განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002573536
საქმე N3/ბ-77-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, მურთაზ მეშველიანი
კერძო საჩივრის ავტორი – ოლ----–-–----ე
წარმომადგენლები – ქე------------–---–ი, ნო--------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს პარლამენტი
დავის საგანი – სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
1. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე და კერძო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
1.1. 2018 წლის 02 აგვისტოს ოლ-----–-–-----მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციური ნორმის მიღებით, მისი სამსახურიდან უკანონო განთავისუფლების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ 2018 წლის 20 აგვისტოს დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს პარლამენტისთვის არაკონსტიტუციური ნორმის მიღებით მისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რაც გამოიხატა უკანონო გათავისუფლებით მიუღებელ შემოსავალში და მოიცვა სამსახურიდან გათავისუფლებიდან ამ დავის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდი, რაც შეადგენდა 47000 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 1 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის N3-- ბრძანებით, კონკურსის წესით, უვადოდ დაინიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2014 წლის 14 ივლისს ხაშურის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული გამგებლის N5-- ბრძანებით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-60 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების საფუძველზე იგი უკანონოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ოლ----–-–----ის სარჩელი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის N5-- ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რაც უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, ხოლო საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, ოლ----–-–----ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 6 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელი წარადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის (2015 წლის 6 თებერვალს მოქმედი რედაქცია) სიტყვების „და თანამდებობიდან ათავისუფლებს’’ და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებაში.
2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ოლ----–-–----ის სარჩელი. არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას ავტომატურად უფლებამოსილებას უწყვეტდა გამგეობის/მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს. საკონსტიტუციო სამართლომ მიიჩნია, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
მოსარჩელის მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, 2017 წელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განჩინებით, უარი ეთქვა 2014 წლის 30 ოქტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რაც უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინებით.
მოსარჩელის მოსაზრებით, 2018 წლის 22 ივნისს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტს. 2018 წლის 20 ივლისს მიიღო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის N7------2 წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ საკითხის გადაჭრა სცილდებოდა კომიტეტის უფლებამოსილებას.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არაკონსტიტუციური ნორმის მიღებით, საქართველოს პარლამენტმა დაარღვია მისი უფლება, რადგან სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზე გათავისუფლდა იგი დაკავებული თანამდებობიდან და შესაბამისად სწორედ საქართველოს პარლამენტს უნდა დაკისრებოდა არაკონსტიტუციური ნორმის მიღებით მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიხატა უკანონო გათავისუფლებით მიუღებელ შემოსავალში და მოიცავდა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ დავის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდს და შეადგენდა 47000 ლარს.
1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხედ მითითებულმა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და დავის საგნის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხეა პირი, რომელმაც დაარღვია მოსარჩელის უფლება და პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. მოცემულ შემთხვევაში პარლამენტს არ დაურღვევია მოსარჩელის უფლება და შესაბამისად ის არ წარმოადგენდა იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უკანონო მოქმედებამ განაპირობა ზიანის დადგომა, რაც მოსარჩელის მტკიცებით გამოიხატა სამსახურიდან გათავისუფლებით გამოწვეულ მიუღებელ შემოსავალში.
2. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება N3/500 ადმინისტრაციულ საქმეზე ოლ----–-–----ის სარჩელისა გამო, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითდ მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და სხვა უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, რომელსაც პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან საპარლამენტო ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი. რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის ,,გ‘’ ქვეპუნტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა დავის საგანი; კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშვნით უდავო იყო ის ფაქტი, რომ პარლამენტი წარმოადგენდა ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. სასამართლოს მსჯელობით, მართალია პარლამენტი რეგლამენტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას, ცალკეულ შემთხვევებში, გამოსცემდა ადმინისტრაციულ აქტებს, თუმცა საკანონმდებლო საქმიანობის (კანონშემოქმედებით) პროცესში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ ორგანოდ ვერ აქცევდა, რადგან კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა მისთვის კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ საქმიანობას და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმომადგენლობით ორგანოს ვერ დაეკისრებოდა.
3. კერძო საჩივრის საფუძვლები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინება კანონით დადგენილ ვადაში კერძო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ოლ----–-–----ის წარმომადგენლების მიერ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად განსჯად სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ოლ-----–-–-----ს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი აწესრიგებს მსგავს ურთიერთობებს, შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის’’ შესახებ, ხოლო 2017 წლის 17 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომლის საფუძველზეც იქნა განთავისუფლებული ოლ----–-–----ე, რის გამოც მან დაკარგა შემოსავალი და მიადგა მატერიალური ზიანი, ხოლო ყოველივე ეს განპირობებული იყო პარლამენტის მიერ მიღებული არაკონსტიტუციური ნორმით.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს პარლამენტს, როგორც ადამიანის უფლებების უპირველეს დამცველს, ვინაიდან აქვს კანონშემოქმედებითი ფუნქცია, ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ემსჯელა აღნიშნული ნორმა ხომ არ არღვევდა ადამინის უფლებებს და რამდენად შეეძლო დასაქმებულს მოეხდინა სასამართლოს წესით უფლებების დაცვა, სწორედ პარლამენტის მიერ მიღებული არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე მიადგა ოლ-----–-–-----ს ზიანი, შესაბამისად არსებობდა მიზეზობრივი კავშირი საქართველოს პარლამენტის ქმედებასა და (არაკონსტიტუციური ნორმის მიღებით) ოლ----–-–----ისთვის სამსახურისა და შემოსავლის დაკარგვას შორის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით კანონის და სამართლის ანალოგიის გამოყენების მექანიზმი, რომელიც სასამართლოსგან მოითხოვს სადავო ურთიერთობის მოწესრიგების დასაბუთების მაღალ სტანდარტს, პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით ოლ----–-–----ის კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
4. კერძო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ოლ----–-–----ის წარმომადგენლების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კერძო საჩივრის ავტორი საჩივარში ვერ აქარწყლებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი საქართველოს პარლამენტის მიმართ მატერიალური ზიანის დაკისრებას ითხოვს სწორედ ამ უკანასკნელის მიერ საკანონმდებლო საქმიანობის პროცესში მიღებული კანონის კონკრეტული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოტივით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/5/626 გადაწყვეტილება). აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 59-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას)“ გავრცელებას გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიმართ, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ავტორის მიმართ წარმოადგენს უფლებრივი რესტიტუციის მქონე სასამართლო აქტს, თუმცა მნიშვნელოვანია მხარემ მისი დარღვეული უფლების რეალიზება უზრუნველყოს პროცესუალურად გამართული სახით და არა იმ საფუძვლით და იმ მოპასუხის მიმართ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ჰქონდა მითითებული.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მართალია, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავაა, მაგრამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება (მათ შორის 207-209-ე მუხლები), ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ შესახებ მესამე თავის გარდა, არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა აღიარებს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალურ გაგებას და ასეთად მიიჩნევს კანონით მინიჭებული მმართველობითი ფუნქციების განხორციელების პროცესში ნებისმიერ პირს და ორგანოს, მიუხედავად ხელისუფლების ამა თუ იმ შტოსადმი მისი ორგანიზაციული კუთვნილებისა.
მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ საქართველოს პარლამენტი მიერ საკანონმდებლო საქმიანობა წარმოადგენს კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას. ამ დროს საქართველოს პარლამენტი არ ეწევა მმართველობით საქმიანობას, ადმინისტრირებას, რის გამოც იგი არ ექცევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოწესრიგების სფეროში. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე იყო დაუშვებლობის მოტივით საქმისწარმოების შეწყვეტის პროცესუალური საფუძველი. ამასთან, საქალაქო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ 16.11.2009წ. N1217-1161 (კს-09). ამდენად, ადგილი არ აქვს დივერგენციას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით დადგენილი და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ოლ----–-–----ის წარმომადგენლების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
მურთაზ მეშველიანი