განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001872320
საქმე №3ბ/920-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ვ---– ს-------ი;
წარმომადგენელი - ზ---- ჯ--------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
წარმომადგენელი - დ-----------–---–--;
მესამე პირი (ა.ს.კ 16.1) - საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის №-- ბრძანება.
1.2. ვ---– ს-------ი აღდგენილი იქნას ნოტარიუსის თანამდებობაზე.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ვ---– ს-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის №62 ბრძანებით, საქართველოს ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმების მიზნით შეიქმნა კომისია, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 ივლისამდე პერიოდი, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №980 ბრძანებით, კომისიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე (ს.ფ. 25-26).
დადგენილია, რომ 2014 წლის 9 ივლისს, შერჩევის პრინციპით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის №62 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება - 2011 წლის 9 ივლისიდან 2014 წლის 9 ივლისამდე პერიოდში.
ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 24 ივლისს, შერჩევის პრინციპით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №980 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება - 2011 წლის 24 ივლისიდან 2014 წლის 24 ივლისამდე პერიოდში (ს.ფ. 21-32).
დადგენილია, რომ 2014 წლის 24 ივლისის შემოწმების აქტში მითითებული იქნა იმავე წლის 9 ივლისს განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები (ს.ფ. 121-124).
4.2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 27 აგვისტოს №1--- ბრძანებით, აღიძრა დისციპლინური წარმოება ვ---– ს-------ის მიმართ და საკითხის განხილვის მიზნით შეიქმნა დისციპლინური კომისია. ამავე ბრძანებით, დისციპლინური წარმოება აღიძრა ასევე სხვა ნოტარიუსების მიმართაც (ს.ფ. 118-119).
4.3. 2014 წლის 26 სექტემბრის დისციპლინური კომისიის დასკვნით დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 27 აგვისტოს №1--- ბრძანების საფუძველზე შექმნილმა დისციპლინურმა კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები, წარდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა:
1. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე- 10 პუნქტის დარღვევას, კერძოდ, სანოტარო რეესტრის შესაბამის ჩანაწერს (---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------) არ ერთვის სანოტარო აქტის დასკანერებული რედაქცია.
2. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტში №--------- არ არის მითითებული გარიგების ღირებულება.
3. „საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების 23-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტებში: №--------------------------------------------- ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე მეტი საფასური. სანოტარო აქტებში: №--------------------------------------------- ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე ნაკლები საფასური.
4. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 32-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტებში: №--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დარღვეულია შესწორების შეტანის წესი.
5. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთნოვნების დარღვევას, კერძოდ - 2011, 2012 და 2013 წლებში შესრულებულ სანოტარო აქტებში არ არის ხელმომწერის სახელი და გვარი სრულად და გარკვევით მითითებული.
6. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე- 3 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტებში №----------------------------------- არ არის ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, სანოტარო აქტში №--------- არ არის მიმნდობის ხელმოწერა.
7. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტები: №------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- არ არის შედგენილი კლიენტისათვის გასაგებ ენაზე.
8. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტები: №--------------------------------------------------------------------------------- შედგენილია კლიენტისათვის გასაგებ ენაზეც, მაგრამ სანოტარო აქტებში არ არის მითითებული ნოტარიუსი თარჯიმნის მონაწილეობით ასრულებს სანოტარო მოქმედებას თუ თარგმნის თვითონ.
9. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტში №--------- მინდობილობის გამცემის პირადობა დადგენილია წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სოფ. ა–---–ის რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით და დაბადების მოწმობით. აღნიშნული რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით დადასტურებულია ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობა.
10. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, სანოტარო აქტებში: №--------------------------------------------------------- არ არის მითითებული ნორმატიული აქტების იმ მუხლებზე, რომელთა საფუძველზეც მოხდა საზღაურის გამოანგარიშება.
11. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების“ დარღვევას. კერძოდ, სამკვიდრო მოწმობებში: №-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- არ არის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი.
12. სამკვიდრო მოწმობები: №--------------------- გაცემულია სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის დადგენილ ვადაზე (ექვს თვეზე) ადრე.
13. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, ნოტარიუსი - ვ---– ს-------ი სათანადოდ არ ფლობს სახელმწიფო ენას, შესაბამისად სანოტარო აქტებს ადგენს რუსულ და სომხურ ენებზე, რომელთა თარგმანსაც ქართულ ენაზე ახორციელებს პირი, რომელთანაც არ აქვს გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, სადაც იქნება აღნიშნული სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის შესახებ.
დასკვნაში მითითებულია, რომ ნოტარიუსი ახსნა - განმარტებაში უთითებს, რომ გამოვლენილი დარღვევები ატარებს მექანიკურ ხასიათს და მომავალ საქმიანობაში იქნება მეტად ყურადღებიანი.
კომისიამ მიიჩნია, რომ ნოტარიუსმა - ვ---– ს-------მა განახორციელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის“ შესახებ დებულების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („დაუდევრად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს. დაუდევრობად ჩაითვლება სანოტარო საქმიანობისას დაშვებული მსუბუქი ხასიათის შეცდომა, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი“), ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს“), მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს...“), ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („არასწორად ახდენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის გაანგარიშებას... რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“) და მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს...“).
კომისიამ იხელმძღვანელა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის“ შესახებ დებულების მე-13, 18-21-ე მუხლებით და ერთხმად მიიღო შემდეგი სახის გადაწყვეტილება: დადასტურებულად ჩაითვალა ნოტარიუს ვ---– ს-------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები; ნოტარიუსის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხარისხი განისაზღვრა როგორც განსაკუთრებით მძიმე გადაცდომა (ს.ფ. 105-112).
4.4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის №1499 ბრძანებით, ნოტარიუსი - ვ---– ს-------ი, 2014 წლის 10 ოქტომბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან (ს.ფ. 41-42).
4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის №3/4169-14 გადაწყვეტილებით, ვ---– ს-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის №1499 ბრძანება ვ---– ს-------ის თანამდებობიდან გათავისუფლების, მისთვის ნოტარიუსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ნოტარიუსთა რეესტრიდან ამორიცხვის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ვ---– ს-------ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა (ს.ფ. 44-71).
სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებისას არ ყოფილა გამოკვლეული მოსარჩელის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, კომისიის შემადგენლობა, რომელმაც შემოწმება განახორციელა და შემოწმების პერიოდი (პუნქტი 3.2.1), ამასთან, არ ირკვეოდა მოტივები, თუ რატომ შეეფარდა ვ---– ს-------ს დისციპლინური ზემოქმედების ყველაზე მკაცრი ზომა, როცა იგივე ხარისხის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ სხვა ნოტარიუსებს იგივე აქტით მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერდათ (პუნქტი 3.2.2). სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელი იყო სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის №3ბ/532-16 განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის №ბს-751-743(2კ-16) განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინება.
4.6. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის №-- ბრძანებით, რომლითაც დგინდება, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ დებულების მე-8 მუხლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების“ მე-7 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსების სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №980 ბრძანებით შეიქმნა კომისია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, უფლებამოსილი კომისიის მიერ, 2014 წლის 24 ივლისს შემოწმებული იქნა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის სამსახურებრივი საქმიანობა (2011 წლის 24 ივლისიდან 2014 წლის 24 ივლისამდე) და შემოწმების დასრულებისთანავე შედგა შემოწმების აქტი, რომელიც დაედო საფუძვლად ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 27 აგვისტოს №1--- ბრძანების საფუძველზე შექმნილმა დისციპლინურმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), 2014 წლის 26 სექტემბერს შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის ორი ნოტარიუსის ახსნა-განმარტება და სამართლებრივი შეფასება მისცა მათ ქმედებებს.
ბრძანებაში მითითებულია, რომ ვ---– ს-------ის სამსახურებრივი საქმიანობა შემოწმებული იქნა „ნოტარიუსთა სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №980 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ, რაც თავის მხრივ ნიშნავდა იმას, რომ ვ---– ს-------ის სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა და იგი შემოწმებულია უფლებამოსილი კომისიის მიერ. ამასთან, ზემოაღნიშნული კომისიის აქტში ასახული შემოწმების შედეგების და შესაბამისად მის მიერ გამოვლენილი გარემოებების სხვა კომისიის აქტში არსებობის ფაქტი სამართლებრივად არ ამცირებდა ან ეჭვის ქვეშ არ აყენებდა ამ გარემოებების სამართლებრივ მნიშვნელობას. წინამდებარე ბრძანების გამოცემისას შეფასება მიეცა 2014 წლის 24 ივლისის აქტს, რომელიც შედგენილია უფლებამოსილი კომისიის მიერ და რომლითაც ასევე დაცულია კანონმდებლობით დადგენილი შემოწმების სამ წლიანი პერიოდი (2011-2014 წლები). შესაბამისად, დადგენილად ჩაითვალა, რომ ზემოაღნიშნული კომისიის მიერ, ვ---– ს-------ის საქმიანობის შემოწმებისას სახეზე იყო ამ ქმედების და შესაბამისად გამოცემული აქტის ფორმალურ - სამართლებრივი კანონიერება.
დადგენილად ჩაითვალა ისიც, რომ დისციპლინური კომისიის 2014 წლის 26 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილი იქნა განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური გადაცდომები, რის გამოც მის მიმართ სახდელის სახედ თანამდებობიდან გათავისუფლების შეფარდება იყო მართებული.
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დადგენილია, რომ ნოტარიუსი ჩადის განსაკუთრებით მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, „თუ ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს... ან/და ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს.“ ამავე დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილია, რომ განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის ნოტარიუსი შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ დისციპლინური სახდელის სახედ თანამდებობიდან გათავისუფლების შეფარდებისთვის პირველ რიგში სავალდებულოა დადგენილი იქნას ნოტარიუსის მიერ განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილი დისციპლინური კომისიის 2014 წლის 26 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ნოტარიუსმა - ვ---– ს-------მა ჩაიდინა დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს...ანდა ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს“, მე-6 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“; ამავე მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „არასწორად ახდენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის გაანგარიშებას, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“; მე-4 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „დაუდევრად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს“ (დაუდევრობად ითვლება სანოტარო საქმიანობისას დაშვებული მსუბუქი ხასიათის შეცდომა, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი) და ამავე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს“.
ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილ ერთ - ერთ გადაცდომას წარმოადგენს მის მიერ სამკვიდრო მოწმობების გაცემა ისე, რომ არ არსებობდა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (შემდგომში - ინსტრუქცია) 85-ე მუხლი განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ან/და გარემოებების ჩამონათვალს, რომლითაც შესაძლებელია სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობის ფაქტის დადგენა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვ---– ს-------ის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კერძოდ, კომისიის დასკვნით დადასტურებულია, რომ ნოტარიუსთან დაცულ, ერთ საქმედ აკინძულ მასალებში არ ინახება სამკვიდრო საქმეებზე სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი შესაბამისი დოკუმენტები.
ამდენად კომისიამ მიიჩნია, რომ ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედება შეასრულა „კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე“, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული „განსაკუთრებით მძიმე“ გადაცდომის ერთ - ერთ ელემენტს.
გარდა ზემოთქმულისა, სახეზე იყო დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტის შემადგენლობისა და შესაბამისად, დარღვევის განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი მეორე მნიშვნელოვანი ელემენტიც - დარღვევის „სისტემატიური ხასიათი“, რამდენადაც ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობები სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე გაიცა 32 (ოცდათორმეტ) საქმეზე.
ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ ასევე ჩადენილი იქნა სხვა მნიშვნელოვანი დისციპლინური გადაცდომები, რომელთაგან ხაზი უნდა გაესვას დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას („ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს“). კერძოდ, ნოტარიუსი - ვ---– ს-------ი არ ფლობს სათანადოდ სახელმწიფო ენას, შესაბამისად სანოტარო აქტებს ადგენს რუსულ და სომხურ ენებზე, რომელთა ქართულ ენაზე შედგენასაც ახორციელებს პირი, რომელთანაც არა აქვს გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, სადაც იქნება აღნიშნული სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის შესახებ. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ეს ვალდებულება ძალაშია ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც.
ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილ მორიგ განსაკუთრებით მძიმე გადაცდომას წარმოადგენდა ასევე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის დარღვევა. კერძოდ, მის მიერ შედგენილ სანოტარო აქტში მინდობილობის გამცემის პირადობა დადგენილია წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სოფ. ა–---–ის რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით და დაბადების მოწმობით (აღნიშნული რწმუნებულების მოწმობით დადასტურებულია ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობა). ხსენებული მუხლის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსი და სხვა თანამდებობის პირი, რომლებიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით ადგენენ იმ პირების ან მათი წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას.
კომისიამ დაასკვნა, რომ კონკრეტული დარღვევების არაერთგზისი/სისტემატური ხასიათის და კანონის დარღვევით დამოწმებული სანოტარო მოქმედებების გათვალისწინებით სახეზე იყო „განსაკუთრების მძიმე“ ხარისხის დარღვევა.
სახდელის სახედ თანამდებობიდან გათავისუფლების შეფარდებისათვის მხედველობაში იქნა მიღებული არა მხოლოდ ზემოთ მოცემული გარემოებები, არამედ საქმეში წარდგენილ სხვა გარემოებათა ერთობლიობაც. კერძოდ, ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ სულ ჩადენილია სხვადასხვა ხარისხის ცამეტი სახის გადაცდომა: 33 სანოტარო რეესტრის შესაბამის ჩანაწერს არ ერთვის სანოტარო აქტის დასკანერებული რედაქცია, 1 სანოტარო აქტში არ არის მითითებული გარიგების ღირებულება, 4 სანოტარო აქტში ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე მეტი საზღაური, 4 სანოტარო აქტში ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე ნაკლები საზღაური, 20 სანოტარო აქტში დარღვეულია შესწორების შეტანის წესი, 2011, 2012, 2013 წლებში შესრულებულ სანოტარო აქტებში არ არის ხელმომწერის სახელი და გვარი სრულად და გარკვევით მითითებული, 3 სანოტარო აქტში არ არის ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, 1 სანოტარო აქტში არ არის მიმნდობის ხელმოწერა, 23 სანოტარო აქტი არ არის შედგენილი კლიენტისათვის გასაგებ ენაზე, 7 სანოტარო აქტი შედგენილია კლიენტისათვის გასაგებ ენაზეც, მაგრამ სანოტარო აქტებში არ არის მითითებული ნოტარიუსი თარჯიმნის მონაწილეობით ასრულებდა სანოტარო მოქმედებას თუ თარგმნიდა თვითონ, 5 სანოტარო აქტში არ არის მითითებული ნორმატიული აქტების იმ მუხლებზე, რომელთა საფუძველზეც მოხდა საზღაურის გამოანგარიშება, 2 სამკვიდრო მოწმობა გაცემულია სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის დადგენილ ვადაზე (ექვს თვეზე) ადრე, 32 სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე. კომისიამ მიუთითა, რომ მოცემული დარღვევები, სხვადასხვა სიმძიმის მიუხედავად, საბოლოოდ შეფასებულ უნდა ყოფილიყო ისეთი მნიშვნელობის დარღვევებად, რომელთათვისაც სახდელის სახედ თანამდებობიდან გათავისუფლება არის მართებული.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ ზოგადად, ნოტარიატი წარმოადგენს განსაკუთრებული საჯარო ფუნქციით, ხოლო თითოეული ნოტარიუსი განსაკუთრებული კომპეტენციით აღჭურვილ სუბიექტს, რომელსაც აქვს მომეტებული პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებული თითოეული სანოტარო მოქმედების მიმართ. აღნიშნული კომპეტენციის სრულყოფილი შესრულება პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი საბოლოოდ განაპირობებს ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ნოტარიუსის მიმართ სახდელის შეფარდებისას შეფასებული უნდა იქნას ის საჯარო და კერძო ინტერესი, რომელიც უკავშირდება თითოეულ კონკრეტულ ქმედებას.
კომისიის მითითებით, დასახელებული სტანდარტებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი მიდის იქამდე, რომ ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება ემსახურება პასუხისმგებლობის დაკისრების ლეგიტიმურ მიზანს. აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას მხედველობაში მიიღება დისციპლინური წარმოების ფარგლებში შემოწმებული სხვა ნოტარიუსების მიერ ჩადენილი დარღვევებიც. კერძოდ, მიჩნეული იქნა, რომ ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილი დარღვევების მიმართება სხვა ნოტარიუსების მიერ ჩადენილ, თუნდაც იმავე სიმძიმის გადაცდომებთან, ქმნის მათ შორის აშკარა განსხვავების დადგენის საფუძველს, ვინაიდან დარღვევების სიმძიმის იდენტურობის შემთხვევაშიც კი, განსხვავება გამოიხატება დარღვევების რაოდენობაში და მათი სისტემატურობის ხარისხში.
ამდენად, გადაცდომების რაოდენობა და მათი სიმძიმის ხარისხი, სხვა ნოტარიუსებთან შედარებით ქმნის უფრო მძიმე სახდელის შეფარდების საფუძველს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის №1499 ბრძანებით, დისციპლინური სახდელი გამოყენებული იქნა კიდევ სამი ნოტარიუსის მიმართ. მათ მიერ ჩადენილია ერთი ნოტარიუსის შემთხვევაში 6 და ორი ნოტარიუსის შემთხვევაში 7 სხვადასხვა ხარისხის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული დარღვევებიდან სამივე ნოტარიუსის შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოვლენილი დარღვევა ხვდებოდა განსაკუთრებით მძიმე გადაცდომათა კატეგორიაში, ხოლო ვ---– ს-------ის მიერ ჯამში ჩადენილი იყო ცამეტი სხვადასხვა ხარისხის გადაცდომა და აქედან 4 დარღვევა ხვდებოდა განსაკუთრებით მძიმე გადაცდომათა კატეგორიაში. ამდენად, მიჩნეული იქნა, რომ კონკრეტული სახდელის შეფარდებისას აბსოლუტურად დაცული იყო ამ უფლების (სახდელის შეფარდება) გამოყენებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი – სახდელის შეფარდება ხდება სამართლიანობის, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთბალანსის, გადაწყვეტილების მხოლოდ კანონის საფუძველზე მიღების პრინციპების მხედველობაში მიღებითა და თანაფარდობის პრინციპების აბსოლუტური დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დადასტურებულად ჩაითვალა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-7 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს...ანდა ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს“; მე-6 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“; ამავე მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „არასწორად ახდენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის გაანგარიშებას, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“; მე-4 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „დაუდევრად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს“ (დაუდევრობად ითვლება სანოტარო საქმიანობისას დაშვებული მსუბუქი ხასიათის შეცდომა, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი) და ამავე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს“. ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხარისხი განისაზღვრა როგორც განსაკუთრებით მძიმე გადაცდომა; ნოტარიუსი - ვ---– ს-------ი გათავისუფლებულად ჩაითვალა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 10 ოქტომბრიდან; შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან ს.ფ. (15-20).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარე გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას ითხოვს იმ მოტივით, რომ ბრძანების მიღების საფუძველი - 2014 წლის 9 ივლისის შემოწმების აქტი არის უკანონო, ვინაიდან აღნიშნული შემოწმების განმახორციელებელ პირებს უფლებამოსილების ვადა არ ჰქონდათ შემოწმების განხორციელების პერიოდისათვის, ხოლო 2014 წლის 24 ივლისს, №980 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ არ მომხდარა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის საქმიანობის რეალური შემოწმება.
პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას - შეუძლებელია არარსებული ,,შემოწმებისას" დადგენილი დარღვევები გახდეს დისციპლინარული წარმოების დაწყებისა და ნოტარიუსის განთავისუფლების საფუძველი, რადგან ის დარღვევები, რაც ასახულია 24 ივლისის აქტში, სიტყვასიტყვითაა გადაწერილი 2014 წლის 9 ივლისის შემოწმების აქტიდან და აღნიშნულზე საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ნოტარიუს - ვ---– ს-------ის საქმიანობის შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების არსებობა. სასამართლომ აქვე განმარტა, რომ იმ ვითარებაშიც, თუ მიჩნეული იქნებოდა, რომ 2014 წლის 9 ივლისს გასული იყო იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემოწმების ვადა, აღნიშნული ვერ გააქარწყლებდა იმ დარღვევების არსებობას, რომელიც ასახული იქნა 2014 წლის 17 ივლისის №980 ბრძანებით შექმნილი კომისიის 24 ივლისის დასკვნაში, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე და რომელსაც დაეთანხმა ვ---– ს-------ი, მიუხედავად იმისა, შემოწმების რომელ ეტაპზე იქნა ისინი გამოვლენილი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის იმ მითითებაზე, რომ დარღვევები გამოწვეული იყო მექანიკური შეცდომით. დადგენილად მიიჩნია, რომ ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილი გადაცდომებიდან, როგორც განსაკუთრებით მძიმე ხარისხის გადაცდომა, მიჩნეული იქნა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე გაცემული 32 სამკვიდრო მოწმობა. ასევე ის გარემოება, რომ იგი არ ფლობდა სათანადოდ სახელმწიფო ენას, შესაბამისად, სანოტარო აქტებს ადგენდა რუსულ და სომხურ ენებზე, რომელთა ქართულ ენაზე შედგენასაც ახორციელებდა პირი, რომელთანაც არ ქონდა გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, სადაც იქნებოდა აღნიშნული სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის შესახებ. ამასთან, მის მიერ შედგენილ სანოტარო აქტში მინდობილობის გამცემის პირადობა დადგენილია წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სოფ. ა–---–ის რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით და დაბადების მოწმობით (აღნიშნული რწმუნებულების მოწმობით დადასტურებულია ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობა). სასამართლომ მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით. მოსარჩელე მხარის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით ყველაზე მძიმე სახე - სამსახურიდან გათავისუფლება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ვ---– ს-------ის მიმართ საკითხის განხილვისას პროფესიული პასუხისმგებლობის სახის შერჩევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილებაა. ასევე მიუთითა, რომ ნოტარიუსის გადაცდომათა სიმძიმე, ხარისხი და შესაბამისი პასუხისმგებლობა უშუალოდ კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტში მითითებულია, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მოხდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ასევე განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მიერ არგუმენტირებულია მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების (თანამდებობიდან გათავისუფლება) გამოყენების აუცილებლობა დისციპლინური გადაცდომის სახისა და მათი რაოდენობის გათვალისწინებით სხვა ნოტარიუსებთან შედარებით, რომელთა მიმართ გამოყენებული იქნა ნაკლები სიმძიმის დისციპლინური სახდელები.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის №-- ბრძანება, შესაბამისად არ არსებობდა მოსარჩელე - ვ---– ს-------ის ნოტარიუსის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
6. ვ---– ს-------ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. ვ---– ს-------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორისთვის გაუგებარია რატომ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ---– ს-------ის სანოტარო საქმიანობის შემოწმებას საფუძვლად უდევს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის N980 ბრძანება, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ერთ - ერთ მთავარ საფუძვლად მითითებულია ის, რომ 2014 წლის 25 ივლისს რეალურად შემოწმება არ განხორციელებულა და თუნდაც მიჩნეულ იქნეს, რომ შემოწმება განხორციელდა, არ არსებობდა ამ შემოწმების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით აუცილებელი იყო 2014 წლის 9 ივლისისა და 24 ივლისის აქტების შედგენასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევა. აპელანტის განმარტებით, ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო ვ---– ს-------ის მიმართ უფრო მკაცრი დისციპლინარული სახდელის გამოყენების აუცილებლობა, მაშინ როდესაც იდენტური დარღვევის პირობებში სხვა ნოტარიუსთა მიმართ გამოყენებული იყო უფრო მსუბუქი სახდელი. წარმომადგენლის განმარტებით, არც ერთ მოცემულ საკითხზე პასუხი გაცემული არ არის, არც სადავო ადმინისტრაციულ აქტში და არც გასაჩივრებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში.
წარმომადგენელი მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 ივლისს ნოტარიუსი ვ---– ს-------ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება არ განხორციელებულა. იგი განხორციელდა 2014 წლის 09 ივლისს. 2014 წლის 24 ივლისის „შემოწმებით“ კომისიამ, რომელსაც ამ დღეს რეალურად შემოწმება არ განუხორციელებია, სცადა გაემართლებინა 09 ივლისის უკანონო შემოწმება. აპელანტის განმარტებით, 2014 წლის 09 ივლისის შემოწმების აქტში, კომისიის შექმნის საფუძვლად მითითებულია იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის N62 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, კომისიის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა 2014 წლის 01 ივლისს. შესაბამისად, 2014 წლის 9 ივლისს ვ---– ს-------ის შემოწმება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ. რეალურად, 2014 წლის 17 ივლისის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ შემოწმება არ განხორციელებულა და მოხდა მხოლოდ 09 ივლისის აქტის გადაწერა.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან არ არსებობს ვ---– ს-------ის შემოწმების დაწყების ბრძანება დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, არ ირკვევა ვინ მიიღო გადაწყვეტილება ნოტარიუსის შემოწმებაზე, რომელი პერიოდი უნდა შემოწმებულიყო და შემმოწმებელი კომისიის ლეგიტიმურობა. ამასთან, ვინაიდან შემოწმება ხორციელდება სამ წელიწადში ერთხელ, ნოტარიუსის საქმიანობის ერთიდაიგივე პერიოდის ორკვირიან მონაკვეთში მიმდინარე შემოწმების სახით კორექტირება ეწინააღმდეგება დებულებით დადგენილ მოწესრიგებას და კანონსაწინააღმდეგოა.
წარმომადგენელი აღნიშნავს: კომისიის დასკვნის შესაბამისად, დადგენილია, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე გადაცდომა, თუმცა დაუსაბუთებლად მიიჩნევს თუ რის საფუძველზე მივიდა კომისია აღნიშნულ დასკვნამდე. უფრო კონკრეტულად კი მიუთითებს, რომ აპელანტს ედავებიან, რომ სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობის დამდგენი დოკუმენტი არ იყო გამოთხოვილი მის მიერ. წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დაუდგენელია ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ ყოფილა გამოთხოვილი, თუ გამოთხოვილი დოკუმენტი კომისიის მიერ შეფასებული იქნა არასათანადო დოკუმენტად. წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ იუსტიციის მინისტრის N177-ე ბრძანების თანახმად, შემოწმების დაწყება მინისტრის ბრძანებით ფორმდება და მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი ბრძანება არ გამოცემულაო.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
7.2. დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის №-- ბრძანება, რომლითაც დადასტურებულად ჩაითვალა ნოტარიუს ვ---– ს-------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები. ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხარისხი განისაზღვრა როგორც განსაკუთრებით მძიმე გადაცდომა, გათავისუფლებულად ჩაითვალა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 10 ოქტომბრიდან და შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის №62 ბრძანებით, საქართველოს ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმების მიზნით შეიქმნა კომისია, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 ივლისამდე პერიოდი, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №980 ბრძანებით კომისიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე.
დადგენილია ასევე, რომ 2014 წლის 9 ივლისს, შერჩევის პრინციპით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის №62 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება - 2011 წლის 9 ივლისიდან 2014 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, ხოლო 2014 წლის 24 ივლისს, შერჩევის პრინციპით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №980 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება - 2011 წლის 24 ივლისიდან 2014 წლის 24 ივლისამდე პერიოდში.
პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების” მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გენერალური ინპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია - სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა. ამავე დებულების მე-8 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია - სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ზედამხედველობა გაუწიოს ნოტარიუსის საქმიანობას.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებით დამტკიცებული ,,ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების მე-8 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) მიმდინარე (რიგგარეშე) შემოწმების მიზნით იუსტიციის მინისტრის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში აგრეთვე შეიძლება შეყვანილი იქნან მოწვეული სპეციალისტები. მიმდინარე კონტროლი სავალდებულო წესით ხორციელდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.
აღნიშნული დებულების მე-10 მუხლში მოცემულია ის ჩამონათვალი, თუ რა უნდა შემოწმდეს მიმდინარე კონტროლის დროს, ხოლო ამავე დებულების მე-11 მუხლის მიხედვით, მიმდინარე კონტროლის დასრულებისთანავე უნდა შედგეს შემოწმების აქტი. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის ის წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ შემოწმებას, აგრეთვე ნოტარიუსი, რომელიც უფლებამოსილია ოქმს დაურთოს თავისი წერილობითი შენიშვნები, მაგრამ არ აქვს უფლება უარი თქვას ხელმოწერაზე.
დადგენილია, რომ სადაოდ გამხდარი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 18 მარტის №-- ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ზემოთ მითითებული - 2014 წლის 24 ივლისის შემოწმების აქტში მითითებული დარღვევები, რომელთა არსებობაც თავის მხრივ სადაოდ არ გაუხდია მხარეს.
7.3. სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ სადავო საკითხი იყოფა ორ ძირითად ნაწილად: არსებით და პროცედურულ საკითხებად. საკითხის არსებით ნაწილს მიეკუთვნება ის დარღვევები რაც აღმოჩენილი იქნა ზემოთმითითებული დასკვნებით, რაც თავად აპელანტის მიერ ახსნილი იქნა არასაკმარისი დროით, სტრესული რეჟიმით, მექანიკური შეცდომებით და ა.შ. პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, გარკვეული გარემოებების მიზეზებად დასახელებასთან ერთად, ფაქტობრივად აღიარებული იქნა აპელანტის მიერ.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ნოტარიუს - ვ---– ს-------ის საქმიანობის შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების არსებობა შესაბამისად, იმ ვითარებაშიც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 9 ივლისს გასული იყო იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემოწმების ვადა, აღნიშნული ვერ გააქარწყლებს იმ დარღვევების არსებობას, რომელიც ასახული იქნა 2014 წლის 17 ივლისის №980 ბრძანებით შექმნილი კომისიის 24 ივლისის დასკვნაში, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე და რომელსაც დაეთანხმა ვ---– ს-------ი, მიუხედავად იმისა, შემოწმების რომელ ეტაპზე იქნა ისინი გამოვლენილი.
7.4. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისი სახდელები იყოფა მათი სიმძიმის ხარისხის შესაბამისად. ამ დებულების მიზნებისათვის დისციპლინური გადაცდომა იყოფა: ა) მსუბუქ გადაცდომად; ბ) საშუალო გადაცდომად; გ) მძიმე გადაცდომად და დ) განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად, ხოლო ამავე ბრძანების მე-8 მუხლის მიხედვით, დაშვებული დისციპლინური გადაცდომისათვის, სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, ნოტარიუსს შეეფარდება შემდეგი დისციპლინური სახდელი: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) უფლებამოსილების შეჩერება; დ) თანამდებობიდან გათავისუფლება.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შერჩევითი შემოწმების პროცესში გამოვლინდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი ცამეტი სხვადასხვა ხარისხის გადაცდომა და აქედან 4 დარღვევა ხვდებოდა განსაკუთრებით მძიმე გადაცდომათა კატეგორიაში. მეტი თვალსაჩინოებისთვის პალატა მიუთითებს დაფიქსირებულ გადაცდომებზე: 1) სანოტარო რეესტრის შესაბამის ჩანაწერს (------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ არ ერთვის სანოტარო აქტის დასკანერებული რედაქცია; 2) სანოტარო აქტში №--------- არ არის მითითებული გარიგების ღირებულება; 3) სანოტარო აქტებში: №--------------------------------------------- ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე მეტი საფასური. სანოტარო აქტებში: №--------------------------------------------- ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე ნაკლები საფასური; 4) სანოტარო აქტებში: №-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დარღვეულია შესწორების შეტანის წესი; 5) 2011, 2012, 2018 წლებში შესრულებულ სანოტარო აქტებში არ არის ხელმომწერის სახელი და გვარი სრულად და გარკვევით მითითებული; 6) სანოტარო აქტებში №--------------------------------- არ არის ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, სანოტარო აქტში №--------- არ არის მიმნდობის ხელმოწერა; 7) სანოტარო აქტები: №--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- არ არის შედგენილი კლიენტისათვის გასაგებ ენაზე; 8) სანოტარო აქტები: №-------------------------------------------------------------------------------------------------- შედგენილია კლიენტისათვის გასაგებ ენაზეც, მაგრამ სანოტარო აქტებში არ არის მითითებული ნოტარიუსი თარჯიმნის მონაწილეობით ასრულებს სანოტარო მოქმედებას თუ თარგმნის თვითონ; 9) სანოტარო აქტში №--------- მინდობილობის გამცემის პირადობა დადგენილია წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სოფ. ა–---–ის რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით და დაბადების მოწმობით. აღნიშნული რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით დადასტურებულია ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობა; 10) სანოტარო აქტებში: №------------------------------------------------------------ არ არის მითითებული ნორმატიული აქტების იმ მუხლებზე, რომელთა საფუძველზეც მოხდა საზღაურის გამოანგარიშება; 11) სამკვიდრო მოწმობებში: №------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- არ არის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი; 12) სამკვიდრო მოწმობები: №--------------------- გაცემულია სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის დადგენილ ვადაზე (ექვს თვეზე) ადრე; 13) ნოტარიუსი ვ---– ს-------ი სათანადოდ არ ფლობს სახელმწიფო ენას, შესაბამისად სანოტარო აქტებს ადგენს რუსულ და სომხურ ენებზე, რომელთა თარგმანსაც ქართულ ენაზე ახორციელებს პირი, რომელთანაც არ აქვს გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, სადაც იქნება აღნიშნული სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის შესახებ.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, ნოტარიუს ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილი გადაცდომებიდან, როგორც განსაკუთრებით მძიმე ხარისხის გადაცდომა, მიჩნეული იქნა მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე გაცემული 32 სამკვიდრო მოწმობა. ასევე ის გარემოება, რომ იგი არ ფლობდა სათანადოდ სახელმწიფო ენას, შესაბამისად სანოტარო აქტებს ადგენდა რუსულ და სომხურ ენებზე, რომელთა ქართულ ენაზე შედგენასაც ახორციელებდა პირი, რომელთანაც არ ჰქონდა გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, სადაც იქნებოდა აღნიშნული სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის შესახებ. ამასთან, მის მიერ შედგენილ სანოტარო აქტში მინდობილობის გამცემის პირადობა დადგენილია წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სოფ. ა–---–ის რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით და დაბადების მოწმობით (აღნიშნული რწმუნებულების მოწმობით დადასტურებულია ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობა). სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მხარის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით ყველაზე მძიმე სახე - სამსახურიდან გათავისუფლება.
7.5. პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარის მიერ სადავოდ გამხდარ იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 22 იანვრის N62 ბრძანებით შექმნილი კომისიის უფლებამოსილების ვადა შემოწმების აქტის შედგენის დროს (24.07.2014 წელი) იყო გასული და რომ აღნიშნული საკითხის/ხარვეზის აღმოფხვრის მიზანს ემსახურებოდა მეორე შემოწმების აქტის გამოცემა, სადაც როგორც აპელანტი მიუთითებს სიტყვასიტყვით მოხდა პირველი (9.07.2014 წელი) შემოწმების აქტის ტექსტის გადატანა.
აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ განმარტებაზე, რომ კონკრეტული ნოტარიუსის შემოწმება უნდა დაიწყოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა გამოიცეს „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის N177 ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიუსის საქმიანობის ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, რომლითაც უნდა განისაზღვროს, თუ რომელი ნოტარიუსი მოწმდება, ასევე შემმოწმებელი კომისია, ამავე დებულების მე-8 მუხლის საფუძველზე შექმნილი კომისიის წევერებისაგან და შემოწმების პერიოდი.
მეტი სიცხადისთვის პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის N177 ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიუსის საქმიანობის ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) საქმიანობაზე კონტროლი ხორციელდება მიმდინარე და რიგგარეშე ინსპექციის (შემოწმების) სახით. შემოწმების დაწყება ფორმდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ბრძანებით.
რაც შეეხება მე-8 მუხლს, განმარტებულია, რომ ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) მიმდინარე (რიგგარეშე) შემოწმების მიზნით იუსტიციის მინისტრის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში აგრეთვე შეიძლება შეყვანილ იქნან მოწვეული სპეციალისტები. ხოლო მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიმდინარე კონტროლი სავალდებულო წესით ხორციელდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.
ზემოაღნიშნული მუხლების მიმოხილვით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის №62 ბრძანება (რომლითაც საქართველოს ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმების მიზნით შეიქმნა კომისია, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 ივლისამდე პერიოდი) და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №980 ბრძანება (რომლითაც კომისიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე) შედეგენილია „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის N177 ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიუსის საქმიანობის ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ დებულების მე-8 მუხლის საფუძველზე, ხოლო ამავე დებულების მე-7 მუხლის მეორე პუნქტში მითითებული დათქმა - შემოწმების დაწყება ფორმდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პალატის მოსაზრებით ცალსახად არ გულისხმობს და არ მოიაზრებს ცალკე ბრძანების გამოცემის სავალდებულოობას. აღნიშნული საკითხი სავსებით შესაძლებელია დარეგულირდეს ერთი ბრძანებითაც, რომელიც შინაარსობრივად მოიცავს როგორც მე-7, ასევე მე-8 პუნქტებით გათვალისიწნებულ დებულებებს. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მინისტრის მიერ „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის N177 ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიუსის საქმიანობის ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ დებულების მე-8 და მე-7.2 მუხლით გამოხატული ორი ნება სავსებით შესაძლებელია აკუმილირებული და მოქცეული იქნეს ერთი სამართლებრივი დოკუმენტის - ბრძანების ფარგლებში; აქედან გამომდინარე პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო საჩივარში მითითებულ ზემოაღნიშნულ არგუმენტს.
ამდენად, პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს აპელანტისა და მისი წარმომადგენლის იმ მოსაზრებას, რომ შეუძლებელია არარსებული ,,შემოწმებისას" დადგენილი დარღვევები გახდეს დისციპლინარული წარმოების დაწყებისა და ნოტარიუსის განთავისუფლების საფუძველი, რადგან ის დარღვევები, რაც ასახულია 24 ივლისის აქტში, სიტყვასიტყვითაა გადაწერილია 2014 წლის 9 ივლისის შემოწმების აქტიდან.
7.6. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №980 ბრძანებით განხორციელდა მხოლოდ ვ---– ს-------ის შემოწმება. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითც ცალსახად დასტურდება აპელანტის ზემოაღნიშნული არგუმენტის მცდარობა ვინაიდან, მტკიცებულებებით დგინდება, რომ აპელანტთან ერთად შემოწმდა ასევე ორი ნოტარიუსი, რაც პალატის მოსაზრებით, აბათილებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ არგუმენტს, რომ თოთქოს ვ---– ს-------ის შემოწმების დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამოსწორებას ისახავდა მიზნად საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №980 ბრძანებით ბრძანების გამოცემა. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, მაშინ განმეორებით მხოლოდ ვ---– ს-------ი შემოწმდებდა.
რაც შეეხება საჩივრის ავტორის აპელირებას იმ საკითხზე, რომ დროის მცირე მონაკვეთში შეუძლებელი იქნებოდა ამ მოცულობის და მასშტაბის დოკუმენტაციის შემოწმება, სააპელაციო პალატა არ გამორიცხავს ამგვარის შესაძლებლობას, სანოტარო საქმიანობის სპეციფიკიდან, შემმოწმებელი პირების კვალიფიკაციიდან და მათი უნარიდან გამომდინარე დროის მოკლე პერიოდში, მათთვის კარგად ნაცნობი საკითხი კარგად იქნეს გამოკვეული და შესწავლილი.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნოტარიუს ვ---– ს-------ის და ასევე დანარჩენი ორი ნოტარიუსის შემმოწმებელი სამივე პირი არ არის იდენტური. უფრო კონკრეტულად კი იდენტურია ორი პირი (ე. ნ------–---–ი, დ. მ-------–---–ი,), ხოლო ერთი პირი (ნ. ჯ---------–ი) განსხვავდება, რაც პალატის მოსაზრებით ასევე გავლენას ახდენს ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე.
7.7. აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ვ---– ს-------ის მიმართ საკითხის განხილვისას პროფესიული პასუხისმგებლობის სახის შერჩევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილებაა.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მართალია სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ გადაწყვეტილების მიღებასთან, რადგან აღნიშნული საკითხი მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით - თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, გენერალური ინსპექციის მიერ შემოწმებას დაექვემდებარა არა მხოლოდ მოსარჩელე, არამედ სხვა ნოტარიუსებიც და მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელის სხვა და სხვა ღონისძიებანი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 29 დეკემბრის №3/4169-14 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მოსარჩელის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, კერძოდ, კომისიის შემადგენლობისა და შემოწმების პერიოდის გამოკვლევა. ასევე, იმ გარემოების დადგენა, თუ რატომ შეეფარდა ვ---– ს-------ს დისციპლინური ზემოქმედების ყველაზე მკაცრი ზომა, როცა იგივე ხარისხის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ სხვა ნოტარიუსებს იგივე აქტით მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერდათ. საგულისხმოა, რომ გასაჩივრებული აქტის შესაბამისად, მოპასუხემ აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 29 დეკემბრის №3/4169-14 გადაწყვეტილება და მასში მითითებული გარემოებები სრულყოფილად გამოიკვლია.
პალატა განმარტავს, რომ ნოტარიუსის გადაცდომათა სიმძიმე, ხარისხი და შესაბამისი პასუხისმგებლობა უშუალოდ კანონმდებლობით არის განსაზღვრული. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტში მითითებულია, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მოხდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ამასთან, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ასევე საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არგუმენტირებულია აპელანტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების (თანამდებობიდან გათავისუფლება) გამოყენების აუცილებლობა დისციპლინური გადაცდომის სახისა და მათი რაოდენობის გათვალისწინებით სხვა ნოტარიუსებთან შედარებით, რომელთა მიმართ გამოყენებული იქნა ნაკლები სიმძიმის დისციპლინური სახდელები. ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და იმ განმარტებას, რომ სადავო - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის №-- ბრძანება კანონიერია და ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება მხარის მოთხოვნას ნოტარიუსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის №-- ბრძანება, შესაბამისად არ არსებობს - ვ---– ს-------ის ნოტარიუსის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით, აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ვინაიდან, განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით - სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ---– ს-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -