მძაფრი ზემოქმედების კომპენსაცია - 930 ლარი, საჯარო რეესტრის ხარჯები - მიწის ნაკვეთის გამიჯვნის ღირებულება - 102 ლარი, რასაც გამოაკლდა რეგისტრაციის ღირებულება რა ნაწილშიც მოპასუხე გათავისუფლებული იყო უძრავი ქონების რეგისტრაციის ხარჯებისაგან. ამდენად, 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულებად განისაზღვრა 3.30 ლარი. (იხ.ტ.1, ს.ფ. 59; მხარეთა ახსნა-განმარტება).
4.4. მხარეები სადავოდ არ ხდიან განსახლების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიწის ნაკვეთის საექსპროპრიაციო ფასს და მიიჩნევენ მას სამართლიან ანაზღაურებად. მითითებული გეგმის 10.2.1. პუნქტის მიხედვით: მიწის კომპენსაციის ოდენობა დადგენილი იქნა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ნაკვეთების განლაგების გათვალისწინებით (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, საპროექტო გზის კორიდორი). მიწა იყოფა სამ ტიპად: სასოფლო-სამეურნეო (ურწყავი სახნავი), საკარმიდამო და საწარმოო/კომერციული. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ.-ის ღირებულებად განისაზღვრა 3.30 ლარი, საკარმიდამოს - 5.61 ლარი, ხოლო საწარმოო/კომერციულის - 11.88 ლარი. (იხ.(იხ.ტ.1, ს.ფ. 118 - განსახლების სამოქმედო გეგმაში ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) 75-ე გვერდი).
4.5. განსახილველი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე საქართველოს რ--------–----------------------------------------------------------------------------–------------------–----------------------ენტს მის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით, სრული და სამართლიანი ღირებულების გადახდა 4158 ლარის ოდენობით ე.ი. 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულებად განისაზღვროს 5.61 ლარი. მოსარჩელის მითითებით, ანაზღაურების გაანგარიშება მოხდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესაბამისად, თუმცა უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რის გამოც ანაზღაურება სწორედ ამ სტატუსის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
მოპასუხის მითითებით, მესაკუთრისათვის შეთავაზებული საკომპენსაციო ღირებულების დაანგარიშება განხორციელდა პროექტის ფარგლებში შედგენილი განახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ქონების ინვენტარიზაციის პერიოდში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. მოპასუხის განმარტებით, ამ პერიოდში მიწის ნაკვეთს გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო სტატუსი, შესაბამისად ანაზღაურებაც ამ სტატუსის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.
4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დადგენილია, რომ 2015 წლის 14 მარტს განხორციელდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღწერა. საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა, რომ ნაკვეთის ფუნქციას წარმოადგენდა - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), შესაბამისად, საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება განხორციელდა უძრავი ქონების არსებული სტატუსის შესაბამისად - 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულებად განისაზღვრა 3.30 ლარი (იხ. საინვენტარიზაციო ფორმა ტ.1, ს.ფ. 52-58; საჯარო რეესტრის ამონაწერები ტ.1, ს.ფ. 63-69; განსახლების სამოქმედო გემის ელ. ვერსია ტ.1, ს.ფ. 118);
დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სტატუსის შეცვლა განხორციელდა 2016 წლის 19 ივლისს, უძრავი ქონების სტატუსად განისაზღვრა არასასოფლო-სამეურნეო (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი ტ.1, ს.ფ. 70-71.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
პალატა აღნიშნავს, საჯარო რეესტრის ჩანაწერი კანონით დადგენილი წესით არ გაბათილებულა ე.ი. მის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ამასთან, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სტატუსის შეცვლასთან მიმართებით მოსარჩელის ქმედების არაკეთილსინდისიერება ან კანონისმიერ ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში შეზღუდვა. შესაბამისად, ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, რომელიც გააბათილებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს.
მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილძე ს----------–---------------–-----------------------------------------------------------------------–------------------–--------------------------ს მიენიჭა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისს გადაწყვეტილებით.
ამდენად, მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე სტატუსის შეცვლა განხორციელდა 2016 წლის 19 ივლისს, ხოლო მოპასუხეს ექსპოპრიაციის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით მიენიჭა 2017 წლის 18 მაისს ანუ მიწის ნაკვეთის სტატუცისის შეცვლის შემდგომ. ამდენად, ვინაიდან ექსპროპრიაციის უფლების წარმოშობის მომენტისათვის უძრავ ნივთს უკვე მინიჭებული ჰქონდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სტატუსი შესაბამისად დაუსაბუთებელია მოპასუხის აპელირება 2015 წელს განხორციელებული უძრავი ქონების აღწერაზე და მითითება იმის შესახებ, რომ ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ძველი სტატუსით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ უძრავ ქონებაზე სტატუსის შეცვლის საკითხი სწორად დაუკავშირა ექსპოპრიაციის მინიჭების უფლებას და შესაბამისად სწორად დაადგინა, რომ ვინაიდან უძრავ ქონებაზე სტატუსის შეცვლა წინ უსწრებდა ექსპოპრიაციის უფლების მინიჭებას, ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო შეცვლილი - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსის გათვალისწინებით.
ამასთან, რამდენადაც განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით 3.30 ლარი წარმოადგენს
1 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (ურწყავი სახნავი) მიწის ნაკვეთის ღირებულებას შესაბამისად, ანაზღაურება უნდა მომხდარიყო 1 კვ.მ.-ზე 5.61 ლარის ოდენობით.
4.7. განსახილველი სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციითა და სპეციალური კანონით მოწესრიგებულ სფეროს განეკუთვნება.
საქართველოს კონსტიტუციის 19.3 მუხლით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1. მუხლის მეორე წინადადების თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით ექსპროპრიატორი არის პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
სპეციალური კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი ექსპროპრიაციას განმარტავს შემდეგნაირად – საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით.
ექსპროპრიაციის აუცილებელ წინაპირობებს ადგენს სპეციალური კანონის მე-6 მუხლი, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ ექსპროპრიატორი წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ სამართლიანი კომპენსაციის ოდენობა 1 კვ.მ-ზე შეადგენს 5.61 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან აპელანტის მიერ საკომპენსაციო თანხის ოდენობა გამოთვლილი იქნა 1 კვ.მ-ზე 3.30 ლარის ოდენობით ამდენად, პალა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს რ---------–------------------------------------------------------------------------–------------------–--------------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლევან გვარამია