განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.01.2019
საქმის ნომერი
140310017002011458
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები , რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1457-18

საქმე № 140310017002011458

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გიორგი ტყავაძე

მოსამართლეები: თამარ ონიანი მანანა ჩოხელი

 

ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - ლ--–- ს-----–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის მოთხოვნა - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ლ--–- ს-----–-–---–ის სარჩელი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ და სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის“ მიმართ, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემისა და ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. ლ--–- ს-----–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობების გაცემა, რაზეც უარი ეთქვა.

 

2.2. ლ--–- ს-----–-–---–მა მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" წერილით, რის შემდეგაც მიიღო პასუხი მის მიერ წარდგენილია არა საჩვარი არამედ წერილი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა, სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ" და გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მასზე გასცეს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

სასამართლოს მოსაზრებით მოცემული დავის გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს კანომდებლობით დაშვებულია თუ არა ამგვარი შესაძლებლობა.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება; ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო - უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

ამავე კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

 

ამავე კანონის მე-13 და მე-14 მუხლების 1-ლი ნაწილების, მე-14 მუხლის მე-10 ნაწილის

შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას; საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე; სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა სწორედ ამ კანონით განისაზღვრა;

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ კანონი მას აძლევს საშუალებას, მიიღოს, როგორც ელექტრონული, ასევე არაელექტრონული პირადობის მოწმობა მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი - იუსტიციის მინისტრის ბრძანება მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ვალდებულებას შეიცავს;

 

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ, კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამდენადაც სახელმწიფოს მიერ კანონში ასახული ალტერნატიული შეთავაზება იძლევა შესაძლებლობას, გააკეთოს არჩევანი არაელექტრონულ და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ, მითითებული საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო - იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის პოზიციას, რომ ამ კანონით მას ენიჭება არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა განსაზღვრულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტურ

მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

ამავე დროს, მოცემული კანონით არ არის გათვალისწინებული, პირის სუბიექტური სურვილის პირობებში, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამდენადაც სახელმწიფო, გარკვეული სახის რეგულაციების დაწესებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ.

 

მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმებისა და გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

როგორც სასამართლომ აღნიშნა, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა ზემოთ მითითებული კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა, თუმცა ამგვარი ობიექტური გარემოებები ამ კანონით განსაზღვრული არ არის.

 

ამგვარი გარემოებების ჩამონათვალს შეიცავს ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის № 98 ბრძანებით), რომლის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება, გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება),რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში ამ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან არ არსებობს არც ერთი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია სწორედ სრულად 25-ე მუხლში.

 

მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი, მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა; ესაა ისეთი შემთხვევები, როდესაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის აუცილებლობა არსებობს, მაგრამ ობიექტურად არსებულ მიზეზთა გამო, შეუძლებელია ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადება ან/და პირისათვის მიწოდება; ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეუძლებელია იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც უნდა აისახოს პირადობის ელექტრონულ მოწმობაში; ასევე შესაძლებელია, არსებობდეს ვითარება, როდესაც შეუძლებელია დროის გარკვეულ პერიოდში დამზადებული პირადობის მოწმობის ადრესატისათვის მიწოდება; თუ არსებობს პირადობის მოწმობის გადაუდებელი საჭიროება და ობიექტურად არსებულ მიზეზთა გამო შეუძლებელია მისი შესაბამისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიწოდება, ,,წესის" 25-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, არ დარჩეს მოქალაქე ვინაობის დადასტურების შესაძლებლობის გარეშე, თუმცა ასეთ შემთხვევებში პირადობის მოწმობა გაიცემა შეზღუდული ვადით (არაუმეტეს 6 თვით).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე.

 

ამასთან, იმავე სრულად 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით განმარტებულია, რომ, ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირადობის მოწმობა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გაიცემა არა უმეტეს 6 თვის ვადით.

 

ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვდა არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემას, თუმცა მასთან მიმართებაში არც მოთხოვნის დროისათვის და არც დღეის მდგომარეობით სახეზე არ იყო 25-ე მუხლით დადგენილი რომელიმე ობიექტური გარემოება(ები), რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, მათზე გაეცა პირადობის მოწმობები ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს.

 

ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

იმავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.

 

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (ანუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონქვემდებარე აქტი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება - წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე.

 

ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, ბრძანება ავსებს და აკონკრეტებს კანონის ცალკეულ დებულებებს, და სადავო ურთიერთობაც განხილულია მითითებულ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია, შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში სახეზე არ არის არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევები, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-14 მუხლის მე-10 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შესასრულებლად სავალდებულოდ განესაზღვრა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება.

 

მოსარჩელე არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს მის სუბიექტურ ნებას, სურვლის არსებობას, და ითხოვდა კანონის ნორმების მისი ნების შესაბამისად განმარტებას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის განმარტებისას, სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს; მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ იქნა გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე.

 

დავის გადაწყვეტის მიზნით გამოყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ გამოიკვეთა დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლოს დაევალდებულებინა ადმინისტრაციული ორგანო, მოსარჩელეზე გაეცა არაელექტრონული პირადობის მოწმობა.

 

აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას; შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, და ამასთანავე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესებს.

 

3. ლ--–- ს-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1 სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ 2011 წლიდან საკანონმდებლო რეგულაციითაა მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულობა და მიუთითა, რომ მოსარჩელეს პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა გაუვიდა 2015-2016 წელს და სავალდებულოდ განესაზღვრა (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის პირადობის აღება და რომ კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევის გამოყენების უპირატესობას, გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ.

 

3.2 სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადაო ურთიერთობანიც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

3.3 სასამართლომ გადაწყვეტილებაში ვრცლად ისაუბრა კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტზე No98 ბრძანების 25-ე მუხლზე, მაგრამ კანონის არასწორი განმარტების შედეგად გააკეთა არაობიექტური, დაუსაბუთებელი და ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, კერძოდ: სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება - თითქოს იმ პირების მიმართ, ვისაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა, თუმცა ამ არგუმენტის დამადასტურებელი ნორმა ვერ მიუთითა, უფრო მეტიც გადაწყვეტილებაში (გვ.7 და გვ.3) კანონის მე-11 და მე-12 მუხლებზე და 98-ე ბრძანების 24-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, მაშინ საიდან ჩანს ივლისიდან შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა გაურკვეველია.

 

N98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის, მე-20.2 მუხლის შესასრულებლად, შესაბამისად ის უნდა ითვალისწინებდეს არა მარტო პირადობის, ელექტრონული მოწმობის გაცემის უზრუნველყოფას, არამედ არაუფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოების მიერ გასაცემი პირადობის (არაელექტრონული )მოწმობის გაცემის პირობებსაც, რასაც ბრძანების გარდამავალი დებულების დანაწესი ერთმნიშვნევლოვნად აღიარებს. ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, ,,დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში", თუმცა არც დაინტერესებული პირის და არც მოქმედი კანონის, მე-13.1-მუხლის და მე-14.2 მუხლის პირველი წინადადების დანაწესის შესაბამისად, პირადობის მოწმობის გაცემა რომ უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით.

 

აპელანტის მოსზარებით, სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციებით სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა და მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ მათი აღების სავალდებულოობა, კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ მოქალაქეთა ინტერესები დაცული იქნეს მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხის მიერ ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას მიიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ „შეიძლება“-ს სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: იმუშაოს, ისარგებლოს ჯანდაცვით, მიიღოს განათლება, შეიძინოს და განკარგოს ქონება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ევროკავშირის საბჭოს მიერ მირებული დადგენილება ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობების ელექტრონული სახით სავალდებულოობას.

 

3.4. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, თუმცა არანაირ შეფასებას არ აძლევს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა, თუ რატომ ჩაწერა კანონმდებელმა სიტყვა „შეიძლება“ ელექტრონულ პირადობასთან მიმართებაში და არც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება გაითვალისწინა სიტყვა „შეიძლება“ - სთან დაკავშირებით.

 

3.5. სასამართლოს ასევე არ გამოურკვევია სააგენტოს პასუხი, რომელიც საქმეში წარმოადგენს მხარეს და ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს პირადობის მოწმობის გაცემას 18 წლამდე - 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის ვადით, ხოლო 18წელს ვადით. სასამართლომ ასევე არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ N98 ბრძანების 28-ე მუხლში მითითებულია პირები, ვინც უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს მოთხოვნით პირადობის მოწმობის და არა პირადობის ელექტრონულ მოწმობის მიღებაზე: ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ) 14-დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.4. ლ--–- ს-----–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობების გაცემა, რაზეც უარი ეთქვა.

 

4.5. ლ--–- ს-----–-–---–მა მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" წერილით, რის შემდეგაც მიიღო პასუხი მის მიერ წარდგენილია არა საჩვარი არამედ წერილი.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემის დავალება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

4.8. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.

 

4.9. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

4.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობასა და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა, მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო.

 

4.11. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეს, რომლის პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა 2014 წლის 01 ოქტომბერს, უნდა აეღო პირადობის ელექტრონული მოწმობა. ამასთანავე, მოცემული საკითხი ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით არ რეგულირდება განსხვავებულად, როგორც ამას აპელანტი მიუთითებს.

 

4.12. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

4.13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრძანების დებულებები ახდენენ კანონში მითითებული დანაწესების კონკრეტიზაციას, რაც გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობის არსებობას.

 

4.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს მისთვის ქმედების განხორციელების დავალებას და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტის - ლ--–- ს-----–-–---–ის მიერ გადახდილი სახემწიფო ბაჟი - 150 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექისის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ--–- ს-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე

 

მოსამართლეები: თამარ ონიანი

 

მანანა ჩოხელი