განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2018
საქმის ნომერი
330210017001947546
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, სამოქალქო
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001947546

საქმე №2ბ/2657-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ოთარ სიჭინავა

 

აპელანტი – შ----------

წარმომადგენელი - ა---–------

 

მოწინააღმდეგე მხარე – ი-–-----------–------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.11.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 25.01.2018 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.11.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ--------"-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ი-–-----------–------ს მიმართ 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

 

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

 

მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული სატელეფონო აქტის შესაბამისად, შ--------"-ის წარმომადგენელს - ი-----–----------ეს 2017 წლის 07 ნოემბრის სხდომის შესახებ სატელეფონო საუბრის გზით ეცნობა 2017 წლის 06ოქტომბერს. აღნიშნული დასტურით დადგინდა, რომ მოსარჩელე მხარე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მას ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.

 

სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებულ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

06.12.2017 წელს მოსარჩელემ საჩივარი წარადგინა სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით.

 

აღნიშნულ საჩივარში მითითებულია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს 07.11.2017 წელს, 17:00 საათზე ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა, რამაც განაპირობა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის მოთხოვნაა, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.11.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 25.01.2018 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და განახლდეს საქმის წარმოება.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ საქმის განხილვის დროს - 2017 წლის 07 ნოებერს, 17:00 საათისათვის მას ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა, რამაც შეუძლებელი გახადა მისი სასამართლოში გამოცხადება. ამასთან, აღნიშნულ საქმეში მოსარჩელის წარმომადგენელი ჩაერთო 2017 წლის 15 ნოემბერს, შესაბამისად, 2017 წლის 07 ნოემბერს შ----------ს გარდა დირექტორისა, სხვა წარმომადგენელი არ ჰყოლია და სხვა პირი მის ინტერესს ვერ დაიცავდა.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სადავო არ არის გარემოება, რომ საქმეში არსებული სატელეფონო აქტის შესაბამისად, შ--------"-ის წარმომადგენელს (დირექტორს) - ი-----–----------ეს 2017 წლის 07 ნოემბრის სასამართლო სხდომის შესახებ სატელეფონო საუბრის გზით ეცნობა 2017 წლის 06 ოქტომბერს (ს/ფ. 91).

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია იმ მოტივით, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს (დირექტორს) - ი-----–----------ეს 07.11.2017 წელს, 17:00 საათზე ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა, რამაც განაპირობა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებია 07.11.2017 წლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე, ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას, ვინაიდან, მართალია აპელანტი მიუთითებს, რომ მისი სასამართლო სხდომზე გამოუცხადებლობა განაპირობა მისმა ჯამრთელობის მდგომარეობამ, კერძოდ, მაღალმა არტერიულმა წნევამ, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ავადმყოფობა დადასტურებული ვერ იქნა შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.11.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 25.01.2018 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა